Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლი – 2011–2018 წლების მოსავლების მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია

გასულ წელს “ქართული ღვინის გზამკვლევის” მე–5 გამოცემა გამოვიდა, სადაც წლების მანძილზე (2011 წლიდან მოყოლებული) საქართველოს ღვინის ყველა რეგიონის მოსავლის წლების მონაცემები ქვეყნდებოდა. ამ დროის მანძილზე უკვე 7 წლის მასალა დაგროვდა და გადავწყვიტეთ ცალკ–ცალკე რეგიონებად დაგვეყო ეს ტექსტები და ისე მიგვეწოდებინა მკითხველისთვის. ვფიქრობ, ღვინის მოყვარულებისთვის საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო შეავსებს კონკრეტული წლის ღვინოების შესახებ ცოდნას. ამჯერად, კახეთით ვიწყებთ. გადაავლეთ თვალი ბოლო 7 წლის მოსავლებს, გამოარჩიეთ საუკეთესო წლები და გაიხსენეთ საყვარელი ღვინოები ან მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი წლის ღვინოები.

ეს მონაცემები წლების მანძილზე 50–მდე ქართველი მევენახის, მეღვინისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდება. გარდა ამისა ვსარგებლობდი ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

2011

ამ წელს ქართლში ზამთარი ზომიერად ცივი და უნალექო იყო, გაზაფხული და ზაფხული კი ყველაზე წვიმიანი და ცივი გამოდგა ბოლო წლების მანძილზე. ყურძენი გვიან დამწიფდა, რთველი აქტიურ ფაზაში, ოქტომბრის დასაწყისში, ოქტომბრის შუა რიცხვებში შევიდა. შედარებით გვიანი რთველის შედეგად ზოგიერთმა ძალიან ძლიერი, 14%–იანი ღვინოც კი მიიღო.           

2012

ამ წელს ერთ–ერთი ყველაზე ცივი ზამთარი გამოიარა ქართლმა. გაზაფხული ზომიერად ნალექიანი, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო. თავიდანვე გამოჩნდა, რომ მოსავალი გაცილებით ადრე დამწიფდებოდა. აგვისტოში ყურძენი უკვე სიმწიფეში შევიდა, ყოველ შემთხვევაში, ვიზუალურად. საბოლოო კონდიციას ქართლის ყურძენმა სექტემბრის ბოლოს მიაღწია.

2013

ზამთარი ზომიერად ცივი, მაგრამ უნალექო იყო. ზამთრის განმავლობაში უთოვლობა ნიადაგის გამოშრობას იწვევს, რაც ქართლში ხშირ შემთხვევაში ვენახების გახმობის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. გაზაფხული საკმაოდ გრილი იყო, ისევე, როგორც ზაფხული. ბევრ მევენახეს არც ახსოვს ქართლში ასეთი გრილი ზაფხული. არც დაავადებების მხრივ იყო პრობლემური წელიწადი და არც სეტყვა მოსულა. გრილი ზაფხულიდან გამომდინარე მევენახეები ვარაუდობდნენ, რომ რთველი ჩვეულებრივზე გვიან დაიწყებოდა, მაგრამ ტრადიციულად - სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა რთველი. ყურძნის შაქრიანობა გასულ წელთან შედარებით ნაკლები იყო, მოსავლიანობის მხრივ კი 2013 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი წელიწადი იყო ბოლო დროის მანძილზე.

2014

ამ წელს ქართლში ზამთარი მცირეთოვლიანი ან სულაც უთოვლო იყო. გაზაფხული ნალექიანი გამოდგა, შიდა ქართლში, მარტ–აპრილში თითქმის ყოველდღიურად წვიმდა მთელი ერთი თვის განმავლობაში, რამაც საკმაოდ კარგი წინაპირობა შექმნა დაავადებების განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებით ბიო–მევენახეეებისთვის იქცა პრობლემად. ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობდა ვენახის მოვლას და დროულად არ ატარებდა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, საგრძნობლად დაზარალდნენ. გვალვები ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე გაგრძელდა, თუმცა, როგორც ჩანს, გაზაფხულზე მოსული დიდი ნალექის ხარჯზე, ვენახები ისე ძლიერად არ დაიგვალა, როგორც კახეთში. შაქრიანობა ყურძენს შედარებით დაბალი ჰქონდა, მიუხედავად სიცხეებისა, მჟავიანობა კი მაღალი. შემოდგომა ძალიან ცივი იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადგილობრივი მევენახეები 2014 წელს ერთ–ერთ ყველაზე უცნაურ წლად მიიჩნევენ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე.

2015

ერთ–ერთი საუკეთესო წელი გამოდგა, თუმცა უცნაურობები ამ წელსაც საკმაოდ იყო. გაზაფხული, როგორც წესი, ადრე მოვიდა, კვირტი ადრე გაიშალა, თუმცა ამას რთველის ვადაზე არ უმოქმედია (ადრე არ დაწყებულა). წვიმიანი იყო გაზაფხული ქვემო ქართლში, მაის–ივნისში კი რამდენჯერმე დაისეტყვა ვენახები და ძლიერმა ქარიშხალმაც დააზიანა ზოგიერთი სოფელი. ქართლში ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალი იყო, თითქმის უნალექო. ცხელი ზაფხულის შემდეგ გრილი სექტემბერი დადგა, რის გამოც ყურძენმა კარგად ვერ დააგროვა შაქარი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც საკმარისი აღმოჩნდა ხარისხიანი მოსავლისთვის და ღვინისთვის. მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მხრივაც ერთ–ერთი საუკეთესო წელი იყო 2015 წელი. ფაქტობრივად პრობლემები არ შექმნია ვენახს და უმრავლესობამ ძალზე ხარისხიანი მოსავალი მიიღო.

2016

ცივი ზამთარი იყო, მცირედი ნალექით, გაზაფხული კი გრილი და საკმაოდ ნალექიანი დადგა. კვირტი ნორმალურად განვითარდა. ქართლში გაზაფხულზე ზოგიერთ ადგილას ვენახები მოყინა. გაცილებით ნალექიანი გაზაფხული იყო ატენის ხეობაში, შიდა ქართლში კი სეტყვაც მოვიდა. მაის–ივნისში სამჯერ დაისეტყვა ქვემო ქართლიც. ივნისის მშრალ ამინდებში ვაზი კარგად დაყვავილდა, გვალვა და სტრესი მხოლოდ ძალზე ხირხატიან ნიადაგებზე გაშენებულმა ვაზმა განიცადა, აგვისტოს დასაწყისში. აგვისტოში გვალვა იყო ატენის ხეობაშიც, ბევრს გაუფუჭდა მოსავალი. შემოდგომაზე ხეობაში მკვეთრად აგრილდა. რთველი ოქტომბრიდან დაიწყო, თეთრი ჯიშები კარგად დამწიფდა (მაგ. მუხრანის ველზე), წითლებს კი ცოტათი შეფერვა აკლდათ. ოქტომბრის შუა რიცხვებში მკვეთრად აცივდა, თუმცა ამ დროს უმრავლეს რაიონებში ყურძენი უკვე დაკრეფილი იყო.

2017

ამ წელსაც ცივი ზამთარი იყო, მცირედი ნალექით, ზომიერად ნალექიანი გაზაფხულით. ივნისამდე გაცილებით ნალექიანი ამინდები იყო ქვემო ქართლში. აპრილის ბოლოსკენ (26 აპრილი) ვენახები მოიყინა, რამაც საკმაოდ დააზიანა ქვემო და შიდა ქართლი და მუხრანის ველი. ამას დაემატა ძლიერი ქარებიც, რომელიც აპრილის ბოლოს 8 დღის მანძილზე ქროდა. ყვავილობა კარგ პირობებში დაიწყო, თუმცა მოყინვის კვალი ძლიერი იყო და ამან საკმაოდ დაატყო ხელი საბოლოო მოსავალს. წვიმიანი იყო გაზაფხული ქვემო ქართლში, მაის–ივნისში კი რამდენჯერმე დაისეტყვა ვენახები და ძლიერმა ქარიშხალმაც დააზიანა ზოგიერთი სოფელი. მთელმა ზაფხულმა მშრალად ჩაიარა, რის შედეგებმაც უკვე გვიან შემოდგომაზე, დადუღებისას იჩინა თავი. ბუნებრივი საფუვრებით ბევრგან გაძნელდა დადუღება. შემოდგომაზე, სექტემბრის მეორე ნახევარში აცივდა, თუმცა შემდეგ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კარგი ამინდები შენარჩუნდა. წლის მთავარი პრობლემა უნალექო ზამთარი და გვალვიანი ზაფხული იყო. კვიტრი ადრე გამოდიოდა და შესაბამისად, ვენახი გაზაფხულის მოყინვების მსხვეპლი ხდებოდა ხოლმე.

2018

ქართლში ზამთარი ასეთი თბილი და უნალექო არასდროს ყოფილა (ბოლო წლებში სულ აღნიშნავენ ამას მევენახეები). ყინვა თითქმის არ ყოფილა, რაც საკმაოდ იშვიათია ქართლში, თუმცა მარტში რამდენიმე დღე ძლიერი ქარები ქროდა. კვირტობის პერიოდიც გვალვიანი იყო და ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულმა უნალექოდ ჩაიარა. ქვემო ქართლშიც (ასურეთი), შიდა ქართლშიც (ატენი) და მუხრანის ველზეც მშრალი აპრილი იყო, თუმცა შიდა ქართლში მოყინა და ძლიერი ქარებიც დაერთო. მაისი წვიმიანი და ქარიანი გამოდგა, თუმცა კვირტობა–ყვავილობაში მაინც ვერ დააზიანა მომავალი. ივნისი წვიმიანი იყო, თვის ბოლოს კი ზოგიერთ რეგიონში (მაგ. ქვემო ქართლში) სეტყვაც მოვიდა. ივნისში დამწვრობაც შეინიშნებოდა აქტიური მზის გამო. ივლისში გამოჩნდა შავი სიდამპლე, რასაც გვალვა დაერთო და აგვისტოს უნალექობა. ივლისის ბოლო–აგვისტოს დასაწყისი საკმაოდ ნალექიანი იყო შიდა ქართლში, განსხვავებით ქვემო ქართლისგან. ქართლში ზოგადად მშრალი შემოდგომა იყო, გრილი ღამეებითა და თბილი დღეებით. ზოგ რეგიონში ყურძენმა საკმაოდ მაღარ შაქრიანობას მიაღწია (მაგ. მუხრანის ველზე – 24), სხვაგან მწიფობისას დაზიანდა კიდეც ყურძენი, დაჩამიჩდა (ოკამში, მუხრანის ველზე), თუმცა ამის მიუხედავად, მაინც მოსავლიანი წელი ეთქმოდა. ზოგიერთ მარანში 14–15%–მდე ავიდა ღვინის ალკოჰოლი. წითელ ღვინოებს (შავკაპიტოს, თავკვერს) კარგი შეფერვა ჰქონდათ და კარგადაც დადუღდნენ.

იხ. კახეთი – 2011–2018 წლების მოსავლების მიმოხილვა

© ქართული ღვინის გზამკვლევი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული