გამოქვეყნებულია: 8 თებერვალი, 2012 - 12:10
გამოფენა Vinexpo-ს ორგანიზატორებისა და კომპანია International Wine and Spirit Research- ის (IWSR) კვლევების თანახმად ირკვევა, რომ გასულ 2011 წელს ამერიკელებმა 3,73 მილიარდი ბოთლი ღვინო დალიეს. ამ რეიტინგში შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე აღმოჩნდნენ იტალია, საფრანგეთი და გერმანია. გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღვინის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა აზიაში, კერძოდ კი შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. კვლევისთვის ღვინის მწარმოებელ-მომხმარებელი 28 ქვეყნის 114 სამომხმარებლო ბაზარი იქნა შესწავლილი. ექსპერტთა განსაკუთრებულ ინტერესს კვლავ ჩინური ბაზარი და მისი განუხრელად მზარდი პოტენციალი იწვევს. როგორც Vinexpo-ს დირექტორმა რობერტ ბეინეტმა აღნიშნა, უახლოეს ოთხ წელიწადში ჩინეთში ღვინის მოხმარების გაორმაგებაა მოსალოდნელი. IWSR-ის ექსპერტების პროგნოზით, დროის ამავე მონაკვეთში ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის მოხმარება დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დიდ ბრიტანეთში, რომლის მოსახლეობის ნაწილიც ალკოჰოლიზმით იტანჯება, ღვინის მოხმარება 4,3%-ით შემცირდება. კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა – მომხმარებელი ცდილობს, ხარისხიანი და, შესაბამისად, საკმაოდ ძვირფასი ღვინო შეიძინოს, ბოთლი ღვინის საშუალო საცალო ფასი კი ათ დოლარზე ნაკლები არ არის.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი