Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პატივცემული ღვინის დიდოსტატები

ვისაც ღვინო უყვარს და ხშირად ეცნობა პუბლიკაციებს ღვინის შესახებ, ყურადღებას მიაქცევდა, რომ ამ სფეროში მომუშავე ზოგიერთი სპეციალისტის, კრიტიკოსის, ექსპერტის და ჟურნალისტის სახელს ორი ლათინური ასო – MWახლავს. რას ნიშნავს ეს?

MW ინგლისური Masters of  Wine-ს აბრევიატურაა და ღვინის მცოდნეს, ღვინის დიდოსტატს ნიშნავს. მისი მითითების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ურთულესი გამოცდებისა და დისერტაციის დაცვის შემდეგ ამ სტატუსის შესაბამის დიპლომს იღებს.

შუა საუკუნეების ინგლისში გავრცელებული იყო პროფესიული გილდიები, სადაც სხვადასხვა სფეროში მომუშავენი ერთიანდებოდნენ (თანამედროვე პროფკავშირების მსგავსი). მათ შორის იყო "Livery Company of  the Vintners" - მეღვინეთა და ღვინით მოვაჭრეთა გაერთიანება, რომელმაც 1437 წელს ინგლისის მეფისგან საკუთარი წესდება მიიღო. დროთა განმავლობაში მათი როლი შესუსტდა, თუმცა სრულებით არ გამქრალა.

გილდიების არსებობა ბრიტანეთის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გაიხსენა. ამ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყველა პროფესიის წარმომადგენელს განათლებისა და შეფასების საკუთარი სისტემა უნდა ჰქონოდა. ვინც პირობას არ შეასრულებდა, მათ მართვაში სახელმწიფო ჩაერეოდა. ხელისუფლების მხრიდან კონტროლი არავის სურდა, ამიტომ ბევრმა პროფესიულმა გაერთიანებამ საკუთარი შეფასებისა და განათლების სისტემა შეიმუშავა. ღვინით მოვაჭრეებმა Wine Trade Education Trust ჩამოაყალიბეს, სადაც სხვადასხვა დონის სასწავლო კურსი გაერთიანდა. ორი ორგანიზაცია - Vintners Company დაWine and Spirit Association of Great Britainკიდევ უფრო შორს წავიდა და გაცილებით რთული გამოცდები დააწესა მათთვის, ვისი პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები განსაკუთრებულად ღრმა და მრავალმხრივი იყო. პირველი ასეთი გამოცდა 1953 წელს გაიმართა. 21 პრეტენდენტიდან ბარიერი მხოლოდ 6-მა გადალახა და საპატიო ტიტულიც დაიმსახურა. ორი წლის შემდეგ ამ ადამიანებმა Masters of  Wine (IMW) ინსტიტუტი დააარსეს, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა.

არსებობის 57 წლის მანძილზე ამ წოდების ლაურეატი 23 ქვეყნის 280 წარმომადგენელი გახდა (მათგან 75 ქალი). ყველაზე მეტი წევრი ინგლისს ჰყავს – 181, მას მოჰყვებიან ამერიკის შეერთებული შტატები – 25, ავსტრალია - 17 და საფრანგეთი – 16 წევრით. MW-ს მფლობელთა შორის არცერთი არ არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ან ყოფილი სოცბლოკებიდან.

ამ ინსტიტუტის წევრობა და მისი დიპლომი ძალზე პრესტიჟულია და ღვინის სამყაროს ერთ-ერთ უმაღლეს ტიტულს წარმოადგენს. შესაბამისად, დაინტერესებულთა რაოდენობაც დიდია, თუმცა მხოლოდ ერთეულებს უმართლებს. ინსტიტუტის საიტზე www.mastersofwine.orgყოველდღიურად უამრავი შეკითხვა შედის. მათგან რამდენიმე ყველაზე ხშირად დასმულს შემოგთავაზებთ:

რას ნიშნავს Master of Wine ტიტული?

ამ ტიტულს ანიჭებენ ადამიანს, რომელმაც საკმაოდ რთული გამოცდები ჩააბარა და Masters of Wine-ს ინსტიტუტის წესდებას იზიარებს. თავიანთ სფეროში მათ ცოდნის უმაღლეს დონეს და პროფესიონალიზმს მიაღწიეს და დაამტკიცეს, რომ წარმატებით შეუძლიათ გადაწყვიტონ ღვინის ინდუსტრიისთვის სპეციფიური პრობლემები.

რა უპირატესობა აქვს Master of Wine წოდებას?

ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ამ ინსტიტუტის წევრობაა. ღვინის ოსტატს უნიკალური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვს, რაც საშუალებას აძლევს ამ სფეროში ნებისმიერ პოზიციაზე იმუშაოს. Masters of  Wine – ძალიან საპატიო წოდებაა ღვინის სამყაროში, ისეთივე, როგორიც მეცნიერისთვის Ph.D.(დაახლოებით "მეცნიერებათა კანდიდატის" ექვივალენტი), იმ განსხვავებით, რომ MW-ს მიღება გაცილებით რთულია. ამ ინსტიტუტის კურსდამთავრებულნი მთელს მსოფლიოში მუშაობენ მეღვინეებად, ღვინის იმპორტიორებად, შემსყიდველებად, ჟურნალისტებად, სომელიეებად და ფირმების ხელმძღვანელებად.

მართალია, Masters of Wine-ს უდიდესი ნაწილი ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ არანაკლებად განსწავლული ექსპერტებიც, რომლებიც ამ ასოციაციის წევრები არ არიან.

ინსტიტუტის სათაო ოფისი განლაგებულია ლონდონში, თუმცა  საგამოცდო და სასწავლო პროგრამები მთელს მსოფლიოშია აკრედიტებული. ლონდონი ისტორიულად ღვინით ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრია და მისი არჩევა ორგანიზაციის შტაბ-ბინად სრულიად ბუნებრივი იყო. თავდაპირველად ინსტიტუტში მხოლოდ ბრიტანელი ღვინით მოვაჭრეები სწავლობდნენ, დროთა განმავლობაში მისი გავლენა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა. დღეს Masters of Wine-ის წევრობა და მისი საქმიანობის მასშტაბები საერთაშორისოა.

გამოცდა

საგამოცდო სისტემა ისეა აგებული, რომ ღვინის ინდუსტრიაში კანდიდატის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გამოავლინოს. საკითხებს ღვინის ოსტატთა საბჭო და ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები ადგენენ.

თეორია

გამოცდის თეორიული ნაწილი ოთხ სამსაათიან ტესტს მოიცავს ღვინის კულტურაში, მეღვინეობასა და ღვინის ბიზნესში. ასევე შედის სააკითხები თანამედროვე ისტორიიდან და განსაკუთრებული ტესტი, რომელიც ყალბი სასმელის ანალიზს ეხება. ინსტიტუტი ნაწილობრივ აფინანსებს ინგლისურიდან თარგმანს მათთვის, ვინც ამ ენაზე არ წერს. დანარჩენი სამუშაოს საფასურს კანდიდატი იხდის. მაგ. 2009 წლის გამოცდებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თეორიული საკითხები: "როგორ ხვდებიან მოზელელი მეღვინეები კლიმატის ცვლილებას და როგორია ამ ცვლილებებთან ადაპტაციის სამომავლო სტრატეგიები", "ორსულებისა და მეძუძური დედების დამოკიდებულება უალკოჰოლო ღვინისადმი ფინეთში", "ბრიტანული ბაზარი და შამპანური brut nature", "აპელასიონი Willamette Valley ორეგონის შტატში და მისი ქვერაიონები".

პრაქტიკა

პრაქტიკული გამოცდა სამ "ბრმა" დეგუსტაციას ითვალისწინებს, თითოეულს - 12 ნიმუშით. დეგუსტაციათა ხანგრძლივობა ორ საათს აღემატება. ამ დროში კანდიდატებმა უნდა განსაზღვრონ ვაზის ჯიში, ღვინის წარმომავლობა, ხარისხი და სტილი. სადეგუსტაციო აღწერილობა ინგლისურ ენაზე სრულდება.

დისერტაცია

ეს არის 10 ათას სიტყვიანი ნაშრომი, რომელიც ღვინის ინდუსტრიას ეძღვნება. თემატიკას თავად კანდიდატი ირჩევს. მაგალითად, ჯენსის რობინსონის დისტერაცია მსოფლიოში გავრცელებულ ვაზის ჯიშებსა და მათგან მიღებულ ღვინოებს ეძღვნებოდა. მოგვიანებით წიგნადაც გამოსცა სახელწოდებით - Vines, Grapes and Wines: The Wine Drinker's Guide to Grape Varieties.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოცდების ჩაბარება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ბლოგერი Alder Yarrow ამბობს, რომ კანდიდატთა ხარჯები 10 ათას დოლარამდე ადის, რომ არაფერი ვთქვათ რამდენიმეწლიან მომზადებაზე.

Masters of Wine-ს შესახებარაერთი საინტერესო ფაქტი მოგვაწოდა ერთ-ერთმა ლაურეატმა, ფრანგმა John Salvi-მ, რომელსაც ეს საპატიო წოდება 1970 წელს მიანიჭეს. აი, რას წერს ის  Masters of Wine-ს ზოგიერთი წარმომადგენლისთვის მინიჭებულ პრივილეგიებზე:

"კომპანია Vintners Company,  რომელიც Masters of Wine-ს ტიტულის ერთ-ერთი დამაარსებელია, ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ შენობას ფლობს ლონდონის ცენტრში, სადაც რამდენიმე საუკუნის წინათ ერთად სადილობდა ხუთი მეფე. ამჟამად აქ  Masters of Wine-ს ინსტიტუტის სათაო ოფისია და დღესაც "ხუთი მეფის სახლი" ჰქვია. მრავალი საუკუნის განმავლობაში Gგილდიის წევრები ირჩევდნენ წარმომადგენელს, რომელიც ქალაქის შერიფისა და ლონდონის მერის არჩევნებში მონაწილეობდა. წლების მანძილზე ამ უფლებით მეც ვსარგებლობდი. სხვათა შორის, საუკუნეების წინ მათ განსაკუთრებული უფლებები ჰქონდათ, რომელიც დღეს სასაცილოდ გვეჩვენება. მაგალითად, ამ ადამიანებს შეეძლოთ ლონდონის ხიდიდან თევზი დაეჭირათ; გამომთვრალიყვნენ და ქალაქში დებოში გაემართათ ისე, რომ ვერავინ დააპატიმრებდა. რაც მთავარია, – მოეთხოვათ აბრეშუმის თოკით ჩამოხრჩობა თუ წინასწარი განზრახვით მოკლავდნენ ვინმეს ან მმართველი მონარქის გასათხოვარი ქალიშვილი მათგან დაორსულდებოდა!" როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

ჯონ სალვის მოგონებებში კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალია:

"...როდესაც გამოცდებს ვაბარებდი, ამ წოდების შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, - წერს ის, - ჩემთვის ეს საკუთარი თავის გამოცდა უფრო იყო, ვიდრე კარიერისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ სხვებსაც, რადგან ჩვენი საქმე ძალიან გვიყვარდა. დღეს კი ხშირ შემთხვევაში ამ სტატუსისკენ მხოლოდ კარიერის გამო ილტვიან. სამწუხაროდ, საქმის სიყვარულმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. "

და კიდევ ერთი მოგონება უშუალოდ საგამოცდო პროცესის შესახებ:

"...გამოცდის იმ ნაწილში, როდესაც "ბრმა" დეგუსტაცია იმართება, კანდიდატებს შესაფასებლად ერთი ბოთლი საუკეთესო შერი გადმოგვცეს. ისე გავერთე, თითქმის სამი მეოთხედი გამოვცალე, რამაც სხვა კანდიდატების გულისწყრომა გამოიწვია. მათი თქმით, დარჩენილი ღვინო საკმარისი არ იყო სასმელის წარმოშობის დასადგენად. მოგვიანებით გამოცდების ხელმძღვანელებისგან ოფიციალური წერილი მივიღე, სადაც ჩემი საქციელის გამო მსაყვედურობდნენ. ამ წერილით ისეთი ამაყი ვიყავი, რომ ჩარჩოში ჩავსვი და სამუშაო მაგიდასთან ჩამოვკიდე  Master of Wine-ს დიპლომთან ერთად, რომელიც იმავე პერიოდში ავიღე."

ჯონ სალვიმ თავის დროზე თავის წილ წარმატებას მიაღწია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ყველას, ვისაც ღვინის "ევერესტის" დაპყრობა სურს და იმედი დავიტოვოთ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ამ ადამიანებს შორის ქართველ ღვინის ოსტატებსაც ვიხილავთ.   

MW -ს ისტორია

1970 - ღვინის ოსტატის წოდება პირველად მოიპოვა ქალმა. ეს იყო Sarah Morphew Stephen დიდი ბრიტანეთიდან.

1984 - გამოცდების ჩაბარების უფლება მისცეს იმ ადამიანებსაც, ვინც ღვინით ვაჭრობაში არ იყო ჩართული (მაგალითად, ჟურნალისტებს და მეღვინეებს). ამ შესაძლებლობით მაშინვე ისარგებლა ჯენსის რობინსონმა და საპატიო ტიტული იმავე წელს მოიპოვა.

1988 – პირველი არაბრიტანელი ლაურეატი გახდა ავსტრალიელი Michael Hill Smith;

1992 - საგანმანათლებლო პროგრამები და გამოცდები სამ კონტინენტზე – ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში გავრცელდა.

2006 - დაარსდასაქველმოქმედოფონდიინსტიტუტისგანვითარებისთვის.

2008 – ღვინისოსტატთარიგებსპირველიაზიელებიშეემატნენ: Jeannie Cho Lee  დაDebra Meiburg  ჰონკონგიდანდაLisa Perrotti- Brown სინგაპურიდან.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.