გამოქვეყნებულია: 16 ივნისი, 2010 - 01:07
15 ივნისს “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში”, ღვინის კლუბის მორიგ შეკრებაზე, მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა ბონდო კალანდაძემ ქართული მაგარი ალკოჰოლური სასმელების ისტორიის საკითხებზე ისაუბრა.
ბონდო კალანდაძის თქმით, საქართველოში არაყისა და სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელების დამზადების ტექნოლოგიების განვითარება ძირითადად მე-19 საუკუნიდან იწყება. მანამდე კი კუსტარულ არაყს ძირითადად სამკურნალოდ ხმარობდნენ – ჭრილობებისთვის, ოფლმდენ საშუალებად და ა.შ.
ისტორიული წყაროებით, საქართველოში მაგარი ალკოჰოლური სასმელების წარმოების პიონერებად ითვლებიან ძმები ოცხელები, რომლებმაც თავიანთი საწარმო ქუთაისში 1810 წელს აამოქმედეს. 1826 წელს კი თბილისში სპირტიანი სასმელების წარმოება ქალმა – ბარბარე იმერლიშვილმა დაიწყო. მათ გარდა, მე-19 საუკუნის საქართველოში მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდნენ: იაკობ ზუბალაშვილი, გიორგი ბოლქვაძე, ფელიქს ჭელიძე, კაცია ადანაია, დავით სარაჯიშვილი და უცხოელი ემიგრანტები, რომელთა მოღვაწეობის შესახებ წყაროები სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.
ბონდო კალანდაძემ ხაზი გაუსვა გიორგი ბოლქვაძის ჯერ კიდევ დაუფასებელ ღვაწლს ქართული მაგარი ალკოჰოლური სასმელების განვითარებაში. გიორგი ბოლქვაძე 1865 წლიდან აწარმოებდა მაღალხარისხიან ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებმაც ათეულობით საერთაშორისო გრან-პრი და ოქროს მედალი მოიპოვეს.
ბონდო კალანდაძე რამდენიმე წიგნისა და ნაშრომის ავტორია, რომელთა შორის აღსანიშნავია "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე".
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი