ორეგონის შტატში, ქალაქ სპრინგფილდში, უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო ლუდი მიიღოს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი რამ – სისხლის ჩაბარება. ამ წამოწყების ინიციატორი გახლავთ ორეგონის შტატის ქალაქ იუჯინის სისხლის ჩაბარების ცენტრი Lane Blood Center. ცენტრში მისული დონორი ერთი კათხა (დაახლოებით 0,5 ლიტრი) სისხლის სანაცვლოდ იღებს ამავე რაოდენობის ლუდს და კომპანია Hop Valley Brewing Company-ს ვაუჩერს, რომლის გადაცვლაც ლუდზე ან ნებისმიერ არაალკოჰოლურ სასმელზე შეუძლია. შეგახსენებთ, რომ აქცია “გაიღე სისხლი, მიიღე ლუდი” უკვე მესამე წელია ტარდება. უნდა აღინიშნოს, რომ აქციაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც უკვე შეუსრულდა 21 წელი. წინა წლებში 5 193-მა ადამიანმა ჩააბარა სისხლი და მათ ცენტრს 4 459 “კათხა სისხლი” შემატეს.
Lane Blood Center აღნიშნავს, რომ თითო “კათხა სისხლი” სამ ადამიანზე ნაწილდება, ასე რომ, აქციის ფარგლებში დონორები დაახლოებით 13 ათას ადამიანს დაეხმარნენ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი