Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლაშა ჯუღელი, იმერული ღვინის კომპანია - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (14)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ჩვენი ოჯახი ოდითგანვე აყენებდა ღვინოს... რაც გადმოცემით ვიცით, 6 თაობის წინაც ღვინოს აწარმოებდნენ ჩვენი წინაპრები. ის ადგილები სოფელ სვირში, სადაც ახლა ჩვენი ვენახებია გაშენებული, ჩვენს წინაპრებს ეკუთვნოდა და იმ დროს მათაც ვენახები ჰქონდათ. მამაჩემის (მურად ჯუღელი) სურვილი იყო წინაპრების საქმე გაეგრძელებინა ჩვენს კუთხეში, მეც მხარში ვუდგავარ და ვეხმარები შეძლებისდაგვარად ამ კეთილშობილ საქმეში. ასე დაარსდა "იმერული ღვინის კომპანია", ჩვენი პატარა ღვინის მარანი და წარმოება, 2007 წლიდან.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ვენახები „სვირის“ ადგილწარმოშობის ზონაშია (22 ჰექტარი) და შესაბამისად გვაქვს სვირის შემადგენელი ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა. იმერულებიდან გვაქვს ასევე ოცხანური საფერე, რომელიც ჩვენი ძირითადი წითელი ჯიშია. აგრეთვე გაშენებული გვაქვს სხვა ქართული ჯიშებიც (ოჯალეში, საფერავი, ჩხავერი, უსახელაური, ალექსანდროული-მუჯურეთული). მოგვყავს ასევე მცირე რაოდენობით კაბერნე სოვინიონი. სურვილი გვაქვს გავაშენოთ ჩექობალი, კარგი პოტენციალის ჯიშად მიგვაჩნია ჩვენი ზონის მიწისა და კლიმატისათვის. იმედია მომავალი წლისათვის შევძლებთ ამის განხორციელებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ამჟამად ვაწარმოებთ ჭურში დაყენებულ სვირს (ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა), ოცხანურ საფერეს, ციცქა–ცოლიკოურს, კრახუნას, ოჯალეშს, ალექსანდროულ-მუჯურეთულს და საფერავს. ასევე ევროპულად დაყენებულ ჯიშურ ღვინოებს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ჩვენი ღვინო გამოჩნდა ღვინის მაღაზიებში „ღვინის სამყარო“ (ოპერასთან) და „ვინოთეკა“ (ლესელიძეზე). ამჟამად, საქართველოს მასშტაბით ჩვენი ღვინის გაყიდვა ბევრგან ხდება, მათ შორის ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელშიც ვართ წარმოდგენილნი, ღვინო იყიდება ჩვენი მარნიდანაც.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– უკვე 3 წელია რაც ჩვენი ღვინო უცხოეთშიც გავიდა (სინგაპური, იაპონია, უკრაინა, საფრანგეთი).

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– სირთულეები ბევრია, მითუმეტეს, როდესაც  ეს დაკავშირებულია მცირე წარმოებასთან და თან რეგიონში, ცენტრისაგან შორს. ამ კუთხით სირთულეები საერთო ხასიათს ატარებს, ეს არის მევენახეობაში და მეღვინეობაში ცოდნის ამაღლების საჭიროება. ასევე, ცნობადობის არასაკმარისი დონე მომხმარებელში, ისევე როგორც ღვინის სწორად მოხმარების მასიური არცოდნა. სია შეიძლება საკმაოდ გრძელი იყოს, მაგრამ სირთულეებს არ უნდა შევუშინდეთ და პატიოსანი შრომით და მიზანდასახულობით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საერთო ძალისხმევის გამოჩენა სახელმწიფო (ღვინის სააგენტო, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს), პროფესიული ორგანიზაციები (ამ მხრივ ღვინის კლუბის ღვაწლი ძალიან დიდია), მეღვინეები და მარნები, ყველა უნდა იღწვოდეს იმისათვის, რომ ჩვენი, ქართული მართალი ღვინო დავამკვიდროთ მსოფლიო ბაზრებზე და სახელი არ გავუფუჭოთ, ისე როგორც ეს საუბედუროდ საბჭოთა ეპოქაში დაგვემართა და ახლაც სირთულეებს გვიქმნის ერთხელ გაფუჭებული სახელი.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ვურჩევდი არ შეწყვიტონ სწავლა, ახლის შეცნობა და განვითარება, ვინაიდან მხოლოდ ასეა შესაძლებელი გავუმჯობესდეთ ჩვენს საქმეში და შევქმნათ ნამდვილი, მართალი ღვინო. ვურჩევდი დიდი ყურადღება დაუთმონ ვენახის მოვლას, რადგან მეტწილად აქ იმალება კარგი ღვინის გასაღები. ასევე ვურჩევდი იშვიათ ჯიშებს დაუთმონ მეტი ყურადღება. ჯიშური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ასევე კონკურენტული უპირატესობა საერთაშორისო დონეზე და ამას სწორი, პატიოსანი და ჭკვიანური კამოყენება უნდა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

იმერული ღვინის კომპანია

მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფ. სვირი, 2013, საქართველო.

ტელელფონი: +995 558499430;  +995 599424597

ელფოსტა: info@iwc.ge

ვებ გვერდი: www.iwc.ge

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული