ლევან სეფისკვერაძე
მას შემდეგ, რაც სამეგრელო-გურიაში „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით, „ღვინის კლუბის“ მიერ განხორციელებული პროექტი „ღვინის სოფელი“ დაიწყო პროექტის სამუშაო ჯგუფმა ბევრი ახალგაზრდა მეღვინე აღმოაჩინა. ეს ადამიანები არიან მათ კუთხეებში მეღვინეობის ნამდვილი პიონერები, რომლებიც ბევრი პრობლემის მიუხედავად მაინც შეეჭიდნენ მევენახეობა-მეღვინეობის რთულ საქმეს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ძველი კოლხური ვაზის ჯიშებით სხვა ადამიანებიც დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, პროექტის პარტნიორია სასტუმრო „მარტვილი პალასი“ - სამეგრელოში და „მენაბდის მარანი“ - გურიაში, ასევე ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.
ერთ-ერთი ასეთი მევენახე-მეღვინეა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში მცხოვრები ნიკა ფარცვანია, რომელმაც ვაზის გაშენება 11 წლის წინ დაიწყო. ნიკას ვენახში ვაზის ოთხი ჯიში აქვს გაშენებული და მათგან სამი, უნიკალური მეგრული ჯიშია. ეს ჯიშები არცთუ დიდი ხნის წინ, გადაშენება-გაქრობის პირას იყო მისული. ნიკა ფარცვანია საქმეს ძირითადად მარტო უძღვება, თუმცა ვაზის მოვლასა და ღვინის ქვევრში დაყენების გრძელ პროცესში ხშირად მთელი ოჯახი ეხმარება.
ნიკა ფარცვანია, მევენახე-მეღვინე, „თარგამეულის მარანი“: „მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი სოფლისთვის ძირძველი ტრადიცია იყო. 2012 წელს რამდენიმე ადამიანთან ერთად გადავწყვიტე თარგამეულში ვენახი გამეშენებინა. პირველყოვლისა გვინდოდა ჩვენს მხარეში ოჯალეში დაგვებრუნებინა. დღეს ხედავთ სამეგრელოში მეღვინეობა წინ რომ მიდის და მეამაყება, რომ ერთ-ერთი ვარ, ვინც ეს საქმე ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო. თავიდანვე არჩეული მქონდა ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება და ამ გზას დღემდე არ ვღალატობ. ვენახს მხოლოდ ბუნებრივი წესებით ვუვლი და ღვინოშიც არ ვიყენებ რაიმე სახის დანამატებს.
გაშენებული მაქვს ვაზის ოთხი ჯიში: ოჯალეში, მაჭყვადინა, ჭვიტილური და ცოლიკოური. ამას გარდა მაქვს ვაზის სანერგე მეურნეობა, ვამრავლებ კოლხური ვაზის ჯიშებს და ამ გზით ვეხმარები სხვა ადამიანებს სამეგრელოში დაუბრუნდნენ მეღვინეობის ტრადიციას. ჩვენთან ნამდვილი მევენახეობა-მეღვინეობა ბოლო ათწლეულებში სხვადასხვა მიზეზით დავიწყების გზაზე იყო დამდგარი.
- ღვინოს რაში აყენებთ?
- ღვინის დასაყენებლად ძირითადად ვიყენებ ქვევრებს. ასევე მაქვს უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი, თუმცა სწორება ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდზე მაქვს და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მეთოდია, რამაც ქართულ ღვინოს სახელი მთელს მსოფლიოში გაუთქვა. ჯერჯერობით დიდი წარმოება არ მაქვს. წელიწადში მაქსიმუმ 2 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოვასხა, მაგრამ რაკი მცირე საოჯახო მარნებში გავდივართ, დასაწყისისთვის ესეც კარგი მგონია.
- საკუთრივ მეღვინეობის გარდა, ღვინის ტურიზმითაც ხართ დაინტერესებული?
- რა თქმა უნდა! დღეს სამეგრელოსთვის აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებს დღესდღეობით სამწუხაროდ ჩამოვრჩებით ღვინის წარმოებით, რაც ამ ეტაპზე სწორედ ტურიზმით შეიძლება გამოსწორდეს. ყველას აინტერესებს კოლხური ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს როგორ შეეხამება ადგილობრივი კერძები. ჩემს სახლში ერთად შემიძლია 20 კაცამდე სტუმრების ჯგუფს გავუმასპინძლდე როგორც ღვინით, ასევე ცნობილი მეგრული კერძებით.
- საოჯახო სასტუმროს მოწყობასაც ხომ არ აპირებთ?
- ამჟამად არ მაქვს სტუმრების ღამით დატოვების საშუალება, თუმცა სამომავლოდ მაქვს სურვილი განვავითარო საქმიანობა და მცირე სასტუმროც გავაკეთო, სადაც ღვინის დასაჭაშნიკებლად მოსულ სტუმარს ღამის გათევის საშუალებაც ექნება.
- საკმაოდ კარგი და მოვლილი ეზო და კარმიდამო გაქვთ. მეღვინეობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?
- ვცდილობ მონაწილეობა მივიღო ძველი მეგრული მარცვლეული კულტურის - ღომის დაბრუნებაში. როგორც იცით, ჩვენთან სანამ სიმინდი შემოვიდოდა, კერძ ღომს მისივე სახელწოდების მარცვლეულით, ე.წ. ღომის ღომით ამზადებდნენ. ეს კულტურა საქართველოში სამეგრელოს გარეთაც კი იყო გავრცელებული. შემდეგ მოხდა ისე, რომ ღომის ღომი ბევრმა დაივიწყა, რაც მე დიდ უსამართლობად მიმაჩნია. ამიტომაც, მეღვინეობის გარდა, ამ კულტურის ახლობლებში გავრცელებითაც ვარ დაკავებული. ვცდილობ ყველას მივცე ღომის ღომის თესლი და ასევე მაქვს სურვილი ამ კულტურაზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგები ჩავატარო. ღომით დაინტერესდნენ რესტორნებიც და იმედი მაქვს, რომ სამეგრელოში ღომის ღომი პოპულარული გახდება.
- ყველაფერში იგრძნობა, რომ სამეგრელოს ღვინის სამომავლო პოტენციალს მეგრული მეღვინეობის მომავალს დიდი იმედით უყურებთ...
- ჩემი თვალსაზრისით მეგრულ მეღვინეობას მართლაც რომ დიდი მომავალი აქვს და ჩვენ ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიტყვით სათქმელს. საამისოდ ბევრი რამაა გასაკეთებელი. პირველყოვლისა ადამიანებს უნდა აუმაღლდეთ ცნობიერება და ბევრმა ირწმუნოს, რომ სამეგრელოში მეღვინეობის დაწყებას მართლაც აქვს აზრი. ამ საქმეში „ღვინის“ კლუბი“ და პროექტი „ღვინის სოფელი“ გვეხმარება. დამწყები მევენახე-მეღვინეებისთვის „ღვინის სოფლის“ ტრენერების მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო ლექცია-სამინარებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი