ახალი ღვინის ფესტივალი 2025-ზე" შეხვდებით მარანი ზოდის იმერულ ღვინოებს, რომლებსაც ქვევრში მაქსიმუმ 30%-მდე ჭაჭაზე დაყოვნებით აწარმოებენ მშრალ, ასევე კლასიკური მეთოდით ნახევრად მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს. გიგა ჭიღლაძე გვიყვება მარნის ისტორიისა და ფესტივალზე წარსადგენი ღვინოების შესახებ.
- გვიამბეთ, რა ჯიშებისგან და რომელი კატეგორიის ღვინოს აწარმოებთ?
- „მარან ზოდიში” ვაწარმოებთ იმერული ყურძნის ჯიშებისგან იმერული მეთოდით (ქვევრში მაქსიმუმ 30%-მდე ჭაჭაზე დაყოვნებით) მშრალ, ასევე კლასიკური მეთოდით ნახევრად მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოს. ვაწარმოებთ 6 სახეობის ღვინოს. ქვიშხური, ცოლიკოური, ციცქა, ძელშავი და ძელშავის როზე. წელს პირველად დავამატეთ თეთრი ნახ. ტკბილი ღვინო ციცქა.
- ყოველ მეღვინეს აქვს ის ერთი განსაკუთრებული ღვინო, რომლითაც ძალიან ამაყია. რომელი წლის მოსავალი იყო ეს თქვენთვის და რა გახადა ის გამორჩეული?
- 2021 წლის მოსავალი ჩემთვის და ჩემი მარნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პანდემიით გამოწვეული კრიზისი იდგა ჩვენს მარანში და ზოგადად მსოფლიოში, მეღვინეობის კურსი ახალი დამთავრებული მქონდა და დამოუკიდებლად ავიღე ჩემს თავზე როგორც ღვინის დაყენება ასევე მთლიანად მარნის მართვა. გაყიდვები თითქმის გაჩერებული იყო და ამის გამო მხოლოდ 2 იშვიათი სახეობის ღვინო დავაყენე, ქვიშხური და ძელშავი. აღნიშნულმა ღვინომ პირველივე წელს მომიტანა წარმატება, ქვიშხური გახდა სომელიეს რჩეული ღვინო, ხოლო ძელშავით ავიღე საუკეთესო ღვინის ჯილდო გრანპრი. ეს ყველაფერი დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის და ამიტომ გამოვარჩევ 2021 წლის მოსავალს. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ 2021 წლის შემდეგ ჩვენი ყველა მოსავლის ნებისმიერ ღვინოს აღებული აქვს სხვადასხვა კონკურზე მაღალი სინჯის მედლები.
- თქვენი წარსადგენი ღვინოები გაგვაცანით, მათი არომატები და გემური პროფილი, თქვენი რჩეული ღვინო რომელია?
- ჩემი ყველა ღვინო შვილივითაა და ცალკე ვერცერთს ვერ გამოვყოფ. ხშირად ვიძახი რომ მარანში სამი ბიჭი და ორი გოგო მყავს-თქო. წითელ და ვარდისფერ ღვინოს გოგოებს ვეძახი, ისინი ძალიან ნაზი, მსუბუქი და ხალისიანი ღვინოებია, განსაკუთრებით გამოირჩევიან მარწყვის არომატებით და გემოებით, შეიძლება ითქვას საზაფხულო ღვინოებია. თეთრი ღვინო ასევე იმერული ღვინისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით და ცოცხალი ტონებით გამოირჩევა, ციცქას და ცოლიკოურს ახასიათებს გულაბი მსხლის და ციტრუსის არომატები. ქვიშხურის ჯიშისგან პირველმა ჩვენ დავიწყეთ ღვინის წარმოება, ძალიან განსხვავებულია ყველა ღვინისგან და გამოირჩევა მინდვრის ყვავილების არომატებით.
- თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მცირე მარნებს უფრო დიდი, ბაზარზე დამკვიდრებული ღვინის საწარმოებისგან გამოარჩევს?
- მცირე მარნების უმეტესობა პირადადაა ჩართული როგორც ვენახის მოვლის, ისე ღვინის დაყენების პროცესში. წარმოებაც დიდი არ აქვთ და შედარებით მეტად შეუძლიათ ხარისხის დაჭერა, მათ აუცილებლად მაღალი ხარისხით უნდა დაიმკვიდრონ თავი ბაზარზე. დიდი საწარმოები ძირითადად ინდუსტრიულ წარმოებას ეწევიან. მათ ძირითადად პროდუქციის რაოდენობაზე აქვთ გათვლილი ყველაფერი და მცირე მარნებისგან განსხვავებით მარკეტინგიც და ფინანსური სახსრებიც უკეთესი აქვთ.
- რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ელით ახალი ღვინის ფესტივალზე”, რით არის თქვენთვის ფესტივალი გამორჩეული?
- ახალი ღვინის ფესტივალს ბევრი ღვინის სფეროში მოღვაწე თუ უბრალოდ ღვინის მოყვარული ადამიანი სტუმრობს, აქ შესაძლებლობა გვეძლევა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ღვინო და მარანი და რაც შეიძლება ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი შევიძინოთ.
- როგორ უყურებთ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და როგორია თქვენი ხედვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრისთვის?
- ვფიქრობ მაღალი ხარისხით და ჯიშური მრავალფეროვნებით უნდა დავიმკვიდროთ თავი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, ქართულმა ღვინომ თავისი ნიშა უნდა დაიჭიროს, რადგან ჩვენ ფასით და რაოდენობით ძალიან გაგვიჭირდება საერთაშორისო დიდ ბაზრებზე თავის დამკვიდრება. ეს ჩემი პირადი აზრია და საინტერესო იქნება უფრო მედატ საკითხში ჩახედული ადამიანების მოსაზრებები.
- როგორც მეღვინე, რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა იწყებს ღვინის დაყენებას?
- პირველ რიგში უნდა უყვარდეთ თავისი საქმე და საქმის სიყვარულით დაიწყონ საქმიანობა. არ გაჯიუტდნენ (ბაბუა ასე აკეთებდა) და მოუსმინონ გამოცდილ მეღვინეებს რათა შერწყმა მოახდინონ წინაპრების ტრადიციების ახალ ტექნოლოგიებთან. ეს მათ დაეხმარებათ დააყენონ მაღალი ხარისხის ღვინო.
- მეღვინეობა საკმად რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას, რომ ეს საქმე განაგრძოთ?
- მომხმარებლების დადებითი ემოციები, დაგემოვნებისას მათი კმაყოფილი და გაოცებული სახეები და ის რომ კონკურსზე დაჯილდოების ცერემონიალზე ხმამახლა ყველას გასაგონად მესმის “მარანი ზოდი”, ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი