დენვერის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელ ღვინოს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება ჰქონია – ის დადებითად მოქმედებს თირკმელებზე. მათთვის, ვინც დღის განმავლობაში ერთ ბოკალ წითელ ღვინოს მიირთმევს, თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი 37%-ით უფრო მცირეა, ვიდრე მათთვის, ვინც წვეთსაც არ სვამს. მაგრამ თუ ვინმეს უკვე აწუხებს ასეთი დაავადება, მაშინ გულს უნდა გაუფრთხილდეს და ზედმიწევნით ზომიერად მიირთვას წითელი ღვინო. ადამიანებს, რომლებიც ზომიერად სვამენ წითელ ღვინოს, 29%-ით უმცირდებათ შანსი, გულთან დაკავშირებული პრობლემები რომ შეექმნათ, ვიდრე მათ, ვინც სრულიად არ ეკარება სასმელს. გამოკვლევისას, რომელსაც ექიმი ტაპან მეტა ხელმძღვანელობდა, მეცნიერებმა ამერიკელთა კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ 2003-2006 წლის მონაცემები შეისწავლეს. გამოკვლევაში დაახლეობით 6 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 1031-ს თირკმლის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ექიმი მეტა აღნიშნავს, რომ თირკმლის პათოლოგიით დაავადებულ ადამიანებს შარდში ცილის შემცველობა მომატებული აქვთ, წითელი ღვინო კი ამ ცვლილებას არეგულირებს. მკვლევარის აზრით, წითელი ღვინო ბევრად უფრო დადებითად მოქმედებს თირკმელზე, ვიდრე - თეთრი. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თირკმლის წითელი ღვინით “მკურნალობის” მთელი საიდუმლო სასმლის ზომიერად მიღებაშია. ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ორგანიზმს! გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს სასმლის კვებით ღირებულებას - ცხადია, ის თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთა დიეტას უნდა შეესაბამებოდეს.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი