Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზი ბრაზილიაში - Olá Usachelari!

ნინა ახლოური

ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, აკუპუნქტურის სპეციალისტს, ბრაზილიელ ჯეიმს კარლს ვერც კი წარმოედგინა, რომ მეღვინეობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა. თუმცა, როგორც თავად გვითხრა, წინასწარ ვერასოდეს გაიგებ, მომავალში „გული სად მიგიყვანს“. რადგან ეს სფერო ძალიან იზიდავდა, ყურძნის კატალოგების შესწავლა დაიწყო. სულ მალე სამეცნიერო კვლევებითაც დაინტერესდა და სამხრეთ ბრაზილიის კლიმატოლოგიური მონაცემების შესწავლასაც  სერიოზულად მოჰკიდა ხელი. ცოტა ხანში, კარლი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მისი ქვეყნის კლიმატურ პირობებში ქართული და პორტუგალიური (ნესტიანი და მთიანი რეგიონებისთვის) და ასევე, ბერძნული (ცხელი რეგიონებისთვის) ვაზის ჯიშები ყველაზე „ბრძოლისუნარიანი“ შეიძლებოდა ყოფილიყო.

„ჩემი გული განსაკუთრებით ქართულმა ყურძენმა, მისმა არომატმა და უნიკალურმა გემომ დაიპყრო. ამასთან, მივხვდი, რომ ის აქაურ სინესტეს არ შეუშინდებოდა. ბრაზილიაში ჩვენ ხომ მუდმივად ტენს ვებრძვით. ამიტომ, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს დავუკავშირდი და ვთხოვე, ქართული ყურძნის სერიოზულ მკვლევართან დავეკავშირებინე. მათ პროფესორ დავით მაღრაძის ტელეფონის ნომერი მომცეს. 2012 წლის შემდეგ ჩვენ პერიოდულად ვეკონტაქტებით ერთმანეთს“, - გვითხრა ჯეიმსმა.

იმ პერიოდში მან ჟოზე აიუბი, მეღვინეობა Campos de Cima-ს მფლობელი გაიცნო. აიუბას მიწები ბრაზილიის უკიდურეს სამხრეთით მდებარე შტატში, რიუ-გრანდი-დუ-სულში (Rio Grande do Sul) მდებარეობს, რომელიც არგენტინასა და ურუგვაის ესაზღვრება. აიუბის ოჯახმა პირველად ღვინო საკუთარი ვენახებიდან მოკრეფილი ყურძნიდან  2006 წელს დაწურა, თუმცა ღვინის ქარხნის შენება მხოლოდ 2012 წელს დაიწყო. მათ პატარა მეღვინეობა აქვთ, ამიტომ, პრიორიტეტიც ხარისხიანი, ძვირფასი ღვინოების წარმოება გახლავთ. კარლსა და აიუბს, ფრანგ მეღვინესთან, მიშელ ფაბრთან ერთად, იმედი აქვთ, რომ ქართული ვაზი პამპას დაუმეგობრდება და ძალიან ცხელ ზაფხულსა და მკაცრ ზამთარს იოლად გადაიტანს.

დღეს Campos de Cima-ს ვენახებში ქართული ვაზის თერთმეტი სახეობაა გაშენებული: საფერავი, ოჯალეში, უსახელოური, ნაკაშიძის ჯანი, ალექსანდროული. თავკვერი, მუჯურეთული, ჩინური, მწვანე, რქაწითელი და გორულა. როგორც ჯეიმსმა გვითხრა, იქიდან გამომდინარე, რომ პორტუგალიურად მოსაუბრეებისთვის ზოგიერთი მათგანის წარმოთქმა განსაკუთრებით რთულია, რამდენიმე ჯიშის სახელის შეცვლა გახდა საჭირო. ასე გაჩნდა მათ ვენახებში წარწერები Usachelari, Taveri...

ბრაზილიელ მკვლევარს სჯერა, რომ ქართულ ვაზს ბრაზილიაში დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერ მხოლოდ სამეცნიერო დაკვირვებებს აწარმოებენ. მათ ვაზი ოთხ ტერუარში დარგეს. ოთხი წლის ანალიზისა და საჭირო ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მათ შორის, ფენოლოგიური საკითხების გარკვევის შედეგად, კვლევის ეტაპი დასრულებული იქნება.

„ბრაზილიაში მეღვინეობა სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში. ქვეყნის ამ ნაწილში კლიმატი სუბტროპიკულია, ჰავა ძლიერ ნესტიანია. უხვი ტენიანობა ბრაზილიელი მეღვინეებისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც ისინი სულ ებრძვიან, თუმცა ეს რთულია, როდესაც ფრანგული ყურძნის ჯიშებთან გვაქვს საქმე. კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქართული ყურძენი ტენიანობას კარგად უმკლავდება, ამიტომ ის ფრანგულის კარგი ალტერნატივა შეიძლებოდა ყოფილიყო. ძალიან მიხარია, რომ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში ასეთი შესანიშნავი ვაზი ხარობს. უკვე მქონდა საშუალება, გამესინჯა უსახელოური, ასევე საფერავის ჯიშისგან დაყენებული ავსტრალიური ღვინო. მომეწონა ბაგრატიონის ცქრიალა ღვინოც. ძალიან მინდა თქვენი ნახევრადტკბილი ღვინოების დაგემოვნებაც.“

ჯეიმს კარლი გამოტყდა, რომ ჯერჯერობით მისი ფავორიტი ჩინური და უსახელოურია. „მარანთან“ საუბარში ისიც აღნიშნა, რომ მართალია, საფერავის დაყენება ადვილია, მაგრამ ქართველი ქალის სილამაზესა და ელეგანტურობას მაინც მხოლოდ უსახელოურში ხედავს.

როგორც გავიგეთ, ბრაზილიელ მკვლევარს ქართულ მეღვინეობასა და ქვევრზე უკვე ბევრი წაუკითხავს და თვითონაც აპირებს ღვინის დაყენების ჩვენებურ მეთოდს მიმართოს, თუმცა Campos de Cima ძირითადად ორიენტირებული მაინც ევროპულ ტექნოლოგიაზეა. ქვევრთან გაცნობის მიზნით, შემდეგ წელს ჯეიმსი აპირებს საქართველოს ესტუმროს და მეტი გაიგოს იმ ქვეყნის კულტურაზე, რომელმაც ბრაზილიურ მეღვინეობას ახალი მომავალი აჩუქა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული