Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვახტანგ ფაღავა, ბიჭების მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (25)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ბავშვობის სამ მეგობარს, ვახტანგ ფაღავას, ირაკლი გავაშელს და შოთა იაშაღაშვილს გვქონდა ინტერესი თბილისიდან მოშორებით, ბუნების წიაღში გვეცხოვრა და საკუთარი მეურნეობა შეგვექმნა. ღvino Underground-ში ხშირმა სტუმრობებმა შთაგვაგონა დაგვეყენებინა ჩვენი ნატურალური ღვინო. 2013 წლის დეკემბერში შევიძინეთ 15 რიგი რქაწითელის ვენახი და ნახევარი ჰექტარი ატმის ბაღი სოფელ წინანდალში და გადავწყვიტეთ მარნის დაარსება. სოფელ ართანაში სტუმრობისას ჩვენს მეგობარ კახა ბერიშვილთან, მოვიხიბლეთ ართანის ბუნებით და სახლისა და მარნის აშენება ართანაშივე გადავწყვიტეთ. 2015 წლის ზაფხულში შევიძინეთ 10 ტონის ქვევრები სოფელ ტყემლოვანაში და დავიწყეთ მარნისა და სახლის მშენებლობა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

დღეს საკუთარი სახსრებით ვაგრძელებთ ართანაში, მარანთან ახლოს ვენახების შეძენას, მათ ორგანულ პრონციპებზე გადაყვანას და ახალი ვენახების გაშენებას. 2016 წელს ართანაში შევიძინეთ 30 რიგი რქაწითელი. გამოყვანილი გვაქვს 2000 ძირი ვარდისფერი რქაწითელი, რომელსაც 2017 წლის თებერვლიდან ართანაში გავაშენებთ, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ 2000–2000 ძირი ქისისა და ხიხვის გაშენებას. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ადგილობრივი ძირძველი ჯიშების გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ღვინო დავაყენოთ მხოლოდ ჩვენივე ვენახში მოწეული ყურძნისგან. ჩვენს ვენახებს ჩვენ თვითონვე ვამუშავებთ ორგანული პრეპარატებით და ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ სასუქებს, ნიადაგში ცოცხალი ციკლის შესანარჩუნებლად. ღვინოში არ ვიყენებთ გოგირდს, რაც რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რათა ღვინომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს ტერუარი, ჩვენი ხასიათი და დამოკიდებულება სამყაროსადმი.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ჩვენი პირველი ღვინო იყო 2014 წლის რქაწითელი, 200 ბოთლი. (სოფ. წინანდალი, წყაროების ზვრები). მცირე რაოდენობით გაიყიდა ღvino Underground-ში, ახალი ღვინის ფესტივალზე და უცხოელი ნეგოციანტების დახმარებით ლუარის რეგიონშიც მოხვდა. იგივე ნეგოციანტების თხოვნით 2015 წლის რქაწითელი (სოფ. წინანდალი, წყაროების ზვრები) ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის წასახალისებლად მოწყობილ დეგუსტაციაზე გაიგზავნა ქალაქ ბორდოში. ჩვენი ღვინოები ძირითადად იყიდება ადგილობრივ ბარ–რესტორნებში: ღvino Underground, აზარფეშა, პაპრიკა, ამორამე, ეზო.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი კომპანიის "ბიჭების ღვინო"–ს 2015 წლის რქაწითელი გავიდა ექსპორტზე ამერიკაში და ასევე ინტერესი გამოიჩინეს იაპონელმა და ევროპელმა ექსპორტიორებმა, რომლებთანაც ურთიერთობას მომავალში ვიმედოვნებთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ვენახების, მიწის, ნერგების ფასების სწრაფი ზრდა, ფინანსური სახსრების სიმცირე. ადგილობრივი პროფესიონალი მუშახელის დეფიციტი და ხშირად არარსებობა. ქვევრების არასანდოობა. ტექნიკის (ტრაქტორი თავისი საწამლი და სათიბი დანადგარით) არქონა. ვენახის დაუცველობა, რადგან გვქონდა შემთხვევა, როცა საფერავის თითქმის მთლიანი მოსავალი მოგვპარეს. სახელმწიფოს მხრიდან ორგანული მეურნეობების არწახალისება და ამავე დროს შხამქიმიკატებით გაჯერებული ყურძნის მოსავლის დოტაცია. მცირე მოსავლიანობა, რაც წელს განპირობებული იყო არაადეკვატურად გაზრდილი ჭრაქიანობით.

რეალურად ქართული ღვინის ნამუსი და უცხოეთში გაზრდილი ცნობადობა დგას არა ქვევრის ღვინოზე, არამედ ქვევრის ნატურალურ ღვინოზე. ვენახში ორგანული წესით დამუშავებულ ყურძენზე და ამავე ყურძნით ქვევრში ნატურალურად დაყენებულ ღვინოზე. რადგან ჩვენთვის ღვინო ვენახიდან იწყება, წარმოუდგენლად მიგვაჩნია სისტემური შხამქიმიკატებით გაჯერებული ყურძნისგან, ქვევრში ან რაიმე სხვა ჭურჭელში დაყენებით, საინტერესო და ცოცხალი ღვინო მივიღოთ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის ჩვენი აზრით აუცილებელია სახელმწიფომ დააფინანსოს მოსწავლეების და სტუდენტების ღვინის ტურები სხვადასხვა მევენახე–მეღვინეებთან, რათა მათ უკეთ და ახლოს გაიცნონ ღვინის დაბადების მთლიანი ციკლი, ვენახიდან მარნამდე.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე–მეღვინეებს ვურჩევთ დიდი დრო გაატარონ ვენახში და იზრუნონ ძირძველი ქართული საღვინე ჯიშების აღდგენა–მოშენებაზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული