Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Vino,Vino,Vino 2009

სოლომონ ცაიშვილი
 
ქართული ქვევრი, როგორც მსოფლიო ჭურჭელი
 
ჩვენში უმეტესობას, ვინც ცოტა მაინც ერკვევა ღვინის სამყაროში, გაუგონია, რომ არსებობს ალკოჰოლიანი სასმელების დიდი საერთაშორისო გამოფენები, სადაც უამრავი მსხვილი მწარმოებელი მონაწილეობს, მილეთის ხალხი მიდიმოდის, შესაბამისად დიდი ფულიც ტრიალებს და რა თქმა უნდა ტარდება პრესტიჟული კონკურსები. ასეთებია მაგალითად: “Prowein”, “Vinitaly”, “Vinexpo”.  მაგრამ საქართველოში თითქმის არავინ იცის, რომ ვერონის მახლობლად ზუსტად იმ დღეებში, როცა ტარდება “Vinitaly”, უკვე რამდენიმე წელია იმართება ალტერნატიული გამოფენა, რომელსაც წლევანდლამდე ერქვა”Ca’scapin”.
წელს მას“Vino, Vino, Vino 2009” დაერქვა. ეს გამოფენა მთელი მსოფლიოდან ე.წ. ნატურალური და ორგანული ღვინის მწარმოებელთა თავშეყრის ადგილად იქცა. აქ არ იმართება კონკურსი, ნაკლებად დადიან ტურისტები, მსხვილ ნეგოციანტებსაც იშვიათად მოკრავ თვალს. სტუმართა შორის უფრო საშუალო და წვრილი ვაჭრები ჭარბობენ, მრავლად არიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რესტორატორები და სომელიეები. ამ გამოფენას აგრეთვე სტუმრობს ღვინის ღრმად მცოდნე მრავალი მოყვარული. მათ იმდენად აინტერესებთ ახალი ტენდენციების გაგება, რომ არ ეზარებათ ვერონიდან 40 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ იზოლა დელა სკალაში ჩამოსვლა.
ბევრი დილიდანვე მოდის და საღამომდე რჩება. სინჯავენ აუჩქარებლად, საუბრობენ დინჯად, გეკითხებიან დაწვრილებით. ზოგიერთი რამდენჯერმე ბრუნდება შენს მაგიდასთან, ხომ უნდა გადაამოწმოს თავისი შთაბეჭდილება. ძალიან ცოტა ვინმე თუ აპურჭყებს ღვინოს. ყნოსვის პროცესიც უფრო ხანმოკლეა, უფრო სმა უყვართ. პარკში მაყალია გამართული და ღვინის მაღაზიაც მუშაობს. ვისაც შემოვლა-დეგუსტაცია დაუმთავრებია, გარეთ მაგიდებს შემოსხდომიან და ბოთლი ღვინის თანხლებით საუბრობენ ან მოსალოდნელი გარიგებების შესახებ ან ღვინის ფილოსოფიური რაობის თაობაზე, და კიდევ ვინ იცის რაზე. მავანი საერთოდაც არ იღებს ხმას, უბრალოდ ზის, მწვადს მიირთმევს და არჩეულ ღვინოს წრუპავს - შედეგად საღამოსკენ ადამიანები საკმაოდ შეზარხოშებული მიემართებიან თავიანთი სახლებისკენ.
 
ვის არ ნახავს აქ კაცი...
 
ახლა მონაწილე მეღვინეებს გადავავლოთ თვალი. აქ ვის არ ნახავს კაცი, მაგალითად: დაბალდაბალი შვეიცარელი, Beudon-ი  მკერდამდე წვერით და კეთილი ცისფერი თვალებით, სახლში ტელევიზორი რომ არ აქვს და ვენახებამდე მისასვლელად კი საბაგირო გზა გაუმართავს. აქვეა ფრანგი ნიკოლა ჟოლი, ბიოდინამიკოსი მევენახე-მეღვინეების გურუ, ერთი მთლიანი 7 ჰექტრიანი AOC-ის მფლობელი, დაუშრეტელი ენერგიის და ტეპერემენტის მქონე კაცი. იგი, როგორც ყოველთვის, გატაცებით უხსნის გარსშემოხვეულებს ზესკნელისა და ქვესკნელის ერთიანობის მეტაფიზიკას და ამავე დროს წვეთწვეთობით ასინჯებს მათ თავის მართლაც ღვთაებრივ ლუარულ შენენს. აგერ ნელი ნაბიჯით მოძრავი, ხანშიშესული, იმპოზანტური კაცი რომ მოჩანს, ელზასელი ზინდ უმბრეხტია, შესანიშნავი რისლინგის პატრონი. იგი არასოდეს რჩება დღის ბოლომდე - არ ვიცი იღლება, თუ ამით მიგვანიშნებს, რომ მის ღვინოებს ბევრი რეკლამა არ ჭირდება.
სხვანაირი ტაქტიკა აქვს არჩეული სლოვენიელი მეღვინეების ლიდერს ალეშ კრისტანჩიჩს. ეს კაცი დღის მეორე ნახევარში მოდის და იწყება წარმოდგენა. მაგიდაზე ჩნდება ცქრიალა ღვინის მაგნუმ ბოთლები. წყლით სავსე შუშის ჯამი და საცობის ამომგდები სპეციალური მოწყობილობა. მოკლე ხანში მის მაგიდასთან ზედახორაა. ჭიქებგაწვდილი ქალები და კაცები მოუთმენლად ელოდებიან მოქმედების დაწყებას და ალეშიც იწყებს. რაღაც გაუგებარი (ჩემთვის) ხმამაღალი შეძახილების და შეზავებული იტალიურ-ფრანგულ- ინგლისური კომენტარების თანხლებით იგი ჯერ ბოთლს თავდაყირა ამაგრებს გასახსნელ ხელსაწყოში და შემდეგ ორივეს ერთად წყლით სავსე ჯამში დებს. “uno, due, tre” ერთად ითვლიან მეღვინე და მომლოდინენი და ცქრიალა იხსნება, ამასთან ერთად დეგორჟირდება კიდეც, ანუ მეორადი დუღილისა და დავარგების პროცეში დაგროვილი ლექი იღვრება წყალში. მარტივი და ეფექტური ხერხია, ვერაფერს იტყვი. გულ და რაც მთავარია, ჭიქა ნაკლული არავინ რჩება - ალეში ხელგაშლილი კაცია და რაც მე ვნახე (დავთვალე) სხვა ღვინოებთან ერთად სულ ცოტა ოცი მაგნუმი ცქრიალა მაინც გახარჯა სამ დღეში (უფრო ზუსტად დღენახევარში).
ცალკე მოსახსენებელია იტალიელი (ვენეტოელი) ჯანი კაპოვილა. ეს სამოც წელს გადაცილებული ადამიანი ერთ ადგილას ვერ ჩერდება. სულ მოკლე დროში მოირბინა მგონი ყველა მაგიდა, ერთი ორი სიტყვა ყველას უთხრა. უმეტესი ღვინოები გასინჯა. დაუცხრომლობას მისი გარეგნობაც მოწმობს და მისი ბიოგრაფიაც. წარსულში ფორმულა ერთის იჟინერი, მერე სამარნე მოწყობილობების დილერი, დღეს ერთ–ერთი ცნობილი გამომხდელია (დისტილატორი). იგი ხდის პრაქტიკულად ყველაფრისგან, რაც იხდება და ხდის ყველგან, ვიეტნამიდან მოყოლებული გვადელუპით დამთავრებული. მისი პროდუქტებია გრაპა, ბრენდი, შნაპსი, რომი და რა ვიცი კიდევ რა. წელს საქართველოშიც აპირებს ჩამოსვლას (ჭაჭა გავასინჯე და ალბათ ამიტომ). იქნებ ერთობლივი სახდელიც მოვაწყოთ, იმედი მაქვს, მისი პატრონაჟით ჩვენი ჭაჭა და ხილის არაყი უფრო ადვილად გაიკვლევს გზას საერთაშორისო ბაზარზე.
 
ვილა ბოსკი
 
კიდევ სხვა მრავალი კოლორიტული პერსონაა ამ გამოფენაზე. ასე იყო წინა წლებში და ასეა წელსაც. ატმოსფერო იყო და არის ლაღი, და ხალისიანი; ურთიერთობები კეთილგანწყობილი და თავისუფალი. ერთი სიტყვით, 2 აპრილს დილის 10 საათზე, XVIII საუკუნის ვილა ბოსკიში და მის მიდებარე მშვენიერ პარკში გაიხსნა გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობს მეღვინეთა ოთხი ჯგუფი. ესენია: ორგანიზაცია “Vini veri”-ს ეგიდით მომუშავე მეღვინეები, და დამოუკიდებელი მცირე მარნები. ეს ორი ჯგუფი მისდევს ორგანულ მეურნეობას, მაგრამ დასაშვებათ მიაჩნია გარკვეული ტექნოლოგიური ხერხების გამოყენება, ვთქვათ სელექციური საფუარებით დადუღება და ძლიერი ფილტრაცია. მესამე ჯგუფია ნიკოლა ჟოლის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში, ”დაბრუნება ტერუართან” გაერთიანებული მეურნეები, ხოლო მეოთხე ჯგუფი კი დაკომპლექტებულია  ნეგოციანტური სახლის “Velier-triple A”-სთან მომუშავე მეღვინეებით. (მესამე და მეოთხე ჯგუფი თითქმის იდენტურია თავისი შემადგენლობით. სულ რამდენიმე მეწარმეა რომელიც ან ერთთანაა მხოლოდ ასოცირებული ან მეორესთან). მესამე და მეოთხე ჯგუფი,ც რა თქმა უნდა, აღიარებს ბიომეურნეობის პრინციპებს, მაგრამ ისინი პრაქტიკულად უარყოფენ ყველა არატრადიციულ ენოლოგიურ მეთოდს. სხვათაშორის გამოფენის მონაწილენი თავიანთი მსოფლმხედველობის მიხედვით არიან გამიჯნულები - პირველმა ორმა ჯგუფმა პარკში გაშლილ უზარმაზარ კარავში დაიდო ბინა, ხოლო მეორემ და მესამემ ვილა ბოსკის დარბაზებში. ჩვენ, ანუ ქართველები ვილაში მყოფთა მარაქაში ვართ გარეულები. ჩვენი მაგიდის ნომერია 48.           
            მაშ ასე, გამოფენა დაიწყო. ურთიერთმოკითხვების შემდგომ ყველა მონაწილე, მათ შორის მე და ჩემი ქალიშვილი, თავის მაგიდასთან დავდექით და შევუდექით ღვინოების გახსნას, გადაღებას და საჭირო ატრიბუტიკის განთავსებას. ჩვენ მომსვლელებს სამ ღვინოს ვთავაზობთ გასასინჯათ: იაგო ბიტარიშვილის ჩინური ჯიშის ყურძნიდან დაყენებულ ქართლურს “ჩარდახი 2005” და “თავად მაყაშვილის მარნის” 2006 წლის ქვევრში კახურად დაყენებულ კარდანახის წარაფის რქაწითელსა და და ახოების საფერავს. სულ ცოტა ხანში ვილა ბოსკის სივრცე საოცარი სურნელით გაიჟღინთა. ყვავილები, ხილი, ნუში, სუნელები - თვალი რომ დახუჭო კაცმა, თავი ზღაპრულ მარანში გეგონება; მაგრამ მომსვლელი ცოტაა და მე შიში და ნერვიულობა მეუფლება. ერთი რამ მამშვიდებს მხოლოდ, შარშანაც ასე იყო.
მართლაც, შუადღის მერე ხალხის ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და მომდევნო ორი დღის განმავლობაში სულ მატულობდა და მატულობდა. ბოლო არ უჩანს შეკითხვებს, აინტერესებთ ყველაფერი, ჯიში, რეგიონი, ნიადაგი, კლიმატი, მოსავლის რაოდენობა, ვენახის მოვლის მეთოდები, ისტორია, ქვევრის რაობა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ღვინოებთან ერთად დიდი მოწონებით სარგებლობს ჩემი სპონსორის, ასოციაცია “ელკანას” მიერ გამოცემული ბროშურა ქართული ხალხური მეღვინეობის შესახებ და კალენდარი, სადაც მოთავსებულია ყურძნის ქართული იშვიათი ჯიშების ფოტოები. ამ გამოცემების წაღება ყველას სურს, მაგრამ სამწუხაროდ იმდენი არ მაქვს, უშურველად დავარიგო, ამიტომ მხოლოდ იმას ვჩუქნი, ვინც თავის მხრივ ჩვენი ღვინოების მხურვალე ქებას არ იშურებს.
ერთი სიტყვით, საქმე კარგად წავიდა, თუმცა რაღაც მაინც მაკლია - არსად ჩანან გენუელი ძმები ლუკა და პაოლო გარგანოები, ზემოთ ნახსენები ფირმის ”Velier” ხელმძღვანელები; ვერც ფირმის სხვა თანამშრომლებს მოვკარი თავალი. გამოფენის პირველი დღე იწურებოდა, ასე 5 საათი იქნებოდა როცა გავიგონე ხალისიანი შეძახილები, -Buona serra, Luka, Paolo!
 
ძმები გარგანოები
 
            ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ აღტაცებულ შეხვედრას და იმასაც, რომ მათზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ლუკა გარგანო ფირმის პრეზიდენტია. უპირატესად მისი გადაწყვეტილება იყო, როცა ელიტური ალკოჰოლიანი სასმელებით მოვაჭრე აწყობილმა და დალაგებულმა ფირმამ, მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს მკვეთრად შეცვალა თავისი ბიზნესკურსი. ფირმა თავისი კაპიტალით გვერდში ამოუდგა ნატურალური მეღვინეობის მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა სამყაროს და დაიწყო სრულიად უცნობი მეღვინეებისგან (თუ არ ჩავთვლით ნიკოლა ჟოლის) პროდუქციის შესყიდვა და ამ პროდუქციის პოპულარიზაცია. ამავე დროს დაიწყო ლუკას ვოიაჟები მსოფლიოს ეგზოტიკურ კუთხეებში.
იგი 150 ქვეყანაშია ნამყოფი, ვაჭრობს მონღოლური არყით, ლიბანური ღვინით, კუბური სიგარებით, რომლებიც სულ მცირე მეურნეობებში მთლიანად ხელით კეთდება, აფრიკის ჯუნგლებში გაზრდილი ყავითა და კაკაოთი, კარიბის ზღვის ქვეყნების მიკრო საწარმოებში ჩამოსხმული რომით. მას ჰყავს კლიენტები სლოვენიაში, ხორვატიაში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში. 2006 წელს იგი საქართველოშიც ჩამოვიდა. ალბათ ნიკოლა ჟოლისთან ერთად ლუკა გარგანოს დამსახურებაცაა ის, რომ დღეს ნატურალური ღვინის მწარმოებელთა სიას მრავალი ვარსკვლავური სახელი ამშვენებს. ეს არის კაცი დაუდგრომელი, იუმორით და სიცოცხლით სავსე, რისკიანი და გამბედავი. ლუკასგან განსხვავებული ადამიანია მისი უმცროსი ძმა პაოლო - მეოჯახე, დინჯი და პრაქტიკული, თუმცა ამავე დროს გულღია და ემოციური.  რაღა თქმა უნდა, რომ ფირმის ფინანსებზე კონტროლი მას ევალება. ძმებმა პირველივე ნახვით შეიყვარეს საქართველო და ბევრიც გააკეთეს ნამდვილი, ტრადიციული ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ისინი შესაძლებლობას არ ტოვებენ, რომ არ ახსენონ საქართველო, ქართული ტრადიციები. მეტყველებისას ორივე ხაზგასმით იყენებს ქვევრს ამფორის ნაცვლად, ხოლო თუ ახლად გასინჯული ღვინო მოეწონებათ ხოლმე, ქართულად ამბობენ, “ეს გვინოა”.
 
ენოგასტრონომიული ტერორი La Crepa–ში
 
            ზემოთ ვთქვი, რომ გამოფენის პირველ დღეს ძმები გარგანოების არყოფნის გამო თითქოს რაღაც მაკლდა თქო. ეს ალბათ იმიტომაც, რომ მათთან შეხვედრა ყოველთვის რაღაც სასიამოვნო სიურპრიზთან არის დაკავშირებული. მოლოდინი არც ამჯერად გამიცრუვდა. საღამოს 7 საათზე გარგანოებმა ხელი მოგვხვიეს თავის მწარმოებლებს და ავტობუსით გაგვიყენეს სოფელ იზოლა დევარეზესკენ მიმავალ გზას. დაღლილ–დაქანცულ, მოშიებულ სტუმრებს სავალი საკმაოდ გრძელი მოგვეჩვენა, თუმცა ადგილზე მისულები მივხვდით, რომ მოთმინებად ღირდა. მკრთალად განათებულ ულამაზეს პიაცაზე  მდებარე კაფე–ენოტეკის, “La Crepa”–ს დანახვამ დაღლილობა დაგვავიწყა, თუმცა კი მადა გაგვიმძაფრა.
            კეთილი და გულღია მასპინძელი, ძველი ნაცნობი (იგი საქართველოშია ნამყოფი და ჩემს სახლშია ნაქეიფარი) ფრანკო მალინვერნო  კაფეში შეგვიძღვა. შესვლისთანავე სიხარულის და სიამაყის გრძნობა დამეუფლა, განსაკუთრებულად თვალსაჩინო დახლზე შემოწყობილი ღვინოების თანავარსკვლავედში (Piere Morey -ს ბურგუნდიული შარდონე და პინო ნუარი; Nicolas Joly-ს ლუარული შენენი; Emidio Pepe-ს მონტეპულჩანო აბრუცოდან და სხვა) “ჩარდახი” და “თავად მაყაშვილის მარანი” რომ დავინახე. კაფეს დარბაზები, უფრო სწორად, ოთახები, მყუდროა და გემოვნებით გაწყობილი, კედლებს მსოფლიოს კულტურული ელიტის საკმაოდ ბევრი წარმომადგენლის ფოტოპორტრეტი ამშვენებს (მაგ. რუდოლფ ნურიევი, რიკარდო მუტი და სხვები). როცა ვიკითხე, რამ განაპირობა ეს არჩევანი თქო, მიპასუხეს, აქ არიან ნამყოფებიო. სამზარეულო დაწკრიალებული და მოხერხებულია, თითქოს ოჯახში ხარ, მაგრამ უდიდესი შთაბეჭდილება მაინც საცავებმა მოახდინეს. XIV საუკუნის სარდაფებიდან ზემოთაში ყველები, ძეხვები, ლორებია შენახული, ხოლო ქვემოთაში კი ღვინოები. ამ საცავის შესასვლელს ამაყად აწერია Enoteka ”Grandi vini del mondo” და აქ მხოლოდ ე.წ. ნატურალურ ღვინოებს დაუდიათ ბინა.
მასპინძელმა როგორც იქნა ამოგვიყვანა სარდაფიდან და მაგიდებთან მიგვიჩინა ადგილები. ჰოდა დაიწყო, როგორც ერთი მეგობარი გურმანი იტყოდა ნამდვილი ენოგასტრონომიული ტერორი: ფენა-ფენად გამომცხვარი ომლეტი შეკაზმული მწვანილით და წვრილად დაჭრილი ლორით, შემოწყობილი მჟავე წიწაკით, სატაცურით და ხახვით. მერე წამოვიდა რავიოლების წყება - რავიოლის წვნიანი წითელი ღვინით გაკეთილშობილებული; უგემრიელეს ზეითუნის ზეთში ჩაწყობილი (ალბათ ჩაბუჟბუჟებული) რავიოლები ფხლოვანი, ყველიანი და ხორციანი. რიზოტო გატარებული ხორცით და ჩემთვის უცნობი რამეებით შენელებული, ზედაც გადაფარებული შემწვარი ლორით; არ ვიცი, თოხლის ან ჭედილას სტეიკი მოტკბო-მომჟავო-მომწარო საწებლით, და ადგილობრივი ყველების ნაკრები. ყველაფერ ამას ცხადია ამშვენებდა ღვინოები: ცქრიალა და შუშხუნა, თეთრი და წითელი, მშრალი და ტკბილი (რომელიც თურმე არ ვიცოდი და ყველთან ისმება შესანიშნავად), იტალიური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, შვეიცარული, ქართული, სლოვენიური და ხორვატული. ამოირჩიე რაც გინდა და რამდენიც გინდა. მსუბუქი ხილიან–ყვავილიანი, თუ მძლავრი სხეულიან–ტანინიანი. ეს რაბლეზიანური ლხინი ღამის ორ საათზე პიაცაზე გამოტანილი ლიქიორიანი ნაყინით, ჯანი კაპოვილას მომზადებული რომიანი კოქტეილით და ერთობლივი სურათის გადაღებით დამთავრდა. ასე ტკბილად გადავიდა გამოფენის პირველი დღე მეორეში.
 
ქვევრი – ჯერი ჩვენზეა
 
შემდეგი ორი დღე იმით იყო სხვანაირი, რომ დილიდანვე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ვილა ბოსკის ტერიტორიაზე. თუ წინადღეს მომსვლელები მხოლოდ იტალიელები იყვნენ, ახლა გამოჩნდნენ ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები, ავსტრიელები და სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქეები. უკვე მეორე წელია ვაკვირდები და ვესაუბრები, როგორც მონაწილე მეღვინეებს, ასევე მომსვლელ ხალხს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ არსებითად ერთიანი შეხედულება აქვთ ღვინის რაობაზე. იგი მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ: ღვინო არ არის მხოლოდ თვალებისთვის, ცხვირისთვის და პირისთვის. ღვინო კუჭსაც უნდა მოეფონოს, მერე მან გულისკენაც უნდა გაიკვლიოს გზა და ლხენა მოგგვაროს. თუ კაცს შეუძლია და უნდა, მან ორი-სამი ბოთლი ისე უნდა დალიოს, რომ გულზიდვა არ იგრძნოს, თავი არ დაუმძიმდეს, გონება არ დაებინდოს და მეორე დღეს სამსახურშიც ხალისიანად გავიდეს. ამ ადამიანებს თუ კითხავ (მე, სამწუხაროდ ამის შემოწმების მატერიალური შესაძლებლობა არ გამაჩნია), ღვინის სამყარო იქამდე მივიდა, თვით ისტორიულად განთქმული დასახელების უძვირესი ღვინოებიც კი ვეღარ განიჭებენ სავსე სიამოვნებას. მათ მიაჩნიათ, რომ ყურძნის მოსაყვანად და ღვინის დასაყენებლად გაწეული ჯაფა არ ღირს მხოლოდ ტუჩების დასასველებლად. სასმელს თუ დაასხამ, უნდა დალიო კიდეც.
ჩამოსხმულ ღვინოს რომ გახედავენ, ფერს ან მოიწონებენ ან დაიწუნებენ, მაგრამ სიტყვასაც არ დაძრავენ გამჭვირვალობის შესახებ. გამოფენაზე ბევრია  ისე შემღვრეული ღვინო, რომელსაც მავანი დეგუსტატორი გაუსინჯავად მოხსნიდა კონკურსიდან. ღვინოს რომ დაყნოსავენ, ერთ ან მაქსიმუმ ორ ტონს გამოყოფენ ხოლმე, ასევე ახასიათებენ გემოსაც, რადგან სწამთ - შეგრძნებები მეტისმეტად სუბიექტურია, განსაკუთრებით, როცა ნახევარტონებზე მიდგება საქმე და ამიტომ შენი აღქმა სხვას არ უნდა მოახვიო თავს. ისინი ამბობენ, ჯობს ღვინო ერთი ცალკე პიროვნებისთვის დააყენო და არა ბიზნეს ჯგუფების მიერ ანგაჟირებული კრიტიკოსების და სომელიეების მიერ ზომბირებულ მომხმარებელთა მასისთვისო.
გამოვტყდები, რომ თავად მეც ასე ვუყურებ ღვინოს და მეღვინეობას და მჯერა, ეს მსოფლმხედველობა, რომელიც მთელს მსოფლიოში სწრაფად იკრებს ძალას, მოიყვანს მეღვინეობა-მევენახეობის რენესანს. ღვინის სამყაროს ელის საწყისებთან დაბრუნება და ვფიქრობ, აქ ქართველებს გვაქვს შანსი მოვიპოვოთ მოწინავე ადგილი. ახლა თუ მაინც გამოვიჩენთ ფხას და გონიერებას, შევძლებთ ჩვენი იტორიული ძნელბედობით გამოწვეული კარჩაკეტილობა და განუვითარებლობა სიკეთედ მოვიბრუნოთ. ამ აზრს ისიც მიმყარებს, რომ სულ უფრო იზრდება ევროპაში ქვევრის პოპულარობა. შარშან თუ ორნი ვიყავით  გამოფენაზე ქვევრებში ღვინის დამყენებლები, წელს ასეთები ოთხნი ვართ. მინდა დაგისახელოთ: “თავად მაყაშვილის მარანი”, “Azienda agricola Giotto Bini” სიცილიიდან, “Castello di Lispida” ვენეტოდან და “Vodopivec” ფრიულიიდან. ამათ გარდა კიდევ არიან მეღვინეები, რომლებიც ჩვენ რომ კახურს ვუწოდებთ, იმ მეთოდით აყენებენ ღვინოს, ჭაჭიან–კლერტიანად, ოღონდ მუხის როფებში. აქ ისინიც იყვნენ, ვინც ახლო მომავალში აპირებს ქვევრებზე გადასვლას, მაგალითად ზემოთ ნახსენები სლოვენიელი ალეშ კრისტანჩიჩი. ნიშანდობლივი და დასაფიქრებელია ეს ფაქტებიც: იტალიაში ფუძნდება სკოლა, სადაც მსურველები შეისწავლიან ქვევრში ღვინის დაყენების ხელოვნებას. სკოლის მესვეურები გამოფენაზე მესტუმრნენ და ისიც შემატყობინეს, რომ წელს ნოემბერში აპირებენ ქვევრის კულტურის შესახებ დიდი კონფერენციის მოწყობას და ჩემს მიპატიჟებას. კიდევ გავიგე, თურმე მაქს პლანკის ინსტიტუტის და რამდენიმე ცნობილი ევროპული უნივერსიტეტის თაოსნობით დაფუძნებულა ქართულ-ევროპული პროექტი მექვევრეობის შესწავლისთვის და პოპულარიზაციისთვის. ამ პროექტის მონაწილენიც იყვნენ ჩვენს მაგიდასთან მოსულები და დიდხანს ვისაუბრეთ კიდეც.
აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ მსოფლიოში ნატურალური და ტრადიციული მეწარმეობის მფარველმა ორგანიზაციამ “Slow Food” დე იურე უკვე დაარსა ე.წ. პრეზიდიუმი “კახური ქვევრის ღვინო”, თუმცა სამწუხაროდ პროექტის რეალურ ამოქმედებას ეკონომიკურმა კრიზისმა დროებით შეუშალა ხელი. ბევრი მეღვინე ჩემთან საუბრისას აღნიშნავდა რომ თეთრი ღვინისთვის მსოფლიოში ნომერ პირველი ჯიშია რქაწითელი.  ამას ამდენად არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა 2008 წლის ოქტომბერში ტურინში Salon del gusto-ზე გამართული ანალოგიური შინაარსის საუბრები. როგორც ჩანს, ეს აზრი ნელნელა მკვიდრდება პროფესიონალთა წრეებში. ერთი სიტყვით ჯერი ქართველებზეა.
 
ჩემი ფავორიტები
 
            ახლა ისევ გამოფენაზე დავბრუნდეთ. როგორც უკვე ვთქვი, აქ კონკურსი არ იმართება, მაგრამ მაინც მინდა ჩამოგითვალოთ რამდენიმე ჩემი ფავორიტი ღვინო. წითლებიდან “Emidio Pepe; Azienda agricola. Montepulciano d’Abruzzo”. ამ მეურნეობის პატრონები რადიკალური ბიოდინამიკოსები და ტრადიციონალისტები არიან. ყურძენს ფეხით ჭყლეტენ, კლერტს ხელით აცლიან და ღვინის გადაღებისას არ ხმარობენ საქაჩ მოწყობილობას. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბოლო გადაღებისას ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან ბოთლში ასხავენ. მათი მონტეპულჩანო ტანინიან–სხეულიანია, მწიფე კენკრის (ალბათ ჟოლოს) სურნელით და ჰარმონიული მრავალფეროვანი გემოთი. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია ფინალი - დალევ და გემო ძალიან, ძალიან დიდხანს მიგყვება. მეტისმეტად ღრმა და ტემპერამენტიანი ღვინოა ესპანური “Terroir al limit soc.lda ; Grenash 2006, Torroja del Priorat”. მართალია, სურნელი ნელა ამოდის სასმისიდან, მაგრამ მერე აღარ იფანტება, ცარიელ ჭიქაშიც დიდხანს რჩება გადამწიფებული წვრილი ალუბლის არომატი. გემოს სასიამოვნო სიმწარე დაკრავს და რომ ვსვამდი, მზით გათანგული ზვრის ასოციაციას აღძრავდა ჩემში. გაცილებით ნაზი და მსუბუქსურნელოვანია საფრანგეთის Savoie –ს “Domaine prieure saint christtophe 2005” ადგილობრივი ჯიშიდან Mondeuse. ყვავილების არომატი და მინერალური გემო ისეთ ჰარმონიას ქმნის, რომ დიდი მადლიერების გრძნობა დაგეუფლება ამ ღვინის დამყენებელი სიმპათიური ცოლ-ქმრის მიმართ. თეთრებში ჩემი გემოვნებით ელზასური Zind Humbrecht-ის და მოზელური Clemens Busch-ის თაფლის სურნელიან რისლინგებს გამოვარჩევდი. ელზასურში მინერალების გემო უფრო შეფარულია, ვიდრე მოზელის ფიქალებზე გაშენებული ვენახებიდან დაწურულ ღვინოში, თუმცა ორივეს ჰარმონია დაუვიწყარია. შესანიშნავია ნიკოლა ჟოლის Coulee-de- Serrant. ეს ღვინო ჩემთვის შენენის ეტალონია. დავარგების უზარმაზარი პოტენციალი, მრავალფეროვანი არომატი და მუსიკალურ ბგერასავით კრიალა გემო პირველი ყლუპიდანვე შეგაყვარებთ ამ ღვინოს. მინდა გამოვყო აგრეთვე ფრაგული თეთრი ჟურადან. ამ ღვინის ავტორია Pierre Ovenoy. ეს კაცი გამოფენის მონაწილეთა შორის ყველაზე რადიკალი ექსპერიმენტატორ-რენესანსისტია. მისი ღვინო პირველად შარშან დავლიე გენუაში ლუკა გარგანოსთან. რამაც მაშინ გამაოცა, ეს იყო ჩახარშული (შეიძლება გადაჟანგული) ჭაჭის სურნელი და გემო, მსუბუქად რომ დაჰყვებოდა სასმელს და კონტრასტს ქმნიდა ხილის გემოსთან. ის რაც წელს გავსინჯე,  რაციონალურობის ყოველგვარ საზღვარს იყო გადაცილებული. ღვინო სრულებით გაუმჭვირვალეა,  მგონი საერთოდ გადაუღებელია. ჩახარშულ-დაჟანგული ჭაჭის გემო კი იმდენად მძაფრი, რომ სმისას კახეთში არყის სახდელში გეგონებოდა თავი. ამ ღვინომ იქ მყოფთა  შორის საპირისპირო ემოციები წარმოშვა. ზოგიერთისთვის იგი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა და ასე იძახდნენ - სხვას არც მოველოდით, ეგ ხომ Pierre Overnoy-ა. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს არისო ღვინის კვინტესენცია, თუ გნებავთ ბუნებრივი ღვინის ეტალონიო. აი ასეთი ღვინოები იყო ვილა ბოსკიში, ასეთები იყვნენ მონაწილენი და მომსვლელები. დასასრულისთვის მინდა ცოტა წავიტრაბახო. რეაქციები როგორც “ჩარდახზე”, ასევე “თავად მაყაშვილის მარანზე” იყო უაღრესად დადებითი, მაგრამ უფრო მეტად იმან გამახარა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ეს ღვინოები გამოჩნდენენ იტალიურ ბაზარზე, მათი ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზრდილა.
აბა სხვას რას მოვაწერო ის ამბავი, რომ ბევრი ადამიანი, პროფესიონალი თუ მოყვარული, მოდიოდა სპეციალურად ამ ღვინოების გასასინჯად. საქმიანი წინადადებებიც იმდენი შემოვიდა, რომ ჩვენი პატარა მეურნეობები მათ მეათედსაც ვერ დააკმაყოფილებს. იყვნენ შესყიდვის მსურველები იტალიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, კანადიდან. სლოვენიიდან და მათი კომერციული მცდელობები დღესაც გრძელდება. მთლიანად გაიყიდა ღვინოები გამოფენაზე მომუშავე მაღაზიაში, თანაც საკმაოდ ძვირად, 21 ევროდ. სხვათა შორის, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ალბათ მოახლოვდა ის დრო, როცა საქართველოში ნამდვილი ტრადიციული ღვინის დამყენებელი მცირე მეწარმეები უნდა გაერთიანდნენ და ევროპაში დააფუძნონ საკუთარი სავაჭრო სახლი თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. თუ 100 000 ბოთლამდე მაინც შეგროვდა კარგი ღვინო, ვფიქრობ შეიძლება ამ საქმეზე ზრუნვა.
            ბევრმა ადამიანმა დამამახსოვრა თავი კეთილი სიტყვით, მაგალითად ერთი გერმანელი საჯაროდ (ანუ ხმამაღლა) ამტკიცებდა - ქართული ღვინოები აფთიაქში უნდა იყიდებოდესო, ბოთლი ას ევროდ მაინცო. განსაკუთრებულად სასიამოვნოდ მაგონდება შეხვედრა რესპექტაბელურად, ოღონდ ცოტა ძველმოდურად ჩაცმული ხელჯოხიანი ხანშიშესული იტალიელი კაცების ჯგუფთან (ეგ ხალხი შარშანდელი გამოფენიდანაც მახსოვდა). ძველი (დუჩეს დროინდელი) თაობის ადამიანებმა გერმანული კარგად იცოდნენ და კონტაქტი გამიადვილდა. ერთი მათგანი მეღვინე აღმოჩნდა კიანტი კლასიკოს რეგიონიდან. “ასეთ ღვინოებს - თქვა მან - ჩემს ახალგაზრდობაში ვაყენებდით და ვსვამდით. მერე თანდათან ბიზნეს ორომტრიალში ჩავები და ახლა იმის მაგივრად რომ აქ ვიდგე, “ვინიტალიზე “ წარმოვადგენ ჩემს კიანტის. კი მინდა შევცვალო ყველაფერი, მაგრამ შვილები არ მაძლევენ ნებას და იმითღა ვკმაყოფილდები, რომ ჩემთვის ვაყენებ ნამდვილ ღვინოს. თქვენ კი გისურვებთ, არ აყვეთ ცდუნებას და არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან!” სწორედაც რომ ამ რჩევის კვალობაზე ვაპირებთ ცხოვრებას, როგორც “თავად მაყაშვილის მარნის” ჯგუფი (გიორგი მაყაშვილი, დავით კაპანაძე, ირაკლი ფრუიძე, გოჩა გორგოძე, სოლიკო ცაიშვილი), ასევე “ჩარდახის” პატრონი იაგო ბიტარიშვილი.
            გამოფენა “Vino, Vino, Vino 2009” ოთხ აპრილს დღის სამ საათზე უნდა დახურულიყო, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო საღამოს შვიდამდე გაგრძელდა. ვილის დარბაზები ნელნელა დაცარიელდა, მხოლოდ სლოვენიელი ალეშ კრისტანჩიჩის და ჩვენს №48 მაგიდასთან თავმოყრილ ადამიანების ჯგუფს არ უნდოდა დაშლა. ბოლოს სადღეგრძელოები რომ დაიწყეს, მივხვდი ეს ამბავი კიდევ დიდხანს გასტანდა, რადგან ერთი ბოთლი საფერავი და ერთიც ჩინური მქონდა დარჩენილი. ეს ბოთლებიც გავხსენი, მოზრდილი სასმისები პირთამდე შევავსე და “In vinio veritas” თქო დავიძახე. “Georgia numero uno” შეწყობილად გამომეპასუხნენ თანამეინახეები და ჭიქები ბოლომდე გამოვცალეთ. ხერხმა გაჭრა, ღვინოც დამთავრდა და მსმელთა ჟინიც დაკმაყოფილდა. პარკში კიდევ დიდხანს ვემშვიდობებოდით ძველ და ახალ ნაცნობებს. როგორც იქნა ცხრა საათისთვის წავედით სასტუმროში. მეორე დილით კი მე და ჩემი ქალიშვილი სასიამოვნო შთაბეჭდილებებით და ნაჩუქარი ღვინოებით დატვირთულები დავადექით თბილისისკენ მომავალ გრძელ გზას.                           
 
© vinoge.com


რა სასიამოვნოდ წასაკითხი სტატიააა :) სულმოუთქმენლად ჩავიკითხე :) პ.ს. ტკბილი ღვინოს ყველთან ყოველთვის სიამოვნებით მივირთმევ. არ მახსოვს პირველად როდის გავაკეთე ეს მიგნება :)


sainteresoa

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული