გამოცემა Club Oenologique აქვეყნებს სტატიას ქვევრის ღვინისა და ტექნოლოგიის შესახებ. ავტორი სარა ებოტია, ღვინის ბრიტანელი მაგისტრი, რომელიც ქართული ღვინის იმპორტიორია ბრიტანეთში და მათ პოპულარიზაციაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.
სტატიაში ვეცნობით ქვევრში ღვინის დაყენების თანმიმდევრულ ეტაპებს: “ქვევრის შესახებ ყველაზე დიდი მითი ის არის, რომ თითქოს მასში ღვინო ჯადოსნურად ყენდება “ყურძენი ჩაყარე, დაახურე თავსახური და თავი დაანებე”, თუმცა როგორც გოგი დაქიშვილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მეღვინე და ქვევრის აღორძინების მთავარი “ფიგურა” აღნიშნავს, ქვევრი 10-ჯერ მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე უჟანგავი ფოლადის ავზში ღვინის დაყენება”.
როგორც სარა ებოტი წერს, ყურადღებიანი მეღვინის ქვევრში ძალიან სუფთა, სტაბილური და უნაკლო ღვინო ყენდება: “ამ გზით ღვინის დაყენება მოითხოვს ვალდებულებას და შემოქმედებითობას. ქვევრებს საქართველოს ღვინის სულის გასაღები უჭირავს. ქართველი მეღვინეების ახალი თაობა გამოცდილი ენოლოგები არიან, რომლებიც სწავლობდნენ და მუშაობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ქვევრი რჩება მათ მოწოდებად” - აღნიშნავს ღვინის მაგისტრი და ყურძნის მოკრეფიდან ღვინის დაძველებამდე დეტალურად უხსნის მკითხველს მასში ღვინის დაყენების თანმიმდევრულ ეტაპებს.
ქართული ქვევრის ღვინო, მიუხედავად ბოლო 10 წლის აღორძინებისა, ქვეყნის წლიური წარმოების მხოლოდ 10%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ ცოტაა. განსაკუთრებით სენსაციური და შთამბეჭდავი ქართული ქარვისფერი ღვინოების დახვეწილობაა: “ეს კატეგორია დიდ ბრიტანეთში ასოცირდება ყველაზე გამომწვევ, მოხდენილ და დახვეწილ ღვინის სტილთან. მათი უმეტესი ნაწილი არის ძალიან სუფთა, ნიუანსირებული, რეგიონების მიხედვით განასხვავებული.”
ავტორს მაგალითად მოჰყავს “შატო ქეთევანის” რქაწითელი 2021, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი ღვინოა: “ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ქართული მეღვინეობის რენესანსი და გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მასში” - აღნიშნავს ბესიკ ლოლიაშვილი, “შატო ქეთევანის” ხელმძღვნელი. ებოტი აღნიშნავს “იწის მარნის” 2020 წლის ცოლიკოურს: “ამ ღია ოქროსფერ, არომატულ ღვინოს აქვს ძალიან ნაზი ტექსტურა და მაღალი მჟავიანობა. წიპწებთან მსუბუქი კონტაქტით ვაზის ჯიშის თვისებები უფრო მეტად გამოხატული გახდა”. საუბრობს “თელიანი ველის” 2020 წლის გლეხურ ქისზეც, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა IWSC-ის კონკურსზე: “ეს ღვინო შესანიშნავი მაგალითია ამ ჯიშის არომატებისა და ტექსტურის მაქსიმალური გამოვლენისა”.
ქვევრის წითელი ღვინოები ნამდვილად ძალიან განსხვავდებიან ქარვისფერი ღვინოებისაგან. ამჯერად “ლაბარას” ქვევრის ოჯალეშს ახსენებს: “ძალიან სუფთა, ცინცხალი, ალუბლისფერი, სიხარულის ჭიქაა, რომელიც დასავლეთ საქართველოს უნიკალურ მხარეს უსვამს ხაზს.”, “ქართველის” ოქროს მედლის მფლობელი 2015 წლის საფერავი გამოხატავს ამ ჯიშის დაძველების ძალიან დიდ პოტენციალს. ქვევრში საქართველოს ყველაზე მომხიბვლელი და სულისშემძვრელი ღვინოები იწარმოება. სწორედ ისაა ქართული იდენტობის მცველი” - წერს სარა ებოტი. სტატიას გაეცნობით Club Oenologique-ის გვერდზე.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი