Home
ქართული | English
ივნისი 2017
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

მულტიმედია

კომენტარები

მივდივართ პიკნიკზე

 

კარგი განწყობა და სასიამოვნო კამპანია

ბელა ჩეკურიშვილი

თანამედროვე გაგებით, პიკნიკი შეიძლება განიმარტოს როგორც სასიამოვნო ექსკურსია - გასეირნება, რომელიც სუფთა ჰაერზე სადილობასაც გულისხმობს. ძირითადად იქ, სადაც თვალი ლამაზი ხედებით დატკბება, პარკში, ტბის ნაპირას, ან ქალაქგარეთ. პიკნიკის მოწყობა შეიძლება სახალხო დღესასწაულების დროსაც, როგორიცაა, მაგალითად, ქუჩის წარმოდგენები, თეატრალური პერფორმანსები და ასე შემდეგ.

ევროპაში ძირითადად საოჯახო პიკნიკები ეწყობა, ზოგჯერ - ინტიმური შეხვედრებისთვისაც. არსებობს დიდი პიკნიკები, კორპორატიული ანდა სტუდენტური, რომელიც ხშირად შამფურიანი მწვადების მომზადებას და ბარბექიუსაც შეიცავს.

რომანტიული და ოჯახური პიკნიკების ატრიბუტია საპიკნიკო კალათა და პლედი - დასაჯდომად ან წამოსაწოლად. სუფთა ჰაერზე ასევე მიღებულია მსუბუქი თამაშები და სხვადასხვა სახის თავშესაქცევი გასართობები.

არსებობს ისეთი პიკნიკებიც, სადაც ყოველი მონაწილე რაიმე საჭმელს ამზადებს საერთო სუფრისათვის. როდესაც სადილის გარეთ მომზადებას არ აპირებენ, მაშინ თან მიაქვთ ცივი კერძები, რის ჭამაც ჩანგლის გარეშეც შეიძლება: სენდვიჩი, ღვეზელი, ხილი, ცივი ხორცი, ძეხვეული. პიკნიკის განუყრელი ატრიბუტია გრილი ღვინო, შამპანური, ან რომელიმე სხვა ალკოჰოლური სასმელი.

სიტყვა “პიკნიკი” პირველად 1692 წლის ერთ ფრანგულ გამოცემაშია ნახსენები, სახელწოდებით Origines de la Langue Française de Ménage, სადაც ‘piquenique’ ნახსენებია როგორც უახლესი წარმოშობის სიტყვა. მაშინ ეს ტერმიმივდივართ პიკნიკზე კარგი განწყობა და სასიამოვნო კამპანია აპრილი 2009 მადიანი 49 ნი გამოიყენეს ხალხის იმ ჯგუფის აღსაწერად, რომლებიც სადილობდნენ რესტორანში და იქ საკუთარი ღვინო მიიტანეს. როგორც ჩანს, რესტორანში “ღვინის შეტანა” ქართველების მოგონილი არ ყოფილა.

ინგლისურ ტექსტებში კი ეს სიტყვა პირველად 1748 წელს გვხვდება, იგი ელეგანტური საზოგადოების სუფთა ჰაერზე სადილობას ნიშნავდა და არამცდაარამც არ იყო გაიგივებული მინდორში გლეხის სადილთან. ეს შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ნადირობის დროს შესვენებასთან, როგორც, მაგალითად, XVIII საუკუნის მხატვრის, ლემუანის ტილოზეა მონადირეების შესვენება ასახული.

ბეთანია

როდის შემოვიდა სიტყვა “პიკნიკი” ქართულ მეტყველებაში, ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ “ბუნების წიაღში” (დღეს ზოგიერთი პიკნიკს ხუმრობით ბუნწიაღში ქეიფსაც ეძახის) საქეიფოდ გასვლა ქართველებისთვისაც ოდითგანვე საყვარელი საქმიანობა რომ იყო, ამაზე გრიგოლ ორბელიანიც ამბობს თავის ცნობილ ლექსში “იარალი”: “ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს, ლხინით აღვსილნი ვსხდეთ ველსა მწვანეს, ჩვენებურადა, ძველებურადა, ვსვამდეთ, ვიძახდეთ, იარი- არალის!” და მოქეიფე თავადი აქვე ჩამოთვლის პიკნიკის ატრიბუტებს: ცეცხლზე მოშიშინე ჯეირნის მწვადს, კახურ ღვინოს, თევზსა და მწვანილს.

გრიგოლ ორბელიანი კოჯრის ნიავსაც ახსენებს, რაც იმის დასტურია, რომ ასეთი სუფრები ქალაქგარეთ იშლებოდა ხოლმე მწვანე მოლზე.

საპიკნიკოდ კოჯორზე არანაკლებ სასიამოვნოა ბეთანია. იქ შეგიძლიათ ოჯახთან ერთად ფეხითაც წახვიდეთ. სოფელ ახალდაბიდან მონასტრამდე ორიოდე საათის სავალია და გზა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ბავშვები არ დაიღლებიან. ახალდაბამდე ტრანსპორტით მიხვალთ, მერე კი გზა ტყეში შეგიყვანთ და მონასტრამდე ხან აღმართი შემოგხვდებათ, ხანაც ხეობა პატარა წყაროებით და ჩანჩქერებით. ბილიკები მარკირებულია, შესაბამისად დაკარგვის შანსი ძალიან მცირეა, ვერც კი შეამჩნევთ, როგორ ახვალთ მთაზე, საიდანაც ბეთანიის მე-12 საუკუნის მონასტერი გამოჩნდება.

მართლია, მონასტრის გარშემო კოცონს ვერ დაანთებთ, მაგრამ მოშორებით ნათელი ტყეებია, შეგიძლიათ, მდინარის ნაპირზეც ჩახვიდეთ. ეს მდინარე ვერეა, რომელიც ბეთანიაში გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე თბილისში, თუმცა სასმელად მაინც არ გამოდგება. სასმელი წყლის აღება მონასტრის ტერიტორაზე შეგიძლიათ.

ქართული პიკნიკების ტრადიციული საკვებია შემწვარი ქათამი და ხაჭაპური, რასაკვირველია, კარტოფილის ღვეზელები, ყველიც და მჭადიც და გრიგოლ ორბელიანის ნახსენები თევზი და მწვანილიც.

თუკი ბეთანიაში ფეხით გადაწყვეტთ წასვლას, ღვინის ბოცებით სიარული ცოტა მოუხერხებელი იქნება, ამიტომ სჯობს მცირე რაოდენობით სასმელს დაჯერება, მნიშვნელობა არა აქვს, კახურად დაყენებული რქაწითელი იქნება თუ თქვენი რჩეული ქართული ღვინის კომპანიის რომელიმე ღვინო. პიკნიკს კოცონი და ღვინო ძალიან უხდება, თუ სამწვადეს ვერ გასწვდებით, შეგიძლიათ სარდელი ან ძეხვი წამოაგოთ შამფურზე და ზედაც რამდენიმე ჭიქა ღვინო დააყოლოთ. მწვადთან, რა თქმა უნდა, წითელი ღვინო სჯობს, მაგალითად საფერავი. ღვინო ბავშვებსაც შეგიძლიათ დააგემოვნებინოთ, ჰემოგლობინის მოსამატებლადაც სასარგებლოა და მადაზეც მოიყვანს.

ბეთანიამდე მისასვლელი მეორე მარშრუტი თეთრიწყაროს რაიონის შესასვლელთან იწყება., ზუტად იქ, სადაც ტრაფარეტი ამ რაიონის საზღვარზე გვაუწყებს. მანქანით მისვლა მონასტრამდე შეიძლება, მაგრამ უფრო ქვევით ჩასვლა აღარ ღირს, გზა ხეობაში ჩადის და ხშირად უკან ამოსვლა ძნელდება ხოლმე. ამიტომ სჯობს საპიკნიკო ადგილი მონასტრამდე შეარჩიოთ და კოცონიც იქ დაანთოთ.

რა უნდა იცოდეს საპიკნიკოდ მიმავალმა:

1. გზა და ის მარშრუტი, რომლის გავლასაც ფეხით თუ მანქანით აპირებთ.

2. იქნება თუ არა იქ საპიკნიკო და საკემპინგე ადგილი, მოიპოვება თუ არა კოცონისათვის შეშა, იქნება თუ არა წყალი.

3. ამინდის პროგნიზი, რათა მშვენიერმა შხაპუნა წვიმამ ქალაქგარეთ თქვენი გასვლა ტალახიან ტურნედ არ აქციოს.

ჭილის ტბა

ქალაქგარეთ გასვლა მაშინ გვსიამოვნებს, როცა ცხელა, ხოლო ტყის ჩრდილი კი სიგრილეს გვპირდება. კიდევ უფრო სახალისოა საპიკნიკოდ წასვლა ტბის ან მდინარის პირას.

“ქართული სამოთხე” - მდინარეში გასაცივებლად ჩაგდებული ღვინის ბოცა, იქვე მოტივტივე საზამთროები, წყლის პირას დანთებული კოცონი, და სუფრის გარშემო შემომსხდარი ბიძიები საბჭოთა ეპოქოს შარჟად იქცა.

საოჯახო და ახალგაზრდული პიკნიკები დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება.

დედაქალაქის სიცხით შეწუხებულებმა შეგიძლიათ შემოდგომა- ზაფხულის უიქენდები ჭილის ტბაზე გაატაროთ და თუ თევზაობა გიყვართ, ითევზაოთ კიდეც.

ჭილის ტბაზე ფეხით ასვლა სოფელ თელოვანიდანაც შეიძლება და მუხათგვერდის სასაფლაოს გზითაც. ორივე შემთხვევაში 1 საათში ტბასთან იქნებით. მაღალი გამავლობის მანქანებით (2 და 3 ხიდიანი) ზედ ტბის ნაპირამდე შეიძლება მისვლა, თუმცა, კი გზა იმდენად ლამაზია, რომ ფეხით წასვლა სჯობს. გზადაგზა გრილი მუხის კორომები შეგხვდებათ და რაც უფრო ზევით ახვალთ, სულ უფრო ლამაზი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ. ტბის ერთ მხარეს გორაკია, რომელიც სოფელ თელოვანს ადგას თავზე, იქიდან ჩანს თბილისი და თუ ნისლი არ არის, კავკასიონის დათოვლილი მწვერვალების რკალი. ტბის მეორე მხარე წყნეთს, წოდორეთს, დიდგორისა და ძეგვის მიდამოებს გადაჰყურებს. ჭილის ტბას სამი მხრიდან წიფლისა და რცხილის ტყეები აკრავს - სასიამოვნო საბანაკე და საპიკნიკე ადგილები. ტბის მეორე მხარეს თუ გადახვალთ, მცხეთას დაადგებით თავზე, და იქვე ერთი ხელის გაწვდენაზე შიომღვიმეც გამოჩნდება. ასე რომ, შემეცნების თვალსაზრისითაც საინტერესო გასვლა გამოგივათ.

ჭილის ტბა ხელოვნურად შექმნილი საგუბარია, სადაც თელოვანელებს თევზიც ჰყავთ მოშენებული. სათევზაო სეზონი გაზაფხულიდან იწყება, ტბაში ბორანიც დადის, სათევზაოდ განწყობილებს თელოვანელი მეთევზეები ანკესს თქვენც გადაგაგდებინებენ (რა თქმა უნდა, ანკესი საკუთარი უნდა გქონდეთ).

კოცონს ტბის გარშემო ყველგან დაანთებთ, ფიჩხიც ბლომად მოიპოვება, და შეიგიძლიათ სამწვადესთან ერთად ერთად ტბაზე დაჭერილი თევზიც წამოაგოთ შამფურზე. სასამფურე მასალასაც იქვე იშოვით.

ტბაში ბანაობა თუ გინდათ, ცოტა ღრმად მოგიწევთ შესვლა, სასმელი წყალი კი სჯობს სახლიდან წაიღოთ, მართალია პატარა ნაკადულები შეგხვდებათ, მაგრამ სასმელად რამდენად ვარგისია, ვერ გეტყვით.

ჭილის ტბის მიდამოებში სეზონზე უამრავი სოკოა ტყეში, გზაზე კი იმდენი მარწყვი და მაყვალი შეგხვდებათ, შეგიძლიათ სახლიდან ხილის წაღებაზე არც იზრუნოთ. სამაგიეროდ, იზრუნეთ სამწვადე წინასწარ ჩააბასტუმროთ, ანდა, დილით ჰიპერმარკეტ “გუდვილში” შეიაროთ და უკვე გამზადებული იყიდოთ.

ქვათახევი

თბილისის მიდამოებში საპიკნიკე და საბანაკე ადგილებს რა დალევს, მაგრამ თუ გინდათ რომ შემოდგომას მუღამი გაუგოთ, ანუ, შემოდგომის ყველა ფერი ერთად იხილოთ და სამოთხისებური სიმყუდროვე იგრძნოთ, ზურგჩანთა უნდა ჩაალაგოთ, ზედ კარავი დააკრათ და მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად თუნდაც ქვათახევში წახვიდეთ, იქ სადაც მე-11 საუკუნის მამათა მონასტერია, და იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება.

ამისათვის კასპის რაიონს უნდა ეწვიოთ, სოფელი კავთისხევი გაიაროთ, და გზაში რა სიმღერაც იცით, ყველა ერთად იმღეროთ. მნიშვნელობა არ აქვს, იცით თუ არა სიმღერა, სმენა გაქვთ თუ არა, ირგვლივ ისეთი ფერებია, რომ მუსიკა თავისით გუბდება გულში და მერე ასევე თავისით იფრქვევა. სულ ერთია საკუთარი მანქანით წახვალთ თუ მინიბუსით, მონასტრის კარამდე უპრობლემოდ მიხვალთ. ტაძრის ჩუქურთმათა სილამაზე საქართველოში აბა ვის უკვირს, მაგრამ ქვათახევის ჩუქურთმათა სიუხვე იმითაც არის გამორჩეული, რომ არც ერთი მათგანი არ მეორდება.

მას შემდეგ კი, რაც სანთლებს დაანთებთ და ხიდზე გადმოხვალთ, ასიოდე მეტრში ისეთი ტყიანი მინდორი დაგხვდებათ, კარვის გაშლას არ დაელოდებით და წითელ- ყვითელ ფოთლებში პირდაპირ გაგორდებით. იქვეა წყარო და მდინარე კავთურა, ტყეში საკოცონე ფიჩხის მოძიებაც შეიძლება და თქვენ დიდხანს, დიდხანს იჯდებით კოცონის გარშემო.

იტყვით ყველა ქართულ სადღეგრძელოს, განსაკურებით გეყვარებათ ის ღვინო, რომელსაც დალევთ და ის მწვადი, რომელიც იქვე იშიშხინებს, და გეყვარებათ ერთმანეთი და შემოდგომის ის ლამაზი ორი დღე, რომელსაც ქვათახევის ოქროსფერ მდუმარებაში გაატარებთ.

იპოვეთ განსხვავება

რით განსხვავდება ქართული “ბუნებაში გასვლა” ევროპული და ამერიკული პიკნიკებისაგან? როცა ასეთ ულამაზეს ადგილებზე ვხვდებით, რატომღაც ძალიან ამაყად ვგრძნობთ თავს, რომ ეს ლამაზი ქვეყანა ჩვენია და რომ ჩვენ მისი შვილები ვართ, მაგრამ სადაც არ უნდა გავჩერდეთ, სილამაზესთან ერთად, რაც არანაკლებ მოგვჭრის თვალს, ეს ჩვენი წინამორბედების მიერ დაგროვილი ნაგავია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ნაგავი იმდენია, სუფთა ადგილის ძებნაში თითქმის მთელი საათი გადის...

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პოლიეთილენის მიწაში გახრწნას 300-400 წელი სჭირდება. ჰოდა, წარმოიდგინეთ, 300 წლის მანძილზე დაგროვილი პარკები, ბოთლები, ერთჯერადი ჭიქები და თეფშები და იქვე ხორნაბუჯის ციხე, შუამთის მონასტერი, ყინწვისის ტაძარი, კოჯრისა და ბეთანიის ტყეები...

 რა არის საჭირო პიკნიკისათვის

1. ცივი კერძები, რის ჭამაც ჩანგლის გარეშეც შეიძლება.

2. გრილი ღვინო, შამპანური, ან რომელიმე სხვა ალკოჰოლური სასმელი.

3. პლედი, წამოსაწოლად ან დასაჯდომად

რა არის აუცილებელი პიკნიკისათვის

1. განწყობა

2. სასიამოვნო კამპანია

3. მოხერხებული ფეხსაცმელი.

© ბელა ჩეკურიშვილი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.