Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აჭარის მეღვინეობის რაიონი

ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961) 
 
აჭარის ასსრ-ში შედის: ქობულეთისა და ბათუმის ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც მდებარეობენ შავი ზღვის სანაპირო ზონაში (ანუ ქვემო აჭარაში) და ქედის და ხულოს ადმინისტრაციული რაიონები მთის ზონაში (ანუ ზემო აჭარაში).
 
აჭარის ასსრ ტერიტორია მრავალი ქედითა და გორაკითაა დაფარული და დაღარულია დიდი და მომცრო მდინარეებით. ბუნებრივი პირობები, (ნიადაგები, ნალექები, ტემპერატურული რეჟიმი და სხვ.) მეტად ჭრელია. იგი მიეკუთვნება ტენიან სუბტროპიკებს. ზღვის სიახლოვის მიუხედავად მიკროკლიმატი ცალკეულ ზონებში ძლიერ ცვალებადია.
 
როგორც გადმოგვცემენ, აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობას ძველი დროიდანვე მისდევდნენ, მაგრამ XVII საუკუნიდან მაჰმადიანური სარწმუნოების გავლენით აიკრძალა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სმა, რომელმაც მევენახეობა თითქმის განადგურებამდე მიიყვანა. ამას თან დაერთო სოკოვანი დაავადებანიც. ამის შედეგად აქა-იქ შემორჩა მხოლოდ მაღლარი ვენახები და ისიც შემცირებული ფართობით, რომლის მოსავალს იყენებდნენ მხოლოდ უალკოჰოლო პროდუქციის სახით.
 
ამ მხარეში მევენახეობა-მეღვინეობის აღდგენა-განვითარება დაიწყო მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 1934 წლამდე აქ დაბლარი ვენახები არ იყო. 1934 წელს სოფ. ქედაში მოეწყო საცდელი ნაკვეთი, სადაც გაშენდა როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი ვაზის ჯიშები. ამ საცდელ-საჩვენებელი და სხვა ნაკვეთებიდან მიღებული შედეგები ნათლად მოწმობენ, რომ აჭარის მთელ რიგ მიკრორაიონებში წარმატებით შეიძლება მევენახეობისა და ხარისხოვანი მეღვინეობის წარმოება.
 
აჭარის ასსრ რაიონები შემდეგ სურათს იძლევა:
 
1. ქობულეთის რაიონი. მთისპირა ზონაში მევენახეობის თვალსაზრისით აღსანიშნავია ხუცუბან-კვირიკეს, ქაქუთ-აჭის და მუხაესტატე-ალამბარის ზონების შემდეგი მირკორაიონები: ჩაქვისთავი, ქაქუთი, აჭი, მუხაესტატე, ხუცუბანი, სამება, კვირიკე, ჩაისუბანი, ხალა, ალამბარი, სახალვაშო და აჭისთავი.
 
მეტწილად აქ დაბლარის სახით ცოლიკოურია გაშენებული. ნალექების დიდი რაოდენობა (2292 მმ წლიურად), გადაჭარბებული ტენიანობა, განსაკუთრებით სექტემბერში და ნიადაგში კალციუმის კარბონატების ნაკლებობა ღვინის ღირსებას ძალზე სცემს. შეიძლება დამზადდეს მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინოები.
 
ამ რაიონისათვის უფრო პერსპექტიულია სუფრის ყურძნის ჯიშები, რომლებითაც მომარაგებული უნდა იქნეს როგორც მოსახლეობა, ისე ახლომდებარე სანატორიუმები და კურორტები.
 
2. ბათუმის რაიონშიც დაბლარის სახით ვენახები გაშენებულია უმთავრესად მთისპირა ზონაში. გავრცელებულია მხოლოდ ცოლიკოური, რომელიც იძლევა მდარე ხარისხის ღვინოს, ყურძნის მწიფობის პერიოდში გადაჭარბებული ნალექებისა და არასასურველი ჰიდროთერმული კოეფიციენტის გამო. ამ ზონაშიც უფრო მეტად უნდა გაშენდეს სუფრის ყურძნის ჯიშები.
 
3. ქედის რაიონი როგორც ვენახების ფართობის მხრივ, ისე ღვინის ღირსებითაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია აჭარაში. აქ აჭარის წყლის ხეობაში არსებული ქედის მევენახეობის ზონაში კალციუმის კარბონატები ნიადაგებში მცირეა, მაგრამ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ვაზის სავეგეტაციო პერიოდში (V-IX თვეებში) ნორმალურია. ატმოსფერული ნალექებიც შედარებით მცირეა და ყურძნის მწიფობის პერიოდში ჰიდროთერმული კოეფიციენტიც დაბალი, რაც ხელშემწყობ პირობებს ქმნის საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად.
 
აქ უფრო მეტად გავრცელებულია დაბლარი ვენახების სახით იმერული ვაზის ჯიში – ცოლიკოური. ადგილობრივი ჯიშებიდან – საწური, მცირე რაოდენობით გავრცელებულია ჩხავერიც.
 
ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან, რომელნიც მაღლარების სახითაა გავრცელებული, მნიშვნელოვანია ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად: ბროლა, ხოფათური, ლივანურა, ცხენის ძუძუ, მეკრენჩხი, ბუტკო და სხვ. ქედის ადმინისტრაციულ რაიონში მეღვინეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: ქედა ზვარეს, დანდალი-ცხმორისის, ქედა-პირველი მაისის და მერისის ზონები.
 
4. ხულოს რაიონი მდებარეობს 1100 მეტრის სიმაღლეზე აჭარის წყლის ხეობის ზემო წელში. მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ხულოს რაიონი აჭარაში მეორე ადგილზე დგას. რაიონის ნიადაგების შედგენილიბა ვაზის კულტურისათვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ სავეგეტაციო პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (V-IX თვ.), რომელიც ფერდობებზე აღწევს 28000, საგრძნობლად შემცირებული ტენის ბალანსი და ყურძნის მწიფობის პერიოდში ჰიდროთერმული კოეფიციენტის ნორმალურობა (სექტემბერში 1,8 არ აღემატება) საშუალებას იძლევა ზოგიერთ მიკრორაიონში დამზადდეს საკმაოდ ხარისხოვანი ღვინოები. აქ დადებითი შედეგების მოცემა შეუძლია: ალიგოტეს, ჯავახეთურსა და ჭოდს. ამ რაიონში მნიშვნელოვანი ვაზის ჯიშებია აგრეთვე თეთრა, ცხენის ძუძუ, შავშურა, ქორქაულა, კოლოში, ღვანურა, ალმურა და სხვ.
 
ამგვარად, აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით მოწინავეა ქედის რაიონი, მას მოსდევს ხულოს რაიონი, ქობულეთისა და ბათუმის რაიონებში ვენახს ძლიერ მცირე ფართობი უკავია: ამ რაიონებში მევენახეობას მისდევენ მხოლოდ მთისპირა ზონაში. აჭარის დაბლობი ადგილები არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო მევენახეობისათვის არ არიან განკუთვნილი. აქ უფრო კარგი პირობებია სუბტროპიკული კულტურისათვის და კიდევაც როგორც გურიის, ისე აჭარის მთელ რიგ რაიონებში ამ კულტურებმა წამყვანი ადგილი დაიკავეს ზღვისპირის ზოლში და უფრო დაცულ ადგილებში.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული