გამოქვეყნებულია: 16 ივნისი, 2013 - 00:15
ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ "შამპანური" მხოლოდ და მხოლოდ ფრანგული ბრენდია და ამ სახელით შეიძლება მოვიხსენიოთ მხოლოდ ის ცქრიალა ღვინო, რომელიც შამპანში მოყვანილი გარკვეული ჯიშის ყურძნისაგან არის დაწურული. ადრე კი ჩინეთში "შამპანური" ერქვა არა მხოლოდ ყველანაირ ცქრიალა ღვინოს, არამედ ბევრ ისეთ ნივთს, რომელსაც ღვინოსთან არანაირი შეხება არა აქვს - მაგალითად, სანთლებს ან ძაღლის სათამაშოს. ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა და ჩინეთში "შამპანური" სავაჭრო მარკა გახდა, რომელიც პროდუქტს ადგილწარმოშობის მიხედვით დაერქვა. ჩინეთის ალკოჰოლური ბაზრის მარეგულირებელმა სამსახურმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც განმარტებულია, რომელი რეგიონია შამპანურის სამშობლო, რა ჯიშის ყურძნისაგან იწურება ეს ღვინო და რა მეთოდებით აყენებენ მას. საფრანგეთში, შამპანის ღვინოების მწარმოებელთა კომიტეტში (Comité Interprofessionnel du vin de Champagne) დიდი მოწონება დაიმსახურა ჩინეთის ხელისუფლების ასეთმა გადაწყვეტილებამ. კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჟან-ლუკ ბარბერმა კი განაცხადა, რომ ამით საფრანგეთისა და ჩინეთის მეგობრობა კიდევ უფრო გამყარდება. რუსეთი და აშშ კი სულაც არ ჩქარობენ შამპანურის ბრენდის დასაცავად რაიმე ზომებს მიმართონ. ჩინეთი მსოფლიო მეღვინეობაში საკმაოდ პერსპექტიული ქვეყანაა. ჯერ კიდევ 2003 წელს ჩინეთში მხოლოდ 75 ათასი ბოთლი შამპანური შეიტანეს, 2012 წლისთვის კი ეს რიცხვი 2 მილიონამდე გაიზარდა. ასე რომ, ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ ჩინეთი მეხუთე სახელმწიფოა, რომელიც ამ სასმელის გასაღების ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი