ქეთევან საქარელის გამოფენა - „ღვინობისთვე“, რომლის მიღმაც ღვინისადმი ავტორის საინტერესო დამოკიდებულება იკვეთება, 30 ოქტომბერს გაიხსნება რუსთაველის 13-ში, სასტუმრო Tbilisi Marriott-ში არსებულ გალერეაში შარდენი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის თემატიკის გარშემო შექმნილი ტიხრული მინანქრის ნიმუშები. კოლექცია, ერთი მხრივ, წარმოაჩენს სხვადასხვა პერიოდის საქართველოს მეღვინეობის ისტორიას, მეორე მხრივ, კი, როგორც ავტორი აღნიშნავს, მიზნად ისახავს საქართველოში ბოთლის ღვინის პოპულარიზაციას.
ავტორის - ქეთევან საქარელისთვის ღვინო, როგორც ახალი კოლექციის შთაგონების წყარო, რამდენიმე თვის წინ გახდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ღვინის სკოლაში ღვინის დეგუსტაციის კურსები გაიარა. ის კარგად გაეცნო სხვადასხვა ღვინოების ხასიათს, სტილს და, ცხადია, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე - მათს ვიზუალურ მხარესაც.
„ვისურვებდი, ქართულ ღვინოს უფრო მსუბუქი ეტიკეტი ჰქონდეს. უფრო ლიბერალური. ძალიან გადატვირთულია გერბებით და სიმბოლოებით“ - ამბობს ქეთევან საქარელი და ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო ღვინო საქართველოში ნაკლებად განიხილება, როგორც ახალგაზრდების სასმელი.
საკუთარ კოლექციაში ის ღვინოები წარმოგვიდგინა, რომლებიც მისთვის მიმზიდველი იყო როგორც შინაარსობრივი, ასევე - ფორმობრივი თვალსაზრისით. სულ 12 ღვინოა ასეთი - კომპანია შუმის ზიგუ, იკანოს საფერავი, ხოხბის ცრემლების რქაწითელი, ლუკასის ტვიში, შუხმანის მწვანე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სირგულა, მშობლიური რვა ნომერი და სხვანი, 1970-იანი წლებიდან დღემდე. როგორც ვხედავთ, ესენია სხვადასხვა მიმართულებისა და მასშტაბის კომპანიების სხვადასხვა ჯიშის ღვინოები. თავად ავტორს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სირგულასადმი. როგორც აღნიშნავს, მისი სურვილი იყო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრთან ერთად, თავისი წვლილი შეეტანა მიერ იშვიათი ქართული ჯიშების პოპულარიზაციაში.
კოლექცია შეიცავს ღვინის ბოთლების, ეტიკეტების, ლოგოების, სასმისების ფორმის ბროშებს, დგამებს და სხვ. მათს შექმნას უძღვოდა კვლევითი ეტაპი, როცა ქეთევან საქარელმა თითოეული ექსპონატი შეისწავლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ცენტრალურ არქივში.
გამოფენის გახსნაზე, აგრეთვე, ღვინისა და მინანქრის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, ნახონ საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ფოტოები და მუნჯი კინო, რომელიც 1939 წელსაა გადაღებული და დეტალურად წარმოაჩენს იმ პერიოდის ღვინის წარმოების დეტალებს - ვენახის ჩაყრიდან, ღვინის დავარგებამდე.
ღონისძიების სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდება კომპანია შუმი. სტუმრად მისულ პატარებს კი ქეთი საქარელი შინაურ ალუბლის წვენსა და ბავშვებისადმი მეგობრულ გარემოს დაახვედრებს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი