Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სავენახე ადგილის შერჩევა

ლ.ვ. ჯორჯაძის წიგნიდან “მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება...” ტფ. 1876. 

აღმორჩევა სავენახე მამულისა ვაზის საზრდელათა და კარგი თვისების ღვინის მოსაცემათა
 
ვაზისათვის სავენახე ადგილი უნდა აღმოარჩიოთ, იმისთანა მდებარეობისა, რომელიც იყოს მაღლობ გორაკ ადგილზედ, და ჰქონდეს ცოტა გვერდობი მიმართული და საქანი მხარე სამხრეთისაკენ ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, (к югу или на юго-восточном склоне) და მაღლობი ფერდა შესდევდეს ჩრდილოეთის მხარეს, ამისათვის რომ, მზე ფერდობს ადგილს უფრო კარგათ დაჰყურებს, ვიდრე ვაკესა, მეტადრე სამხრეთის სხრიდამ; რადგან ამ მხარედამ მზე მთელი დღე დაჰყურებს დედა მიწასა და უფრო პირდაპირ გვერდობიან ადგილსა. - ამას გარდა გვერდობი ადგილი სავენახეთა, იმისათვის არის კარგი, რომ ავდრიან დღეშია წვიმის წყალი მაღლობიდამ გვერდობზედ თავქვე წამოვა და ზედ ვენახზედ და ის წყალი თან წამოიღებს შორიდამ მაღალ გორაკიდამ სხვა და სხვა ვაზისათვის სასარგებლო მინერალის საგნებსა ანუ ლექებსა, ესე იგი სხვა და სხვა ქვიშასა, მცენარისასა და ქვის ნამტვრევის ფერფლებსა, რომლებიც დარჩება ვაზებშია და გარდაიქცევა სასუქად, რომლებიც ფრიად მოუხდება ვაზსა. ამასთან გორაკიან ადგილში ბევრი სხვა და სხვა ჭიაღუა და მიწის ცხოველი იცის, რომლებიც იქვე იკვებება, კანს იცვლის და იქვე იხოცება და მით ასუქებს დედა მიწასა. ამ ზემორე აღწერილ პირობების გარდა, სავენახე ადგილი უნდა იყოს, ცხელი ჰაერიანი მდებარეობისა და არ უნდა ჰფარამდეს მას ჩრდილები: გორისა, ანუ ტყის; ასე რომ დილით მზე ამოვიდეს თუ არა, მაშინვე უნდა მიადგეს სიცხელე და სხივი მისი ვენახსა, და დაჰყურებდეს ჩასვლამდისა, ხოლო რასაკვირველია რომ, ნიადაგიც უნდა შეიცავდეს მინერალის საგნებსა.
 
სასარგებლო წლის ჰავა და ჰაერი ვენახისათვის და ეგრეთვე მავნებელი წლის ამინდი
 
ვენახსა უხდება, აი როგორი წლის ამინდი: ზამთარი უნდა იცოდეს დიდ თოვლიანი და ხანგრძლივი ნოტიო. ხოლო დიდი ყინვები და ცივი ქარები და ჭირხლი არუნდა იცოდეს, ამისათვის რომ ჭირხლმა ვაზის გსხმობა იცის და სხვა და სხვა სნეულების გაჩენა, ერთი სიტყვით ყურძნის მოსაწევათა არის კარგი დიდი ზამთარი და ცხელი ზაფხული. გაზაფხული უნდა მოდიოდეს ადრე ესე იგი მარტის ნახევრიდამ. ასე რომ, მარტის გასულს ვაზის კვირტი გამოსული იყოს, ამასთან გაზაფხულზედ ვაზის აყვავებამდის, ხშირი წვიმები უნდა მოდიოდეს რადგან ვაზი მაშინ იზრდება და იკეთებს შტოებსა, და შემდეგ კი უკეთუ ვაზის ყვავილობაში ხშირმა წვიმებმა მოუნიჟა, უთოეოდ ვაზსა ყვავილს გააყრევინებს და მით მტევნების მარცვალს შეათხელებს, ეგრეთვე, ყვავილობაში უკეთუ ქარებს დაიწყებს, ესეც გააყრევინებს ყვავილსა და აღარ მოასხმევინებს ყურძენსა. რაკი სულ გამოინასკვება ყვავილიდამ ისერიმის მარცვალი, მაშინ საჭირო არის ვაზისათვისა ხშირი წვიმები, ვიდრემდის თვალი შევა ყურძენშია, ამისათვის რომ, ყურძნის მოწევამდე, წვიმისაგან ისვრიმის მარცვალი კარგათ დამთავრდება და როდესაც ყურძენი მოიწევა მაშინ საჭირო არის ხანგრძლივი დარები და მზის სიცოცხლე, რომლისაგამო ყურძენი კარგათ მოიწევა და დაშაქრდება. როდესაც ყურძენი მოიწევა, უკეთუ მაშინ ხშირი წვიმები დადგება რთელამდისა, ყურძენს დაჰხეთქამს და დაალპობს, ეგრეთვე უკეთუ რთელამდის ყურძენს კარგი დარები ადგას და რთელის დროსა ხშირმა წვიმამ მოუნიჟა, ყურძენს დაჰხეთქამს და უფრო წაახდენს, რადგან კარგათ მოწეული იქნება. ამ მიზეზებმა იცის ჭაჭის წახდენა და ღვინის ამღვრევა და გადაბრუნება. ზაფხულში ვენახსა ნიავი უნდა უვლიდეს, ამისათვისა - ვენახი თუ ხევის პირზედ იქმნება და მაღლობ ადგილზედ კარგია, რადგან ხევმა ზაფხულში გრილი სიო და ნიავი იცის ღამე, ხოლო ვენახი არ იყოს დაბალ ადგილში, შიგ ხევში წყლის რუის თანასწორ პირათა სიმაღლით.
ამგვარი ადგილის ვენახში, ყურძენიც ადრე და კარგათ მოიწევა და ღვინოც კარგი დადგება უკეთუ კარგი ამინდი დაადგება ვენახსა. და თუ მომეტებულად ჩრდილი ედგება ვენახსა, ან ადგილი იქმნება გრილი ჰაერიანი ანუ მაღალ გრილ გორაზედ ანუ მახლობლად დიდი მაღალი მთებისა, სადაცა თოვლი დიდ ხანსა ძევს და იმის გამო იქ გრილი ჰაერი ტრიალებს, მაშინ იმ ვენახის ყურძენი, გვიან მოიწევა და მჟავე ღვინო დადგება, ერთი სიტყვით, ზემორე აღწერილ პირობებთან, ვენახი უნდა მდებარეობდეს, ცხელ ჰაერიან ადგილში და ზაფხულში ხშირი ნიავი უვლიდეს, ხოლო არ იცოდეს დიდი ქარები.
სადაც გრილი ადგილი და კაცისათვის კარგი გასაძლისი ჰავა იცის, იმ ადგილისა, იშვიათად დადგება კარგი ღვინო, მომეტებულათ კარგი ღვინო დგება იმ ადგილასა, სადაც არ იქნება კაცისათვის კარგი გასაძლისი ჰავა და იქმნება ცხელი ჩოლი ჰავა; ხოლოთ თუ ვენახი იქმნება მაღლობ ადგილზედ ანუ მინდვრათ და არ იქმნება დაბლობ ჩავარდნილ ანუ ჭაობ ადგილში, და მეტადრე თუ ზაფხულში მთის წმინდა ჰაერი და ნიავი არ მოხვდა, იმ გვარ ადგილის ღვინო თუმცა პირველში მაჭრობის დროს კარგი დადგება, მაგრამ ბოში და ფშის წყალივით დუნე მომბალი ღვინო იქმნება, არ ექმნება მარახოშობა და სასმელათაც მძიმე იქმნება, და რა გაუზაფხულდება ამ გვარ ღვინოსა, აპრილის გასვლამდე შეიცვლება და არც უპირველესი თავი ღვინო დადგება.
 
მინდვრის ვაკე მდებარეობის ვენახი
 
 შემდეგ ამ ზემორე აღწერილისა, (სტატია 34) სავენახე ადგილისა არის კარგი მინდვრის ვენახი ვაკე მდებიარებისა, ხოლო თუ არ იქმნება იგი დაბლობ ჩავარდნილ ადგილში ანუ თუ არ იქმნება იმის დედამიწის ქვენიადაგსა ანუ ზემო ნიადაგსა ჭაობი: ფშისა, ანუ წყაროებისა, რომლებიც ზამთარში თბება და ზაფხულში ცივდება და ამასთან მზე მთელი დღე უნდა კარგათ დაჰყურებდეს ვენახსა და არა ჰფარამდეს ჩრდილი და ან არ იყოს ჩოლი ბალტუმი ადგილი. ამ გვარი ადგილის ვენახსაც კარგი ღვინო დადგება თუ ვაზისათვის საზრდელი დედა მიწა ექმნება იმ ნაწილებისა რომლებიცა სწერია ამ წიგნის 9 და 42 სტატიებში და იქმნება ვენახის მდებიარობა ცხელ ჰაერში და ზაფხულში ექმნება ნიავი.
 
დაბლობი და ჭაობი ადგილის ვენახი
 
დაბლობი და ჭაობი ადგილის, არ არის კარგი სავენახეთ, მეტადრე თუ ქვენიადაგსა ექმნება წყაროები ანუ ფშის წყლები. ამისთანა ადგილებშია თუმცა იხარებს ვაზი, მაგრამ მალე არ გაიზდება და ყოველ ზამთარსა რქა გაუხმება და ხან და ხან ვაზი ძირამდისაც გახმება ძრიელ ცივ ზამთარშია, გაზაფხულზედ კი თუმცა ძირიდამ კიდევ ამოიტანს ახალ შტოსა, მარამა, ყურძენს ვერ დაისხამს, ამისათვის რომ ის შტოები სანამ გაიზდება და დამსხვიედება დასასხმელად ყურძნისა, მეორე ზამთარში ისევ სხვა ახალ შტოებს ამოიტანს, ერთი სიტყვით, ჭაობი ადგილის ვენახმა ზამთარში ვაზის ხმობა იცის და ნაცრის სნეულება ხშირათ, ეგრეთვე მინდვრის ვენახმა, უკეთუ მას ექმნება საითმე ნოტიოს სიო ქვენიადაგიდამ ანუ ზემო ნიადაგიდამ და ან თუ ექმნება მახლობლად ვენახსა მდინარე: ფშები ანუ წყაროს წყლებისა, რომლებიც ზამთარში თბება, ამისათვის რომ იმ თბილი წყლების სიო და ორთქლი, ზამთარში ვაზის რქას ედება და ზედ ცივი ყინვა რომ დაჰკრამს ღამე, ჭირხლად დაედება ვაზსა, ზედ შეჰყინამს ღამე და მით გაახმობს ვაზსა ანუ იმის რქებსა.
 
ვენახის მდებიარობა მარტივად
 
ვენახი უნდა იყოს მარტივა, არ უნდა ჰქონდეს მახლობლად ანუ გარეშემო ბევრი სხვა ვენახები ანუ ტყეები, ამისათვის რომ, ყოველს ჰაერის სიკეთესა, რომელსაც საჭიროებს ვაზი და იმისი ფოთოლი, მარტო ერთი ვენახის ვაზი და ფოთოლი უნდა სარგებლობდეს და იზრდებოდეს ჰაერის ქვეშე, თორემ, თუ ვენახს ექმნება მახლობლად ბევრი სხვა ვენახები ანუ ტყეები, მაშინ ისინი ერთი ვენახისათვის ჰაერის ძალას ანაკლულებენ და ამასთან ჩრდილსა და სიგრილეს მიაყენებენ ფოთლების სიოსაგან.
ამას გარდა, ერთს ადგილსა ძალიან დიდი ვენახი არ უნდა გააკეთოს კაცმა, ისევე სჯობია რომ დიდი ვენახი არ იყოს და იქონიოს სხვა და სხვა ადგილებშია ორი ანუ სამი ვენახი, უკეთუ კეთების შეძლება ექმნება პატრონსა, რადგან დიდ ვენახსა ერთი კაცი მოუნდება თვალ-ყურის საჭერათა და პატარა ვენახებზედ სხვა და სხვა ადგილსა სათითაო კაცი მოუნდება, სხვა და სხვა ადგილს ვენახი იმისთვის არის სასარგებლო, რომ ციდამ სეტყვამ ანუ წლის ამინდმა თუ წაახდინა ვენახის მოსავალი, მაშინ მეორე ანუ მესამე ადგილის ვენახი მაინც გადაურჩება წაუხდენელი, დაერთს ადგილს კი რომ დიდი ვენახი მოუცდეს, იმის მოუსავლობა დიდ ზარალს მისცემს პატრონსა. - ზაგრანიცაში, უკეთუ ვენახი დაისეტყვა, იმის პატრონი ზარალში არ შევა, ამისათვის რომ, იქ ვენახებსა სტრახოვანია აძევს, ისე როგორც ჩვენში სახლებსა ცეცხლისაგან დაწვაზედ და ამ სტრახოვანიის საზოგადოებიდამ მიიღებს პატრონი ღირებულ ფასსა თავის ზარალისას.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული