Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

რთველი რაჭა-ლეჩხუმში - კვეზერელის ანდერძი არ შესრულდა

ალეკო ცქიტიშვილი

აღმოსავლეთ საქართველოში რთველის ციებ-ცხელება მინავლდა. ბევრგან ღვინომაც დაასრულა დუღილი. დასავლეთ საქართველოში კი ჯერ კიდევ დარჩა რეგიონები, სადაც რთველი არც დაწყებულა. გურიის, აჭარისა და სამეგრელოს მევენახეები ჭირვეული ამინდებისგან ელიან საბოლოო განაჩენს. მთიან რაჭა-ლეჩხუმში კი შედარებით გაუმართლათ - რთველს კარგი ამინდები დაემთხვა. კომპანია "ალექსანდრეულის" მეღვინე აცხადებს, რომ 2007 წლის შემდეგ რაჭაში ასეთი კარგი მოსავალი არ ყოფილა.

მეზობელ რეგიონებში - რაჭასა და ლეჩხუმში წელს მოსავლის შედეგები სხვადასხვანაირია. ლეჩხუმის სიამაყე - უსახელოური ოყურეშში მევენახე გლეხებმა დიდი დანაკარგით დაკრიფეს. რაჭაში კი რთველმა, ძირითადად, უდანაკარგოდ ჩაიარა.

კვეზერელმა დაგვიბარა

სოფლის მეურნეობის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა გადადგომის წინ განაცხადა, რომ რაჭაში რთველისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდია გამოიყოფოდა. კვეზერელის ანდერძი არ შესრულდა. ღვინის კლუბის ინფორმაციით, მევენახე გლეხებს რაჭაში სუბსიდია არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, ალექსანდრეულსა და მუჯურეთულზე წელს იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ კომპანიებმა გლეხებისგან ამ ვაზის ჯიშების ყურძენი 1 კგ 3 ლარად ჩაიბარეს. ეს ფასი გლეხებისთვისაც და კომპანიებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა.

"გასულ წლებთან შედარებით, ალექსანდრეულზე და მუჯურეთულზე წელს დიდი მოთხოვნა იყო. კომპანიებმა გლეხების მოსავალი მთლიანად შეისყიდეს. თანაც, რთველის დროს მზიანი ამინდები დაემთხვა და ამიტომ მოსავალი წვიმებს არ გაუფუჭებია. შარშან, მაგალითად, სხვა ვითარება გვქონდა – წლის განმავლობაში სიცივეებისა და სიცხეების არასტაბილურმა მონაცვლეობამ და შემოდგომის ხანგრძლივმა წვიმებმა ყურძნის ხარისხზე უარყოფითი გავლენა იქონია. წელს ყურძნის დაკრეფამდე მთელი ერთი თვე მზიანი ამინდები იყო, რის გამოც ყურძნის შაქრიანობაც და ტიტრული მჟავიანობაც სასურველ კონდიციამდე მივიდა. 2007 წლის შემდეგ ასეთი კარგი წელიწადი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან გლეხებს სუბსიდია არ მიუღიათ, კომპანიებმა მოსავალი მთლიანად აითვისეს და საბოლოოდ ყველა კმაყოფილი დარჩა - გლეხებიც, კომპანიებიც და ხელისუფლებაც", - ამბობს კომპანია "ალექსანდრეულის" მეღვინე ალექსანდრე იაშვილი.

თვითონ კომპანია "ალექსანდრეულს" ალექსანდრეულის, მუჯურეთულისა და წულიკიძის თეთრას ვენახები სოფელ ბუგეულში აქვს და ღვინოებსაც "ბუგეულის" ბრენდით ასხამს. კომპანიას საკუთარი მოსავალი მთლიანად ჰყოფნის და ყურძენს დამატებით მევენახე გლეხებისგან არ იბარებს. ალექსანდრე იაშვილის თქმით, წლევანდელი მოსავლის ნახევრადტკბილი ღვინოები – "ხვანჭკარა" და "რაჭული თეთრა" საუკეთესო იქნება. კომპანია ასევე აწარმოებს მშრალ "ალექსანდრეულს", რაც ქართულ მეღვინეობაში უკანასკნელი პერიოდის სიახლეა. მანამდე რაჭული ჯიშები - ალექსანრეული და მუჯურეთული მხოლოდ ნახევრადტკბილი ღვინოებისთვის გამოიყენებოდა.

ცნობები უსახელაურის მიკროზონიდან

რაჭისგან განსხვავებით ლეჩხუმში, კერძოდ - სოფელ ოყურეშში უსახელაურის ყურძნის მოსავალი დიდი დანაკარგით დაიკრიფა. როგორც კომპანია "უსახელაურის ვენახების" მეპატრონემ, პაატა შარაშენიძემ გვითხრა, მართალია, რთველის წინ კარგი ამინდები დაიჭირა, მაგრამ ვენახები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ყვავილობისას დაზიანდა.

პაატა შარაშენიძე, "უსახელაურის ვენახების" მეპატრონე:"ოყურეშში რთველი 23 ოქტომბერს დაიწყო და დაახლოებით 2 ნოემბერს მორჩა. ჩვენს ვენახებში ყურძენი ძალიან ხარისხიანი იყო, რასაც ვერ ვიტყვით სოფლის დანარჩენ ვენახებზე. ზაფხულში უცნაური ჭრაქის დაავადება გაჩნდა და გლეხების ვენახები დააზიანა. ამ შემთხვევაში, პრობლემა ჭრაქი კი არა, ფალსიფიცირებული პრეპარატებია, რომელსაც გლეხები ქუთაისში არადილერ გამყიდველებთან ყიდულობენ. წელს ჭრაქმა ძალიან იმძლავრა და ჯერ კიდევ გაზაფხულზე შემცირებული მოსავალი გლეხებს თითქმის მთლიანად გაუფუჭა.  

რაც შეეხება გაზაფხულის პრობლემებს, ზოგადად, ყვავილის დაყრას ძლიერი სიცივე იწვევს, როცა ტემპერატურა 0 გრადუსს ქვემოთ ეცემა. ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ წელს ასეთი არაფერი ყოფილა. თუმცა, მაისში მთელი დღე იყო ძალიან მაღალი სითბო, ალბათ - 30-32 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო საღამოს ტემპერატურა მკვეთრად ეცემოდა 9-10 გრადუსამდე. ჩემი პარტნიორის, მუხრან გიორბელიძის დაკვირვებით, დღისა და ღამის ტემპერატურის ასეთმა დიდმა სხვაობამ გამოიწვია ყვავილობისას ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნაყოფის დაზიანება".

პაატა შარაშენიძის თქმით, ლეჩხუმში გლეხი თითქმის არასოდეს არის კმაყოფილი მოსავლით, რადგან დახარჯული შრომა და მეტის მოლოდინი არასოდეს არის მოსავლის ადეკვატური. მევენახე გლეხებისგან უსახელაურის ყურძენი წელს ძირითადად კერძო პირებმა შეისყიდეს. სახელმწიფო სუბსიდია არც ლეჩხუმში გაცემულა. მცირე მოსავლის გამო, გლეხებმა ყურძენი მთლიანად გაყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ წელს 1 კილოგრამი უსახელაურის ფასმა 10 ლარს მიაღწია. უსახელაურის ერთგული კლიენტები ამ ფასს არ დაუფრთხია.

"უსახელაურის ვენახების" ღვინო "უსახელაური" ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ღვინოა, რასაც არა მხოლოდ იშვიათი ვაზის ჯიშის - უსახელაურის გავრცელების მცირე არეალი, არამედ წლის განმავლობაში მასზე გაწეული მძიმე შრომა, ხარჯები და მცირე მოსავალი განაპირობებს. "უსახელაურის ვენახებმა" 2010 წელს 5300 კგ ყურძენი დაკრიფა, რაც 2009 წლის მოსავალზე ორჯერ მეტი იყო. ამან კომპანიას საშუალება მისცა, ღვინო მაღაზიებში 115 ლარიდან 79 ლარამდე გაეიაფებინა. პაატა შარაშენიძე 2011 წლის მოსავლის ღვინის კიდევ უფრო გაიაფებას გეგმავდა, მაგრამ როგორც ფიქრობს, ეს გეგმა ვერ განხორციელდება, რადგან წელს ბევრად ნაკლები ყურძენი დაკრიფეს - 3100 კგ. ამიტომ კომპანია სულ რაღაც 2200-მდე ბოთლს ჩამოასხამს და დაახლოებით იგივე ფასად - 80 ლარად გაყიდის.

ოყურეშში საკუთარი ვენახი აქვს "მეღვინეობა ხარებას". კომპანიის მეღვინის, ლადო კუბლაშვილის თქმით, მათი ვენახი გაზაფხულზე სასწაულებრივად გადაურჩა დაზიანებას. მთაგორიანი რელიეფის გამო სოფელში ვენახები განსხვავებულ ადგილებშია და როგორც ჩანს, იმ ადგილას, სადაც "ხარებას" ვენახია, გაზაფხულზე სხვანაირი ტემპერატურული რეჟიმი იყო. ამიტომ "ხარებას" მეღვინე წლევანდელი ლეჩხუმური რთველით კმაყოფილია - ნახევრადტკბილი ღვინისთვის ნედლეულიც ხარისხიანია და დაღვინების პროცესიც ყიველგვარი სირთულეების გარეშე მიმდინარეობს.

ლადო კუბლაშვილმა, ექსპერიმენტის სახით, უსახელაურისგან მცირე რაოდენობით მშრალი ღვინოც დააყენა, რომელსაც შემდეგ ვიწრო წრეში ენოლოგები გასინჯავენ. თუკი ექსპერიმენტმა გაამართლა, "ხარება" მშრალი "უსახელაურის" ჩამოსხმაზეც იფიქრებს.

ლადო კუბლაშვილის თქმით, "მეღვინეობა ხარება" ასევე აპირებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართოს ინიციატივით, ლეჩხუმის სოფლები - ზუბი და ოყურეში ოფიციალურად გამოცხადდეს ღვინო "უსახელაურის" წარმოების მიკროზონად. ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ლეჩხუმში მოყვანილი უსახელაური უფრო დაფასდება და ადგილობრივი მევენახე გლეხების შემოსავალიც გაიზრდება. ამგვარად დარგიც მოგებული დარჩება და ნაწილობრივ სოფლის სოციალურ პრობლემებსაც ეშველება.    

ამ ინიციატივას ღვინის კლუბის წევრებიც იზიარებენ. ისტორიული გამოცდილებით უკვე დადასტურებულია, რომ ზუბი-ოყურეშის უსახელაური განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა და მისგან უმაღლესი ხარისხის წითელი ღვინო დგება. ამდენად, ღვინო "უსახელაურის" წარმოების ოფიციალურ მიკროზონად ამ სოფლების გამოცხადება ხაზს გაუსვამს კონკრეტულად ამ რეგიონში მოყვანილი უსახელაურის გამორჩეულობას. ეს საქმე მით უფრო საშურია იმ ვითარებაში, როცა ზოგიერთი კომპანია ბაზარს უკვე კახეთსა და იმერეთში მოწეული უსახელაურისგან დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს. ღვინის კლუბში ასეთ ექსპერიმენტებს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სხვა მხარის "უსახელაურს" ტერუარის ხიბლი აკლია.

ამინდის დილემა

რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ რთველი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის მევენახეობის რეგიონებში უნდა დაიწყოს. ნოემბრის თოვლმა და სიცივეებმა ამ რეგიონების მევენახეებს დიდი საფიქრალი გაუჩინა. ღვინის კლუბის წევრს, შპს "იბერიელის" მეპატრონეს, ზურაბ თოფურიძეს გურიაში, კერძოდ – სოფელ ბუკისციხეში ჩხავერი აქვს დასაკრეფი. გურიაში მევენახეები ასეთი დილემის წინაშე ხშირად არიან - ამინდის ჭირვეულობის პირობებში ძალიან უჭირთ მიიღონ გადაწყვეტილება და დაიწყონ რთველი იმ დროს, როცა ყურძნის კონდიციები არ აკმაყოფილებთ.

გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მონაცემებით, 14 ნოემბრიდან თოვდა აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის - თბილისშიც. დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ ხულოსა და სურამში თოვდა და იმ დღესვე ხულოში ყველაზე მაღალი თოვლის საფარი დაფიქსირდა - 120 სმ. დასავლეთ საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა - -12 შოვში დაფიქსირდა, სურამში - -6, საჩხერეში - -3. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცვალებადი ამინდები საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში მევენახეები, ამის შესახებ "მარანის" შემდეგ ნომრებში გიამბობთ. მანამდე კი მოდით, ყველა მათგანს მშვიდობიანი რთველი და შემოდგომის ბარაქა ვუსურვოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.