პირველად ისტორიაში ბრიტანეთის სამთავრობო მარნის ღვინოები აუქციონზე გაიყიდება. ვაჭრობა მარტის ბოლოს Christie'sაუქციონზე შედგება. ღვინოების საწყისი საერთო ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 50 ათასი გირვანქა სტერლინგი, ანუ დაახლოებით 75 ათასი დოლარია. აუქციონზე გაიტანენ 1970 წლის Chateau Petrus-ის ექვსბოთლიან კეისს, რომლის საწყისი ფასიც 6 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამდენივე ღირს 1983 წლის მოსავლის 12 ბოთლი Chateau Mouton-Rothschild. ასევე გაიყიდება 10 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასებული 1986 წლის 12 ბოთლი Le Pinდა სხვ. ყველა ეს ღვინო თავის დროზე ვაჭრებისგან შეიძინეს და აქამდე ბუკინგემის სასახლის გვერდით, სამთავრობო მარანში ინახებოდა. სამთავრობო მარანს, სადაც დაახლოებით 40 ათასი ბოთლი ღვინო არის დაცული, საგანგებო კომიტეტი მართავს. კომიტეტის წევრები არიან ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ღვინის ექსპერტები. სახელმწიფო ღვინის უდიდეს მარაგს ფლობს, – ამბობს დევიდ ელსვუდი,Christie's აუქციონის სახლის ღვინის საერთაშორისო განყოფილების უფროსი, – ხელისუფლებას გასაყიდად ისეთი ღვინო გამოაქვს, რომელიც დაძველების საუკეთესო კონდიციაშია ან მალე მიაღწევს ამ მდგომარეობას. კომიტეტის წარმომადგენლები სამთავრობო მარანს საგანგებოდ ათვალიერებენ და ამოწმებენ, რომელიმე ღვინო ჭარბად ხომ არ აქვთ, – განმარტავს ელსვუდი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი აუქციონი პირველად ეწყობა.
შეგახსენებთ, 2011 წლის გადაწყვეტილების მიხედვით, ბრიტანეთის ხელისუფლება ყოველწლიური შემოწმების შემდეგ პარლამენტს ანგარიშს აბარებს ღვინოების ღირებულების, ფასებისა და დანახარჯის შესახებ. სამთავრობო მარანში დაცული ღვინოები მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოაქვთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი