"ენოთეკა” თავისი შინაარსითა და მიზანდასახულებით ღვინის წარმოების ერთგვარი სიძველთსაცავია. ასახავს მის ისტორიას წლების, ტიპებისა და ხარისხოვნების თვალსაზრისით. ამგვარად, "ენოთეკა” ღვინოების ერთგვარ მუზეუმს წარმოადგენს, ხოლო იქ განთავსებულ "საკოლექციო ღვინოებს” გააჩნიათ სამეცნიერო, სარეკლამო, კომერციულ და სამუზეუმო ღირებულებები.
ენოთეკებსა და საკოლექციო ღვინოებს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვთ - გვიყვებიან თავიანთ ისტორიას, გადავყავართ იდუმალ სამყაროში, ქმნიან რომანტიკულ განწყობას. ღვინის მოხმარებაც ძალიან პირადულია და გარკვეულწილად ეროვნულ ტრადიციებს, გემოვნებასაც გამოხატავს. ინგლისელები საკმაოდ ასაკოვან ღვინოებს გამოიყენებენ, ამერიკელები, ფრანგები კი ბევრად, ათი-ოცი წლით უფრო ახალგაზრდას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ისახება საკოლექციო ღვინოების წარმოების უმთავრესი დანიშნულება: სამეცნიერო კვლევა-ძიება ღვინოების სიცოცხლიუნარიანობის დადგენის თვალსაზრისით, საიდანაც უშუალოდ გამომდინარეობს საკოლექციო ღვინოების წარმოების ერთ-ერთი მიზანდასახულებაც - ღვინოების კომერციის მიზნით გამოყენება. საკოლექციო ღვინოების კომერციული თვალსაზრისით წარმოებას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, თუმცა გამომდინარეობს ამა თუ იმ ღვინოების ხანგრძლივი შენახვისას მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების მეცნიერული შესწავლის შედეგებიდან სარეალიზაციოდ განსაზღვრული ღვინოების ხნოვანების, მომხმარებლის გემოვნებისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით.
საქართველოს საკოლეციო ღვინოების ფონდის არსებობა ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის მაღალი კულტურის დასტური გახლავთ. არსებული ენოთეკები, სადაც ინახება ათასობით ბოთლი სხვადსხვა ტიპის ღვინო, წარმოადგენს მეღვინეობის ეტაპობრივი აღორძინების უნიკალურ ბაზას, კვლევის უმნიშვნელოვანეს ობიექტს.
თბილისის I ღვინის ქარხნის ენოთეკა ფასდაუდებელი საგანძურია, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. აქ თავმოყრილია 135 000 ბოთლი, 1700 დასახელების-სუფრის, მაგარი და სადესერტო ღვინოები, არაყი, ლიქიორი, შამპანური და კონიაკი. აქ არის 1790 წლის ჩამოსხმის პოლონური ლიქიორი, 1806 წლის უნგრული ღვინო, 1811 წლის ჩამოსხმის ნაპოლეონის სარდაფის კონიაკი, ძველი აფრიკული ღვინოები - 1747 წლისა და არაყი - 1717 წლის. "წინანდალი” - 1899 წლისა, "ნაფარეული” - 1909 წლისა, "მწვანე” - 1938-39 წლისა, "ცოლიკოური” - 1939 წლისა, "წინანდალი” (წითელი) - 1893 წლისა, "მუკუზანი” (წითელი) - 1893 წლისა და სხვ. 320 უცხოური დასახელების ღვინო: "შატო-ლაფიტი” - 1775 წ., "შატო-ლატური” - 1878., 1905., 1907 წლები, "შატო-იკემი” - 1851 წელი და სხვ.
თბილისის კონიაკის ქარხნის ენოთეკა (შეიქმნა 1950 წელს) - აქ ინახება 9000-მდე ნიმუში, ძირითადად საკონიაკე სპირტები, კონიაკები, ალკოჰოლური სასმელები, ლიქიორები და რომები. აქ არის ყველა ქართული მარკის კონიაკი, აგრეთვე ბესარაბიის, ყიზლარის, ერევნის, კავკასიური, საბჭოთა რესპუბლიკების კონიაკის პროდუქცია, ფრანგული, გერმანული, უნგრული, იუგოსლავური, ალბანური, ავსტრალიის, პორტუგალიის, კვიპროსის, მექსიკის, რუმინეთის კონიაკების ნიმუშები.
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სისტემის ენოთეკებში ინახება XIX საუკუნის ბოლო წლების და XX საუკუნის საქართველოს ღვინის მრეწველობის მიერ დამზადებული ყველა სახის პროდუქცია. შენახული ღვინოების დაძველება წარმოებდა საუკუნის მანძილზე და წარმოადგენენ ქართული ღვინოების უნიკალურ ძეგლებს. ამჟამად, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ენოთეკებში (თელავი, საქარა) ყველაზე ძველი ღვონოებია: მუკუზანი N46 (წითელი) 1894, 1898 წწ, წინანდალი N45 (წითელი) 1896 წ, ცოლიკოური 1938, 1942,1945, 1948, 1952, სვირი 1960, 1965 წწ და მრავალი სხვა. სულ 40 000 ბოთლის რაოდენობით. ღვინოების ეს ნიმუშები დაამზადეს ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მეღვინეებმა.
ამ უძველეს კრებულს გააჩნია თავისი უნიკალურობა. თუ უძველესი ნახატის ფასი წლების მატებასთან ერთად პროგრესულად მატულობს, უძველესი ღვინო საინტერესოა მანამ იგი ცოცხალია, სანამ შეუძლია სრულად მოგიყვეს თავის თავზე. გაივლის გარკვეული პერიოდი და იგი კვდება, გარდაიქმნება, უგემოვნო სითხედ მაშინ კი ყველაზე ძვირფასი ხდება ბოთლი, რომელშიც იგი იყო მოთავსებული.
ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა ღვინოებს, რომელნიც ინახება ჩვენს ენოთეკებში პირველი დეგუსტაცია 1964 წელს, ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილებაში ჩაუტარდა. მას შემდეგ ინსტიტუტში პერიოდულად წარმოებს ნიმუშის სამეცნიერო დეგუსტაციები, ორგანოლეპტიკური შესწავლა, რამაც შემდგომში სამეცნიერო-მეთოდური მიმართულება მიიღო.
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ენოთეკებში დაცულ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშების ყურძნისაგან 1930-1962 წლებში დაყენებულ სხვადასხვა ტიპის, როგორც თეთრის, ისე წითელი ღვინოების გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ჩვენს ღვინოებს ათეული წლების განმავლობაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ ძირითადი ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, დამახასიათებელი არომატი და გემო. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ქართული ღვინოების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მახასიათებლები, რაც უფრო უნიკალურს და ძვირადღირებულს ხდის მათ. ამ მეცნიერული შედეგების პოპულარიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში აუცილებელია და იგი უდაოდ დიდ როლს ითამაშებს ქართული ღვინოების ღირსებების აღიარებაზე.
გასათვალისწინებელია, რომ მაღალხარისხოვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაინტერესებული უნდა იყვნენ, რათა მათი ყოველწლიური პროდუქცია სისტემატურად ჩაეწყოს ინსტიტუტის ენოთეკებში, შემდგომი გამოკვლევებისა და სათანადო ანალიზების ჩასატარებლად.
საკოლექციო ღვინოების კვლევა ორგანული ნაწილია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა. შემეცნებითი ღირებულების გარდა მას მიზანდასახული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, საკოლექციო ღვინოების წარმოების ორგანიზაციის თვალსაზრისით. წლების მანძილზე ინფორმაციის მიღება ღვინის მდგომარეობის შესახებ მეცნიერს და მეწარმეს საშუალებას აძლევს - დაადგინოს გამძლეობისა და სიცოცხლის ასაკი. ამავე დროს, დააკვირდეს კვლევა-ძიების შედეგად მიღებული ღვინის ახალი, სიახლის შემცველი ტექნოლოგიური ხერხების გავლენას ღვინის დავარგებისას მიმდინარე ცვლილებებზე. დაადგინოს ღვინოების კვებითი, დიეტური და სამკურნალო თვისებების შენარჩუნების უნარიანობა ხანგრძლივი დროის მანძილზე.
წინა წლებში ენოთეკებში აღრიცხვიანობის საწარმოებლად იყენებდნენ სპეციალურ ჟურნალებს, რომელიც წარმოადგენდა ე. წ. "პასპორტს”, სადაც აღირიცხებოდა ყველა შენახული ბოთლის ისტორია. დღეს კი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შესაძლებელი გახდა აღირიცხოს გაცილებით მეტი აუცილებელი ინფორმაცია, თუ თქვენ გსურთ, რომ ღვინომ გაცილებით მეტი შემოსავალი მოგიტანოთ. არის პროგრამები რომელნიც თქვენ მოგცემთ საშუალებას თვალყური ადევნოთ ყველაზე უძვირფასეს ღვინოებს, მსოფლიო აუქციონებზე მათი რეალიზაციის შედეგებს. ასევე არსებობს პროგრამები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოიპოვოს ინფორმაცია, ნაკლებად ცნობილ ღვინოებზე, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ კოლექციონერებთან ინახება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებულ უძველეს "ენოთეკებს” აუცილებელია მიენიჭოს ეროვნული სტატუსი, რადგანაც იგი ხალხის ისტორიაა და მის ღირსებას უნდა იცავდეს სახელმწიფო, როგორც ეს ხდება უცხოეთის ბევრ ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.).
საჭიროდ მიგვაჩნია ყოველმხრივ განვითარდეს და სრულყოფილ იქნას საქართველოში საკოლექციო ღვინოების წარმოება.
როცა ჩვენ ვაყენებთ საკითხს საკოლექციო ღვინოების წარმოების ორგანიზაციის "სახელმწიფო სტატუსის” მიზანშეწონილობაზე, მყისვე დგება დღის წესრიგში აუცილელებლობა საკოლექციო ღვინოების ასახვისა "საქართველოს კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ”, რაც თავისთავად სრულად დაარეგულირებს საკოლექციო ღვინოების წარმოებას, მათ მოვლას, საერთაშორისო დონეზე მეცნიერულ შესწავლას და აღიარებას.
თეიმურაზ დეკანოსიძე
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორი
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
თეიმურაზ ღლონტი
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
© "24 საათი"
თქვენი კომენტარი