22 მაისს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს საქართველოს კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ მომზადებული ცვლილებები წარუდგინა. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ასოციაცია „ქართული ღვინისა“ და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.
„მუშაობა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე დიდი ხანია მიმდინარეობს. კანონში შედის საკმაოდ ბევრი ცვლილება, მაგრამ არ იცვლება ძირითადი პოლიტიკა და მიდგომა. ცვლილებების მიზანი ამ კანონის სრულყოფა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. ასევე, კანონი უნდა იყოს ყველასთვის გასაგები, რომ მისი დაცვა იყოს მარტივი. ამ ეტაპზე, მთავრობასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტის დეტალების დასაზუსტებლად“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, პაატა ჭავჭანიძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, საქართველოს კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ ცვლილებების სახით მომზადებული კანონპროექტის მთავარი მნიშვნელობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ევროკავშირის რეგულაციებთან აღნიშნული კანონმდებლობის მისადაგების მნიშვნელოვანი მცდელობა, განსაკუთრებით ეს შეეხება ადგილწარმოშობის დასახელებების ტერმინოლოგიურ ადაპტირებას ევროკავშირის რეგულაციებთან. ამ პროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ზონების გეოგრაფიული აღნიშნვის
პრინციპებსაც. შეხვედრაზე, სადაც სახელმწიფო, არასამთავრობო და კომერციული სექტორების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ დისკუსიაში, თითოეული დეტალის საფუძვლიან განხილვას დიდი დრო დაეთმო.
კანონროექტზე მუშაობა დასრულდა და ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინა. ამ ეტაპზე მისი განხილვისა და დამტკიცების პერიოდი დამოკიდებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაბამის პროცედურებზე.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი