Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ღვინო – ცალრქა ცხენი”

ამ ბოლო დროს ინგლისურენოვან სოცქსელებში ღვინის დასახასიათებლად ხშირად შეხვდებით ტერმინ "unicorn wine", რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ,,ღვინო - ცალრქა ცხენი". ამ ტერმინს იყენებენ ნეგოციანტები, სომელიეები, ღვინის კოლექციონერები და სხვ. და მაინც, საინტერესოა, რას გულისხმობს ეს ეპითეტი? თავდაპირველად გავარკვიოთ, რა არის ცალრქა ცხენი. ეს არის მითიური არსება, რომელიც ზოგიერთი ხალხის კულტურაში სიბრძნის, სიწმინდის, გონიერების, სიფრთხილის, შეუპოვრობისა და სიმკაცრის სიმბოლოც კი იყო. ითვლებოდა, რომ მისი მოთვინიერება მხოლოდ გრძნეულებს შეეძლოთ, ხოლო დამორჩილება კი – მხოლოდ ქალწულებს. ამ მითიური არსების რქას სამკურნალო თვისებები გააჩნდა, სწორედ ამიტომ იყო ძალიან ძვირფასი.

ახლა კი დავუბრუნდეთ ღვინოს. ის, რაც ზემოთ მოვყევით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ღვინო - ცალრქა ცხენი” რაიმე განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით, სიბრძნით ან სიწმინდით არის შემკული... ან სულაც იმას, რომ ეს ღვინო, მაინცდამაინც, ქალწულებისთვის არის განკუთვნილი... და, ცხადია, არც იმას ნიშნავს, რომ ღვინო ცალრქა ცხენისაგან არის დამზადებული.

მთავარი მახასიათებელი, რაც ამ ღვინოებს და ამ მითიურ ცხოველს აერთიანებს, არის მათი სიმცირე, იშვიათობა. რადგანაც პროფესიონალები საკმაოდ ხშირად იყენებენ ამ ტერმინს, ამ სიტყვათშეთანხმების განმარტების ძალიან ბევრი ვერსია წარმოიშვა. ჩვენ კი გთავაზობთ ამ საუცხოო ღვინის კრიტერიუმებს:

-      2000 ყუთზე ნაკლები წარმოება.

-      ღვინის გახსნისას თავს არაკომფორტულად გრძნობთ, რადგან ხვდებით, რომ ეს შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს.

-      ღვინო განსაკუთრებული თვისებითა და მახასიათებლებით გამოირჩევა.

-      ასეთი ღვინის ფასი განუსაზღვრელია.

-      მეღვინე გარდაიცვალა ან ამ სფეროში აღარ მუშაობს.

-      ღვინო, რომელსაც ვერ ნახავ საიტზე Wine Searcher.

ჯენიფერ ფიდლერი საკუთარ ბლოგზე წერს: “ღვინო - ცალრქა ცხენი” შეიძლება ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ბურგუნდიელი მწარმოებლის Henri Jayer-ის ვინტაჟების შესაფასებლად თამამად შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღვინო 2000 ბოთლზე მეტი იწარმოებოდა. მაგრამ 2006 წლის შემდეგ, რაც Henri Jayer გარდაიცვალა, მისი ღვინოები უკვე “ცალრქა ცხენის” კატეგორიაში გადავიდა.

დღეისათვის ტერმინი “unicorn wines” ასე აიხსნება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კრიტერიუმები შეიცვალოს ან გაიზარდოს. მაგრამ იცოდეთ, თუ სადმე წააწყდებით ღვინის ბოთლს წარწერით “unicorn”, ან მაგალითად, Unicorn Winery, გახსოვდეთ, რომ ეს უბრალო დასახელებაა და არა იშვიათი “ღვინო - ცალრქა ცხენი”, რომლის შესახებაც ჩვენ გიამბობდით.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული