Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მესხური მევენახეობის ნაშთის კვალდაკვალ

მალხაზ ხარბედია

ძნელია დღეს ამაზე უფრო დამაიმედებელი სათაური წარუმძღვარო წერილს, რომელიც მესხური მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობას ეძღვნება. ერთ დროს ძალზე მრავალფეროვანი მესხური მევენახეობიდან დღეს პრაქტიკულად აღარაფერია შემორჩენილი, მხოლოდ უმცირესი ნაკვალევი. პირველ რიგში ალბათ სწორედ ამ კვალის ამოკითხვა უნდა მოხდეს, შემდეგ კი შეძლებისდაგვარად უნდა აღვადგინოთ ის, რაც წყაროებიდან ვიცით. ამ მხარეში ძალიან ბევრი რამ ნულიდანაა დასაწყები და მესხეთიც ელოდება ახალი ფურცლის გადაშლას. იმედი მაქვს, მალე დადგება ის დრო, როცა საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, უფრო რაციონალურად და მეტი გემოვნებით მოეკიდებიან მევენახეობას ამ მხარეში, ეს კი, პირველ რიგში ტრადიციული მევენახეობის აღდგენას, გნებავთ ახლიდან დაბადებას გულისხმობს.

ორიოდე კვირის წინ “ღვინის კლუბმა” მორიგი ექსპედიცია სწორედ მესხეთში მოვაწყეთ, რათა უფრო დაწვრილებით შეგვესწავლა მხარე, გვენახა ნაშთები და დაახლოებით მაინც წარმოგვედგინა მესხური ვაზის პერსპექტივები.

როცა ვაზზეა საუბარი, მესხები ყოველთვის სახეებს მიმართავენ ხოლმე. თითქმის არ არსებობს ზეპირი გადმოცემა ვაზის შესახებ, მდიდრულ შედარებებსა და პოეტურ გაზვიადებებს რომ არ შეიცავდეს. მაგალითად, ერთ გადმოცემაში დასეტყვილ ვენახში ტერასებზე წითელი ჩანჩქერი მოედინება, ყურძნის წვენით შეღებილი, არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც ზეგანზე მცხოვრებ ერთ გლეხს კამეჩი დაჰკარგვია და მის საძებრად შვილი გამოუგზავნია. როცა ზეგნიდან გადმოუხედავს, ბიჭს გადაღმა დაუნახავს ვენახებში გაწოლილი დიდი შავი კამეჩივით რაღაცა. გაკვირვებია, საცალფეხო ხიდზე კამეჩი როგორ გადავიდოდაო, დაეშვა თურმე მთაზე და როცა ნაპირს მიუახლოვდა, სოფელ ფიასთან, თურმე აღმოჩნდა, რომ ის, რაც შორიდან კამეჩივით მოჩანდა, შავი ყურძნის დიდრონი მტევნებით დახუნძლული ვაზი ყოფილა. მესხური ღვინის შესახებ სტატიის ავტორს, ზურაბ ქუქჩიშვილს, ვინაც პირველ დღეს ძალზე ნაყოფიერი მეგზურობაც გაგვიწია ასპინძის რაიონში, თავის 1983 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “ვაზის კულტურა მესხეთში” ამ ამბის ოდნავ სხვა ვერსია მოჰყავს, რომელიც სოფელ ხიზაბავრაში ჩაუწერია: “ხიზაბავრის მცხოვრებ ერთ გლეხს შავი ხარები დაუკარგავს საღამოს, მერე მთელი ღამე უძებნია, მაგრამ ვერ უნახავს, დილით ისევ დაუწყია ძებნა, ბოლოს უნახავს, რომ ხარები დარიჯის ძირში ჩაწოლილიყვნენ და იცოხნიდნენ, დარიჯის კედლები კი ისე შავად ყოფილა დაფარული მსხმოიარე ყურძნის მტევნებით, რომ პატრონს ვერ შეუმჩნევია ამ შავ ფონზე თავისი შავი ხარები”-ო.

აქ ერთი სიტყვაა ნახსენები, დარიჯი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მესხურ მევენახეობაში და ზოგადად მთელი ადგილობრივი სოფლის მეურნეობისთვის. მოგეხსენებათ მესხური მევენახეობა პირველ რიგში ტერასებზე გაშენებულ ბაღ-ვენახებს გულისხმობს, რომელსაც რამდენიმე სახელი აქვს: ოროკო, დარიჯი, ბაქანი, საქვე. ზურაბ ქუქჩიშვილი სულხან-საბას ლექსიკონზე და ადგილობრივ გადმოცემებზე დაყრდნობით განსხვავებებსაც ადგენს ამ ოთხ ტერმინს შორის: მაგ. დარიჯი და საქვე ერთი და იმავე დანიშნულებისაა, უბრალოდ დარიჯის ფართობი გაცილებით აღემატება საქვისას, საქვე ტერასები კი უფრო დიდი დახრილობისა ყოფილა, ხოლო ბაქანი ყველაზე მცირე ზომის მიწის ნაკვეთს აღნიშნავდა, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი ძირი ირგვებოდა. დარიჯს შემდეგნაირად აშენებდნენ: “ჯერ მიწას გამოთხრიდნენ, რასაც ადგილობრივი ტერმინით “გამოზელვა” ეწოდებოდა. მიწის პატარა ნაწილის ამოღების შემდეგ კედელს ჩაუყრიდნენ საფუძველს, შემდეგ კი იწყებოდა ფერდობის გამოთხრა. ამოსული ქვა და ღორღი კედლის მშენებლობას ხმარდებოდა. თუ ქვა ახლომდებარე ტერიტორიაზე არ იყო, იგი მოჰქონდათ “ძარიანი” ურმით. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კედლის სიმაგრეს, სიმტკიცესა და დახრილობას, რადგან კედელი თუ დახრილი არ იყო, პირველივე მორწყვის ან დიდი წვიმის დროს შეიძლება დანგრეულიყო. მშენებლობა ხდებოდა მშრალი წყობით, ამოყვანილ კედელს კი ავსებდნენ მიწითა და წვრილი ქვა-ღორღით. კედელი აუცილებლად ორპირი უნდა ყოფილიყო, რომ სიმაგრე ჰქონოდა” (ზ. ქუქჩიშვილი).

მესხეთში არსებობდა ტერასების კიდევ ერთი სახეობა, ე.წ. თაროიანი ტერასები. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ვაზი ტერასის წინა, ქვით ნაშენებ ნაწილზე იყო გადმოფენილი.

მესხეთში დაბლარი ვენახებიც არსებობდა და მაღლარიც, თუმცა ძირითადი სახეობა მაინც მაღლარი იყო, და იგი, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა გურია-სამეგრელოს მაღლარებისგან, მათ შორის იმითაც, რომ ძირითადად ჭერმის ხეზე იყო ხოლმე გაშვებული. ასეთი მაღლარები დღესაც არაერთია შემორჩენილი. მართალია ტერასებზე ვაზი იშვიათ გვხვდება, მაგრამ სამაგიეროდ ვაზის რამდენიმე უძველესი ძირი ვნახეთ სოფელ ჭაჭკარსა და ტოლოშში. სოფელ ტოლოშში 3 უძველეს ვაზს მივაგენით, ერთი თეთრი იყო, ორიც წითელი. თეთრი, ყველაზე მსხვილძირიანი, მსხალზე იყო აშვებული. ამ თეთრყურძნიან ვაზს ესხა კიდეც და მტევანის გადაღებაც მოვახერხეთ. ზომით ყველაზე დიდი ჭაჭკარის მაღლარი ვაზი აღმოჩნდა. იგი ნამდვილი გიგანტია და საქართველოში ალბათ ერთ-ერთ უძველეს მსხმოიარე ვაზად უნდა ჩაითვალოს.

მესხეთი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, მევენახეობის ალბათ ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება, ანუ 900 მეტრი აქ ქვედა ზღვარია, რაც ბევრისთვის შესაძლოა ძნელად დასაჯერებელი იყოს. რეგიონის დარაიონება ტრადიციულად ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ზონების მიხედვით ხდებოდა. გარდა ამისა, გამოიყოფოთა ზონები ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით. ქვედა ზონა (900-1000 მ.), საშუალო ზონა (1000-1200 მ.) და მაღალი ზონა (1200-1400 მ.). მესხეთის მევენახეობაზე მონოგრაფიის ავტორის, შალვა წიქვაძის სიტყვით, ვაზი განსაკუთრებით კარგად ხარობდა “მდინარე მტკვრის, ფოცხოვის და ქობლიანის მარცხენა ნაწილის იმ ნაკვეთებზე, რომელთაც სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის დაქანება აქვს. ამ მიდამოებს ძველად “ზვარეს” უწოდებდნენ, ვინაიდან ეს მხარე მეტად განათებულია მზით, ვაზი ადრე იწყებს გაღვიძებას და კვირტების გაშლას, მეტი რაოდენობით აგროვებს ყურძენი შაქარს, რის შედეგად ამ მიკრორაიონში უფრო ხარისხოვანი ღვინოც დგება, ვიდრე მდინარის მარჯვენა ტერასებზე, რომელსაც ძველად მესხები “ჩრდილის” რაიონს უწოდებდნენ”.

მესხეთი მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე არქაული მხარეა საქართველოში, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა სწორედ მესხური წარმოშობის იყოს უძველესი ქართული ჯიშები, საფერავი, ძელშავი, ხიხვი და სხვ. აქ, მარტო ჭაჭკარის პატარა ხეობაში, ვარძიასთან, 28 საწნახელი დავთვალეთ ღვინის კლუბის წევრებმა და ადგილობრივებმა. როგორც ჩანს, ეს იყო ვარძიის დამხმარე მეურნეობა, თავად ვარძიაში კი 185 ქვევრია აღმოჩენილი და 25 სხვადასხვა სიდიდის მარანი. სოფელ ტოლოშში, ეკლესიის ეზოში მრავლად ვნახეთ შუასაუკუნეების პერიოდის ქვევრებიც, რომელთა შორისაც, მიწაში მოთავსებულ ქვის პატარა სასახლეებში მცირეწლოვანი ბავშვები ყოფილა დამარხული.

1578 წელს თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ აქ თანმიმდევრულად ნადგურდებოდა მევენახეობა, თუმცა ჯერ კიდევ 1595 წლის აღწერის მიხედვით, მარტო ახლანდელი ასპინძის რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-12 ათასი ტონა ყურძენი იკრიფებოდა (შედარებისთვის, მთელს კახეთის რეგიონში დღეს დაახლოებით 100-150 ათასი ტონა ყურძენი იკრიფება). მხარეში მევენახეობის აღორძინება XX საუკუნის 40-50-იან წლებში დაიწყო, ხოლო მანამდე, XX საუკუნის დასაწყისის ავტორებით დაწყებული, ივანე ჯავახიშვილითა და სერგი მაკალათიათი დამთავრებული, ყველა გულისტკივილით აღნიშნავდა აქაურ პრობლემებს.

მესხეთში მევენახეობის პერსპექტივები და ადგილობრივი ჯიშები მაქსიმე დამიშვილმა და დავით ტაბიძემ შეისწავლეს 30-40-იან წლებში. თუმცა ამ დიდი მეცნიერების ღვაწლი სხვაგვარად გამოიყენა საბჭოთა ხელისუფლებამ, სწორედ ამ პერიოდიდან გავრცელდა აქ ახალი ჯიშები, გორული მწვანე, ჩინური, რქაწითელი, პინო, ალიგოტე, ხიხვი, თავად რეგიონი კი მხოლოდ შამპანური მასალებისთვის დასახეს პერსპექტიულად. ბევრის აზრით, ეს იყო ძალიან სამწუხარო შეცდომა, რადგან ამით, ფაქტობრივად ადგილობრივი ჯიშები გაიწირა, 1947 წლიდან კი მესხეთის მეღვინეობის ახალი ისტორია დაიწყო, ამ წელს ჩამოყალიბდა შამპან-კომბინატის წრიოხის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა, 1950 წელს კი აშენდა ჰიდრავლიკური წნეხებით აღჭურვილი დიდი მარანი, რომელიც დღე-ღამეში 50 ტონა ყურძენს ამუშავებდა. მაშინ პირდაპირი მითითება იყო, “გავაშენოთ და ზონების მიხედვით დავნერგოთ ვაზის მაღალხარისსხოვანი შამპანური ჯიშები...”.

ამ სრული “შამპანიზაციის” კვალი დღესაც ჩანს. უპერსპექტივობის გამო აღარც ის შემოტანილი ჯიშებით გაშენებული ვენახები შემორჩა და რაც მთავარია, ძალიან დაზარალდა ადგილობრივი ჯიშები, ისე, რომ დღეს ახლიდან უწევთ ამპელოგრაფებს ჯიშების იდენტიფიკაცია, მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს კი მხოლოდ ძველი წყაროების მიხედვით ან ზეპირი გადმოცემებით თუ აღვადგენთ.

მაგალითად, მესხეთის პირობებში გასათვალისწინებელია, რომ მჭიდროდ ნარგავი ვაზი ნაკლები ყინვაგამძლეობით გამოირჩევა, ვაზის მოყინვა კი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მესხეთში. აქ ჩვეულებრივი ამბავია ზამთრობით ვაზის დამარხვა, რის გამოც ვაზი აქ ორჯერ ისხვლება, ერთხელ “ზერელედ”, შემოდგომაზე, ამ დროს ვაზს დამარხვის გასაადვილებლად აჭრიან ისეთ რქებს, რომელიც ფორმირებისთვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენენ და მეორე ძირითადი სხვლაა, რომელიც გაზაფხულზე ტარდება. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო დიდხანს არის დამარხული ვაზი, მით მეტი რაოდენობით კვირტი ზიანდება და რაც უფრო თბილია ზამთარი, მით უფრო ხშირია წამარხულ ვაზზე დაზიანებული კვირტების რაოდენობა.

ადგილობრივი ტრადიციული მეღვინეობა ძალზე საინტერესოა, იგი ნაწილობრივ განსხვავდება კიდეც დასავლური თუ აღმოსავლურქართული მეღვინეობისგან, მიუხედავად იმისა, რომ აქაც საწნახელი და ქვევრია წამყვანი. აღსანიშნავია საქაჯავების ძალზე დახვეწილი და არქაული სისტემა, რომელიც ჩვენი ორდღიანი მოგზაურობის დროსაც მრავლად აღმოვაჩინეთ. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ადგილობრივი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოებიც გაგვესინჯა, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ ერთხელ მოგვეცა. ასპინძელ ელდარ გიორგაძის ოჯახში. ეს იყო, სავარაუდოდ თეთრი ბუდეშურისაგან დაყენებული ძალიან ხალისიანი და სურნელოვანი ღვინო, რომელმაც ცოტათი მაინც გააქარწყლა ის სევდა, რომელიც მესხეთში შეიძლება დაეუფლოს ქართული ღვინის ენთუზიასტს (სხვათა შორის, იმ 25 იშვიათ ჯიშს შორის, რომელთაგანაც წელს ღვინის კლუბმა ღვინოები დააყენა და რომელიც გაზაფხულზე დეგუსტაციაზე გაისინჯება, სამი მესხური ჯიშიცაა - მესხური ხარისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი).

ჩემი დღევანდელი წერილის მიზანი მარტივია. საჭიროა უფრო მეტი ყურადღება მივაპყროთ მესხეთის მხარეს, რომელმაც თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული ძეგლების სიმრავლით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტითა და მევენახეობა-მეღვინეობის სრულიად ეკზოტიკური ტრადიციებით, წლების შემდეგ შესაძლოა თავისი განსაკუთრებული სიტყვა თქვას. იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ვარძიასთან, თმოგვის ციხესთან და ხერთვისთან ერთად, ადგილობრივ სიმბოლოთა რიგში თავის ადგილს ღრმა და ხალისიანი მესხური ღვინოც დაიკავებს.

წუნდა

მესხური და ტრადიციულად მესხეთში გავრცელებული ვაზის ჯიშები:როკეთულა, სამარიობო, ცხენისძუძუ (თეთრი და შავი), ბეჟანა, შავი ასპინძურა, ახალციხის თეთრი, ცხენის ძუა, თამარის ვაზი, მესხური ხარისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი, თავდაკიდული, თავცეცხლა, მესხური თითა, კლდის წითელი, საფარეული, თეთრი და შავი ბუდეშური, მამლითვალა, კლერტმაგარა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



შესანიშნავი სტატიაა. ძალიან დამწყდა გული, რომ მხოლოდ ერთი ჯიშის ყურძნის ღვინო დააგემოვნეთ.ნუთუ მესხეთში აღარ დარჩა ადგილობრივი ჯიშის ვაზი? აქვე მინდა გკითხოთ, უნიკალური ორნამენტი (სტატიის საგაზეთო ვერსიაში)რომელ ტაძარზეა? წუნდაზე ხომ არა? მაქვს ერთი წინადადება: ღვინის კლუბმა რომ დაწურა იშვიათი ჯიშის ყურძნისაგან ღვინოები (25-მდე ჯიშის ყურძნის), იქნებ პატარა ბოთლებში ჩამოასხათ, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათი დაგემოვნება.


გამოსახულება რა თქმა უნდა წუნდაა. ამ იშვიათ ჯიშებს ჩვენ რა თქმა უნდა ბოთლებში ვუპირებთ ჩამოსხმას, უბრალოდ ის იმდენაც მცირე რაოდენობითაა, რომ ბაზარზე გატანას აზრი არა აქვს :) 2–3 დეგუსტაციისთვის კი საკმარისი იქნება, დასახასიათებლად, ჯიშურობის განსაზღვრისთვის, ლაბორატორიული კვლევისთვის.


რას ნიშნავს საგაზეთო? გაზეთსაც უშვებთ?


დიახ, გაზეთსაც ვუშვებთ ღვინის კლუბი, 24 საათთან ერთად. ყოველკვირეული გაზეთია, გამოდის პარასკევობით, 8 გვერდიანი დამატებაა, დევს Weekend-ში. მაგ. ხვალ დილიდან ჯიხურებში იკითხეთ გაზეთი Weekend.


გმადლობ მალხაზ, თუ შეიძლება, რომ ზემოთ ნახსენები წუნდის ორნამენტი აქაც დაიდოს? როგორც ჩანს, გაზეთის შესახებ ყველას არ სცოდნია.


სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას. უკვე გადაღებული ფოტოს დადებას რა უდგას წინ :)


არ ვიცი სწორად მოგმართავთ თუ არა, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ: მაინტერესებს დასავლეთისკენ (გორის რაიონი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო) თუ არის ისეთი ტიპის მომსახურება როგორიც არის კახეთში, კონკრეტულად როგორიც არის ტყუპების მარანი ნაფარეულში, სიმონ რუაძის სახლი გურჯაანში და ა.შ. ძალიან მჭირდება. დიდი მადლობა წინასწარ


http://www.meskhetitours.ge/4315430843214334432343204312-431843204317430... პირველი ჩამოსხმული და მგონი ერთადერთი მესხური ღვინო.


მალხაზ თუ შეგძლია გვითხრა სად შეიძლება მოვიძიოთ ძველი მესხური ჯიშები


მესხური ჯიშები გამოყავს ვინმეს??? რაც აქაა ჩამოთვლილი, რომელი იშოვება?


წელს მეც აღმოვაჩინე ზედა ოშორაში ერთ დროს კარგად მოვლილი და ეხლა მიტოვებული ვენახი სამნაირი თეთრი ყურძენი იყო და სამიც შავი რომლებიც ხეებზე ასული და 4-5 მეტრის სიმაღლეზე მიწევდა კრეფა. შავი ყურძენი დავწურე და ვნახოთ რა გამოვა


სოფელ აწყურთან მდებარე მცირე დასახლება წრიოხის მევენახეობას!!!


სოფელ აწყურთან მდებარე მცირე დასახლება წრიოხის მევენახეობას!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.