Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზის ფონდი - პირველი 10 წელი

ალეკო ცქიტიშვილი

ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების მეღვინეობაში დაბრუნება ბოლო წლების ერთ-ერთი სასიამოვნო ტენდენციაა. ამ პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ ენთუზიასტებს, ვისაც ეს ჯიშები საკოლექციო ნაკვეთებიდან მოაქვთ, ვენახებს აშენებენ და რამდენიმე წლის შემდეგ ექსკლუზიურ ღვინოებსაც აყენებენ. სწორედ ენთუზიასტთა ერთ-ერთი ასეთი გაერთიანებაა ქართული ვაზის ფონდი, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის სახე 2011 წელს მიიღო.

მანამდე კი იყო არაფორმალური გაერთიანება - www.vinoge.com-ის ბაზაზე არსებული ინტერნეტფორუმი, სადაც 2009 წელს დაიბადა იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ვენახების გაშენების იდეა. ამ იდეის გარშემო თავიდან 15 ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც საკუთარი სახსრებით დაიწყეს თანხის შეგროვება სავენახე ადგილების შესაძენად.

„ფორუმის ვენახის“ გაშენების ადგილად რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეზე (ზვარი - ჭორტაული), სადაც ვენახების გაშენების, მოვლა-პატრონობისა და ღვინის დაყენების პროცესზე ზედამხედველობა იტვირთა კომპანია „ჩვენი ღვინის“ მეღვინემ, სოლომონ ცაიშვილმა.

2010 წელს სახელდახელოდ აკრეფილი თანხებით „ფორუმის ვენახის“ ერთობამ შეიძინა სავენახე მიწა. 2011 წლის გაზაფხულზე კი ერთ ჰექტარ ნაკვეთზე სხვადასხვა რაოდენობით დაირგო 9 ქართული ჯიშის ვაზი: რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ბუდეშურისებრი საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ღვინის თეთრი, ბუერა, მცვივანი კახური, ხიხვი. 2012 წელს ამ ჯიშებს დაემატა საფერავი. ნერგების მოძიებასა და გაშენებაზე პასუხისმგებლობის ორგანიზაციული მხარე იტვირთა ღვინის კლუბმა, რომელსაც საგურამოში არსებულმა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა 3000-ზე მეტი ნერგი გადასცა ბაკურციხეში გასაშენებლად.

ამ ეტაპზე უკვე საჭირო გახდა ორგანიზაციის დაფუძნება. ვინაიდან იშვიათი ვაზის ჯიშების ვენახების გაშენების იდეა, სულ ცოტა, ოცწლიან პერსპექტივაში მოგებაზე ორიენტირებული არ იყო, არჩევანი შეჩერდა არამომგებიან (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომელსაც ეწოდა „ქართული ვაზის ფონდი“. ორგანიზაციის წევრები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ქართული ვაზისა და ღვინის სიყვარული აერთიანებთ.

შემდგომ წლებში ქართული ვაზის ფონდმა ბაკურციხეში მოაწყო მარანი, სადაც დაიფლა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში ღვინის კლუბის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი ქვევრები (ჯამში 5 ტონამდე ტევადობის). შეძენილია კიდევ ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ამ გაზაფხულზე ვარდისფერი რქაწითელისა და მუხამწვანის ვენახის გაშენება იგეგმება.

ქართული ვაზის ფონდის დაფუძნებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა სოლომონ ცაიშვილმა - თანამედროვე ქართული ბუნებრივი მეღვინეობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა. იგი პირადად უვლიდა ბაკურციხეში გაშენებულ ქართული ვაზის ფონდის ვენახებს. ამ სტატიის მომზადება სწორედ იმ პერიოდში დაიგეგმა და როდესაც იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების გაშენების იდეის შეფასება ვთხოვეთ, გვითხრა: „დარწმუნებით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, რაც კი ამ ბოლო წლებში გაკეთებულა. თუმცა, ჯერ მთლად გაკეთებულსაც ვერ ვუწოდებ. წინ კიდევ ბევრი წინაღობაა გადასალახი. ათი გაშენებული ჯიში ზღვაში წვეთია. სულ ცოტა სამი ამდენი კიდევ გასაშენებელია. მარანი და მეურნეობაც მეტად გასაუმჯობესებელია. მოკლედ, კიდევ ბევრი შრომა და ფულია საჭირო... მაგრამ ღირს ხარჯად!.. ხომ უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს რა სიმდიდრის პატრონები ვართ და როგორ უნდა მოვუაროთ ამ სიმდიდრეს?!“

პირველ მოსავლამდე ვენახის მოვლა-პატრონობას ხუთი წელი დასჭირდა. 2013 წელს ვენახი დაისეტყვა, რის გამოც პირველი სრული მოსავალი ფონდმა ერთი წლის დაგვიანებით - 2015 წელს მიიღო. ამავე წელს ჩამოისხა 2014 წლის მოსავლის ღვინო - სულ რაღაც 50 ბოთლი, მაგრამ - განსაკუთრებული ხასიათის. აქედან იწყება ქართული ვაზის ფონდის ღვინოების ისტორია და თავგადასავალი.

ღვინოების დიდი ნაწილი ტრადიციული კახური წესით - ქვევრებში, ხოლო ზოგიერთი მოსავლის ღვინო უჭაჭოდ, მინის საღვინე ჭურჭელში ან კასრებშია დაყენებული. ქართული ვაზის ფონდი არის ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი და იზიარებს ნატურალური მეღვინეობის პრინციპებს - ვენახის მოვლისას დაცულია ბიომეღვინეობის მკაცრი სტანდარტები, ხოლო ღვინის დაყენებისას არ გამოიყენება არანაირი გამწებავი საშუალებები, ენზიმები, სელექციური საფუვრები თუ სხვადასხვა ინდუსტრიული დანამატები.

2018 წელს ქართული ვაზის ფონდის ღვინოების მცირე საექსპორტო პარტიამ პირველად გადაკვეთა საქართველოს საზღვრები - „ბუდეშურისებრი საფერავი 2017“, „მცვივანი კახური 2017“, „ქისი/მწვანე 2017“ აშშ-ში გავიდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.