Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიო ღვინდუსტრია

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს განათლებას ღვინის სფეროში: მოყვარულიდან - პროფესიონალამდე. "შევძლებ ამის სწავლას?" - ხშირად კითხულობენ ღვინის სკოლაში პირველი დარეკვისას. მათი ყოყმანი გასაგებია: ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეტიკეტის მიხედვით შეიქმნას წარმოდგენა ღვინოზე ან ბრმა დეგუსტაციით დაადგინოს რეგიონი, ჯიში და ზოგჯერ, ვინტაჟიც, ბევრისთვის საკრალური ცოდნის მატარებელია. "რთული და იდუმალი სფერო" - ასე დაახასიათა მეცნიერება ღვინის შესახებ ცნობილმა კრიტიკოსმა ჰიუ ჯონსონმა, თუმცა 12 წლის წინ ბურგუნდიის უნივერსიტეტის პროფესორმა, დომინიკ ვალანტენმა დაამტკიცა, რომ ღვინის ამოცნობა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. ბრმა დეგუსტაციის შედეგების შედარებისას, რომელშიც ექსპერტებთან ერთად ახალბედებიც მონაწილეობდნენ, აღმოაჩინა, რომ ორივე ჯგუფი ღვინოს ერთნაირად აფასებს, უბრალოდ, სპეციალური მომზადება შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალებს უკეთ გადმოსცენ თავიანთი განცდები.

საერთოდ, ღვინო კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვინც მას დიდი ხანია იცნობს. მსოფლიოში ცნობილ კონსულტანტს, მიშელ როლანს ძალიან გაუმართლა, როდესაც ბორდოს ინსტიტუტში არანაკლებ ცნობილი მეღვინის, პროფესორ ემილ პეინოს კლასში მოხვდა. თუმცა მის პროფესიულ ჩამოყალიბებაზე არანაკლები გავლენა ჰქონდა იმასაც, რომ როლანის ოჯახს პომროლში შესანიშნავი მამული - Château Le Bon Pasteuჰქონდა, სადაც მან ბავშვობის წლები გაატარა.

როლანისგან განსხვავებით, თვითგანათლებას უმადლის წარმატებას მიშელ შაპუტიე. 25 წლის იყო მიშელი, როდესაც საკუთარი ბაბუისგან განადგურების პირას მყოფი საწარმო შეისყიდა. მაშინ ამ სფეროში დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რონის დაბლობში ერთ-ერთი ცნობილი მეღვინე გამხდარიყო.

წინაპართა ვენახები კარგია, მაგრამ სულაც არ არის გადამწყვეტი წარმატებული მეღვინეობისთვის, მით უფრო, რომ დღეს უამრავი სკოლა და ინსტიტუტია, სადაც ხარისხიანი განათლების მიღება შეიძლება. საუკეთესოებს საკუთარი ვენახები და საწარმოები აქვთ და სტუდენტებს თეორიასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც აძლევენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. დღესდღეობით მსოფლიოში ათასობით მეურნეობა და ათეულათასობით ღვინოა, რომელთა უმეტესობა ყურადღებას იმსახურებს. ვალანტენის ექსპერიმენტმა კი დაამტკიცა, რომ მისი ამოცნობა ყველას შეუძლია. მაშ, რა არის მთავარი ღვინოსთან ურთიერთობაში? აი, რას ამბობს ღვინის სფეროში განათლების საზოგადოების (SWE)  წარმომადგენელი, ბენ კოფელტი: "ღვინისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულება ძალზე პირადულია. კომპიუტერს ღვინის ქიმიური პარამეტრების გაანალიზება შეუძლია, მაგრამ დეგუსტაცია მხოლოდ მშრალი ანალიზი არ არის. ეს ის შეგრძნებებია, რომელთაც ღვინო აღძრავს. ადამიანის ფაქტორი - აი, ღვინის ინდუსტრიის ამოსავალი. მთელი ღვინის კულტურა ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული."

რობერტ ჯოზეფი, ჟურნალ Meininger’s Wine Business International-ის რედაქტორი: "iPad-ები და სხვა მსგავსი მოწყობილობები რესტორნებსა და საცალო მაღაზიებში სულ უფრო პოპულარულია. დარწმუნებული ვარ, ელექტრონულ ხელსაწყოებს შეუძლიათ დაგვეხმარონ ღვინის ავთენტურობისა და ხარისხის კონტროლში, მაგრამ გაჯეტებს ადამიანების შეცვლა არ შეუძლია. ჭკვიანი კომპანიები ადამიანების გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაერთიანებას სწავლობენ".  

ხელოვნებისადმი სიყვარულით

ღვინის მიმართ ინტერესის ზრდათან ერთად სულ უფრო ბევრი ცდილობს გაიგოს, რა ხდება ბოკალში. "რასაკვირველია, მოყვარულს არაფერში სჭირდება იცნობდეს ბურგუნდიის ყველა აპელასიონს, მაგრამ თუ მას შეუძლია კვალიფიციურად ახსნას, რატომ მოსწონს კონკრეტული ღვინო და როგორაა ის დაყენებული, სასმელისგან კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს" - მიიჩნევს ბენ კოფელტი.

რატომ უნდა შევისწავლოთ მეღვინეობა, თუ ეს ჩვენს სამსახურს არ უკავშირდება? – არცთუ იშვიათად გაიგებთ სკეპტიკოსთაგან. "იგივე შეიძლება ითქვას მუსიკასა და ფერწერაზე, - ამბობს ანალიტიკური ჟურნალ Meininger’s Wine Business International-ის რედაქტორი, რობერტ ჯოზეფი. - მოყვარულები ეწერებიან სპეციალურ კურსებზე, რათა სასმელის საფუძვლიანი შეფასება ისწავლონ". ინგლისის არაერთ ქალაქში მოქმედებს ადგილობრივი სკოლები. ბოლო დროს ისინი მოყვარულთათვისაც იქმნება. მაგალთად, კომპანია Berry Bros & Rudd-მა ერთ-ერთი საუკეთესო სამოყვარულო სკოლა დააარსა.

ცნობილი ექსპერტიHჰიუ ჯონსონი ძალზე კმაყოფილია იმით, რომ ბოლო ათწლეულში ღვინის განათლება დამოუკიდებელ მსოფლიო ბიზნესად ჩამოყალიბდა. მას სათავეში უდგას ამ სფეროში ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია— Wine and Spirits Educational Trust (WSET).

WSET-ის მარკეტინგის დირექტორის, კრის კელის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა მათი სერთიფიკატის მფლობელთა რიცხვი. ინტერესი იმ ქვეყნებში იზრდება, სადაც ღვინის მოხმარება მატულობს. ყოველწლიურად ამ ორგანიზაციის კურსებს 35 ათასი ადამიანი ამთავრებს, რომელთა სამი მეოთხედი სამუშაოდ ღვინის ინდუსტრიაში რჩება.

პროფესიის გულში

"დღესდღეობით მომხმარებელს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ოდესმე. მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დისტრიბუტორებს, მეღვინეებს, იმპორტიორებს სულ უფრო მომზადებული თანამშრომელები სჭირდებათ"- ამბობს ბენ კოფელტი. ეს ფაქტი ათასობით სპეციალისტს ყოველწლიურ სერთიფიცირებას აიძულებს, რადგან რაც უფრო განვითარებულია ბაზარი, მეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლების დამადასტურებელ საბუთს.

პროგრამის შერჩევა მეტწილად ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, აშშ-ში ფოკუსი რესტორნებზე კეთდება, ამიტომ ძალზე მოთხოვნადია სომელიეების ოსტატთა საბჭოს კურსი. ინგლისში მეტი ყურადღება ქსელურ ვაჭრობას ექცევა, შესაბამისად, მეტი დატვირთვაა WSET-ის პროგრამაზე, რომელიც ღვინოთა შერჩევასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობაზეა ორიენტირებული.

სასწავლო პროგრამები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მაგალითად, იტალიაში სომელიეთა კურსებს ორგანიზებას სომელიეთა ასოციაცა უწევს. მათი სასწავლო კურსი განათლების სამინისტროს მიერ არის სერთიფიცირებული და მათი დამთავრების გარეშე ამ პროფესიაში მუშაობა შეუძლებელია. მსგავსი ვითარებაა საფრანგეთშიც, ოღონდ აქ სომელიეთა მომზადების პროცესში კოლეჯები და ლიცეუმები ლიდერობს. გერმანიაში მეღვინეობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს, თუმცა ამ სფეროში სერვისი არცთუ მაღალია. "სომელიეს პროფესია ოფიციალურად დაცული არ არის და ნებისმიერს შეუძლია ეს სახელი დაირქვას" - ამბობს გერმანიის სომელიეთა კავშირის წარმომადგენელი ჰაიკე ბროეკი. ამის მიუხედავად, გერმანიის ასოციაციაშიც მოქმედებს პროგრამები სომელიეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

"ამ პროფესიის შესასწავლად უამრავი კარგი სკოლა არსებობს, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება კარგი შეფ-სომელიეს თანაშემწედ მუშაობაა რესტორანში, რომელსაც საკმაოდ გრძელი ღვინის ბარათი აქვს"- მიიჩნევს Hotel du Vin-ის შეფ-სომელიე, МС- რონან სეიბიორნი.

დიდი მაგისტრები

იმის მიუხედავად, რომ საუნივერსიტეტო დიპლომებში მაგისტრის სახელწოდებები მსგავსია, ღვინის მაგისტრისა და ოსტატი სომელიეს წოდებები არსებითად განსხვავდება. ერთი კი ორივეს საერთო აქვს – მათ მისაღებად საჭიროა ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება, ძალიან მკაცრი შესარჩევი ტურის გავლა და ფინალური გამოცდის ჩაბარება. ღვინის მაგისტრთა ინსტიტუტის დირექტორი, სტივენ ტიორნერი, ჩაბარების მსურველებს აუცილებელ პირობად უყენებს ღვინის ინდუსტრიაში 5-წლიან გამოცდილებას, WSET-ის დიპლომს ან დოკუმენტს პროფილური უმაღლესი განათლების შესახებ, მისაღები გამოცდის ჩაბარებას და ქცევის კოდექსის მიღებას. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ წოდების მიღება 3-დან 5 წლამდე გრძელდება და ძალიან დიდ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა როგორც კურსდამთავრებულთა უმეტესობა მიიჩნევს, ჩიტი ბრდღვნად ღირს: მისი მფლობელის ავტორიტეტი მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მომენტალურად იზრდება და მატულობს კარგი საქმიანი წინადადების მიღების შანსიც.

სან-ფრანცისკოში მდებარე რესტორნის, Michael Main-ის სომელიე, მიტჩელ სოკოლინი ამ სამსახურში "ევროპის ისტორიის" დიპლომით მივიდა და პროფესიის ანა-ბანა დამოუკიდებლად, პრაქტიკის საშუალებით ისწავლა. თუმცა დღეს შტატებში სულ უფრო მეტი სომელიე იღებს სომელიეების ოსტატთა საბჭოს სერთიფიკატს. ეს პროგრამა 4 ეტაპისგან შედეგება. სწავლებას მხოლოდ ოსტატი სომელიეები უძღვებიან, რომლებიც მოსწავლეს მთელს თავის გამოცდილებას უზიარებენ. გამოცდა ნაწილობრივ ზეპირია, ნაწილობრივ – წერითი. ბოლო ეტაპი ბრმა დეგუსტაციით 6 ღვინის ამოცნობას ითვალისწინებს. ოსტატის წოდების მისაღებად მხოლოდ გამოცდების ჩაბარება არ კმარა. საჭიროა რომელიმე მოქმედი სომელიეს რეკომენდაცია. ეს წოდება, ისევე, როგორც ღვინის მაგისტრის, ძალიან პრესტიჟულია. მსოფლიოში სულ 297 МВდა 180 МС-ა.

აზიის მზარდი ბაზარი

რობერტ ჯოზეფი მიიჩნევს, რომ ღვინის განათლებაზე მოთხოვნა ბაზრის განვითარების უკუპროპორციულია: იქ, სადაც ღვინის კულტურას დიდი ხნის ისტორია აქვს, მის მიმართ დამოკიდებულება შედარებით მარტივია. იმის მიუხედავად, რომ ლონდონში მსოფლიოს არაერთი წამყვანი ღვინის საგანმათლებლო ინსტიტუტის შტაბ-ბინაა განლაგებული, ექსპერტების აზრით, ამ ქვეყანაში ღვინის განათლებაზე მოთხოვნა უფრო დაბალია, ვიდრე იაპონიაში ან სხვა აზიურ ქვეყნებში. ამასვე ადასტურებს Wine and Spirits Educational Trust-ის სტატისტიკა. ეს რეგიონი სწრაფად ვითარდება. ლიდერობს ჩინეთი, რომელიც სიდიდით მესამე ბაზარია მსოფლიოში WSET-ის პროგრამების მოხმარებისთვალსაზრისით.

"განსაკუთრებით დიდია ღვინის განათლების მიმართ ინტერესი ჩინეთში, ტაილანდსა და ავსტრალიაში. დღეს მსოფლიო ორიენტირებულია მზარდი ეკონომიკის ქვეყნებზე, რადგან სწორედ აქ არის ყველაზე მეტი მოთხოვნა ღვინის სფეროში კარგად მომზადებულ კადრებზე" – ამბობს რონან სეინბიორნი.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული