Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოთლის ღვინო - ჩემთვის, თუ სხვისთვის?

ქეთო ნინიძე 

რამდენიმე დღის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც კარგა ხანია, უნგრეთში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, შვებულების პერიოდში საქართველოს სტუმრობდა. დავგეგმეთ ვიზიტი და საჩუქრის შესაძენად მე და ჩემმა მეუღლემ არჩევანი ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაზე გავაკეთეთ, რომელიც ქალაქის ცენტრში  მდებარეობს. მაღაზიაში ერთ ძველ ნაცნობს გადავაწყდით. ავსტრალიელი ნათესავებისთვის გასაგზავნად საკმაოდ ძვირადღირებულ  ღვინოს ეძებდა. სანამ კონსულტანტი ჩვენს ნაცნობს ღვინის არჩევაში ეხმარებოდა, მაღაზიაში სასიამოვნო, სლავური  გარეგნობის ახალგაზრდა წყვილმა შემოაბიჯა და „რაიმე ქართული“ მოითხოვა. 

საინტერესოდ ჟღერდა.

მოთხოვნამ - „რაიმე ქართული“ - ჩამაფიქრა, ისეთ საკითხებზე, რომელთა კვლევაც, ცხადია, არ მოიაზრებოდა ჩემს საღამოს გეგმებში.

-    ვინ ვართ ბოთლის ღვინის მომხმარებლები დღეს საქართველოში;

-    რისთვის შევიძენთ ღვინოს ბოთლით - ჩვენთვის, თუ სხვისთვის.

ამ საკითხების გასარკვევად კონსულტანტის გათავისუფლებას დაველოდე. სერვისის სფეროს წარმომადგენლები, გარკვეულწილად, სოციოლოგები არიან, მათ ესმით კლიენტის ქცევა, საჭიროება, მოთხოვნა, გზავნილები. ჩემი მოლოდინი გამართლდა, როცა გავარკვიე, რომ ამ მაღაზიაში ბოთლის ღვინოს, უმეტესად, სასაჩუქრედ შეიძენდნენ, მომხმარებელთა შორის კი ჭარბობდნენ უცხოელი ტურისტები. 

აღნიშნული ღვინის მაღაზიის მაგალითი რომ განვაზოგადოთ, შეგვიძლია ჰიპოთეზის ამგვარად ფორმულირება, რომ დღეს საქართველოში ბოთლის ღვინის პოტენციური მყიდველი, შესაძლოა, უფრო მეტად უცხოელი ტურისტი იყოს, ვიდრე - საქართველოს მოქალაქე და ადგილობრივი რეზიდენტი, ამასთანავე, სავარაუდოდ, აქაური მყიდველი ბოთლის ღვინოს უფრო მეტად სასაჩუქრედ შეიძენს, ვიდრე - პირადი მოხმარებისთვის. 

ამ საკითხების ანალიზი შორს, საბჭოთა საქართველოში  გვაბრუნებს, როცა ბოთლის ღვინისადმი, როგორც სახელმწიფო წარმოების  პროდუქტისადმი ნდობა საკმაოდ დაბალი იყო. საბჭოთა პერიოდში მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ ხარისხიანი ღვინო გლეხების მიერ სოფლად იწარმოებოდა. მასობრივი საბჭოთა წარმოების  ბოთლის ღვინის უმრავლესობა, მართლაც, ფალსიფიცირებული დაბალი ხარისხის სასმელს წარმოადგენდა და გასაკვირი არ არის, რომ მომხმარებელთა შორის ეს პროდუქტი ნდობით არ სარგებლობდა ღვინის უძველესი ტრადიციების ქვეყანაში. გასაკვირი არც ის არის, რომ სახელმწიფოსა და ოჯახის  ბინარულ ოპოზიციაში გამარჯვებული ოჯახი იყო, როგორც ნაციონალური კონტექსტის ორგანული წევრი.  შესაძლოა, ბოთლი აღიქმებოდა, როგორც სახელმწიფოს „დაღი“, რომელიც ნამდვილს, ორგანულსა და ქართულს ერთ ყალიბში აქცევდა.  ეს სიმბოლიკა საბჭოთა პერიოდიდან ინერციით გადმოჰყვა საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა საბაზრო ფასეულობათა ჯაჭვიცა და სოციოკულტურული გარემოც.

მეორე მხრივ, დგება საკითხი - რა პრაქტიკებთანაა დღეს დაკავშირებული ღვინის მოხმარების კულტურა საქართველოში?

ეს არის - სალხინო და სამგლოვიარო სუფრები, დღესასწაულები, ოჯახური წვეულებები და სარესტორნო ქეიფები. როგორც ვიცით, ამ აქტივობებზე მოიხმარება საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, საქართველო ღვინის მსმელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული უნდა იყოს. მაგრამ საბოლოო ჯამში, თუკი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკას მივადევნებთ თვალს, რომელიც სახელმწიფოში ერთ სულ მოსახლეზე (15 წელს ზემოთ) ღვინის წლიური მოხმარების ლიტრაჟის მიხედვით გამოითვლება, საქართველო 68-ე ადგილზეა წარმოდგენილი პალაუს, ნორვეგიისა და ტანზანიის შემდეგ. ცხადია, არა სისტემატური მოხმარების, არამედ ერთჯერადი აქტივობების ფარგლებში საქართველოში ბოთლის ღვინო ვერ გახდება მასობრივი მოხმარების პროდუქტი, მისი მაღალი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. 

აღნიშნულ პრობლემას ღვინის სფეროს ექსპერტები სხვადასხვანაირად აფასებენ. მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი, გიორგი ბარისაშვილი მიიჩნევს, რომ დიდი საწარმოების ბოთლის ღვინოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც ვერ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს, რომ მომხმარებელთა შორის მათ მიმართ ნდობა ჩამოყალიბდეს. „ამ ეტაპზე ამ რთულ საკითხს, ძირითადად, ნატურალური მეღვინეობის მეგობრები ტვირთულობენ. აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი იზრდება, თუმცა საქმე ნელა მიდის წინ“ - აღნიშნავს ბარისაშვილი. მისი აზრით, დიდი საწარმოების ბოთლის ღვინის პოტენციურ კლიენტურას, უმეტესად, რუსულენოვანი ტურისტები შეადგენენ, რომელთა დიდი ნაწილი დაინტერესებულია „ქართული ღვინის“ სახელით და ვერ აცნობიერებს, რომ ეს დასახელება, ავტომატურად “ხარისხიანს“ არ ნიშნავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩოლობარგია კი მიიჩნევს, რომ ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია, უმეტესად, აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს. მისი ხედვით, პრობლემას ქმნის საზოგადოებაში ღვინის სფეროში განათლების დონე, რასაც გადაჭრიდა ღვინის მწარმოებლების მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ბოთლის ღვინის პოპულარიზაციისათვის. ჩოლობარგიას ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო უახლოეს მომავალში ბაზრის კვლევებს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ქართული ღვინის ადგილობრივი ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების მოთხოვნა და საჭიროებები.  

ქართული ღვინის ბაზრის თვისებრივი კვლევა იქნება მნიშვნელოვანი გზამკვლევი, როგორც ღვინის მწარმოებლებისთვის, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პოლიტიკას ქმნიან. 

მანამდე კი, ვიდრე კვლევა ჩატარდება და მისი შედეგები გასაჯაროვდება, გთავაზობთ რამდენიმე თვალსაზრისს, რომელსაც აყალიბებენ ადამიანები სხვადასხვა პოზიციიდან - ლევან ბუზიაშვილი, კონსულტანტი ღვინის მაღაზიიდან, გვანცა კურტანიძე, მარკეტოლოგი, კომპანიიდან „მეღვინეობა ხარება“, სხვადასხვა სფეროების წარმომადგენელი მოქალაქეები - ვასილ გულეური და კოტე ჩოკორაია, როგორც მომხმარებლები. მოცემული კომენტარების საშუალებით შესაძლებელია იმ რამდენიმე ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში. 

ლევან ბუზიაშვილი, მაღაზია Vinotheca-ს კონსულტანტი

ჩვენს მაღაზიაში  ბოთლის ღვინის მყიდველთა 90 %-ს უცხოელი ტურისტი შეადგენს. ადგილობრივი მომხმარებელი კი - დაახლოებით 10 %-ს. ორივე კატეგორიის მყიდველი უფრო მეტად დაინტერესებულია 20-30 ლარის საფასო სეგმენტის ღვინის შეძენით. კონსულტირების დროს ჩანს, რომ ქართველი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით, 90 % ღვინოს სასაჩუქრედ ყიდულობს, ტურისტები - უფრო მეტად საკუთარი მოხმარებისთვის. 

გვანცა კურტანიძე, „მეღვინეობა ხარებას“ მარკეტინგის სპეციალისტი

მომხმარებელთა მხრიდან ძირითადი მოთხოვნა არის საშუალო და დაბალი საფასო კატეგორიის ღვინოებზე. იმ პროდუქტებზე, რომელთა ფასებიც მერყეობს 5-დან 12 ლარამდე.  ჩვენი პროდუქცია გათვლილია რამდენიმე კატეგორიაზე. შესაბამისად მერყეობს მომხმარებელთა სეგმენტიც. ბოთლირებული ღვინის მომხმარებელთა სეგმენტი მზარდია და ამ ეტაპზეც განაგრძობს გაფართოებას. ძირითადი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ ეტაპზე ხელი შეუშალოს ბოთლირებული ღვინის მოხმარებას, არის მათი მაღალი ფასი ჩამოსასხმელ ღვინოსთან შედარებით და ასევე ის კონკურენცია, რასაც უწევს ოჯახში დაწურული ღვინო.

კოტე ჩოკორაია, იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ბოთლის ღვინო ბოლოს სამი დღის წინ შევიძინე უცხოელი სტუმრისთვის. ღვინოს წელიწადში რამდენჯერმე, დაახლოებით, 3-4-ჯერ ვყიდულობ იმიტომ, რომ ძირითადად, მჩუქნიან ხოლმე. თანაც, ოჯახის ღვინო მიყვარს. ჩემი აზრით, მენტალობაში შემოგვრჩა სტერეოტიპი, რომ ბოთლის ღვინო დაბალი ხარისხისაა, ოჯახის კი - სუფთა და ნატურალური. შესაბამისად, ტრადიციების მიმდევარი საზოგადოება მიჰყვება ოჯახის ღვინის ხაზს. საჭიროა ხარისხის გაუმჯობესებაც და იდეის პოპულარიზაციაც.  
ვასილ გულეური, მწერალი
მიყვარს ბოთლის ღვინო. სულ რაღაც ერთი თვის წინ მივიღე საჩუქრად და ზოგადად, საჩუქრად უფრო ვიღებ ხოლმე. მე თვითონ, ალბათ, ერთი წლის წინ შევიძინე. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვყიდულობ, ალბათ, წელიწადში რამდენჯერმე, უფრო სადღესასწაულოდ, 10-20 ლარის ფარგლებში, არის 6-8 ლარიანი ღვინოებიც, მაგრამ კარგი ღვინო ძვირია, ვერ მივცემ თავს იმის ფუფუნებას, რომ ბოთლის ღვინო ხშირად შევიძინო. საქართველოში ძნელია, ღვინოში გადაიხადო რამდენიმე ათეული ლარი, რაც, შეიძლება, ვიღაცისთვის მთელი თვის სამყოფი თანხა იყოს. სოფლის ღვინო, ვთქვათ, ლიტრი 5 ლარი ჯდება, ბოთლისა კი - ნახევარი ლიტრი, ამაზე რამდენჯერმე ძვირია, ცხადია, ძნელია მაღალფასიანი ღვინის სისტემატური მოხმარება.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



რა თქმა უნდა ფასის გამო არ ყიდულობენ ბოთლის ღვინოს. საჩუქრისთვის გასაგებია, მარა საკუთარი თავისთვის ენანება ხალხს, როცა შეიძლება ბევრად უფრო იაფად ჩამოსასხმელი იყიდო, დოქებში ან რამე ჭურჭელში ლამაზად ჩამოასხა და სუფრაზე დადო. იგივეა წიგნებზეც. ნახეთ რამხელა რიგებია მაღაზიებთან, როცა წიგნები იაფად იყიდება. ჩვეულებრივი ფასი რომ ადევს, მაშინ თითქმის არავინ ეკარება. თუ მეღვინეებს უნდათ ბოთლის ღვინო მეტი გაიყიდოს, რამე უნდა მოიფიქრონ, რომ ხარისხი მისაღები და ფასიც ხელმისაწვდომი იყოს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული