Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახების აღწერა და ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პრესტიჟის საქმ

ალეკო ცქიტიშვილი

„ღვინო ვენახიდან იწყება“ - ამ სიტყვებს ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ ქართველი მეღვინეებისგან, უფრო მეტად - მცირე და საშუალო მარნების წარმომადგენლებისგან. თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ხარისხიანი ღვინო კარგი ყურძნისგან მიიღება და მევენახე მთელი წლის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს, სართვლოდ მარანში ისეთი კონდიციის მოსავალი მიიტანოს, რომელიც ღვინის დაყენებისას პრობლემას არ შეუქმნის. ამავე დროს, იგი დარწმუნებული უნდა იყოს დაკრეფილი ყურძნის ჯიშურ სიწმინდეში და ზუსტად იცოდეს, რა ჯიშის ყურძნისგან აყენებს ამა თუ იმ ღვინოს.

ჯერ კიდევ 5-10 წლის წინ ამ საკითხებს ქართული ღვინის მრეწველობაში დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ინერციით გრძელებოდა საბჭოთა პერიოდის ტრადიციები, როცა მთავარი იყო მოსავლის რაოდენობა და არა ხარისხი. ქარხნების უმეტესობას საკუთარი ვენახები არც ჰქონდა და მათი წარმოება მთლიანად საკოლმეურნეო ზვრებზე იყო მიბმული. დღეისათვის ვითარება დიდწილად გამოსწორებულია, მაგრამ მაინც შემოჩნდნენ ისეთი ქარხნები, რომლებიც საკუთარი ვენახების გაშენების საჭიროებას ჯერ კიდევ ვერ ხედავენ და მევენახე-გლეხების ვენახებში დაკრეფილ ყურძენზე არიან დამოკიდებული. თავის მხრივ, გლეხები დაინტერესებული არიან, ქარხნებს დიდი რაოდენობის ყურძენი ჩააბარონ და მეტი სარგებელი ნახონ. ამიტომ ვაზს გაზაფხულიდანვე ისე სხლავენ და წლის განმავლობაშიც ისე უვლიან, რომ ბევრი დაისხას და შემოდგომაზეც ბევრი, თუნდაც - ნაკლებად ხარისხიანი ყურძენი გაყიდონ.

არანაკლებ პრობლემატურია მევენახე-გლეხების ვენახების ჯიშური შემადგენლობა. ქართული მევენახეობის ჯიშური მრავალფეროვნება ბოლო ასწლეულში ძალიან დაკნინდა. კომუნისტური პერიოდის აგრონომებმა ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიშიდან მხოლოდ რამდენიმეს მისცეს გამრავლების უფლება, დანარჩენს კი მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებში მიუჩინეს ადგილი. პარალელურად, ათწლეულების განმავლობაში ვენახებში გავრცელდა სხვადასხვა საეჭვო ღირსების ჰიბრიდები, რომლებსაც მოვლა ნაკლები სჭირდებოდა, მოსავლით კი ტრადიციულ კულტურულ ჯიშებს აღემატებოდა. ვენახებში ასევე გამრავლდა სასუფრე ჯიშები, რომლებიც „მოსავლის გასაბევრებლად“ უფრო გამოიყენებოდა, ვიდრე დანიშნულებისამებრ.

საბოლოო ჯამში, მევენახეობის რეგიონებში მივიღეთ ორი-სამი დომინანტური ჯიში, კერძოდ: კახეთში - რქაწითელი, საფერავი და მწვანე კახური, იმერეთში - ცოლიკოური და ციცქა, რაჭაში - ალექსანდრეული და მუჯურეთული ან ძელშავი, ქართლში - გორული მწვანე და ჩინური. ვაზის სხვა ჯიშების ფართობები ათწლეულების განმავლობაში მცირდებოდა, მათ შორის - ისეთი ჯიშებისაც, რომლებიც შეტანილი იყო მეცნიერთა მიერ სამრეწველოდ რეკომენდებულ ჯიშთა ნუსხაში - ე. წ. ვაზის ჯიშების სტანდარტულსორტიმენტში.

„ნიკოლაძეების მარნის“ მეღვინეს რამაზ ნიკოლაძეს ვენახი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში აქვს გაშენებული. „ჩემს ვენახში დაახლოებით 1500 ძირი ვაზია, წამყვანი ჯიშებია ციცქა და ცოლიკოური. უმნიშვნელო  რაოდენობით შერეულია 2 წითელი და 2-3 სხვა თეთრი ვაზის ჯიში, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ დონდღლაბი უნდა იყოს, 1-2 ძირი კრახუნაც მაქვს და არის კიდევ ერთი ჯიში, რომელიც ღმერთმა უწყის, რა არის, მაგრამ მე ძალიან მინდა, კაბისტონი იყოს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, სპეციალისტმა რომ შეისწავლოს და მითხრას, რა ჯიშებია შერეული ჩემს ვენახში. რა თქმა უნდა, ჩემს ღვინოში წითელ ყურძენს არ ვურევ, ასევე - დონდღლაბს, რომელიც ცოლიკოურისა და ციცქას კრეფის პერიოდში უკვე გადამწიფებულია. 1-2 ძირ კრახუნას და მე რაც კაბისტონი მინდა იყოს, იმ ვაზის ჯიშის ყურძენს, ცოლიკოურთან ერთად ვწურავ. ვფიქრობ, ამით ღვინოში ცოლიკოურის ჯიშური სიწმინდე არ ირღვევა, რადგან 1 და 2 ძირი სხვა ვაზის ყურძენი ღვინოში ჯიშურ არომატებს ვერ შეცვლის“, - ამბობს რამაზ ნიკოლაძე.  

დღეისათვის კახეთში მევენახე-გლეხების ძველ ვენახებში ერთეული ეგზემპლარების სახით შეიძლება შეგვხვდეს ქისი და ხიხვი, მაგრამ ზოგჯერ ვენახის პატრონმა ამის შესახებ არაფერი იცის. იმერეთში ციცქა და ცოლიკოური ვენახებში ისე ქაოტურად არის შერეული, რომ ცალ-ცალკე მათ დაკრეფას მხოლოდ გამოცდილი მევენახე თუ შეძლებს. რაჭაში ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ვენახებში შერეულია ძელშავი. ღვინის კლუბის ერთ-ერთ დეგუსტაციაზე, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს, „ხვანჭკარას“ მიეძღვნა, ამ პრობლემაზე სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ მართალია, კომპანიების მიერ წარმოებული „ხვანჭკარა“ ბოლო წლებში დაავადებული და უშინაარსო აღარ არის, მაგრამ ჯიშური სიწმინდის გარეშე ეს ღვინო თავის სახელს ვერ ამართლებს და ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ფალსიფიკაციასთან.

„ამა თუ იმ კომპანიას როცა ხარისხიან ღვინოზე აქვს პრეტენზია, ხარისხი მარტო ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დაცვით არ განისაზღვრება. ჯიშური სიწმინდე ხარისხიანი ღვინის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. სამწუხაროდ, ისეთ ღვინოებში, სადაც მარტო ერთი ყურძნის ჯიშური თვისებები უნდა იგრძნობოდეს, ხშირად გვხვდება სხვა ჯიშების შერევით გამოწვეული მრავალფეროვანი ბუკეტი, რაც ამ ღვინოს მთლიანად უკარგავს თავის მნიშვნელობას“, - ამბობს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე.

ლევან უჯმაჯურიძის თქმით, დადგა დრო, ვიცოდეთ, რამდენი ჰექტარი ვენახი გვაქვს საქართველოში და ვაზის რა ჯიშებია გაშენებული ვენახებში. ვენახების აღწერა და ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პრესტიჟის საქმეა. ასევე, ახალი ვენახების გაშენებაზე როცა მიდგება საქმე, რეგიონებში უნდა არსებობდეს სერტიფიცირებული სანერგეები, სადაც მევენახისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამა თუ იმ რეგიონისთვის რეკომენდებული ვაზის ჯიშები. ჯიშურ სიწმინდესთან ერთად, დაცული უნდა იყოს ფიტოსანიტარული მდგომარეობა, რათა ახალი ვენახები ჯანსაღი და უვირუსო ნერგებით გაშენდეს.

ბოლო წლებში ბევრი ენთუზიასტი ცდილობს უსამართლოდ მივიწყებული იშვიათი ქართული ჯიშების ვენახის გაშენებას. მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან 3-4 წლის შემდეგ, როცა ახალშენი ვენახი დაისხამს, შეიძლება მოულოდნელად ხელში სრულიად სხვა ჯიში შერჩეთ. ღვინის კლუბისთვის ცნობილია  შემთხვევა, როცა მევენახე ენთუზიასტმა გურიაში ჩხავერის ვენახი გააშენა, მაგრამ სინამდვილეში ნერგები კაბერნე სოვინიონისა აღმოჩნდა. მევენახე იძულებული გახდა, მთელი ვენახი ჩხავერზე გადაემყნო. ამგვარად, მან დროც დაკარგა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ორმაგი შრომა და ხარჯი გასწია, რომ სასურველი ჯიშის ვენახი ჰქონოდა.

ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა მევენახე გლეხები ერთი და იგივე სახელით ორ სხვადასხვა ჯიშს მოიხსენიებენ. ასეთი შემთხვევა აღწერილი აქვს ამპელოგრაფ მაქსიმე რამიშვილს თავის ნაშრომში „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“: „სოფელ დაბლაციხესა და გორა-ბერეჟოულში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე გავრცელებულია ვაზის ჯიში „ოჯალეშის“ სახელწოდებით. ჩვენს მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებულ დაკვირვებათა შედეგათ დადასტურდა, რომ იგი არაიდენტურია მეგრული ოჯალეშისა, როგორც ბოტანიკური თვისებებით, ისე აგრეთვე აგრობიოლოგიური და სამეურნეო-ტექნოლოგიური თავისებურებებით“.

სპეციალისტების ინფორმაციით, კახეთში რქაწითელის ვენახებში ყველაზე ხშირად გვხდება მწვანე კახური, ბუერა და სხვა უცნობი ჯიშები, რომელთა დიდი ნაწილი სასუფრეა, ნაწილი კი - მეღვინეობისთვის გამოუსადეგარი ჰიბრიდი. ასევე შეიძლება შეგხვდეს წითელყურძნიანი ჯიშები - საფერავი და სხვა, რომლებსაც რთველის პერიოდში გლეხები, როგორც წესი, რქაწითელში დაუფიქრებლად ურევენ და საწარმოებს ისე აბარებენ. საფერავის ვენახებში ასევე ხშირად არის შერეული წითელყურძნიანი სასუფრე ჯიშები, სხვადახვა ჰიბრიდები და ზოგიერთი უცნობი უცხოური ან ადგილობრივი კულტურული ჯიშიც: კაბერნე, მერლო, პინო, საფერავი ფაჩხა, ბუდეშურისებრი საფერავი, საფერავისებრი თავკვერი, თავკვერი პატალანთეული და სხვა. იმერეთში ციცქასა და ცოლიკოურის ვენახებში ჰიბრიდებისა და გაურკეველი სასუფრე ჯიშების გარდა, შერეული სახით გვხვდება: კრახუნა, დონდღლაბი, კუნძა, კაბისტონი, კაბისტონი წიწილიანი და სხვა ჯიშები.

„ყველა ამ ჯიშს, ცალკე აღებულს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ვაზის ქართული ჯიშების შესწავლის თვალსაზრისით, ისე მეღვინეობაში. მაგალითად, ცნიბილია, რომ კრახუნასგან ცალკე დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თუმცა, როცა ეს ჯიშები ამა თუ იმ ღვინოში არეულია ისე, რომ ეტიკეტზე ამის შესახებ მითითებული არაფერია, ეს უკვე დაუშვებელია“, - ამბობს ლევან უჯმაჯურიძე.

ვენახების ფართობების აღწერისა და ჯიშური შემადგენლობის შესწავლის პრობლემაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ რადიო „ცხელი შოკოლადის“ გადაცემაში „ღვინის გზამკვლევი“. მისი თქმით, სახელმწიფოს როცა ეცოდინება, რომელ რეგიონში რა ფართობზე რა ვაზის ჯიშის ვენახია გაშენებული, ბაზარზე ნებისმიერი გადამეტებული რაოდენობის ღვინის გამოჩენა საეჭვოდ იქნება მიჩნეული. ასე რომ, ამ გზით ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლაც გაიოლდება.

რა თქმა უნდა, საქართველოს ვენახებში არსებული ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია და აღწერა ერთი და ორი დღის საქმე არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის სწორად წარმართვას, რაც გარკვეული მეთოდოლოგიის შემუშავებას და შესაფერისი ადამიანური რესურსის გამოყენებას გულისხმობს. სახელმწიფო თუკი ამ პროცესს 2013 წლიდან დაიწყებს და სწორად ჩაატარებს, რამდენიმე წელიწადში უკვე გვექნება ზუსტი პასუხი კითხვაზე - რა ფართობზეა ვენახები გაშენებული და ვაზის რა ჯიშები გვაქვს ამა თუ იმ რეგიონში.

© ღვინის კლუბი/Weekend



მე მიმაჩნია რომ ორი ან სამი ჯიშის შერევით უფრო დახვეწილ, მდიდარ ბუკეტს მივიღებთ ვიდრე ერთი სახეობის ყურძნისგან დაყენებული ღვინით


გთხოვთ მომაწოდოთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების დასურათებული სია, რათა ამოვიცნო ისინი მათ ფოთოლზე დაკვირვებით. ან მაპოვნინეთ ისეთი სახელმძღვანელო, სადაც დეტალურადაა აღწერილი ისინი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული