ლევან სეფისკვერაძე
გასული საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისში ბავშობაგატარებული ადამიანისთვის სახელი „ოჯალეში“ მითოსური ამბებით იყო შებურვილი. აქა-იქ შეიძლება გაგეგო, რომ სამეგრელოში არსებობდა საუკეთესო წითელი ღვინო, რომელსაც მთავარი დადიანი სვამდა, თუმცა ამ ღვინის დამლევი და მისი რაობის რეალურად გამგები ადამიანი არავის ენახა. ოჯალეშის „მითიურობას“ კიდევ უფრო მეტად იჯერებდი, როდესაც სამეგრელოში ჩახვიდოდი და ნახავდი, რომ იქაც მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ ამ დიდებული ღვინის შესახებ და ეს ინფორმაციაც ქართული პოეზიიდან ამოკრეფილ (მაგ: „ვარ ოჯალეშით გულდასისხლული“ და მისათანანი...) ლირიულ ფრაზებს არ სცილდებოდა.
არადა, ყველამ ვიცოდით, რომ ოჯალეში სადღაც ახლოს იყო და ჩვენ უბრალოდ არ გაგვიმართლა, რადგან ცხოვრების დასაწყისი გავატარეთ ქვეყანაში, სადაც უმეტესობა შაქარ-წყლით გაბევრებულ ჰიბრიდული ვაზის ღვინოს სვამდა და ყველა კუთხეში იყო შემორჩენილი ლეგენდა, თუ რომელ ღვინოს სვამდა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ეს მითები სხვათა შორის არსად წასულა და ახლაც, მხცოვანი ლეჩხუმელი გეტყვის, რომ სტალინს უსახელოური უყვარდა, ქართლელი გორულ მწვანეს დაგისახელებთ, კახელი - წარაფს ან მუკუზანს, გურული - ჩხავერს, რაჭველი ხვანჭკარას, მეგრელი კი რა თქმა უნდა - ოჯალეშს!
ორი სიტყვა ამ ჯიშის ოდინდელ გავრცელების არეალზეც ვთქვათ. „საქართველოს ამპელოგრაფიის“ მიხედვით, სანამ სოკოვანი დაავადებები და ფილოქსერა მე-19 საუკუნეში მთელს საქართველოს მოედებოდა, ოჯალეშის საკმაოდ დიდი ვენახები იყო გაშენებული აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში. გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ ოჯალეში ძირითადად მხოლოდ მთისპირა მეგრულ სოფლებში ხარობს, ეს ჯიში ზუგდიდისა და გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებშიც იყო გაშენებული. კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთიდან (ზუგდიდის რაიონი) ისტორიული სამურზაყანოს (გალის რაიონი) ტერიტორიამდე.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.
თბილისი ოჯალეშს იხსენებს
დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ღვინით დაინტერესებულმა თბილისელებმა მეგრული ოჯალეში პირველად „ახალი ღვინის ფესტივალზე“ გასინჯეს. საქართველოს ყველაზე დიდი ღვინის ფესტივალის დაარსებამდე (2009 წელი) 1-2 ღვინის კომპანიას ქონდა მცდელობა მარტვილში ოჯალეშის ვენახები გაეშენებინა და ბოთლში ღვინო ჩამოასხეს კიდეც, თუმცა ოჯალეში თავიდან იმდენად ახალი რამ იყო და თან ისე მცირე რაოდენობით იწარმოებოდა, რომ სათვალავშიც კი ძნელად მოხვდებოდა. “ახალი ღვინის ფესტივალზე“ რაოდენობრივად არც 2022 წელს იყო მეგრული ოჯალეშის განსაკუთრებული ბუმი და სორტიმენტში სულ რამდენიმე მცირე მარანს ქონდა ეს ღვინო. შესაბამისად, მანამდე არსებული მდგომარეობაც არაა რთული წარმოსადგენი, თუმცა იმ რამდენიმე მცირე მარნამა, რომლებმაც სამეგრელოში (ძირითადად მარტვილში) ოჯალეშის ვენახები გააშენეს, იმდენი კი შეძლეს, რომ საქართველოს ოჯალეშის გემო გაახსენეს და შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯიშის შესახებ მითი რეალობად ამ ადამიანებმა აქციეს.
თხილი ოჯალეშის წინააღმდეგ
ამ საქმეში ერთ-ერთი პიონერი იყო „ღვინო მარტვილის“ დამაარსებელი ზაზა გაგუა, რომელმაც სოფელ თარგამეულში მეგობრებთან ერთად წამოიწყო მევენახეობა-მეღვინეობა. 2011 წელს, როდესაც ზაზამ და მისმა პარტნიორებმა ოჯალეშის და სხვა მეგრული ვაზის პირველი ნერგები ჩაყარეს, ეს ამბავი ჩვენს მიერ vinoge.com-ზე გაშუქდა და სტატიაზე მუშაობის დროს რამდენიმე ადგილობრივ გლეხს გავესაუბრეთ. მაშინ ყველა ამბობდა, რომ დიდებული საქმე იყო ლეგენდარული ოჯალეშის სამეგრელოში დაბრუნების მცდელობა, მაგრამ მათ არ უნდოდათ და არ შეეძლოთ თხილის ბაღების ვენახისთვის „მოცდენა“, რადგან თხილი მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ყურძენი კი მაშინ არავის უნდოდა და რეალურად არავის სჯეროდა ოჯალეშის.
სამეგრელოში თხილი ახლაც მთავარი სამეურნეო კულტურაა და ბევრი ოჯახის ძირითადი შემოსავალი სწორედ თხილიდანაა, თუმცა ბოლო 10-12 წლის მანძილზე ამ მხარეში უფრო და უფრო ბევრმა ადამიანმა ირწმუნა, რომ ბიზნესის კუთხითაც მეგრული ღვინო თხილზე და ციტრუსზე არანაკლებად საინტერესოა და თუკი მეგრულ ვაზის ძველ ჯიშებს და მათგან დაწურულ ღვინოს (უპირველესად რა თქმა უნდა ოჯალეშს) სათანადო ასპარეზი მიეცემათ, საექსპორტო პოტენციალიც სხვა ქართული ღვინოებზე არანაკლები ექნებათ.
„ღვინის სოფელი“ ოჯალეშამდე მივიდა
2020 წელს პროექტი სახელად „ღვინის სოფელი“ დაიწყო. ამ პროექტს „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პირველი წელი იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმზე ვმუშაობდით, 2022-დან კი გურია-სამეგრელოზე. პროექტის ფარგლებში „ღვინის კლუბის“ სამუშაო ჯგუფს არაერთხელ მოუწია სამეგრელოში ჩასვლა და ადგილზე ყველაზე კარგად გამოჩნდა რა ხდება ოჯალეშის გავრცელების და ზოგადად სამეგრელოში მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით.
„ღვინის სოფლის“ ექსპედიციებიდან გაირკვა, რომ ბოლო 12-13 წლის მანძილზე სამეგრელოში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, ბევრი ახალი მცირე მარანი გამოჩნდა, რომლებიც ადგილობრივ ძველ ვაზის ჯიშებზე მუშაობენ და ოჯალეშის ვენახებსაც სულ უფრო ბევრგან ნახავთ. ამას გარდა, 21-ე საუკუნეში, როგორ იქნა, ოჯალეშის ვენახების გავრცელების არეალი მარტვილის მუნიციპალიტეტს გასცდა და დაბლარად, ოლიხნარად ან სულაც ეზოში ხეივნად ფორმირებულ ვენახებს ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის სოფლებშიც შეხვდებით.
ღვინის ტურიზმი სამეგრელოში
პროექტ „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარი მეგრული მარნების უმეტესობა ღვინის გაყიდვის გარდა, ღვინის ტურიზმზეა ორიენტირებული. იღებენ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს, უტარებენ მჭადის და პურის ცხობის მასტერკლასებს, აჩვენებენ ელარჯის ამოზელვის შოუს, ხშირად მასპინძელი თავად თამადობს ქართულ სუფრას (რაც უცხოელებს ძალიან მოსწონთ) და ბევრმა უკვე დაიწყო მარანთან ახლოს მცირე სასტუმრო სახლების აშენებაზე ფიქრი, რადგან პირველყოვლისა კახური მცირე მარნების გამოცდილება აჩვენა, რომ სტუმრების არცთუ მცირე ნაწილი კარგი ღვინის სმის და გემრიელად ვახშმობის შემდეგ, არც იქვე ახლოს ღამის გათევაზე იტყოდა უარს.
სამეგრელოში ახლახანს შექმნილი მცირე მარნების მფლობელები ყველაზე ადრე მიხვდნენ, რომ ამ ეტაპზე არა აქვთ და შეიძლება კიდევ დიდი ხანი არ ქონდეთ იმ რაოდენობის მოსავალი, რომ ღვინის გაყიდვები არნახულად გაზარდონ და ერთადერთ საქმედ მევენახეობა-მეღვინეობა გაიხადონ. ამიტომაცაა, რომ მეგრული მცირე მარნების აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრებს ოჯალეშის (და ერთი რომელიმე თეთრი ღვინის) გარდა, მეგრული კულინარიის შედევრებსაც სთავაზობს და ამ გზით ღვინის გაყიდვებზე არანაკლებ შემოსავლებს იღებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღვინო და საჭმელი ერთმანეთს არ უნდა დაშორდეს, რადგან ცალ-ცალკე გემრიელი საჭმელი ან კარგი ღვინო მხოლოდ კონკრეტულ ღვინით ან კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს იზიდავთ, ორივე ერთად კი თითქმის ყველას უყვარს.
მეღვინეობა და მეყურძნეობა
მრავალ დადებითთან ერთად, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი მევენახეების უმეტესობა სამწუხაროდ ყურძნის გაყიდვაზე არიან ორიენტირებული. დიდი ქარხნები კილოგრამ ოჯალეშში მაგალითად შარშან 10 ლარს იხდიდნენ და ეს საკმაოდ დიდი ფასია ზოგადად საქართველოში უსამართლოდ მცირე ყურძნის ფასს თუ გავითვალისწინებთ. მარტვილში არიან მევენახეები, რომლებიც მისავლის მცირე ნაწილს ღვინის დასაყენებლად და ოჯახში მოსახმარად იყენებენ, თუმცა ეს ადამიანები მეღვინეობაზე ნაკლებად ფიქრობენ. დასაწყისშიც ვთქვით, რომ არცთუ დიდი ხნის წინ სამეგრელოში ოჯალეშის ვენახების ნახვა და მით უმეტეს ამ ღვინის გასინჯა წარმოუდგენლად რთული იყო. შესაბამისად, ახალი ვენახების გაშენების ტენდენცია, თუნდაც მევენახე მხოლოდ ყურძნის გაყიდვაზე იყოს ორიენტირებული, მაინც დიდად პროგრესულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. თუმცა, ეს მაინც გავს ოქროს ზოდებზე მცხოვრები კაცის გადაწყვეტილებას, რომელიც დაუმუშავებელ ოქროს ზოდს სპილენძის ფულში ცვლის და ამით რატომღაც კმაყოფილია.
სამომავლო იმედები
ბოლოს დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად დღეს სამეგრელოში ჯერ ისევ პოპულარული ჰიბრიდული ვაზისა და ჯერ ისევ ფესვგადგმული შაქარ-წყლით ღვინის გაბევრების მავნე წესის არსებობისა, პროგრესი მაინც სახეზეა. ახალი ვენახები, ახლადშექმნილი მცირე საოჯახო მარნები, თანამედროვე ცოდნას ნაზიარები ახალი თაობა და ზოგადად ქართული ღვინისადმი მთელს მსოფლიოში ცნობადობის ზრდა გვაძლევს იმედს და რწმენას, რომ ცნობილი მეგრული ისტორიული ლეგენდა, რომ პრინცი მიურატის დროს ოჯალეში გემებით დასავლეთ ევროპაშიც კი გადიოდა, ჩვენი დროის ხილული ჭეშმარიტება გახდება.
ადრე მსგავსი პერსპექტივებიც კი წარმოუდგენელი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მაგალითად 10 წლის წინ, ოჯალეშს ვინ ჩივის, შაქარ-წყლის გარეშე დაყენებული ცოლიკოურის დალევაც კი რთული საქმე იყო. ამის გამო ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ სამეგრელოში განსაკუთრებით კარგად არყის და ჭაჭის წარმოება გამოსდიოდათ და იქაური ღვინო თითქოს ვერ იყო სასურველი ხარისხის. მეგრელებს მაღალალკოჰოლიანი სასმელები მართლაც რომ ჩინებული აქვთ და ხდის ტრადიციაზე დაფუძნებული ცოდნა მეგრული მეღვინეობის პარალელურად საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. თუმცა ეს სულ სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი