Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუშახელის გაძვირება ღვინის ფასის გაძვირებასაც გამოიწვევს

ლევან სეფისკვერაძე

დაახლოებით ბოლო ერთი წლის მანძილზე კახეთში ვენახების გაძვირების ტენდენცია შეინიშნება. როგორც რეალობა გვაჩვენებს, კახეთის რაიონების უმეტეს ნაწილში ერთი ჰექტარი ვენახი ზოგან 10-15 ათასი დოლარიც კი ღირს. ამავე დროს, მოიმატა მუშახელის ფასმაც. ადრე დღიური მუშის დაქირავება დაახლოებით 15–20 ლარი ღირდა, ახლა კი მათი დაქირავების ფასი 25–30 ლარი გახდა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ვენახების გაძვირება მუშახელის გაძვირებასთან კავშირშია და ამ ყველაფერს მთლიანობაში ქართული ღვინისათვის რუსული ბაზრის გახსნამდე მივყავართ. აღნიშნული სიტუაციის ერთგვარი გაგრძელებაა ისიც, რომ საქართველოში ვენახების შეძენის სურვილი უკვე რუს ღვინით მოვაჭრეებსაც გაუჩნდათ და დღეს, განსაკუთრებით კახეთში, არაერთ სოფელში ნახავთ რუსებს, ანდა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ვენახების შესყიდვას ცდილობენ. ეკონომიკის  ექსპერტები ამ ტენდენციაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ ჩვენი ვენახებითა და ღვინით მხოლოდ რუსები არ იქნებიან აქტიურად დაინტერესებულნი.

დავით ჯუღელი, ეკონომისტი: “კარგი იქნება, თუკი ტრაგედიას არ შევქმნით იმისგან, რომ რუსები საქართველოში ვენახებს იძენენ. ვენახს ზურგზე ვერავინ მოიგდებს და რუსეთში ვერ წაიღებს და თუ რამე სიკეთე შეიძლება მოიტანოს ვენახმა, ეს პირველ რიგში ადგილობრივების დასაქმება იქნება. თუმცა, ვისურვებდი, რომ რუსების გარდა ევროპელებიც აქტიურად დაინტერესებულიყვნენ ჩვენი ღვინითა და ქართული ვენახებით.

რაც შეეხება მუშახელისა და ვენახების გაძვირებას – ეს თემა რუსეთის ღვინის ბაზრის გახსნასთანაა მიბმული და უახლოეს მომავალში ვენახების ფასები ალბათ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან მოთხოვნა ქართულ ღვინოზე უფრო და უფრო იმატებს. მუშახელის გაძვირებაც სიტუაციის თანმდევი პროცესია. როდესაც პროდუქცია ძვირდება, ეს სფეროში დასაქმებულ ადამიანებზეც ავტომატურად უნდა აისახოს. მე ვსაუბრობ ქვეყნებზე, სადაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მოქმედებს და არა ისეთ რეჟიმებზე, სადაც ხელფასების ოდენობასა და ფასებს სახელმწიფო აწესებს“.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში კი მიიჩნევენ, რომ საჭიროა ქვეყანამ და დამსაქმებლებმა ხელი შეუწყონ ვენახში დასაქმებულების პროფესიულ გადამზადებას. თუკი კახეთში არსებული სპეციალიზებული სასწავლებლები მევენახეების მასშტაბურ გადამზადებას დაიწყებენ და სწრაფად უპასუხებენ აღნიშულ გამოწვევებს, ამით პირველ რიგში მევენახეობა–მეღვინეობის დარგი იქნება მოგებული.

გოჩა ალექსანდრია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე: “ყველა მივესალმებით იმას, რომ ქართული ღვინისათვის ახალი ბაზრები გამოინახა. შესაბამისად გაიყიდება მეტი ღვინო და სოფლის მეურნების მეღვინეობის ნაწილში მეტი ხალხი დასაქმდება და როგორც კონკრეტული ოჯახების, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზრდება. თავის მხრივ, ის, რომ მუშახელზე მოთხოვნა გაიზარდა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროდუქციის თვითღირებულებასაც გაზრდის და შემდეგ მისი კონკურენტუნარიანობა შეიძლება კიდევ შეიცვალოს. ჩვენ, პროფკავშირები რასაკვირველია ვზრუნავთ დასაქმებულების შრომის პირობებზე, მათ უკეთეს ხელფასებზე და ზოგადად მათ კეთილდღეობაზე, თუმცა არც ბიზნესის საწინააღმდეგო გვაქვს რამე – პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ მუშახელის გაძვირება და ხარჯების გაზრდა კომპანიებისათვის შეიძლება პრობლემა იყოს.

თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ის, რომ დამსაქმებლებმა უფრო მეტი ადამიანი გადაამზადონ პროფესული კუთხით. მუშახელზე მოთხოვნის გაჩენა და შესაბამისად მუშახელის გაძვირება გამოწვეულია ხშირად იმით, რომ ამ სფეროში პროფესიონალი მუშახელი ნაკლებია. ამიტომ, საჭიროა სახელმწიფომ და დამსაქმებლებმა ხელი შეუწყონ ადამიანების პროფესიულ გადამზადებას. თუკი კახეთში არსებეული სპეციალიზებული სასწავლებლები მევენახეების მასშტაბურ გადამზადებას დაიწყებენ და სწრაფად უპასუხებენ აღნიშულ გამოწვევებს, ამით პირველ რიგში მევენახეობა–მეღვინეობის დარგი იქნება მოგებული“.

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს, "ძველი თელავის" რწმუნებული, გიორგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ გასულ წლებში გამართული ვენახის შეძენა 5-6 ათას დოლარად იყო შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს ასეთივე ვენახების ფასი 10-12 ათას დოლარს აღწევს.

"განსაკუთრებულ ადგილებში, მაგალითად, ქინძმარაულის ზონაში, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტშია, ვენახის ფასი 15 ათასი დოლარი და მეტიც კი გახდა. სხვათა შორის, ეს ის ადგილია, სადაც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ვენახი და სახლი აქვს. თელავის მაგალითსაც გეტყვით: თუკი სოფელ წინანდალში ერთი ჰექტარი ვენახი ათი ათასი დოლარი ღირს, თელავის დასავლეთით, სოფელ რუისპირში ერთი ჰექტარი ვენახი უფრო იაფია - 6-7 ათასი დოლარი. როგორც წესი, ფასს მიწის ხარისხი და ადგილმდებარეობა განაპირობებს," - ამბობს მოსიაშვილი მედიასთან საუბარში.

მოსიაშვილი ფასების მატების მიზეზს პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებაში ხედავს. განსაკუთრებით კი, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით.

"2006 წლიდან საქართველოში რუსეთის ემბარგო მოქმედებდა და როგორც ყურძენზე, ასევე ღვინოზე, მოთხოვნა ნაკლები იყო. რამდენიც უნდა ემტკიცებინათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, ევროპამ ჩაანაცვლა რუსეთის ბაზარიო, ეს მტკნარი სიცრუე იყო: ღვინის ის რაოდენობა, რომელიც საქართველოდან 2004-2005 წლებში გადიოდა, ჩვენ მომდევნო წლებში აღარ გაგვიტანია. ღვინის ქარხნები ყურძენს ვეღარ იბარებდნენ იმიტომ, რომ გასაღების ბაზარი არ ჰქონდათ და გლეხიც იძულებული იყო ვაზი ამოეძირკვა. დღესდღეობით ეს სიტუაცია აშკარად შეიცვალა: ქართულმა კომპანიებმა უკვე გაიტანეს ღვინო რუსულ ბაზარზე და ღვინის ნაწარმზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც კი გაიზარდა ღვინის ექსპორტი, გაძვირდა ყურძენიც - ეს ურთიერთდაკავშირებული პროცესია. ამავე დროს, სახელმწიფოც დაეხმარა ჩვენს გლეხებს - წარმატებით ჩატარებულმა რთველმა და ყურძნის მაღალმა ფასმა კი თავისთავად, ვენახების გაძვირება გამოიწვია".

ვენახების გაძვირებას სავარაუდოდ, ის ფაქტიც განაპირობებს, რომ გასაღების ბაზრის ზრდასთან ერთად ფერმერები უკვე დაინტერესებულნი არიან, ახალი ნეკვეთები შეიძინონ და საკუთარი მეურნეობები განავითარონ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–სექტემბერში ღვინის ექსპორტი 73.9%–ით გაიზარდა და 74.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მისმა წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 3.7% შეადგინა. რასაკვირველია, ამ მაჩვენებლში ლომის წილი რუსეთზე მოდის, მაგრამ ქართველი მეწარმეები სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც აქტიურად მუშაობენ და საკმაო წარმატებებიც აქვთ, ამასთან რუსეთიც მსოფლიო ბაზრის ნაწილია (თანაც სწრაფად მზარდი) და საერთაშორისო ტენდენციები იქაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ყველაზე დიდ მიღწევად ინდუსტრიის წნეხისგან გათავისუფლებას მიიჩნევს და საუბრობს რეკორდულ ციფრებზე, რასაც წარმოებამ მიაღწია.

“კახეთის რეგიონში ინდუსტრიულად 91 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. შარშან ეს მაჩვენებელი 52 ათას ტონას შეადგენდა, ძალიან დიდი სხვაობაა. განსაკუთრებული შედეგი „შეღავათიანი აგროკრედიტების“ პროგრამის დახმარებით მივიღეთ. რაც მთავარია, ინდუსტრია წნეხისგან გათავისუფლდა. ეს ფაქტორი მევენახეობის დარგში სტაბილურ მდგომარეობას შექმნის.

მნიშვნელოვანი შედეგებია ექსპორტის თვალსაზრისითაც. ქვეყნის გარეთ სულ 26 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული, რაც შარშანდელ მთლიან მაჩვენებელს უკვე 20%-ით აღემატება, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს 70%-ით აჭარბებს“.

ხარისხის ზრდამ გარკვეული გავლენა ფასზეც მოახდინა, საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინო 10-20%-ის ფარგლებში გაძვირდა რაც შეეხება ჩამოსასხმელ ღვინოებს, ადმინისტრირება გამკაცრდება და ჰიგიენური პირობები გაუმჯობესდება. ამ მხრივ სახელმწიფოს ნორმატიული ბაზა აქვს ჩამოსაყალიბებელი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფასის მომატებასთან ერთად მოსალოდნელია ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხარჯები გაიზარდოს, რადგან თუ წარმოება იგივენაირად მოხდება როგორც დღეს არის, იქნება არა მაღალი შედეგი, არამედ საშუალო და საშუალოზე დაბალი. მაღალ ტექნოლოგიებს კი მაღალი ფასები სჭირდება, რაც შემდგომ გამოიწვევს მოსავლიანობის ზრდასაც. დღეს მსოფლიოში ტექნოლოგიებით ბრძოლაა გაჩაღებული. კონკურენტუნარიანობის პირველი მაჩვენებელი ის არის, თუ რა ტექნოლოგიით ხდება პროდუქტის წარმოება.

მეღვინეობის ექსპერტების თქმით, საქართველოში ვენახების 90% სამწუხაროდ ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს. დიდი კომპანიები სწუხან იმაზეც, რომ ხშირ შემთხვევაში ასევე არ ხდება ახალი შესაწამლი ნივთიერებების გამოყენება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ხარისხზე და მოსავალზე. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ფასების ზრდაც ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.