გამოქვეყნებულია: 11 ნოემბერი, 2009 - 15:30
10 ნოემბერს „კავკასიურ სახლში“ „ღვინის კლუბის“ მორიგი ლექცია–სემინარი მიეძღვნა „იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისა და ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების” თემას. ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ მევენახეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების გამრავლების პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი ლექცია ასევე ეხებოდა ქართულ სამრეწველო და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების, კლონების, საბაზისო სადედეების გაშენების აუცილებლობას, სერტიფიცირებული სარგავი მასალის საწარმოებლად.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის ვენახების საერთო ფართობი 40 000 ჰექტარს აღწევს, რაც 20 წლის წინანდელ მონაცემებზე სამჯერ ნაკლებია. არსებული ვენახების უმეტესობა ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს. ამ ამოცანის შესრულებას კომპეტენტური მეცნიერების ჩარევა და ჯანსაღი სანერგე მასალა სჭირდება.
„ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის“ მიზანია ქართული ვაზის გენოფონდის შენარჩუნება, ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების სამრეწველო პოტენციალის შესწავლა და გამრავლება. ცენტრის საკოლექციო ნაკვეთში ამჟამად დაცულია ვაზის 400–ზე მეტი ქართული ჯიში. ხოლო საბაზისო სადედეები გაშენებულია ქართული და ინტროდუცირებული სამრეწველო ვაზის სანამყენე და ფილოქსერაგამძლე საძირე, საბაზისო სარგავი მასალებით. მათი გამოყენებით შემდგომში შესაძლებელია სერტიფიცირებული ნამყენი ნერგების წარმოება.
საგურამოს უნიკალური კოლექცია მეცნიერთა თავდადებული შრომისა და კვლევა–ძიების შედეგია. 125–მდე ვაზის ქართული ჯიში მოძიებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, იალტისა და კიშინიოვის სამეცნიერო ინსტიტუტების კოლექციებში - მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ საქართველოში ეს ჯიშები აღარ არსებობდა. მეცნიერებმა ეს მივიწყებული ჯიშები სამშობლოში დააბრუნეს, როგორც ეროვნული საგანძური. კვლევა–ძიება გრძელდება. სულ ცოტა, კიდევ 100 ჯიშია მოსაძებნი, რომლებიც გასულ საუკუნეში ამპელოგრაფებმა აღწერეს. წინასწარი მონაცემებით, ცენტრისთვის საინტერესო ზოგიერთი ქართული ჯიში დაცული უნდა იყოს ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთებშიც.
„ჩვენი ძირითადი მიზანია, დავაკმაყოფილოთ ის მევენახეები და ნერგის მწარმოებლები, რომლებიც ვაზის ჯანსაღი სარგავი მასალის გამოყვანით არიან დაინტერესებული. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი უნიკალური ქართული ჯიშების შენარჩუნება და სამრეწველო მიზნებისთვის მათი გამოყენება. ცენტრის განკარგულებაშია სარგავი მასალის წარმოებისათვის აუცილებელი თანამედროვე სამყნობ–სასტრატიფიკაციო კომპლექსი, მაცივარი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები და კომუნიკაციები. საბაზისო სარგავი მასალები, რომელთაც ჩვენ ნერგის მწარმოებლებს გადავცემთ, ყოველმხრივ ჯანსაღია და იდენტიფიცირებულია, განსხვავებით იმ ნერგებისგან, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კუსტარულად აწარმოებენ და ყიდიან“, - აღნიშნა საუბრისას ლევან უჯმაჯურიძემ.
მისივე თქმით, ჯანსაღი, უვირუსო ვაზის ნამყენი ნერგების გაშენება მნიშვნელოვანია ქართული მეღვინეობისთვის, რომელიც რუსეთის ემბარგოს შემდეგ უფრო რთულ ბაზრებზე ცდილობს დამკვიდრებას. ევროპისა თუ აშშ–ის ბაზარი მეღვინეებისგან პირდაპირ მოითხოვს, ყურადღება გამახვილდეს ხარისხობრივ მაჩვენებელზე და არა რაოდენობაზე. ამ მხრივ, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს უნიკალური თვისებების ქართულ ჯიშებს.
„მალე ქართულ სამრეწველო სორტიმენტში წარმოდგენილი ვაზის ჯიშების გვერდით საპატიო ადგილი შეიძლება დაიკავოს მივიწყებულმა ქართულმა ჯიშებმა, რომელთა სამრეწველო პოტენციალი აქამდე შეუსწავლელი იყო. ასეთი ჯიშები, საბედნიეროდ, საქართველოს ყოველ კუთხეში მოიძებნება. ფაქტობრივად, ყველა კუთხეს აქვს თავისი განძი. ამჟამად ხდება მათი შესწავლა და საზოგადოებისთვვის გაცნობა“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი