Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მაგისტრების ვიზიტი საქართველოში

ღვინის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისა და პროფესიონალების შრომის შედეგად საქართველოთი და ქართული ღვინით დაინტერესება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩართულობა, უცხოურ გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობა, ტრადიციად ქცეული ახალი ღვინის ფესტივალი და სხვა მრავალი ღონისძიება აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და მის დამკვიდრებას მსოფლიო ბაზარზე. ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ღვინის დიდოსტატთა, ღვინის მაგისტრთა (Masters of Wine) დელეგაცია სტუმრობდა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული მეღვინეობის, და, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

ღვინის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული წოდება გახლავთ ღვინის მაგისტრის Master of Wine (MW) ტიტული, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ღვინის მაგისტრთა ინსტიტუტი ანიჭებს ადამიანს, რომელიც ღვინის ინდუსტრიის სფეროში უმაღლეს პროფესიულ ცოდნასა და კვალიფიკაციას ფლობს. ღვინის მაგისტრთა ინსტიტუტი 1955 წელს დაარსდა, თუმცა მაგისტრის ხარისხის მისაღებად ჩასაბარებელი გამოცდების ტრადიციას საფუძველი უფრო ადრე, 1953 წლიდან ჩაეყარა. ამ მეტად პრესტიჟული ტიტულის მოპოვება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან მსურველს უამრავი და ურთულესი გამოცდის ჩაბარება უწევს. დღესდღეობით სულ 24 ქვეყანას ჰყავს  ღვინის მაგისტრი, რომელთა საერთო რაოდენობაც 338-ია. ღვინის მაგისტრები უძღვებიან სხვადასხვა დეგუსტაციებს, აფასებენ ამა თუ იმ ქვეყნის ღვინოებს, ატარებენ ლექციებს, კონსულტაციას უწევენ მეღვინეებს, ხელმძღვანელობენ სასწავლო კურსებს და სხვ.

 აი, ასეთი საინტერესო პროფესიის 21 სტუმარი ეწვია ამ რამდენიმე დღის წინ  საქართველოს. ღვინის მაგისტრთა დელეგაციას, რომლის წევრებიც 9 ქვეყანას წარმოადგენდნენ, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ხელმძღვანელობდა, დელეგაციაში კი შედიოდნენ: პედრო ბალესტეროს ტორესი (Pedro Ballesteros Torres MW) ბელგია, ბევერლი ბლენინგი (Beverley Blanning MW) დიდი ბრიტანეთი, სტივ ჩარტერსი (Steve Charters MW) საფრანგეთი, კრისტოფერ დონალდსონი (Christopher Donaldson MW) დიდი ბრიტანეთი, ელისონ აიზერმან ქტერქტეკო (Alison Eisermann Ctercteko MW) ავსტრალია, ლენს ფოისტერი (Lance Foyster MW) დიდი ბრიტანეთი, როზმარი ჯორჯი (Rosemary George MW) დიდი ბრიტანეთი, ლიზა გრანიკი (Lisa Granik MW) აშშ, ჯასტინ ჰოვარდ-სნეიდი (Justin Howard-Sneyd MW) დიდი ბრიტანეთი, ინგ ტანი (Ying Tan MW) სინგაპური, ოლივიე უმბრეხტი (Olivier Humbrecht MW) საფრანგეთი, ენჯელა მუირი (Angela Muir MW)  დიდი ბრიტანეთი, ფრენკ როედერი (Frank Roeder MW) გერმანია, ჯენეკ შუმანი (Janek Schumann MW)  გერმანია, ულფ სიოდინი (Ulf Sjodin MW) შვედეთი, როდ სმიტი (Rod Smith MW) საფრანგეთი, მედელინ სტენვრეთი (Madeleine Stenwreth MW) შვედეთი, ლიზ თეჩი (Liz Thach MW) აშშ, ნილ ტალი (Neil Tully MW) დიდი ბრიტანეთი, ჟან-მიშელ ვალეტი (Jean-Michel Valette MW) აშშ და ტაინა ვილკუნა (Taina Vilkuna MW) ფინეთი.

ღვინის მაგისტრთა დელეგაციის ვიზიტი 16 მარტს დაიწყო, ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა  და ძალზე საინტერესო პროგრამით წარიმართა. პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ღვინისა და ვაზის კულტურასთან დაკაშირებულ უძველეს ნიმუშებს. მუზეუმში სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა.

„ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ღვინის მაგისტრების ჩამოყვანა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურა, ამ შემთხვევაში კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და კერძო სექტორი - ასოციაცია „ქართული ღვინო“. სწორედ ასოციაციის დამსახურებით გახდა შესაძლებელი ამდენი სტუმრის ვიზიტის საქართველოში ორგანიზება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ასოციაცია ,,ქართული ღვინო“ უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ღვინის მაგისტრთა ინსტიტუტთან. სწორედ ამ აქტიურმა თანამშრომლობამ განაპირობა ღვინის მაგისტრთა სერიოზული დაინტერესება საქართველოთი და ქართული ღვინით. მათი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და მისი სავიზიტო ბარათის - ღვინის - პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას, რაც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ადგილის დამკვიდრებისა და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის საწინდარია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ ქართლისა და კახეთის რეგიონის ღვინის საწარმოებსა თუ საოჯახო და მცირე მარნებს, დააგემოვნეს 160-ზე მეტი სახეობის ღვინო, გაეცნენ ქართული ღვინის წარმოების სხვადასხვა ტექნოლოგიას და ქვევრის მოვლის მეთოდოლოგიას.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა აღნიშნა, რომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინოებმა მოახდინა.

„ასეთი მნიშვნელოვანი ჯგუფი საქართველოს ჯერ არ წვევია. რასაკვირველია, საქართველოში ვიზიტის დროს მათ უკვე ჩამოუყალიბდათ შთაბეჭდილებები - განსაკუთრებით აღნიშნავენ ქვევრის ღვინოს. სტუმრებზე განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ჯიღაურას სანერგე მეურნეობამ, სადაც გასინჯეს მიკროვინიფიკაციები, რაც ქართველებისთვისაც კი სიახლეა. ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ასეთი მაღალი რანგის ჯგუფი დავაინტერესეთ საქართველოთი. ლონდონში არსებული ღვინის მაგისტრების სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი ჯგუფი საქართველოს 2 წლის შემდეგ ეწვევა“, - აღნიშნა თინა კეზელმა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.