Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რეზო გეთიაშვილი – ვაჟა გეთიაშვილის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (28)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი და ღვინო საოჯახო მემკვიდრეობაა. წინაპრებმა ჯერ ქვევრები ჩაყარეს და მერე სახლი ააშენეს. მამა მეღვინეა. პაპაჩვენიც მთელი ცხოვრება ღვინის ქარხანაში მუშაობდა. ამის გამოც იყო, რომ საოჯახო მეღვინეობაში ხანგრძლივი წყვეტა გვქონდა. ვენახი საბჭოთა კოლმეურნეობიდან გვერგო. ბოლო წლებში ნატურალურ მეღვინეობაზე გადავედით, მარანსაც თავისი იერ–სახე დავუბრუნეთ და საოჯახო ღვინის ტრადიციაც იქიდან აღდგა. გავაშენეთ ახალი ვენახიც. გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც შეგვამჩნია და „ღვინის გზა“ ჩვენამდეც მოვიდა, კაჭრეთში.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ამ ეტაპზე ახალი ვენახის გაშენების კონკრეტული გეგმა აღარ გვაქვს, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში იშვიათ ჯიშებზე გავაკეთებთ არჩევანს.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

იწარმოება თეთრი ბიოღვინო „განსხვავებული“ რქაწითელისა და მწვანის კუპაჟით, კახური ტექნოლოგიით,  ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე. ჭაჭიდან ვხსნით ადრე გაზაფხულზე. ამჟამად გვაქვს 2010, 2015 და 2016 წლების მოსავლის თეთრი ღვინოები.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ბოთლის ღვინო 2011 წელს ჩამოვასხით. ძირითადად, ჩვენი კლიენტები საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ. მაღაზიებში გაყიდვა უფრო რთული აღმოჩნდა. ამჟამად ჩვენი მარნის ღვინო იყიდება ღვინო ანდერგრაუნდში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

უცხოეთში ჩვენი მარნის ღვინო მიაქვთ მხოლოდ კერძო კლიენტებს პირადი მოხმარებისთვის, თუმცა, უცხოეთის ბაზარზე გატანა ჩვენთვის პრიორიტეტულია. მით უმეტეს, რომ საქართველოს სავაჭრო პალატა და ღვინის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად ეხმარება საოჯახო მარნებს და დაინტერესებულია, რომ ევროპას სახელობითი ნატურალური ღვინოების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტს შესთავაზოს.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

საქართველოში ხარისხიანი ღვინის მომხმარებელი იზრდება. თავის ადგილს იკავებს ნატურალური ღვინოც, რაც მევენახეებს მცირე მეწარმეობისკენ უბიძგებს. ახალი საოჯახო მარნების შექმნის ტენდენცია თავისი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ეფექტების მატარებელია. ამიტომ, სექტორული პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ამ მიმართულებაზე. საუბარია როგორც სტარტაპებზე, ასევე DCFTA-ს ამოქმედების რეალური გზების ძიებაზე. ყოველ ახალი ნატურალური საოჯახო მარანი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს აღმოჩენა, ის უნდა აქციოს ბრენდად და შესთავაზოს ევროპას. ვფიქრობთ, საჭიროა შემუშავდეს ნატურალური მეღვინეობის განვითარებისა და მარკეტინგის სახელმწიფო პროგრამა.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ახალი საოჯახო მარნების გაჩენა რეალური გზაა როგორც სუბსიდირებული რთვლის მრავალწლიანი პრობლემის გადასაჭრელად, ასევე ისტორიული სოფლების შენარჩუნებისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს მიმართულება დაკავშირებულია საქართველოს ერთ–ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის სტანდარტთან და საერთაშორისო იმიჯთან, რის გამოც, მის სწორ განვითარებას აუცილებლად ექნება ეფექტი ეროვნულ ეკონომიკაზეც. ნატურალური მეღვინეობა საკვანძო მიმართულებად უნდა მივიჩნიოთ ღვინის, სოფლის, ისტორიულ–კულტურული და ზოგადად, ტურიზმის განვითარებისთვისაც. ის საუკეთესოდ ერგება არა მარტო სურსათის უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს, არამედ მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტებს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG) თუ სოციალური სამართლიანობის პრინციპებს. სუფთა პროდუქტი პირდაპირაა დაკავშირებული ჯანდაცვასთანაც. მოკლედ, ამ რესურსის სწორად გამოყენებით ერთდროულად ბევრი პრობლემის გადაჭრა და ბევრი სარგებლის მიღება შეიძლება. ხალი, რა თქმა უნდა, არაფერი გვითქვამს და სწორედ ამიტომაც, ასეთი სტრატეგიული სექტორის მხარდაჭერა, გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ განხორციელება ქვეყნისთვის კიდევ უფრო მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

გადავიდნენ ნატურალურ მეურნეობაზე. შეიძლება გვქონდეს ცოტა, მაგრამ ხარისხიანი და აქედან კარგი შემოსავალიც მივიღოთ. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველაფერი: ვაზის ჯიშები, მიწა, კლიმატი, ცოდნა, ტრადიცია, იმიჯი. ტესტი საკუთარი ღვინის შეფასებისთვის: რას იტყოდით, როცა ოჯახის წევრებს სადილობისას ჭიქებს უვსებთ – „დალიეთ, სამკურნალოა“ თუ „არ დალიოთ, საშიშია“?. ერთი სიტყვით, ბიოღვინო!

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვაჟა გეთიაშვილის მარანი

მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი

ტელეფონი: +995 555 26 80 76; +995 593 78 87 55

ელფოსტა: rezo.getiashvili@cenn.org

ვებ/ფეისბუკ გვერდი: ვაჟა გეთიაშვილის მარანი/Vazha Getiashvili Wine Cellar

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



კარგი რუბრიკაა ეს "მცირე მარნების ანთოლოგია". მარანსაც და მის ქომაგებსაც წლების შემდეგ აქვთ საშუალება, თვალი გადაავლონ, რა იყო წლების წინ. ამჟამად, ვაჟა გეთიაშვილის მარანს აქვს რამდენიმე იშვიათი კახური ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო. განსაკუთრებით აღსანიშნავია კახური ღრუბელას და შავი რქაწითელის ღვინოები. ე.ი. ძველი ვაზის ჯიშებისგან ახალი ვენახების გაშენების გეგმა, რაზეც 2017 წელს რეზო საუბრობდა, შესრულდა. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის პროფესიონალი მევენახე და მეღვინე ვაჟა გეთიაშვილი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ამ საოჯახო მარნის ისტორია და რომელიც მთელი სულით და გულით იყო ჩართული ამ ახალი ვენახების გაშენებაში. ეს მარანი დროს გაუძლებს და ვაჟა გეთიაშვილის სახელსაც კიდევ ბევრჯერ გავიგონებთ!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.