Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდად პატივცემული კარადა

ღვინო დღითიდღე სულ უფრო მოდური ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ კარგ სასმელს ძვირფას რესტორნებში მხოლოდ ოლიგარქები კი არ მიირთმევენ, არამედ ის ადამიანებიც, რომელთა შემოსავალი ექვსნიშნა ციფრებით არ გამოიხატება. რესტორნებით იწყებენ, შემდეგ კი თითო ჭიქა ხარისხიან ღვინოს შინ, სადილზეც გეახლებიან. მომდევნო ნაბიჯი, რომლის გადადგმა ყველას არ ძალუძს, საკუთარი კოლექციის შეგროვებაა. ამ წამოწყების ყველაზე დიდი თავისტკივილი - მისი შენახვაა.<?xml:namespace prefix = o />

პრობლემის მოგვარება სამი გზით შეიძლება: ღვინო საკუთარ, სხვის სარდაფში ან სპეციალურ კარადაში შეინახოთ. სარდაფი - კლასიკური მეთოდია, საუკუნეებით გამოცდილი, ყველაზე საიმედო და აპრობირებული. თუმცა, ქალაქში, განსაკუთრებით კი მრავალსართულიან კორპუსებში, ეს საკითხი უამრავ სირთულეს უკავშირდება, ქალაქგარეთ კოტეჯში ცხოვრება კი ბევრს არ მოსწონს.

რაც შეეხება სხვის სარდაფს, ის შეიძლება ეკუთვნოდეს რესტორანს, რომელიც საყვარელი კლიენტის ბოთლებს მცირეოდენი თანხის სანაცვლოდ დაიტოვებს. თუმცა, არსებობს ერთი მინუსი - ბოთლების შეზღუდული რაოდენობა (200 ან მეტი ბოთლისგან შემდგარი კოლექციის შენახვაზე არავინ დაგთანხმდებათ). დისკომფორტს ქმნის ისიც, რომ ვახშმისთვის ღვინის მოსატანად სპეციალურად მოგიწევთ წასვლა. აქედან გამომდინარე, თუ ქალაქში ცხოვრობთ და ღვინის მოყვარული ბრძანდებით, საუკეთესო გამოსავალი სპეციალური კარადაა, რომელიც სასმელის სწორად შენახვისა და დაძველების საშუალებას მოგცემთ.

არჩევანის პრობლემა

ამერიკასა და ევროპაში ღვინის კარადების ნამდვილი ბუმია. კატალოგ Wine Enthusiast-ს ერთ-ერთი გამომცემლის, ედამ სტრუმის თქმით, "მათზე ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც მიკროტალღოვან ღუმელზე 90-იან წლებში". მოთხოვნილება მართლაც დიდია, თუმცა, საჭირო ეგზემპლარის შერჩევა არცთუ იოლია. მსოფლიოს წამყვან მწარმოებელთა პროდუქცია მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ ამ განსხვავებებზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული გახდება ღვინის მოყვარულის ცხოვრება. უმჯობესია, თუ კარადის ყიდვამდე ზუსტად განსაზღვრავთ, რა გჭირდებათ. ამაში შემდეგი საკითხების განხილვა დაგეხმარებათ:

1. სავარაუდო ღირებულება. ფასები 1000 დოლარიდან იწყება. თუმცა, იაფფასიან კარადებს არ გირჩევთ, რადგან ისინი, ფაქტობრივად, გაუმჯობესებული მაცივრებია და მათზე ბევრად უკეთეს პირობებს არ გთავაზობთ.

2. ღვინის კარადის ტევადობა. ყველაზე პატარები 20 ბოთლზეა გათვლილი, დიდები - 1000-მდე, ან უფრო მეტსაც იტევს. თქვენთვის საჭირო ტევადობა რომ განსაზღვროთ, უნდა იცოდეთ:

1) რამდენად ხშირად ყიდულობთ ღვინოს და რა სიხშირით სვამთ. თუ პირველი და მეორე ციფრები დაახლოებით თანაბარია, მაშინ შედარებით მარტივი აგრეგატიც გამოგადგებათ;  თუ მეორე ციფრი გაცილებით ნაკლებია, მაშინ სრულფასოვანი კარადა გჭირდებათ, რომელიც ღვინოს სწორად შენახვისა და დაძველების საშუალებას მისცემს.

2) რამდენად სწრაფად იზრდება თქვენი კოლექცია. თუ მას ყოველთვიურად 15-20 ბოთლზე მეტს ამატებთ, ღირს ფიქრი მოდულებიან კარადაზე, რომელიც შეგიძლიათ შემდგომში საჭირო მოცულობამდე "გაზარდოთ."

3. გაფორმება.  სად უნდა მოთავსდეს კარადა? თუ სასადილოში ან სამზარეულოში, მაშინ უპირატესობა ხით მოპირკეთებულ და კლასიკურ დიზაინს მიანიჭეთ, ავტოფარეხისა და სარდაფის შემთხვევაში -  უჟანგავ ფოლადს. თუმცა, თუ თანამედროვე სამზარეულო გაქვთ ჰაი-ტეკის სტილში, უჟანგავი ფოლადის კარადა ამ სივრცეს მშვენივრად მოერგება.

ახალგაზრდა ტექნიკოსთა წრე

ყველაზე ჩამთრევი - მომავალი კარადის ტექნიკური შიგთავსისა და ოფციების შერჩევაა. მონოტემპერატურული თუ მულტიზონური? კომპრესორით თუ უკომპრესორო გამაციებელი ელემენტით? ხის თუ პლასტიფიკატის თაროებით? ჩნდება შეკითხვა: ნუთუ ასე მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი? მნიშვნელოვანია, მაგრამ... ყველაზე კომპეტენტურ მენეჯერთან ურთიერთობის დროსაც კი არ უნდა დაივიწყოთ ფიზიკისა და ქიმიის სასკოლო კურსის საფუძვლები.

ქიმია - უშუალოდ ღვინის შენახვისა და დაძველების პროცესია და ყველაფერი, რაც მასზე ზემოქმედებს. უფრო მარტივად, სასმელი რომ მომწიფდეს და სასარგებლო თვისებებიც არ დაკარგოს, შენახვის პროცესში ხუთი პირობა უნდა დააკმაყოფილოთ: შეინარჩუნოთ მუდმივი ტენიანობა - 60-80 %-ის ფარგლებში (უფრო დაბალ მაჩვენებელზე საცობი შრება, ჰაერს ატარებს და ღვინო მჟავდება), მუდმივი ტემპერატურა - 10-14°C, სიბნელე (სინამდვილეში ღვინისთვის დამღუპველია ულტრაიისფერი სხივები, რომლებიც მის ამჟავებას იწვევს), კარგი ვენტილაცია და გამორიცხოთ ყოველგვარი ვიბრაცია (ვიბრაცია ხელს უწყობს ნალექის დროზე ადრე გაჩენას, რაც არცთუ კარგად აისახება სასმელის გემოზე). ღვინის კარადას სინათლისგან დახშული ან სპეციალური მინისგან დამზადებული კარი იცავს. არასასურველი სუნისგან დაცვას, ვენტილაციის გარდა, ნახშირის ფილტრიც უზრუნველყოფს (მაგალითად, Libherr-თან). EuroCave ამ პრობლემას გასუფთავებული ჰაერის ნელი ცირკულაციის სისტემით ებრძვის, რომელიც ზედა ნახშირის ფილტრსა და ქვედა სავენტილაციო ხვრელს შორის წნევის ცვალებადობით წარმოიქმნება. ის, რომ კარადაში ბოთლი ჰორიზონტალურად ან ოდნავ დახრილი უნდა იდოს, თქვენ უკვე იცით. აქ მთავრდება ქიმია და იწყება ფიზიკა.

ახლა კი, ცოტა ხანს ფიზიკა-ქიმიას თავი დავანებოთ და ამ თემასთან დაკავშირებულ ინგლისურ ტერმინებში გავერკვიოთ. მით უფრო, რომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად მათი ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია.

ის, რასაც ჩვენ ღვინის კარადას ვეძახით, ინგლისურად wine cabinet  ან  wine cooler-ია. ქულერი - მოდიფიცირებული სერიული მაცივარია, რომელიც მხოლოდ ღვინის შესანახად გამოდგება და არა მის სწორად დასაძველებლად. კაბინეტი კი სრულფასოვანი ღვინის კარადაა. მას შეუძლია არა მხოლოდ გააციოს, გაათბოს კიდეც აგრეგატის შიგთავსი (იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 12°C-ზე ქვემოთ დაეცემა), რაც შესაძლებელს ხდის მის დადგმას შენობაში, რომელიც სრულად არ თბება.

ყველაზე მეტად მაცივარს ჩვეულებრივი კარადები უახლოვდება, რომელთა კომპრესორი შესაბამის ტემპერატურაზეა დარეგულირებული და დამატებულია ზოგიერთი გაუმჯობესებული კონსტრუქცია, რაც ვიბრაციას და ტენის აორთქლებას ამცირებს. სარეკლამო ბუკლეტებში ვერასოდეს წაიკითხავთ, მაგრამ ყიდვისას თითქმის ყველა მწარმოებელი გირჩევთ, კარადის ქვედა თაროზე ლამბაქით წყალი დადგათ. ამ შემთხვევაში ტენიანობის დონე იდეალური იქნება.

გაცილებით "წინწასულად" ითვლება მონოტემპერატურული კარადები ე.წ. "მტირალა" კედლით: ამაორთქლებელი მოწყობილობა ჩამონტაჟებულია უკანა კედელში, რომელზეც კონდენსატი ჩამოედინება, სპეციალურ ჭურჭელში გროვდება და კომპრესორის სითბოს ხარჯზე ისევ კამერაში ორთქლდება. მოდელები "მტირალა" კედლით შეიძლება არც იყოს მონოტემპერატურული, ისინი ჩვეულებრივ კარადებზე ჩუმად მუშაობს, მაგრამ კლიმატის სტაბილიზაციის თვალსაზრისით ნაკლებსაიმედოა.

"უკუაორთქლება"- მაღალი კლასის კარადაზე მიანიშნებს. ასეთი მოდელები აქვს EuroCave-ს და  Transtherm-ს. შიდა კედლებისთვის ისინი გოფრირებულ ალუმინს იყენებენ, რომელიც ყველაზე უკეთ აგროვებს კონდენსატს. სხვათა შორის, EuroCave-ს კარადაში კონდენსატი ყველა კედელზე გროვდება, რაც გაცილებით თანაბარ ტენიანობას განაპირობებს.

      ზოგიერთი კომპრესორიანი კარადა აღჭურვილია ჩაშენებული სისტემით, რომელიც კონდენსატს ხელახლა აორთქლებს, ინარჩუნებს რა ტენიანობის დონეს, და ვენტილატორით, რაც აუცილებლობის შემთხვევაში ტემპერატურის სწრაფი აღდგენის საშუალებას იძლევა. ყველა კომპრესორიანი კარადის კონსტრუქცია ითვალისწინებს თავისებურ "დამოუკიდებელ საკიდს" - თაროებისა და თავად კომპრესორისთვის, რომელიც ბოთლებს ვიბრაციისგან იცავს.

შედარებით ძვირი ღირს მოდელები, რომლებიც საერთოდ არ წარმოქმნის ვიბრაციას. ამ ეტაპზე უფრო გავრცელებულია უკომპრესორო ბლოკი, რომელიც ფრეონზე მუშაობს და კონვექციის პრინციპს ეფუძნება. თუმცა, პატარა ნაკლიც აქვს - ასეთი კარადები ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ცალკე თემაა ღვინის კარადები, რომელთა გამაციებელი ელემენტები პელტიეს ეფექტს ეფუძნება. ჯერჯერობით ბევრ ქვეყანაში ისინი მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, თუმცა, ერთი წლის შემდეგ კანადური კომპანიის Vintage Keeper-ის კარადები მთლიანად ამ სისტემით იქნება აღჭურვილი და მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება იდეის პერსპექტივაზე ლაპარაკი. ტექნიკის ეს სასწაული 3000 დოლარი და მეტიც ღირს და შემდეგი ღირსებებით ხასიათდება: ვიბრაციის სრული არარსებობა, ტემპერატურის ძალიან ზუსტად რეგულირების შესაძლებლობა, თავად გამაციებელი ელემენტის მცირე ზომა და წონა, თერმოელექტრონული მოდულის მაღალი უსაფრთხოება.

     ტემპერატურის გადანაწილების თვალსაზრისით, კარადები მონოტემპერატურულ და მულტიზონურად იყოფა. მონოტემპერატურული კარადები მთელს კამერაში სტაბილურ ტემპერატურას, 10-14°C-ს ინარჩუნებს და ჩვეულებრივ, ღვინის შესანახად გამოიყენება. საოჯახო პირობებში უფრო მოხერხებულია კარადები ყრუ კარით (ხის ან ლითონის) - მათში სრული სიბნელეა.

მრავალტემპერატურულ კარადებში სხვადასხვა ტემპერატურის მქონე რამდენიმე განყოფილებაა. მაგალითად, იტალიური კომპანიის, Enofrigo-ს კარადას, Super California-ს ორი განყოფილება აქვს: პირველში - შენახვის სტანდარტული ტემპერატურაა, მეორეში - 14-20°C. სამკამერიან კარადებში შუა კამერა ყველაზე დიდია. იგი ღვინის შესანახადაა განკუთვნილი და 12-14°C ტემპერატურას ინარჩუნებს. დანარჩენი ორი კამერა საჭიროა იმისთვის, რომ ღვინო სუფრაზე მისატანად მომზადდეს: ზედა - ღვინის ტემპერატურას ოთახის ტემპერატურამდე ზრდის, ქვედა - თეთრ ღვინოებს და შამპანურს აციებს. თუ შუა კამერა 30 ბოთლს იტევს,  დანარჩენი ორის ტევადობა 10-12 ბოთლი იქნება. კარგ სამკამერიან კარადებს სამი კომპრესორი ან გამაციებელი ელემენტი უნდა ჰქონდეს - ცალკ-ცალკე თითოეული განყოფილებისთვის. თუმცა, ეს აუცილებელი არ არის.

     მულტიზონური კარადები - სპეციალური სათამაშოა რესტორნებისა და ღვინომანებისთვის. განკუთვნილია ღვინის იმ ტემპერატურაზე შესანახად, რაც მკაცრად შეესაბამება მის ტიპსა და სუფრაზე მიტანის წესებს. ჩვეულებრივ, ერთი კამერაა, რომელშიც ტემპერატურა ქვემოდან ზემოთ იცვლება - ყველაზე დაბალიდან (6-7°C - შამპანურისა და ცქრიალა ღვინოებისთვის) ოთახის ტემპერატურამდე (18-20°C - წითელი ღვინოებისა და პორტვეინებისთვის). სტანდარტული ტემპერატურული ნაბიჯი 2-3 გრადუსია: 16-18°C - წითელი ღვინოების, 13-16°C - ახალგაზრდა წითელის, 10-12°C - ვარდისფერი და თეთრის, 8-10°C - ახალგაზრდა თეთრის, 7-9 °C - ცქრიალა ღვინოების, 5-7°C - კი შამპანურისათვის. მულტიზონური კარადები ბოლო დროს ძალზე მოდური გახდა და დღესდღეობით მათ თითქმის ყველა ცნობილი მარკა აწარმოებს. ასეთი მოდელები აქვს: EvroCave-ს, Transtherm-ს, IP-ს, Vinotheque-ს, Liebherr-ს და სხვ.

ო, ფულებო ფულებო...

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, კარადის ღირებულება ნაკლებადაა დამოკიდებული მის ტექნიკურ მაჩვენებლებზე.  ფასს უმეტესწილად ბრენდის პოპულარობა და კარადის მოპირკეთება განსაზღვრავს. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი: თუ კარადა უკვე აწყობილ მდგომარეობაში ჩამოვა თქვენამდე, მეტის გადახდა მოგიწევთ (EvroCave-სა და Transtherm-ის შემთხვევაში).

სხვადასხვაგვარია ბრენდების სპეციალიზაციაც. ზოგადად, ყველა მწარმოებელი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: უშუალოდ ღვინის კარადა-მაცივრების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებად, რომლებიც ღვინის კარადებსაც უშვებენ. მხოლოდ ღვინის კარადებზე სპეციალიზდება, მაგალითად, ფრანგული EvroCave და Transtherm, კანადური Vintage Keeper და ამერიკული Vinotheque და  Le Cache. სხვებისგან, ვინც საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად კარგ ღვინის კარადებსაც აწარმოებს, დავასახელებდით გერმანულ Gaggenau-სა და  Liebherr-ს, იტალიურ  Scaiola-ს, Enforigo-ს და IP-ს.

ამ უკანასკნელთა პროდუქცია შედარებით იაფია (1500 $-მდე), რადგან ნაკლებ ყურადღებას უთმობენ გარეგნულ "ეფექტებს". მაგალითად, არასოდეს აკეთებენ კარადებს მასიური ხისგან. უნდა ითქვას, რომ ზოგადად, ყველა ღვინის კარადა ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, განსხვავება მხოლოდ დამატებით "სატყუარებშია".

 ის, რისი ყიდვაც საერთოდ არ ღირს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელთა მიერ გამოშვებული ე.წ. "შეთავსებული" აგრეგატებია. მათში საშიში არაფერია, მაგრამ პროფესიონალური ტექნიკის პრინციპი - "კომპლექტის ყველა შემადგენელი ცალ-ცალკე", აქ მთლიანად იგნორირებულია. ასე რომ, მაცივარი, რომლის ერთ ნახევარსაც "ღვინის განყოფილება" ჰქვია, ფულის საუკეთესო დაბანდებად არ ჩაგეთვლებათ.

ერთადერთი დამატება, რის უფლებასაც თავს საკუთარი ღირსების პატივისმცემელი ღვინის კარადა მისცემს - ყველის განყოფილება და ჩაშენებული კამერა-"ჰიუმიდორია". სიგარებს არ სჭირდება ისეთი სიგრილე, როგორც ღვინოს, თუმცა, სტაბილური და განსაზღვრული ტენიანობა აუცილებელია. ასე რომ, მოქმედების პრინციპები ძირითადად მსგავსია.

სხვათა შორის, ჰიუმიდორი ის სატყუარაა, რომელმაც, შესაძლოა ღვინის კარადის ფასი 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდეც კი გაზარდოს. ჩვეულებრივ, ყველანაირი "ჩახუჭუჭება" დიზაინის სფეროს  განეკუთვნება, თუმცა, შესაძლოა ეს ყველაფერი ტექნიკური სახისაც იყოს. მაგალითად, Liebherr-ის ზოგიერთ მოდელს გააჩნია ელექტრონული მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია ტემპერატურის დაყენება ნებისმიერ დონეზე - +5-დან +22°C-ის ჩათვლით; Vintage Keeper-ის ზოგიერთი კარადა კი ხმოვანი სიგნალით აუწყებს დაუშვებლად მაღალ ტემპერატურას. კომპანია Le Cache, რომელიც მთელს კარადაზე და არა მხოლოდ კომპრესორსა ან მის ცალკეულ ნაწილებზე იძლევა 5-წლიან გარანტიას, ამას მხოლოდ კლიენტების სიყვარულის გამო არ აკეთებს. EvroCave-ს კარადებში კი იდგმება სპეციალური კასეტა წყალდასხმული დაქუცმაცებული ქვებით, რომელიც ტენიანობის აუცილებელ დონეს ინარჩუნებს.

ბოთლი ბოთლში

ღვინის მოყვარულთათვის ყველაზე გაუგებარი ის გარდასახვებია, რაც სპეცშეკვეთით დამზადებულ კარადებს "ემართება". მაღალი კლასის რესტორნები, რომელთაც ვერ მოასწრეს საკუთარი სარდაფის გაკეთება, ძირითადად კარგი ღვინის კარადით კმაყოფილდებიან (თუ არ ჩავთვლით დამატებით მინისკარიანს - სასმელის მისართმევად). მაგრამ ზოგჯერ რესტორატორებისა და მათი დიზაინერების ფანტაზია ფრთებს შლის და ქვეყნიერებას ევლინება კარადები, რომლებიც ცისარტყელას ყველა ფერშია შეღებილი, სტილიზებულია ჩვეულებრივი მაცივრის ვიტრინის მსგავსად და ბოთლის ფორმისაც კი.

ღვინის კარადებზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტზე, ვრცელდება ზოგადი წესი: ყველა არაფუნქციური დამატება ფასის საგრძნობ ზრდას იწვევს. ამიტომ მუხით ან ალუბლით მოპირკეთება, სპეციალური ხის თაროები, თერმოსტატები, რომლებიც აკონტროლებს არა ჰაერის, არამედ ღვინის ტემპერატურას, დამატებით, თანაც სერიოზულ თანხად დაგიჯდებათ.

მეორეს მხრივ, ფუნქციონალურობას ყველა თავისებურად განსაზღვრავს. მაგალითად, რომელიმე პურიტან ეკონომისტს შეიძლება ხის სპეციალური თაროებიც ზედმეტად მოეჩვენოს, მაგნუმების კოლექციონერს კი ისინი აუცილებლად დასჭირდება.

ერთი სიტყვით, ღვინის კარადების მწარმოებლებს მათი კლიენტების ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება ძალუძთ. EvroCave-მა, სპეციალიზებული ღვინის კარადების პირველმა მწარმოებელმა, უკვე გაიწაფა ხელი ყველა შესაძლო ვარიაციაზე. კლიენტებს შეუძლიათ აირჩიონ სადგამების კონსტრუქცია სხვადასხვა ფორმის ბოთლებისთვის, მოპირკეთება ჩვეულებრივი და ხელოვნურად "დაძველებული" ხით, ტყავით და ა.შ.

კომპანია Vinotheque კლიენტებს მხოლოდ კარადის გაფორმების ათამდე ვარიანტს სთავაზობს, რომ არაფერი ვთქვათ მოსაპირკეთებელი ხის სახეობებზე, თაროების ვარიანტებზე და სხვა.

რუსულ კომპანია "ელ ბოდეგონს" კი შეუძლია დაამზადოს ღვინის კარადები კლიენტის ესკიზით. რასაკვირველია, ამისათვის დამატებით თანხას გადაგახდევინებენ, სამაგიეროდ, მიიღებთ ზუსტად იმას, რაც გინდათ, ან გინდოდათ, რომ მიგეღოთ.

მიმწოდებლები მიიჩნევენ, რომ ღვინის კარადის დიზაინს მისი დანიშნულება განაპირობებს. ღვინო - ცოცხალი პროდუქტია, ამიტომ მის "სიცოცხლეს" ლითონზე მეტად ხის კარადა გაახანგრძლივებს. საკითხი საკამათოა, თუმცა, ჯერჯერობით კონსენსუსამდე არავინ მისულა. ვეჭვობთ, ვერც მივლენ.

შეინახეთ... გრილ ადგილას

მცირე რეზიუმე: აშკარაა, რომ ღვინის კარადა მოდური, მოხერხებული და საჭირო ნივთია, თუმცა, ეს სიამოვნება მის მფლობელს საკმაოდ ძვირი უჯდება. რაც შეეხება ფასებს, პრაქტიკულმა ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ სპეციალური ცნება შემოიღეს - ღირებულების განსაზღვრა ბოთლების რაოდენობით: რა ჯდება ერთი ბოთლის შენახვა კონკრეტული მოდელის ღვინის კარადაში. ეს პარამეტრი ყველაზე აქტუალური არ არის, მაგრამ ყიდვის დროს მისი გათვალისწინება ცუდი არ იქნება.

ერთი სიტყვით, შეინახეთ ფული შემნახველ სალაროში, ღვინო - ღვინის კარადაში! უფრო სწორად - ფული სადაც გინდათ, იქ შეინახეთ, ღვინო კი - მაინც კარადაში.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული