Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭული მეღვინეობის აწმყო და მომავალი - ზუკა მაისაშვილის ბლოგი

2018 წელს, როდესაც სპონტანურად გადავწყვიტე რაჭაში მეღვინეობის დაწყება, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ შემდგომ პერიოდში ჩემი დროის და საქმიანობის უდიდეს ნაწილს ზუსტად ღვინოს, კერძოდ კი რაჭულ ღვინოს დავუთმობდი. იმავე წლიდან ერთ დიდ ორმოში ჩავვარდი, სადაც მუდმივად ძიების პროცესში ვარ, სადაც სულ რაღაცას ვპოულობ, მნიშვნელოვანსაც და უმნიშვნელოსაც. ამ ოთხ წლიან პერიოდში რაჭულ მევენახეობა მეღვინეობაში ბევრი რამ შეიცვალა, ერთი მხრივ გაჩნდნენ ისეთი მარნები, რომლებმაც რაჭისთვის არატრადიციული, მშრალი ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის თეთრას, რაჭული მწვანეს და სხვა ჯიშებიდან ღვინოების დაყენება დაიწყეს. თუმცა, ამავდროულად სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკიდან გამომდინარე, სავენახე მიწის, ანდაც ვენახის 1 კვადრატული მეტრის ფასი, რადიკალურად გაიზარდა. მეტიც, მან ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ წმინდა ბიზნესის თვალსაზრისით, მასში ინვესტირება ნამდვილად რთული საქმე გახდა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოდით რაჭული მევენახეობა-მეღვინეობის ზოგადი მიმართულებები  მიმოვიხილოთ. რაჭის რეგიონში, კერძოდ ხვანჭკარის მიკროზონაში, ვენახები დაახლოებით 900-1000 ჰა ფართობზეა გაშენებული, ხოლო მოსავლიანობა დაახლოებით 3000-3500 ტონამდე მერყეობს. ზოგადად, მიკროზონა  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭრებალოდან, სოფელ წესამდე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს მოიცავს, სადაც ძირითადად ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვაზის ჯიშებია გაშენებული. ამავდროულად, მცირე ფართობზე ჯერ კიდევ ისეთი ჯიშებია შემორჩენილი, როგორიცაა წულუკიძის თეთრა, რაჭული მწვანე, ძელშავი, ცოლიკოური, კაბისტონი და სხვა. ძალზე იშვიათად ვხვდებით კუდურაულს, ანდაც რაჭულ მცვივანს.

წყარო: საქპატენტი

რაჭული მეღვინეობისთვის განვითარების ახალი ფაზა 2013 წლიდან იწყება, როცა რუსული ბაზარი საქართველოსთვის ხელახლა გაიხსნა, ხოლო ხვანჭკარამ რუსული რესტორნების და ღვინის ბარების თაროები კვლავ დაიკავა. ბუნებრივია, გახსნილმა რუსულმა ბაზარმა ხვანჭკარის დასამზადებლად არსებული ვაზის ჯიშებზე მოთხოვნა, შესაბამისად, ფასიც გაზარდა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია დაემატა, რომელიც 1 კგ-ზე 2-3 ლარს შეადგენს (წლების მიხედვით იცვლება). ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ვაზის ჯიშების ფასმა 7-8 ლარს მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ მის თვითღირებულებას, რომელიც ვენახის ზომის მიხედვით განსხვავებულია,  1.2-2 ლარამდე ჯდება. დამეთანხმებით, რაჭაში ვენახის გაშენება საკმაოდ სარფიანი გახდა.

 ამავდროულად კიდევ ერთი მოტივატორი სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალია“, რომელიც გაშენებული ვენახის ვაზის ძირის 80%, ხოლო სარწყავი სისტემის 60% აფინანსებდა. მართალია რაჭველ მევენახეებს ამ პროგრამის მიმართულებით ძალიან არ უაქტიურიათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, 2013-2017 წლებში გაშენებული ვენახების მოცულობა რადიკალურად გაიზარდა. მეტიც,  ისეთ ადგილებში გაშენდა, სადაც მანამდე ვენახი თვალით არავის უნახავს. ამავდროულად, ისეთი ვაზის ჯიშები, როგორიცაა წულუკიძის თეთრა და რაჭული მწვანე, საერთოდ დაიჩრდილა, რადგან მევენახეებმა არსებული ვენახების აჩეხვა და სანაცვლოდ ალექსანდროულისა და მუჯურეთლის ვაზის ჯიშების გაშენება დაიწყეს. შესაბამისად, მთელი რაჭული მეღვინეობა მხოლოდ ამ ორი ჯიშით შემოიფარგლა,  ჯიშური მრავალფეროვნება დაიკარგა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ ორი ჯიშისგან რაჭველი მეღვინეები ძირითადად ნახევრად-ტკბილ ღვინოებს  ამზადებენ, რომელსაც დაძველების პოტენციალი არ გააჩნია და არც დასავლეთის ბაზრებზეა კონკურენტუნარიანი.

საინტერესოა ამავდროულად რაჭული მევენახეობისთვის საჭირო და უმნიშვნელოვანესი, მიწის საკითხიც, რომელიც ბოლო დეკადის მანძილზე რადიკალურად გაიზარდა, განვიხილოთ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რაჭაში მცირე მიწიანობა პრობლემაა და ეს მიწები დაქსაქსულია. მთელი მიკროზონის დიდი ნაწილი მცირე მევენახეებს უკავიათ, დღეს უკვე 1 ჰა ვენახის ფასი დაახლოებით 120-150 ათასს დოლარის ფარგლებში მერყეობს. გაძვირებული მიწა ბევრი მეწარმისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რათა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განეხორციელებინათ.

გამოსავალი

უშუალოდ ჩემთვის, როგორც, ერთი რიგითი რაჭველი მეღვინისთვის, ეს საკითხი ნამდვილად პრობლემურია, ხოლო გამოსავალი რამდენიმე მიმართულებით შეიძლება გამოინახოს.  ერთი მხრივ სუბსიდირება ეტაპობრივად უნდა შეწყდეს, ან ყურძნის ხარისხის მიხედვით მევენახეების წახალისება დაიწყოს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ფასი საბაზრო ფასს გაუტოლდება - 4-5 ლარის ფარგლებში. თავის მხრივ, დასტაბილურდება მიწის საბაზრო ფასები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი რიგითი რაჭველი მევენახე გლეხისთვის რთული იქნება, თან გასათვალისწინებელია რაჭაში არსებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ თითოეული მევენახე ოდნავ მაინც იზრუნებს უზადო ღვინის დაყენებაზე და პირველ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე მხოლოდ ყურძნის მოყვანით და გაყიდვით. ამავდროულად, ყურძნის სუბსიდიაზე დამოკიდებული აღარ იქნება და იმ ვნებათაღელვაზე, რაც რაჭაში რთვლის პერიოდში ჩნდება.

ამავდროულად, უფრო მეტი აქცენტი ისეთი ჯიშების მიმართულებით უნდა გაკეთდეს, როგორებიცაა წულუკიძის თეთრა, კაბისტონი, რაჭული მწვანე, რაჭული ცოლიკოური და სხვა. ჩამოთვლილი ჯიშები კიდევ უფრო მეტ ფართობებზე გაშენდეს. რაც მთავარია, როგორც ამ ჯიშების, ასევე უკვე გაშენებული ყურძნისგან მშრალი, მაღალი ხარისხის ღვინოები უნდა დაყენდეს, რომლებიც დასავლური ბაზრების პრემიუმ სექტორზე იქნება გათვლილი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.