- როგორ დაიწყო თქვენი და ღვინის ურთიერთობა? მოგვიყევით თქვენი მარნისა და განვლილი გზის შესახებ.
- ჩვენი მარანი მდებარეობს ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში. აქვეა გაშენებული ჩვენი ვენახებიც, სადაც საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოგვყავს. მეღვინეობა ჩვენი ოჯახისთვის ტრადიციული საქმეა, რომელსაც უკვე ათეული წლებია მივდევთ. რამდენიმე ქვევრი 60 წელზე მეტისაც კია. ვინაიდან ჩვენი ღვინო ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა, მოგვეცა მოტივაცია, გვეფიქრა საკუთარ წარმოებასა და ღვინის ჩამოსხმაზე. 2019 წელს დავაარსეთ მცირე საოჯახო მარანი. ჩვენი სოფლის სიყვარულით, მარანს სოფლის სახელი - ჭაბუკიანის მარანი დავარქვით. ჩვენს ლოგოში გაერთიანებულია ქვევრი და ვაზი, რომელსაც ქართული ჭ-ს ფორმა აქვს. 2019 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ვცდილობთ დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ მარანი. ბაზარზე პირველად 2021 წლის ნახევრად მშრალი საფერავი გამოვიტანეთ, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 2022 წლის საფერავმა ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ბრინჯაოს მედალი მიიღო. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯილდო და მოტივაცია იყო, რამაც მოგცა ნიშანი, რომ სწორი გზით მივდივართ.
- რომელ ღვინოებს აწარმოებთ და რითია გამორჩეული თქვენი ღვინოები?
- ჯერ-ჯერობით ვაწარმოებთ მხოლოდ საფერავს. წელს გაქვს 2024 წლის მშრალი და ნახევრად მშრალი საფერავი. ჩვენი ღვინო გამორჩეულია უპირველესად მდიდარი არომატით, დაბალანსებული სტრუქტურით და ხავერდოვანი ტანინებით. ჩვენი საფერავი ფერმენტირდება ქვევრში, რაც მის ბუნებრივ ინტენსივობას კიდევ უფრო აძლიერებს. გვაქვს მცირე წარმოება და ვცდილობთ მთავარი ორიენტირი ხარისხზე გავაკეთოთ.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია?
- ღვინის დაყენება ბოლო ეტაპია. უმნიშვნელოვანესია ვაზის კარგი მოვლა და ხარისხიანი მოსავლის მიღება. ყურადღებით ვარჩევთ ყურძნის კრეფის დროს, რომ შაქრიანობა მაქსიმალურ ზღვარზე იყოს. ყურძენს ვწურავთ ქვევრში, სადაც ღვინო მინიმუმ ორი თვის განმავლობაში რჩება ჭაჭაზე, მაცერაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში ის იძენს თავის სიღრმეს, სტრუქტურას და არომატულ კომპლექსს. ამის შემდეგ ღვინოს ვაცალკევებთ ჭაჭისგან და დავარგებას ვაგრძელებთ უჟანგავი ლითონის კასრებში.
- ღვინის წარმოება პანდემიის დროს დაიწყეთ, რაც ძალიან რთული პერიოდი იყო. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ვენახების გაშენებასა და ღვინის ინდუსტრიაში ჩაბმას გეგმავენ?
- მათ, ვინც ახლა გეგმავს ვენახის გაშენებას და ღვინის წარმოებაში ჩართვას, ვურჩევ პირველ რიგში მოთმინებას და ერთგულებას. ეს სფერო სწრაფ წარმატებას არ იძლევა, ვაზიც, ღვინოც და ბრენდის შექმნაც დროს ითხოვს. თუმცა თუ გულით და საქმის სიყვარულით მიუდგები, შედეგი აუცილებლად მოვა.
- ახალი ღვინის ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობდით. როგორი გამოცდილება იყო ეს თქვენთვის?
- ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ყოველთვის დაინტერესებული ვართ, ჩვენი ღვინო წარვუდგინოთ ფართო საზოგადოებას, ღვინის მოყვარულებს, პროფესიონალებს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს. მივიღეთ ძალიან ბევრი დადებითი უკუკავშირი და გამოხმაურება. ამ ფესტივალმა კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა ჩვენს საქმიანობაში.
- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავალო გეგმები?
- ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება ღვინის ექსპორტზე გატანას, რისი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, თუმცა გვინდა მასშტაბის გაფართოევება. ასევე ვაპირებთ წარმოების გაზრდას და ახალი ჯიშის ყურძნის გაშენებას ჩვენს ვენახებში. გვინდა ღვინო ჭაბუკიანი ასოცირდებოდეს გამორჩეული გემოს მქონე ხარისხიან ღვინოსთან, რომელსაც ადამიანი და ბუნება ერთად ქმნიან.
მარნის მისამართი: ლაგოდეხის რაიონი, სოფ. ჭაბუკიანი
ტელეფონი: +995 595732525
ელფოსტა: winechabukiani@gmail.com
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100088910404999&mibextid
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი