Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობის ათი უცნობი რეგიონი

ტექნოლოგიური პროგრესისა და კლიმატური ცვლილებების შედეგად   მეღვინეობის მსოფლიო რუკაზე სულ უფრო ხშირად ჩნდება ახალი დროშები. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მეურნეობათა რაოდენობა, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ, აქტიურად ცდილობენ ღვინის წარმოებაზე გადასვლას.  ამის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ერთდროულად ტექნოლოგიური პროგრესიც არის და გლობალური კლიმატური ცვლილებებიც. ამ უკანასკნელის გამო ზოგიერთ რეგიონში ყურძნის მოყვანა სულ უფრო რთული ხდება, ზოგან კი ეს პროცესი გაიოლდა. წარმოგიდგენთ იმ რეგიონების ჩამონათვალს, სადაც მეღვინეობა, როგორც დარგი, ნელ-ნელა, მაგრამ იმედისმომცემად ვითარდება.

1. იაპონია

ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელშიც ოდესღაც მეღვინეობის ტრადიცია  არსებობდა: პორტუგალიელმა იეზუიტმა მისიონერებმა იაპონიაში ვაზი ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ჩაიტანეს. ევროპული ტრადიცია ამომავალი მზის ქვეყანაში დიდად არ განვითარებულა, თუმცა მეღვინეთა მცირე ჯგუფი დღემდე აწარმოებს სპეციფიკურ, თეთრ, ტკბილ ღვინოს ადგილობრივი, კოშუს ჯიშის ყურძნისგან. იაპონელმა მეღვინეებმა ბოლო დროს ამ ჯიშისგან დელიკატური მინერალური ღვინოების დაყენებაც დაიწყეს.

2. ჰოლანდია

ითვლება, რომ ჰოლანდია ღვინის წარმოებისთვის ზედმეტად ცივი და ნესტიანი ქვეყანაა, თუმცა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ღვინის წარმოება  საგრძნობლად გაიზარდა. მევენახეებმა წარმატებით გააშენეს სპეციალურად გამოყვანილი ვაზის ახალი ჯიშები, რომლებიც ცივ და ნესტიან ჰავას უძლებენ.

3.ტუნისი

პირველი ვაზი ტუნისში კართაგენელებმა დაახლოებით 2000 წლის წინ ჩაყარეს. ამ ქვეყანის მცხუნვარე მზე და შესაფერისი ნიადაგი შესანიშნავი წითელი ღვინის  წარმოების ყველანაირ პირობას ქმნიდა. ფრანგები ამ სფეროში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ტუნისური ღვინო გასაყიდადაც გაჰქონდათ მანამ, სანამ ტუნისმა დამოუკიდებლობა არ მოიპოვა. ათწლეულობით უძრაობის შემდეგ ტუნისური ღვინის წარმოება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იღვიძებს.

4. კაბო-ვერდე

ამ არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული - ფოგო - მოქმედი ვულკანი გახლავთ. მის ძველ კრატერზე ერთი პატარა სოფელია გაშენებული, სადაც არც  ელექტრობა აქვთ და არც და წყალი. სამაგიეროდ,  იქ გაშენებულია მოსკატელის პაწაწინა ვენახი, რომლის ყურძნითაც ორი ადგილობრივი კოოპერატივი 16 000 ბოთლ ვარდისფერ და თეთრ ღვინოს აწარმოებს. ვულკანური წარმოშობის ნიადაგი,  ცხელი დღეები და ნესტიანი ღამეები ვაზისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.

5. ირლანდია

ღვინის წარმოება ირლანდიაში არასოდეს არყოფილა ტრადიციული, თუმცა თვითონ ირლანდიელებს ამ ინდუსტრიაში საკმარისი გამოცდილება დაუგროვდათ. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს ათასობით ირლანდიელი კათოლიკე ჯარისკაცი  ბორდოში, ლუარას დაბლობსა თუ კონიაკში დასახლდა. მათ ხელი მიყვეს მეღვინოებას და ღვინით ვაჭრობას. დღეს ირლანდიელები რონდოსა და ამურის ჯიშებით საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებენ ლასკასა და კორკაში.

6. მიანმა

მიანმაში, საკმაოდ მაღლა, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე განლაგებულ ვენახებში  ვაზის ელიტარული ჯიშები: სოვინიონ ბლანი და სირა აქვთ გაშენებული. ექსპერტთა აზრით, ამ ღვინოებს დიდი მომავალი ელით საერთაშორისო არენაზე.  ღვინის  წარმოებით დღეს ძირითადად ორი   კომპანიაა დაკავებული, რომელთაგან  ერთს ფრანგები ფლობენ, მეორეს კი - გერმანელები.

7. შვედეთი

სტოკჰოლმიდან ას კილომეტრზე,  ფლენში მდებარე მეურნეობა  ნამდვილად არის ყურადღების ღირსი, რადგან ყველაზე ჩრდილოეთით გაშენებულ ვენახად შეიძლება ჩაითვალოს. აქ ახალი, გამძლე ჯიშებით: თეთრი სოლიარსითა და წითელი რონდოთი ატარებენ ექსპერიმენტებს. ღვინის კომერციული საწარმოები  ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს,  სადაც    ღვინის სამ-ოთხ მსხვილ კომპანიას აქვს ვენახები გაშენებული.

8. ვენესუელა

ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 90 ათასი ბოთლი ღვინო იწარმოება. ბაზარზე მთავარი მოთამაშე ერთადერთი ღვინის კომპანია Pomar-ია, რომელიც კარაკასიდან 450 კილომეტრში მდებარეობს. საინტერესოა მათი ღვინოები: პტი ვერდო, სირა და ტემპრანილიო.  სხვათა შორის, ზამთრის არარსებობის გამო მევენახეები ვენესუელაში წელიწადში ორჯერ იღებენ მოსავალს.

9. ინდოეთი

ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ისეთი რეგიონია,  რომელიც ტროპიკული სიცხეებისა და მუსონური წვიმებისგან არის დაცული და ამიტომ  ღვინის წარმოების პოტენციალი გააჩნია. თუმცა ღვინის წარმოების დაბალი კულტურა ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას ძალიან აფერხებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ღვინის, კონკრეტულად კი სირასა და რიტუ ვიონიეს  ექსპორტმა ინდური ღვინის წარმოება შეიძლება ააღორძინოს.

10. ჰავაი, ამერიკა

ჰავაიში ღვინის მწარმოებელი ორი რეგიონია - ერთი კუნძულ მაუიზე მდებარეობს, მეორე კი - ოახუზე. ორივე კუნძული სიმფონის ჯიშის ყურძენს აწარმოებს - ეს ალექსანდრიული მუსკატისა და გრენაშ გრის ჰიბრიდია. მეღვინეთა თქმით, ამ ღვინის ბუკეტში ფორთოხლის, გარგარისა და ლიჩის არომატი იკვეთება.  გარდა ამისა, ზოგიერთი  მეურნეობა პინო ნუარზეც ატარებს ექსპერიმენტებს და ამ ღვინის დაგემოვნება უკვე 2013 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.