Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მომავლის ღვინო - ინტერვიუ ავთანდილ მეგუთნიშვილთან (5)

"მომავლის ღვინოს" რუბრიკაში ახალგაზრდა კახელ მეღვინეს, ავთანდილ მეგუთნიშვილს ვესაუბრეთ, რომელიც 2016 წელს ჩაერთო ამ სფეროში. მისი აზრით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა გაიაზრონ, რამდენად სარისკოა ექსპორტის დიდი პროცენტის მხოლოდ ერთ ქვეყანაში განხორციელება.

ესაუბრა ელენე ცინცაძე

- გვიამბეთ  თქვენს შესახებ.

- მე ვარ ავთანდილ მეგუთნიშვილი, 26 წლის. დავამთავრე წინანდლის საჯარო სკოლა. სწავლა გავაგრძელე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და შემდეგ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემს ოჯახს დიდი ტრადიციები აქვს მეღვინეობის მიმართულებით და უკვე მესამე თაობის მეღვინე ვარ. 2016 წელს დავიწყე აქტიურად მუშაობა და ამ დროიდან ამ სფეროში ვარ.

- რა არის ის, რაც თქვენს საქმეში ძალიან გიყვართ?

- მეღვინეობაში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ამოუწურავი პროცესია. ამ სფეროში ყოველთვის შეგიძლია სიახლის პოვნა, განვითარება. შეგიძლია გქონდეს შენი “ხელწერა”, შექმა ინოვაციური პროდუქტი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი, რა თქმა უნდა რთველია, როდესაც შენზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ყურძნისგან მიღებულ ღვინოს როგორ ჩამოაყალიბებ, განავითარებ და რა მიმართულებას მისცემ.

- როდის მიხვდით პირველად, რომ ეს იყო თქვენი გატაცება?

- ჩემი სიყვარული ამ სფეროს მიმართ ბავშვობიდან მოდის. მამაჩემი მეღვინე იყო და ვაზისა და ღვინის სიყვარულით მზრდიდა. ალბათ, 10 წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად წამიყვანა საწარმოში. ამ ასაკიდან უკვე მაჩვევდა ღვინის კულტურას. ცოტა რომ გავიზარდე, უკვე მამუშავებდა როგორც ვენახის საქმეებში ისე ღვინის მიმართულებით. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მეღვინე გავხდარიყავი.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რაც მეღვინეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს?

- პირველ რიგში, თუ გინდა, რომ კარგი მეღვინე იყო, ვაზის და ღვინის ფილოსოფია უნდა გესმოდეს და გიყვარდეს. უნდა იყო მიზანდასახული, პრინციპული, პასუხისმგებლიანი, გაგაჩნდეს ნებისყოფა, უნდა შეგეძლოს სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და იყო კარგი მენეჯერი.

- გვიამბეთ, როგორია თქვენი ერთი ტიპური დღე.

-რთველს თუ არ ჩავთვლით, ჩემი ერთი დღე არის ასეთი: დილით გუნდისთვის საქმის გადანაწილება და მთელი დღის განმავლობაში კონტროლი, რომ სწორად წარიმართოს საქმე, ღვინოების დეგუსტაცია, ღვინის მომზადება ჩამოსასხმელად და დანარჩენი მიმდინარე პროცესების წარმართვა.

- როგორ უნდა აბალანსებდეს ერთმანეთს ტრადიციები და ინოვაციები?

-ჩვენ საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ ვაზის და ღვინის მიმართულებით. პირველ რიგში, ამას უნდა მოვუფრთხილდეთ, სწორად განვავითაროთ და წარმოვაჩინოთ მსოფლიო მეღვინეობაში. ინოვაციები აუცილებელია ყველა მეღვინესთვის, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეობებიდან და სწორედ ინოვაციების და ჩვენი ტრადიციების შერწყმით შეიძლება საინტერესო პროდუქტების მიღება.

- რა იყო თქვენი პირველი სამსახური ამ სფეროში და როგორი გამოცდილება მიგაღებინათ?

- ჩემი პირველი სამსახური იყო კომპანია “თელიანი ველი”. 2016 წელს დავიწყე იქ მუშაობა მუშის პოზიციაზე. დიდი ინდუსტრიაა, საკმაოდ ძლიერი და მეგობრული გუნდი იყო ჩამოყალიბებული. იმ დროისთვის ამ კომპანიაში ჩემი მეგობრები იყვნენ მეღვინეები და ისინი დამეხმარნენ სრულფასოვნად ჩავრთულიყავი მეღვინეობის ყველა პროცესში. ამ კომპანიაში საშუალება გვქონდა დაგვენერგა ინოვაციები, ჩაგვეტარებინა ცდები და სწორედ აქედან გამომდინარე დამიგროვდა გამოცდილება

- რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ღვინო რთული სამუშაო დღის შემდეგ? 

-სამუშაო დღის შემდეგ კონკრეტულად არ მაქვს შერჩეული რომელიმე ღვინო, გააჩნია ხასიათს და სეზონს, თუმცა ამ დროისთვის უპირატესობას მივანიჭებდი კლასიკურ ღვინოებს.

- რა არის ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება თქვენთვის, იქ სადაც ამჟამად მუშაობთ.

- ჩემს ამჟამინდელ სამსახურს რაც შეეხება, არ არის დიდი ინდუსტრია, თუმცა საკმაოდ რესურსი გააჩნია იმის, რომ დავნერგოთ სიახლეები და ვაწარმოოთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინო.

- რა მოგწონთ და რას შეცვლიდით ქართული ღვინის წარმოებაში?

-ვფიქრობ, ცვლილებები ვენახიდანაა დასაწყები. კვლევითი საქმიანობებია წასახალისებელი და ჯანსაღი, ხარისხიანი ყურძნის მიღება, რომ დანარჩენ საკითხებზე მსჯელობა და პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა დავიწყოთ.

რა თქმა უნდა, კომპანიებმა უნდა გაიაზრონ, რამდენად სარისკოა ექსპორტის დიდი პროცენტის მხოლოდ ერთ ქვეყანაში განხორციელება. ქართული ღვინის წარმოებას ჭირდება მეტი პროფესიონალი კადრი, მეტი საერთაშორისო გამოცდილება და მრავალფეროვანი ბაზრები.

- სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?

- 5 წლის შემდეგ საკუთარ თავს ისევ საქართველოს მეღვინეობაში ვხედავ, თუმცა მეტი უცხოური გამოცდილებით.

რუბრიკის სპონსორია "თბილღვინო"

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული