Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული და უცხოური ღვინის დეგუსტაცია რესტორან „არქივში“

ლევან სეფისკვერაძე

22 თებერვალს, თბილისში, რესტორან „აქივში“ კომპანია „თბილღვინოს“ ორგანიზებით მორიგი თემატური დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციაზე ქართული და უცხოური ღვინის 14 ნიმუში დაჭაშნიკდა და შეფასდა. სამგანყოფილებიან დეგუსტაციაში მონაწილეობას ტრადიციულად იღებდნენ როგორც ღვინის მოყვარულები, ასევე პროფესიონალი შემფასებლები.

დეგუსტაციის დაწყებამდე, ჭაშნიკზე შეკრებილ საზოგადოებას კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა, მათ მიერ კახეთში წამოწყებული ახალი პროექტის შესახებ მცირე პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და „თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით დაგეგმილი სრულიად უნიკალური საქვევრე მეურნეობის პროექტი. ეს გულისხმობს EBRD-ის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თავსებადობას, ბუნებრივი, ეკოლოგიური მასალებითა და ტრადიციული მეთოდით მშენებლობას.

დეგუსტაციის პირველ ნაწილში, „თბილღვინოს“  ქვევრის ტიპის ქარვისფერი ღვინოებისა და ახალი პროდუქტის - ქვევრის ვარდისფერი ღვინის ოთხი ნიმუშის ღია დეგუსტაცია გაიმართა. 

ჭაშნიკის გამხსნელ ნიმუშად „თბილღვინოს“ 2020 წლის მოსავლის ქვევრის ქისი გამოიტანეს, რომელიც სოფელ შაშიანში მდებარე, კომპანიის კუთვნილ ვენახებში მოწეული ყურძნისგანაა დამზადებული.

მეორე  ნიმუში „თბილღვინოს“ 2020 წლის მოსავლის ქვევრის მწვანე კახური იყო. ღვინო ყვითელი ხილისა და ჩირის არომატებით გამოირჩეოდა და დეგუსტაციის მონაწილეთა ერთი ნაწილისთვის ჭაშნიკის  ფავორიტი სწორედ ეს ნიმუში გამოდგა.

მესამე ღვინო „თბილღვინოს“ 2020 წლის მოსავლის ქვევრის მცვივანი იყო. ეს ღვინოც შაშიანის ვენახებში მოწეული ყურძნისგან იყო დაყენებული და ქვევრში ჭაჭა-კლერტის გარეშე იყო დაყენებული.

დეგუსტაციის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოწვია „თბილღვინოს“ ახალმა პროდუქტმა - 2022 წლის მოსავლის ვარდისფერმა რქაწითელმა, რომელიც სოფელ შილდაში მდებარე ვენახებში მოწეული ყურძნისგან იყო დამზადებული. მიუხედავად ჯიშური ფერისა, ვარდისფერი რქაწითელის ქვევრის ღვინო ფერზე უფრო მეტად ქარვისფერი იყო. ღვინო გამოირჩეოდა კოწახურისა და გრეიპფრუტის არომატებით.
დეგუსტაციის პირველი  ნაწილი მევენახე-მეღვინე კახა ჭოტიაშვილს შევაფასებინეთ.

კახა ჭოტიაშვილი, ჭოტიაშვილის მარანი: „პირველი ნიმუში („თბილღვინოს“ ქისი 2020) ძალიან მომეწონა. ჩანს ზაფხულის ხილის არომატები. ფერზე არის წკრიალა. ცოტა „ეკლები“ აქვს მჟავიანობაში და ჩემი აზრით ეს ნიმუში კიდევ უფრო მეტად უკეთესი იქნება სიძველეში. ზოგადად მწვანე კახური ძალიან მიყვარს და მიკერძოებული ვარ მეორე ნიმუშთან (ქვევრის მწვანე. „თბილღვინო“ 2020) მიმართებაში. ზაფხულის ხილი ჩანს ძალიან კარგად. შემხვდა ცოტა სანელებლები და ვიპოვე მუსკატური ტონები. რაც შეეხება „თბილღვინოს“ 2020 წლის მოსავლის მცვივანს. შემოდგომის ხილის და ყვავილების სურნელი აქვს და ეს თავიდანვე იგრძნობა. ჯერჯერობით, ცოტა უხეში ტანინები ეტყობა და ჩემი აზრით დაძველება ძალიან მოუხდება. ბოლო ნიმუში (ვარდისფერი რქაწითელი. ქვევრის. „თბილღვინო“ 2020) ჩემთვის იყო ნამდვილი აღმოჩენა. აქ ჩანდა გრეიპფრუტი, ასევე დავინახე ასკილის ტონი და ჩირები. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დეგუსტაციის პირველ ნაწილში ვარდისფერმა რქაწითელმა ძალიან მომაწონა თავი და ამ ღვინოს დეგუსტაციის მანძილზე კიდევ შევინახავ პერიოდულად დასაწრუპად“.

დეგუსტაციის მეორე ნაწილში „თბილღვინოს“ და უცხოური რეზერვის ტიპის თეთრი ღვინოები გაისინჯა. როგორც დეგუსტაციის პირველი, ასევე შემდეგი ორი ნაწილი ღია იყო და ყველამ წინასწარ იცოდა რას სინჯავდა და აფასებდა.

რეზერვის ტიპის ღვინოებიდან პირველ ნიმუშად „თბილღვინოს“ 2021 წლის მოსავლის „წინანდალი“ განსაკუთრებული მარაგი გაისინჯა. ამ ციტრუსის სურნელით სავსე ღვინოში დეგუსტაციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა თევზეულის საუკეთესო მეწყვილე დაინახა.
შემდეგ დაჭაშნიკდა „თბილღვინოს“ 2021 წლის მოსავლის განსაკუთრებული მარაგის მწვანე კახური, რომელიც სოფელ შაშიანში მდებარე ვენახებში მოკრეფილი ყურძნისგან იყო დამზადებული. დეგუსტაციის ამ ნაწილში ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ მწვანეს ხვდა წილად.

მესამე ნიმუშად „თბილღვინოს“ ასევე 2021 წლის მოსავლის ქისი გაისინჯა, ასევე განსაკუთრებული მარაგებიდან და ასევე სოფელ შაშიანიდან. ქისის ჭაშნიკისას ყველამ ატმის და მსხლის არომატები გამოარჩია.

შემდეგი ორი ნიმუში უცხოური ღვინო იყო და მათდამი მოლოდინიც ბუნებრივია განსაკუთრებული იყო. მეოთხე ნიმუში Pinot bianco , vorberg reserve 2020 cantina terlan (იტალია) გახლდათ. რეზერვის ტიპის ღვინოების ჭაშნიკის საბოლოო შტრიხები სამხრეთ ამერიკულმა ღვინომ, Chardonnay , Haras de pirque 2021  Antiunori (ჩილე) - დასვა. აღსანიშნავია, რომ უცხოური ღვინოებიდან დეგუსტაციის მონაწილეებს განსაკუთრებით მუხის კასრებში დაძველებული იტალიური პინო ბიანკო მოეწონათ, რომელიც ციტრუსოვანი ხილის დაბალანსებული არომატებით გამოირჩეოდა. ტროპიკული ხილის არომატებით სავსე ჩილეს შარდონე ბევრისათვის სრულიად უცნაური და დეგუსტაციის შინაარსიდან „ამოვარდნილი“ ღვინო გამოდგა.  

რეზერვის ტიპის ღვინოების რაობაზე სომელიე ჯაბა ძიმისტარაშვილმა ისაუბრა. მან მეღვინეებს სთხოვა, რომ რაც შეიძლება ბევრი და საინტერესო ამ ტიპის ღვინო აწარმოონ, რათა მათ (სომელიეებს) მომხმარებელთან ბევრი კარგი რამ ქონდეთ შესათავაზებელი. ჯაბა ძიმისტარაშვილი, სომელიე:ჩვენს ქვეყანაში რეზერვის ტიპის ღვინოებს არასწორად იგებენ ხოლმე. ტერმინიც ზოგჯერ არასწორად იხმარება. ისეც კი ხდება ხოლმე, რომ რესტორანში ან მაღაზიაში მოაქვთ სრულიად ახალი ღვინები, რომლებიც წესით ბოთლშიც კი არა უნდა იყოს ჩამოსხმული და ამბობენ რომ ეს მათი რეზერვია. ერთ რესტორანში გვქონდა სხვადასხვა წლის მოსავლის ერთიდაიგივე დასახელების ღვინო. ფასებშიც განსხვავება იყო. წესით უფრო ძველი ღვინოები ძვირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამან არ იქონია გავლენა და  ძველს დავადეთ დაბალი ფასი, რაც შეიძლება  ბევრმა ვერ გაიგოს. ფასწარმოქმნა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არამხოლოდ სიძველეზე. ადამიანისთვის ზოგადად საინტერესოა სხვადასხვა წლების მოსავლის ღვინო როგორია და ჩვენც შესათავაზებელი და სალაპარაკო მეტი გვექნება. მეღვინეებისადმი ჩვენი თხოვნა იქნება, რომ hქონდეთ სხვადასხვა მოსავლის კარგი ხარისხის რეზერვის ტიპის ბევრი ღვინო. ეს ქართულ მეღვინეობასაც სჭირდება“.

ჭაშნიკის დასასრულს, ანუ დეგუსტაციის მესამე ნაწილში „თბილღვინოს“ და უცხოური რეზერვის ტიპის წითელი ღვინოები დეგუსტაცია გაიმართა. ამ ბლოკშიც ხუთი ღვინო გაისინჯა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო უცხოური (არგენტინული) ნიმუში. ქართულებიდან კი „მუკუზანსა“ და მუხის კასრებში დავარგებულ საფერავებს მიეცა ასპარეზი.

წითლების პირველ ნიმუშად „თბილღვინოს“ 2016 წლის მოსავლის საფერავი დაჭაშნიკდა განსაკუთრებული მარაგებიდან. მეორე ნიმუშიც „თბილღვინოს“ საფერავი იყო განსაკუთრებული მარაგებიდან, ოღონდ 2020 წლის მოსავლის. როგორც ჩანდა, ღვინის ავტორ მეღვინეებს სურდათ დეგუსტაციის მონაწილეებს გაესინჯათ ზუსტად ერთ ვენახში  მოწეული, ერთი ჯიშს ყურძნისგან, ერთნაირი მეთოდით დამზადებული ორი სხვადასხვა წლის მოსავლის ღვინოები და გაეგოთ სიძველეში ამ ღვინოების ღირსება, პოტენციალი და დაძველების შესაძლებლობა.  

შემდეგ „მუკუზნების“ ჯერი დადგა და მესამე ნიმუშად „თბილღვინოს 2014 წლის მოსავლის განსაკუთრებული მარაგების „მუკუზანი“ გაისინჯა.
სავარაუდოდ წინა „მუკუზნის“ საპირწონედ და მასთან შესადარებლად იყო შემოთავაზებული მეოთხე ნიმუშო - „თბილღვინოს“ 2020 წლის მოსავლის „მუკუზანი“ განსაკუთრებული მარაგებიდან.
სულ ბოლოს კი დეგუსტაციის ერთგვარ დასკვნით და შემაჯამებელ ღვინოდ არგენტინული მალბეკის გამოტანას (Malbec-Сabernet 2017 Grande reserve diamandes) დეგუსტაციის თითქმის ყველა მონაწილე ელოდა, რადგან საქართველოში სამწუხაროდ ღვინის მოყვარულები არ არიან განებივრებული ამ ტიპის და ასეთი ცნობილი ღვინოების გასინჯვით.

წითელი ღვინოების შეფასება ორ სომელიეს  - დიმიტრი ლოლაძეს და მაგდა სურგულაძეს ვთხოვეთ.

დიმიტრი ლელაძე, სომელიე: „ჩემთვის მუხაში დაძველებულ ღვინოებში იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად არის შენარჩუნებული ჯიშური არომატები. მუხაში დიდი ხნით დაძველება აპრიორი არ ნიშნავს რომ ღვინო საუკეთესოა. მუდმივად უნდა ხდებოდეს კონტროლი, რომ არომატები არ დაიკარგოს. როგორც იცით, ყველა ღვინო არ ექვემდებარება დაძველებას. ამ დეგუსტაციაზე ყველა ნიმუშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. წინა დეგუსტაციაზეც მომეწონა „თბილღვინოს“ 2020 წლის მოსავლის საფერავი. მაშინ არ ველოდი ასეთ მაგარ ღვინოს და ახლა დავრწმუნდი, რომ ეს მართლა შესანიშნავი ღვინოა. საფერავებიდან მე მაგალითად 2020 წლის ღვინო უფრო მომეწონა, ვიდრე 2016 წლის მოსავლის.  „მუკუზნებს“ რაც შეეხება, აქაც რადიკალურად განსხვავებულია 2020 წლის და 2016 წლის მოსავლის ღვინოები. 2020 წლის „მუკუზანში“ ტანინები მკვეთრად იყო გამოხატული. რაც შეეხება ჩვენი დეგუსტაციის სულ ბოლო ნიმუშს... არგენტინული მალბეკი ქართული წითლებისგან მკვეთრად განსხვავებული ღვინოა და სულ სხვა ღირსებები გამოავლინა. ზოგადად ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ ქართულ წითელ ღვინოებთან ერთად  არგენტინულიც გაისინჯა“.

მაგდა სურგულაძე, სომელიე: „საფერავი 2016“-ში ჩანდა შოკოლადის არომატები, არის დახვეწილი და მსუბუქი. გავლენა აქვს მუხას. ჩანს შავი ქლიავის ჩირის ტონი და გემოზე არის ძალიან რბილი. როგორც იტყვიან, ეს ღვინო მზადაა დასალევად. „საფერავი 2020“-ის ჭაშნიკისას წინა პლანზე წამოსული ჯიშური არომატები - ალუბალი, კენკრა და შესაბამისად მუხის არომატები, რაც აქ ბევრს მოეწონა. 2014 წლის  „მუკუზანშიც“ დავარგების არომატები ჩანს. აქაც არის შავი ქლიავის ჩირი, თუმცა აქ მუხის კასრის მკვეთრი არომატები არ ჩანს. ეს არის მაღალი კლასის ღვინო. 2020 წლის მოსავლის „მუკუზანში“ კენკრის გარდა იგრძნობა კასრის გავლენაც და ვფიქრობ, რომ გემოზეც კარგია, თუმცა კიდევ 2 წლიანი დაძველება ძალიან მოუხდებოდა. რაც შეეხება არგენტინულ მალბეკს... ვფიქრობ, წინა ოთხივე ქართული ღვინო კონკურენტუნარია ამ ცნობილ არგენტინულ ღვინოსთან. მალბეკში მუხის მკვეთრი არომატები იგრძნობა. განსაკუთრებით ხის არომატი არის გამოკვეთილი. ზოგადად ეს არის გემოვნების საკითხი და ზოგს მოსწონს ასეთი მკვეთრი მუხის არომატი.  პირადად მე მირჩევნია მუხის არომატებთან ყურძნის არომატები ჰარმონიულად იყოს შეზავებული“.

ღონისძიების ბოლოს ჩატარდა ტრადიციული სახალისო გათამაშება, სადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული და მათ გადაეცათ კომპანია „თბილღვინოს“ მიერ წარმოებული, სასაჩუქრე სამლიტრიან შეფუთვაში და სპეციალურ ყუთში მოთავსებული ღვინის ნიმუშები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული