Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მამა და შვილის მარანი” - მცირე მარნების ანთოლოგია (115)

მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში სადაც მეღვინეობა-მევენახეობის კულტურა ათასწლეულებს ითვლის. ღვინო როგორც ბევრისთვის, ჩემთვისაც უნიკალური და ძალიან საპატივსაცემი სითხეა. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი ასეთი დიდი დაინტერესება ამ სფეროს მიმართ.  ცოდნის გასაღრმავებლად  ჩავაბარე აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა- მევენახეობის ფაკულტეტზე და ახლაც ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე. ჩვენი ოჯახის მეღვინეობის ისტორია 2011 წლიდან იწყება, დიდი ენთუზიაზმით ვიყავით ჩართულები მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაში. 2018 წელს ჩემი და მამაჩემის საერთო ინტერესების გადაკვეთამ და ამ საქმისადმი უზომო სიყვარულმა ჩამოაყალიბა “მამა და შვილის მარანი”. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ჩვენი ღვინო სრულყოფილი სახით მიგვეტანა მომხმარებლამდე და წვლილი შეგვეტანა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- 2022 წელს სოფელ ჭერემში გავაშენეთ ვენახი, სადაც დღესდღეობით თავმოყრილია  6 ჯიშის ყურძენი: ქისი, ხიხვი, მცვივანი, კახური მწვანე, თავკვერი და საფერავი. ჭერემი ისტორიული სოფელია, რომელსაც სამწუხაროდ მუდმივი მაცხოვრებელი თითქმის აღარ ჰყავს, ამიტომ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ვენახის გაშენებით სოფელს ცოტა მუხტს მაინც დავუბრუნებდით და შემორჩენილი მოსახლეობის დაინტერესებას გამოვიწვევდით. კონკრეტულად რაიმე რიტუალი არ გვაქვს, მაგრამ ვაზი ჩვენთვის არ არის უბრალოდ მცენარე,ის ასოცირდება ახალ სიცოცხლესთან, რომელსაც ძალიან დიდი სითათუთით და სიყვარულით ვეპყრობით მოვლის დროს, ვცდილობთ შევუქმნათ ყველა ის პირობა რაც მისთვის აუცილებელია და ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება მოსავლის ხარისხზე.  ასეთივე დამოკიდებულება გვაქვს შემდეგ უკვე ყურძნის მტევნებთან, რომლის თითოეული მარცვალი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- დღეს „მამა და შვილის მარანი“ აწარმოებს 11 დასახელების ღვინოს: ქისი ქვევრის,ხიხივი ქვევრის, კახური ქვევრის, წინანდალი, ქისი კლასიკური, ხიხვი კლასიკური, საფერავი, საფერავი ქვევრის, მუკუზანი, ქინძმარაული, ახაშენი.ვაზი ოდითგანვე წარმოადგენდა თაყვანისცემის სიმბოლოს, ჩვენ ვიაზრებთ ამას და ზუსტად იგივე დამოკიდებულება გვაქვს  მის მიმართ. ძალიან მგრძნობიარე მცენარეა, იმ მოვლისთვის და სიყვარულისთვის რასაც ჩვენ მის მიმართ ვიჩენთ, მადლიერების ნიშნად გვიბრუნებს საუკეთესო ხარისხის მოსავალს,რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უმაღლესი ხარისხის ღვინის მისაღებად ჩვენი მეღვინეობა არ იყენებს კომერციულ საფუარს და ალკოჰოლურ დუღილს აწარმოებს ველურ მიკროფლორაზეც რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მრავალფეროვანი და განსხავვებული არომატის და გემოვნური მახასიათებლების ღვინო.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ნყურძნის დაკრეფა თითქმის ყოველთვის მხიარულ პროცესთან ასოცირდება და ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე განვლილ თითოეულ ეტაპი  თავისი მახასიათებლებით უნიკალურია, ამიტომ ჩემთვის ძნელია გამოვარჩიო რომელიმე. ძალიან ცოტა უპირატესობით ალკოჰოლურ ფერმენტაციას მივიჩნევდი ჩემთვის ყველაზე საყვარელ პროცესად.მართალია ამ დროს დაღლილობამ შეიძლება პიკს მიაღწიოს, მაგრამ სტიმულატორული ფაქტორები იმდენად ბევრია, უბრალოდ არ გაქვს დანებების უფლება.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი ღვინო პირველად გამოჩნდა “8000 მოსავლის” მაღაზიათა ქსელში და ამან ხელი შეგვიწყო ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციაში. ჩვენი ღვინო მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია რესტორნების და სასტუმროების კატეგორიის დაწესებულებებში. დღესდღეობით საქართველოში 25-მდე ობიექტშია შესაძლებელი ჩვენი პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- როგორც საქართველოში, უცხოეთის ბაზარზეც საკმაოდ მოთხოვნადია “მამა და შვილის მარნის” ღვინოები. წარმატებით ვმოღვაწეობთ  გერმანიის და ბელორუსიის ბაზრებზე. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ  შემდგომში ამ ჩამონათვალის კიდევ უფრო გაფართოებას.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ზოგადად ყველა საქმიანობას თავისი სირთულეები აქვს და გამონაკლისი არც მეღვინეობაა, განსაკუთრებით როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ ამ სფეროში. თუმცაღა დროსთან ერთად ვითარდები, გამოცდილება გემატება, უფრო და უფრო მეტს სწავლობ და ეს სირთულეებიც უფრო მარტივად მოგვარებადი ხდება. სირთულეები რთველის პროცესიდან იწყება, გიწევს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა, შემდეგ უკვე ღვინის დაყენების პროცესში, შეიძლება მოულოდნელად გართულდეს დუღილის პროცესი, რადგან  უარს ვამბობთ კომერციული საფუარის გამოყენებაზე და ბედს ვანდობთ სპონტანურ დუღილს, ხშირია უეცარი ტემპერატურის მატება და ა.შ. ამიტომ საკმაოდ ბევრი ნიუანსის გათვალისწინება და ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის დამოკიდებულება და სიყვარული ჯერ პროფესიის, შემდეგ უკვე ვაზის და ღვინის მიმართ. ძალიან ძნელია ხარისხიანი ღვინის წარმოება და პირველ რიგში ეს ყველაფერი ვენახიდან უნდა იწყებოდეს. არასწორად მოვლილი ვენახი ვერ მოგვცემს იმ ხარისხის ყურძენს რომ ჩვენ საუკეთესო ღვინო ვაწარმოოთ, ამიტომ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მის მოვლას. შემდეგ უკვე არის მარანი სადაც ჰიგიენური ნორმები და ყველა აუცილებელი პირობა უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული. ეს ყველაფერი გარანტია მაღალი ხარისხის ღვინის მიღების, რაც სტიმულს გაძლევს უფრო და უფრო განვითარდე და განავითარო შენი საქმიანობა.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- დღეს ქართული მეღვინეობის კულტურა ძალიან დიდ პროგრესს განიცდის, როგორც ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე მარნების ტექნოლოგიურად გამართულად მოწყობაში. ეს ყველაფერი გამოიწვია საზოგადოების მაღალმა დაინტერესებამ მეღვინეობის ტრადიციის მიმართ და საკმაოდ მაღალმა კონკურენციამ ბაზარზე. თუ გაქვს ამბიცია რომ უნდა აწარმოო მაღალი ხარისხის და სტანდარტების ღვინო ამისთვის გჭირდება მუდმივად ისწავლო, განვითარდე, შემოიტანო სიახლეები, ყოველივე ეს განაპირობებს ღვინის კულტურის საკმაოდ სწრაფ განვითარებას. 

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ჩემი რჩევები შეიძლება სტანდარტულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სანამ ამ საქმეს ხელს მოჰკიდებთ აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი და სირთულე, რომელიც თანმდევია ამ საქმიანობის. პირველ რიგში ეცადეთ საფუძვლიანად შეისწავლოთ ვენახის მოვლა, ღვინის ტექნოლოგიები, ვაზთან ურთიერთობა. ჰკითხეთ რჩევები პროფესიონალ  მეღვინეებს. მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მიზნებსა და იდეებზე, ამიტომ ყველას უკლებლივ ვინც ამ საქმეს შეეჭიდება, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.

მარნის მისამართი: კახეთი/გურჯაანი/ სოფ.ველისციხე

ტელეფონი: 592 121 000

ელფოსტა: shurman.tatulashvili@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://fatherandsoncellar.ge/

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული