Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა “აგიდელა” - მცირე მარნების ანთოლოგია (112)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- მეღვინეობა აგიდელა შევქმენით 2020 წელს მე და ჩემმა მეუღლემ, ელი ცისკარიშვილმა. პროფესიით ორივე  მეღვინეები ვართ. დავიბადეთ და გავიზარდეთ თბილისში. 2017 წელს სოფელ ბერბუკში შევიძინეთ სახლი და გადავედით საცხოვრებლად. მალევე ავაშენეთ ღვინის მარანი და უკვე მეოთხე წელია ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ აგიდელას ღვინოებს. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ავირჩიეთ ეს პროფესია, ნახევრად სერიოზულად რომ გიპასუხოთ , ჰარი პოტერიდან მოვიყვანდი ციტატას - „ჯოხი ირჩევს ჯადოქარს და არა ჯადოქარი ჯადოსნურ ჯოხს“.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ამ ეტაპზე არ გვაქვს საკუთარი ვენახი, თუმცა შევიძინეთ მიწის ნაკვეთი და მომავალი წლიდან ვაპირებთ ვენახის გაშენებას. ვთანამშრომლობთ კონტრაქტორ მევენახეებთან,  უშუალოდ ჩვენი ჩართულობით ხდება ვენახში ყველა ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელება. ვმუშაობთ ისეთ შემდეგ ვაზის ჯიშებზე: გორული მწვანე,თავკვერი, ჩინური, სოვინიონ ბლანი და ა.შ.. მომავალში ბევრი გეგმა გვაქვს ჩაფიქრებული და ექსპერიმენტების სახით ვაპირებთ სხვა ენდემურ ჯიშებზე მუშაობასაც. 

რთველის დროს კონკრეტული რიტუალი არ გვაქვს, თუმცა ჩვენთვის ეს პერიოდი გამოწვევებთან, განსაკუთრებულ მოგონებებთან, სიხარულთან შეზავებულ უკიდურეს გადაღლილობასთან და მეგობრებთანაა დაკავშირებული, რომლებიც მუდმივად  გვერდში გვიდგანან და გვაძლიერებენ.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ვაწარმოებთ კლასიკურ ღვინოებს: გორულ მწვანეს, თავკვერ როზეს, სოვინიონ ბლანს და პეტნატს, რომელიც წელს პირველად დავაყენეთ  FIREFLY-ის სერიის ქვეშ,  ოთხი ევროპული ჯიშისგან: შარდონეს, პინო ბლანის, უნი ბლანისა და თეთრი მუსკატისგან.

ჩვენი ღვინოები ალბათ თავისი ხასიათით გამოირჩევა, თითოეული მათგანი ძალიან არომატული, ცოცხალი და ყველასგან განსხვავებულია. ბევრს უყვარს აგიდელას ღვინოები და ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს ღვინოები  არ დაგავიწყდება. მსგავსი შეფასებები ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაბედნიერებს, თუმცა ამავდროულად პასუხისმგებლობის განცდასაც გვიორმაგებს.

-ა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

-როცა მეღვინეობას უყურებ როგორც ხელოვნებას, გიყვარს ღვინის შექმნის პროცესი, ღვინოს აღიქვამ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, გრძნობ მის საჭიროებებს  და ხელს უწყობ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი თავი, შემდეგ ბოთლში ხედავ მის საბოლოო სახეს და გავიწყდება ყველა გათენებული ღამე, ის სირთულეები რაც ამ პერიოდში გამოიარე. არ არსებობს მთელ ამ ციკლში, კონკრეტული პროცესი, რომელიც გვიყვარს ან არ გვიყვარს, არსებობს მოცემულობა რა სჭირდება ღვინოს, შესაბამისად, ყოველი ნაბიჯი უნდა აკეთო მოთმინებით, სიყვარულით და დაუღალავად. საქმე, რომელსაც ასე უდგები, შეუძლებელია არ გამოგივიდეს. 

-გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

-იქიდან გამომდინარე, რომ ახლები ვიყავით ბაზარზე და ჯერ არ გვქონდა ცნობადობა, ვთანამშრომლობდით ბევრ  ობიექტთან. ზოგი მათგანი დაიხურა, ზოგთან შევწყვიტეთ თანამშრომლობა, იმ მარტივი მიზეზით, რომ არ იყვნენ კეთილსინდისიერი გადამხდელები.  ბაზარზე განსაკუთრებით გამოვარჩევდით  8000 მოსავალს მათთან პირველივე წლიდან ვთანამშრომლობთ.

-გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

-ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიის “8000 მოსავალშია” ჩვენი ღვინოები, იმედი გვაქვს მალე სხვა ბაზრებზეც გვიხილავთ.

-რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

-სირთულეები და დაბრკოლებები მთელი ამ პროცესის თანმდევი ელემენტებია, მითუმეტეს, როცა ყველაფრის ნულიდან დაწყება გიწევს, ვგულისხმობ ჩვენი საოჯახო მეღვინეობის შექმნის ისტორიას. მცირე მარნებს ბევრი გამოწვევა გვაქვს. ერთ-ერთი რთული გამოწვევა ალბათ პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებია. 

-რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

-ღვინის ხარისხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ყურძნის ხარისხი  მისი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გათვალისწინებით, რთველის თარიღის სწორად შერჩევა, ტექნოლოგია, რომელსაც მეღვინე ირჩევს, იმის მიხედვით თუ რა პროდუქტის მიღება სურს საბოლოოდ და რის საშუალებას აძლევს ნედლეული, ტექნოლოგიიდან გამომდინარე შესაბამისი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი მარანი და ა.შ.

-თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია  ღვინის ქართველი მომხმარებლის   ცნობიერების ამაღლება (ამ მიმართულებით „ღვინის კლუბს“ წლების განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო აქვს გაწეული), საქართველოში ხარისხიანი ღვინის ხელმისაწვდომობის და შესაბამისად მოხმარების გაზრდა, ასევე ჯანსაღი სიახლეების მიმართ მიმღებლობა, როგორც მწარმოებლების ასევე მომხმარებლების მხრიდან. ეს ყველაფერი კომპლექსურად დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

ვფიქრობ, ასევე   მეტი ყურადღება უნდა მიექცეს  მეღვინეობის სხვა რეგიონების პოპულარიზაციას, ამ მხრივ შიდა ქართლი საკმაოდ დაჩაგრულია,  ეს რეგიონი თანამედროვე საქართველოში ხელმეორედ აღმოსაჩენი, განსავითარებელი და მეტად დასაფასებელია. აქ, ქართლის ენდემური ჯიშებისგან შესაძლებელია დიდებული კლასიკური და ცქრიალა ღვინოების წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში, დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე, აუცილებლად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო ღვინის რუკაზე.  

-რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

-დამწყებ მევენახე -მეღვინეებს ვურჩევდი გაიაზრონ რა სირთულეებთან და გამოწვევებთან მოუწევთ გამკლავება, თუ უნდათ, რომ ამ პროფესიას ემსახურონ. რადგან ხშირად წარმოდგენები და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

მარნის მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბერბუკი

ტელეფონი: 551964196

ელფოსტა: agidela2020@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  

https://www.agidela.ge/ka

https://www.facebook.com/agidelawines

instagram:  @agidelawines

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.