ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ალკოჰოლის გადაჭარბებით მომხმარებელ ქვეყნებს შორის უკრაინა მეხუთე ადგილზე დასახელდა, ალკოჰოლიზმით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ კი ქვეყანას ევროპის მასშტაბით მეორე ადგილი ერგო. უკრაინაში ერთი სული მოსახლე წელიწადში საშუალოდ 15,6 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს. უკრაინას წინ უსწრებს მოლდოვა (28,2 ლ), ჩეხეთი (16,4 ლ), უნგრეთი (16,2 ლ) და რუსეთი (15,7 ლ). უკრაინის ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელძღვანელის ტატიანა ბახტეევას თქმით, დღეს უკრაინაში დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ალკოჰოლიზმით არის დაავადებული. არტემ სტუპაკოვი – ექსპერტი ალკოჰოლიზმისა და სიგარეტის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, აცხადებს, რომ მოლდოვაში ძირითადად სვამენ ღვინოს, ჩეხეთში – ლუდს, უკრაინელი ახალგაზრდები ლუდსა და ალკოპოპსის (მატონიზებელ სასმელებს) ეტანებიან, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები – არაყს. ექსპერტთა თქმით, ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა გაყიდვების შემცირება და ფასის გაზრდა. უკრაინაში უკვე მიიღეს ზომები – 2012 წელს შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იკრძალება სპირტიანი სასმელის გაყიდვა საღამოს 8 საათიდან დილის 11 საათამდე. ასევე კანონით ისჯება ის პირი, ვინც ალკოჰოლურ სასმელს სკვერში, პარკში ან სადარბაზოში დალევს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი