Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურიის მოსავლის წლების მიმოხილვა - 2011-2022

გურიისა და სამეგრელოს მოსავლის წლების მიმოხილვა მომზადებულია მალხაზ ხარბედიას და ლევან სეფისკვერაძის მიერ. ეს მონაცემები წლების მანძილზე 50–მდე ქართველი მევენახის, მეღვინისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდებოდა. გარდა ამისა ვსარგებლობდით ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

2011

საკმაოდ რთული წელი იყო, წვიმებით, დაბალი ტემპერატურითა და ნაადრევი თოვლით, თუმცა ჩხავერის და ცოლიკოურის მოსავლით მაინც კმაყოფილები იყვნენ მევენახეები. ამ წლის ჩხავერი, წინა წლისაზე შედარებით მაღალმჟავიანი და ხალისიანი გამოვიდა.

2012

დაგვიანდა ვეგეტაცია და წლის განმავლობაშიც გარკვეული დაბრკოლებები შეექმნა ვაზს, თუმცა ძალიან თბილმა და ზომიერმა შემოდგომამ კარგად დაამწიფა ყურძენი და მოსავალიც ხარისხიანი მოვიდა. წინა წელთან შედარებით, 2012 წელი უფრო უხმოსავლიანიც იყო.

2013

ჩხავერის მოსავალი 2013 წელს საგრძნობლად მცირე იყო გასულ წელთან შედარებით, ძირითადად მავნე მწერების ზემოქმედების გამო. 2012-2013 წლების ზამთარი გურიაშიც უთოვლო იყო, გაზაფხული აქაც ადრიანი იყო, თუმცა ეს არანაირი გართულების მიზეზი არ გამხდარა. ყვავილობის პერიოდმაც კარგად ჩაიარა, წვიმების გარეშე. ზომიერად ნალექიანი და ვეგეტაციისთვის ხელსაყრელი იყო ივნისი-ივლისიც, თუმცა აგვისტოში წვიმამ მოუხშირა და სოკოვანი დაავადებების საშიშროებაც გაჩნდა, გარდა ამისა, მტევნებიც დაზიანდა წვიმისა და ძლიერი სიცხეების მონაცვლეობის გამო. გასულ წელთან შედარებით ჩხავერი ადრე შევიდა სიმწიფეში და რთველი 15 ნოემბერს დაიწყეს. ზოგიერთმა მევენახემ თოვლიან დეკემბერში დაკრიფა ჩხავერი. გურულები წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან.

2014

ამ წელს ყველაზე რთული გაზაფხული იყო ბოლო წლების მანძილზე, რადგან მარტის ბოლოს (30–31 მარტს) თოვლი მოვიდა, შემდეგ მოყინა და ნაადრევი სითბოს გამო წამოსული კვირტები მთლიანად გაანადგურა. ასეთი გაზაფხული საერთოდ არ ახსოვთ გურულებს. დაზიანდა არამხოლოდ ვაზი, არამედ სხვა მრავალწლიანი ნარგავებიც. ზაფხულში შედარებით გამოკეთდა სიტუაცია, თუმცა გაზაფხულის ყინვებმა მაინც გამოუსწორებელი კვალი დატოვეს ვენახებზე, იმდენად, რომ ზოგიერთ ვენახში (განსაკუთრებით ახალგაზრდა ვენახებში) ვაზის ფორმირებაც კი შეიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემოდგომამდე გადარჩენილ მარცვალს ჩიტებმა მოუთავეს ხელი.

2015

ზამთარმა თოვლის გარეშე ჩაიარა. გაზაფხულზე ერთიანად დათბა და ვაზი ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე გაიკვირტა. წვიმის გარეშე ჩაიარა ყვავილობამაც, რამაც საბოლოოდ კარგი შედეგი გამოიღო. ივნისი და ივლისიც ზომიერად ნალექიანი და ვეგეტაციისთვის ხელსაყრელი იყო – ყლორტიც და ნაყოფიც კარგად განვითარდა. აგვისტო წვიმიანი გამოდგა, არსებობდა ნაცრისა და ჭრაქის საშიშროებაც, თუმცა დროული წამლობით ბევრმა აიცილა თავიდან ეს დაავადებები. ნალექებმა ჩხავერის კანი გაათხელა, ალაგ–ალაგ მზისგან დაზიანებული მარცვლებიც ჩანდა. ზოგადად ცხელი ზაფხულისა და შემოდგომის პირველი ნახევრის გამო ვაზი ადრე შევიდა სიმწიფეში და რთველიც შესაბამისად, ადრე დაიწყო – 15 ნოემბრიდან.

2016

ზომიერი ზამთარი იყო, გაზაფხულზეც ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ვაზის ვეგეტაციისთვის. სითბოსა და ნალექების ზომიერმა მონაცვლეობამ კვირტების კარგად განვითარება განაპირობა. კარგად ყალიბდებოდა მარცვალი ზაფხულის მთელ პერიოდშიც, თუმცა ხშირი იყო ვაზის სოკოვანი დაავადებების შემთხვევები. საბოლოო ჯამში ყურძენი კარგად, თანაბრად დამწიფდა და რთველიც ჩვეულებრივ ნოემბრის ბოლოს დაიწყო. განსაკუთრებულად კარგი გამოდგა 2016 სამეურნეო წელი ჩხავერის მოსავლისთვის, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ღვინოც შესაბამისად ხარისხიანი დადგა. კარგი იყო ცოლიკოურის მოსავალიც.

2017

ცივი, თოვლიანი ზამთარი იყო. ყვავილობამდე წვიმდა, თუმცა ყავივილობისას კარგი ამინდები გამოვიდა. ზაფხულში ხანგრძლივი უნალექო პერიოდი დაიწყო. ჩხავერი ძალიან ადრე შევიდა სიმწიფეში, წლებია ასე ადრე არ დაუწყიათ რველი გურიაში. ნოემბრის დასაწყისიდან 15 ნოემბრამდე უკვე თითქმის ყველგან დაკრეფილი იყო ყურძენი. ზოგმა გვიანამდეც დატოვა ჩხავერი, თუმცა უშედეგოდ, ხშირ შემთხვევაში გაფუჭდა კიდეც ყურძენი. კარგი შედეგი მიიღეს ჩხავერიდან ზოგიერთ ნიადაგებზე (უფრო თიხნარებზე). 2017 კარგი წელი იყო ცოლიკოურისთვის.

2018

ყინვა საერთოდ არ ყოფილა. გვალვიანი ზამთარი იყო, მხოლოდ ადრე, დეკემბერში მოვიდა მცირე თოვლი. მარტი–აპრილის ბოლომდე წვიმა არ მოსულა, თუმცა მაისი გამოდგა ნალექიანი. კვირტობა ძალიან ადრე დაიწყო, მარტის შუა რიცხვებიდან. აპრილის ბოლოს იყო მოყინვის საშიშროება (ბოლო წლებში ძალზე გახშირდა გაზაფხულის ყინვები), თუმცა მხოლოდ რამდენიმე მდინარისპირა ვენახი დააზიანა ერკეთსა და ოზურგეთის რაიონის ერთი–ორ სოფელში. ჩხავრის რქას კარგი ზრდა ჰქონდა, მაისი-ივნისი შედარებით წვიმიანი იყო. ზაფხულმაც კარგად ჩაიარა, იდეალური იყო აგვისტო-სექტემბერი. რთველი 15-20 დღით ადრე დაიწყო, თავიდან ცოლიკოური დაიკრიფა (ოქტომბრის დასაწყისში), შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, სხილათუბანი და ჯანი. ჩხავრის დრო ნოემბრის შუა რიცხვებში დადგა, ზოგმა გაცილებით ადრეც დაკრიფა ჩხავერი. მაღალი, განსაკუთრებული შაქრიანობა იყო 2018 წელს. ხარისხითაც და რაოდენობითაც გამორჩეული წელი გამოდგა. ცოლიკოურს სექტემბრის ბოლოს 23–24 ჰქონდა უკვე შაქრიანობა ზოგიერთ სოფელში, ალადასტური და ცოლიკოური ოქტომბრის დასაწყისში დაიკრიფა. დუღილიც კარგად წარიმართა.

2019

2019 წელს მთიან გურიაშიც კი ყურძენი უმეტეს ადგილას ოქტომბრის ბოლოს უკვე დაკრეფილი და დაწურული იყო. ამის მიზეზად ზოგი გლობალურ დათბობას ასახელებს, ზოგი კლიმატის ცვლილებებს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც იხსენებენ, რომ ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები და ჩვენი ქვეყნის ამ კუთხეში ნაადრევ რთველში განსაკუთრებული არაფერია. ადრე ყინვების შემდეგ კრეფდნენ ჩხავერს, 2019 წელს ლამის ზაფხულის დამთავრებისთანავე ჩატარდა რთველი.
ჩოხატაურში და ლანჩხუთში მშვენიერი, თბილი წელი იყო. ვეგეტაცია აპრილ-მაისში დაიწყო. მაისი-ივნისი იყო ცხელი და გვალვიანიც, თუმცა შემდეგ გვალვას მევენახეები აღარ შეუწუხებია. როგორც უკვე ვთქვით, ოზურგეთში 2019 წელს შედარებით ნაადრევი რთველი ჰქონდათ და ოქტომბერში მოუწიათ ყურძნის დაკრეფა, მაშინ, როცა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში იღებდნენ ხოლმე მოსავალს. თუმცა ჩხავერში შაქრიანობა ჩვეულებრივზე მაღალი, 24%-იყო. გურულ ღვინოებს დუღილის კუთხით პრობლემა არ შექმნიათ.

2020

2020 წელს გურიის რთველი და მოსავალი დადებითად შეიძლება შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურელები კარგად დავიწყებულმა პრობლემამ, ნაადრევმა ყინვებმა და ამის შედეგად, ახლადგამოსული ვაზის ყლორტების მოყინვამ შეაწუხა. მართალია მთელს გურიაში ამ პრობლემის გამო მოსავლის მხოლოდ 5%-მდე დაიკარგა, თუმცა გურულებს კარგად ახსოვთ 2011 და 2014 წლები, როდესაც ნაადრევმა და გაზაფხულის ყინვებმა ჩოხატაური ფაქტობრივად ყურძნის მოსავლის გარეშე დატოვა.
გურიაში ცხელი ზაფხული და წვიმიანი შემოდგომა იყო. ხშირი წვიმები იყო მაისი-ივნისის დასაწყისშიც, რამაც ხელი შეუწყო ვენახის მავნებლების და ვაზის დაავადებების მომრავლებას. წვიმებმა განსაკუთრებით ოზურგეთი და ლანჩხუთი შეაწუხა. აღარაფერს ვამბობთ გურიის ზღვისპირა ტერიტორიებზე, სადაც მევენახეობა მაინცდამაინც არაა განვითარებული.
ოზურგეთში და ჩოხატაურში გვიანი რთველი იყო, რომელიც თითქმის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდა. რთველისას ცოლოკოურის საშუალო შაქრიანობა 21% იყო, ჩხავერი 23%-ზე დაიკრიფა. დაახლოებით ამდენივე შაქარი მოაგროვა ჯანმა და სხილათუბანმა. ეს შაქრიანობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ გურიაში ღვინის დუღილი კარგად წარმართულიყო.

2021

ამ წელს გურიაში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა, რამაც ბოლო წლებში პირველად შექმნა შესაძლებლობა, რომ ჩხავერის რთველი დათოვლის შემდეგ ჩაეტარებინათ. როგორც ცნობილია, ძველი გურული ტრადიციის მიხედვით ჩხავერი სწორედ თოვლის მოსვლის შემდეგ უნდა დაიკრიფოს. მანამდე კლიმატური პირობების და ხშირი წვიმების გამო მსგავსი რამ შეუძლებელი იყო, 2021 წელს ასეთი რთველის ჩატარება მოხერხდა.
ზამთარში დიდი ყინვები არ ყოფილა, თუმცა გაზაფხული და შემოდგომა წვიმიანი იყო და შაქრის დაგროვება ჩხავერსაც და ცოლიკოურსაც ძალიან გაუჭირდა. ვეგეტაციამ 5-7 დღით დააგვიანა. მავნებელი დაავადებების კუთხით გურულებს ბევრად უარესი წლებიც ახსოვთ, თუმცა ჭრაქთან ბრძოლა ამ წელს ისევ პრობლემური იყო.
წვიმების გამო ოზურგეთსა და ჩოხატაურში ბევრი მევენახე იძულებული გახდა ცოლიკოური ადრე დაეკრიფა და ზოგმა თეთრი ყურძნის რთველი 17-18%-იან შაქრიანობის დროსაც კი ჩაატარა. ამ ყველაფრის მიუხედავად, გურულმა მევენახეებმა 2021 წელს ყურძნის მოსავალი რაოდენობის მხრივ გასულ წლებზე მეტი მიიღეს.

2022

გურიაში ზედმეტად უხვნალექიანი გაზაფხული, ზაფხულის ხვატმა შეცვალა. შემოდგომაზე ისევ დაიწყო წვიმების სეზონი (რომელის ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა) და ამის გამო ბევრმა მევენახემ რთველი რამდენჯერმე გადადო. ზოგს საერთოდ წვიმაში მოუწია ყურძნის დაკრეფა, რაც, როგორც ცნობილია, მოსავლის ხარისხზე და ყურძნის შაქრიანობაზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს.
მოხშირებული წვიმების გამო დიდი ასპარეზი მიეცათ ვაზის სოკოვან დაავადებებს და ამანაც ყურძნის ხარისხი დაბლა დასწია. ისედაც ჭარბი ტენიანობით ცნობილი გურიის ვენახებში გარდა სოკოვანი დაავადებებისა, უხვად ნახავდით ყურძნის სიდამპლეს, რამაც რთველის დროს ბევრი მევენახე-მეღვინე იძულებული გახადა მოსავალი სათითაოდ მტევან-მტევან ხელით ერჩიათ, რათა სიდამპლეშეპარული მტევნები ჯანსაღთან ერთად არ ჩაწურულიყო.

ჩოხატაურში რთველის დროს ცუდი ამინდების გამო როგორც თეთრ, ასევე წითელ ყურძენში სიტკბო 20-დან-22%-მდე იყო. ლანჩხუთში რთველმა ნორმალურად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთშიც წვიმიანი ამინდები იყო, ყურძნის ხარისხს ადგილობრივები მაინც არ უჩივიან. სოკოვანი დაავადებების გამო იქ მოსავლის მხოლოდ 5% გაფუჭდა, მაგრამ ხარისხი სტაბილურად შენარჩუნდა.

ოზურგეთელებს ცუდი წელი ჰქონდათ. ადგილობრივები განსაკუთრებით ადრიანმა ყინვებმა შეაწუხა, რამაც ვაზის კვირტების ნაწილი გააფუჭა. ამას მოჰყვა წვიმიანი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ყურძენში შაქრის შემცველობაზე. მეორე მხრივ, ჭრაქი და ნაცარი უფრო გააქტიურებული იყო. როგორც იცით, წვიმის დროს სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა უფრო რთულია. საბოლოო ჯამში ოზურგეთელები დაზარალდნენ როგორც შაქრიანობის, ასევე მოსავლის სიმცირის კუთხითაც.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.