ლიზა ემხვარი
ღვინომ შეიძლება შთაგაგონოს, რომ შექმნა პოეზიის შედევრები. ღვინის ღმერთის საპატივსაცემოდ შეიძლება გამართო დღესასწაული და ამის გამო პირველი თეატრი ააგო ათენში. ღვინით შეიძლება ისე მოიხიბლო, რომ როდესაც დაიწყებ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და საუკეთესო პოემის შექმნას, ყველა თავში მის დიდ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ზღვისთვის კი, სამშობლოს მონატრებული კაცისთვის სახლად რომ ქცეულა, ამ ღვთაებრივი სასმელის ფერი ეპითეტად იხმარო.
ცალკე თემაა ღვინისა და მხატვრების ურთიერთობა. თანამედროვე ფერმწერები ისეთივე გატაცებით ქმნიან ნამუშევრებს ამ თემაზე, როგორც ამას საუკუნეების წინ აკეთებდნენ. შესაძლოა მათ ტილოებში არ იყოს ასახული ისეთი ღრმა იდეები, როგორც შეიძლებოდა ეს კარავაჯოს ნახატში ყოფილიყო, თუმცა ეს განსასჯელად თქვენთვის მომინდვია. ისინი, ვისზეც მინდა ამ წერილში გიამბოთ, ძველი ფერმწერებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მთელი მათი შემოქმედება თუ არა, უდიდესი ნაწილი მაინც ღვინის თემას ეძღვნება. ამ ადამიანებისთვის ამ სასმელში მთელი სამყაროს ესთეტიკაა თავმოყრილი და ისინი ცდილობენ, რომ სხვებსაც სწორედ ამ კუთხით დაანახონ ღვინის სილამაზე.
თომას არვიდი
თომას არვიდს მხატვრის პროფესიაზე სერიოზულად არასოდეს უფიქრია. ერთი ჩვეულებრივი, დეტროიტელი ბიჭი იყო, რომელსაც ამ სფეროში განათლება არ გააჩნდა. სამაგიეროდ, ატლანტაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ღვინო ღირდა ხელოვნებაში ბედის საცდელად. სწორედ ამ სასმელის სიყვარული გახდა იმის წინაპირობა, რომ საქმეს ერთობ სერიოზულად მოჰკიდა ხელი. "თომას არვიდის ნახატები ისეთი რეალისტურია, რომ შეიძლება ღვინის დასხმა დააპირო. ეს ნახატები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ არვიდს უყვარს ღვინო", - აღტაცებით აღნიშნავს მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი.
თომასის ნახატები კი მართლაც ძალიან რეალისტურია. იმდენად, რომ როდესაც უყურებ, გგონია, ფოტოხელოვანის ნამუშევარია და არა ფერმწერის. დამახასიათებელი სტილი - წითელი ღვინით ოდნავ შევსებული ბოკალი, უმეტესად ბოთლთან ერთად, რაც დეგუსტაციის წინა მომენტის სურათს ქმნის. კორპის საცობების ხატვა - ეს არვიდის კიდევ ერთი სისუსტეა. მთავარი კი, მაინც, ხელოვნებაა. როგორც თავად ამბობს, "ცხოვრება ხელოვნების გარეშე იგივეა, რაც სადილი ღვინის გარეშე". ამ მიდგომას მისი ნახატების კოლექციონერები მთლიანად იზიარებენ, რომლებიც მზად არიან წლები ელოდონ თომას არვიდის ორიგინალ ნამუშევარს. მის ნახატებზე მართლაც დიდი მოთხოვნა უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არვიდის ნახატები ორმოცდაათზე მეტ ელიტურ ხელოვნების გალერეაში იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ კანადასა და იაპონიაშიც.
რეიმონდ ქემფბელი
უფრო ტრადიციულ-კლასიკურ და ელეგანტურ ნახატებს ბრიტანელი მხატვრის, რეიმონდ ქემფბელის გალერეაში შეხვდებით. მისი ნატურმორტების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ღვინის ბოთლი და ჭიქა თითქმის არასოდეს არის მარტო. ქემფბელს უყვარს ღვინოებისთვის მათი მეწყვილეების გამონახვა. ასე, მაგალითად, თეთრი ღვინის ფონზე აღმოაჩენთ გამოსახულს ნახევრად გაფცქვნილ ფორთოხალს, სხვადასხვანაირ ბოთლთან დახატული ყველი მიგახვედრებთ, რომ ის თითქმის ყველა სახის ღვინოს შეიძლება შეუხამო. ნახატებზე ასევე ხშირად გვხვდება ყურძნის მტევანი, პური და წიგნები.
მთლიანობაში რეიმონდის შემოქმედებას სიძველის ელფერი დაკრავს, ეს კი მას უფრო აკეთილშობილებს. ეს ქემფბელის ინდივიდუალური სტილია, რომლის შექმნაც მხატვარს ფერწერის ძველმა, ფლამანდიურმა ტრადიციამ შთააგონა. რეიმონდმა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იცოდა, რომ ცხოვრებას ფერწერას მიუძღვნიდა, ამიტომ პროფესიული ხელოვნების სრულყოფის მიზნით ახალგაზრდობაში ევროპაში იმოგზაურა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე ძველმა ჰოლანდიურმა ნატურმორტებმა მოახდინა, რაც აისახა კიდეც შემდგომში მის ხელოვნებაში. სწორედ ამან განაპირობა ქემფბელის სტილის ჩამოყალიბება, რომელიც ვინტაჟის ელემენტებით და დეტალების ასახვის სიზუსტით ხასიათდება.
ქემფბელის ნამუშევრები დიდად არის დაფასებული ხელოვნების მოყვარული ადამიანების მიერ. ისინი ასევე ხშირად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში, მისი ორი ნამუშევარი კი სამეფო აკადემიის საზაფხულო გამოფენაზეც კი მოხვდა. განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში, რეიმონდ ქემფბელის ნახატები ხშირად ხვდება სხვადასხვა გამოფენებზე და საოცრად სწრაფად იყიდება.
ლინ ლეინი
ლინ ლეინი ფილიპინელი ბიზნეს მენეჯერი და თვითნასწავლი მხატვარია. სანამ სამსახურში შემცირებაში არ მოჰყვა, ხატვა მისთვის მხოლოდ ჰობი იყო. ამ შემთხვევის შემდეგ ლინმა გადაწყვიტა უფრო სერიოზულად ეფიქრა ხელოვნებაზე და მეუღლესთან, სტიუარტთან ერთად საკუთარი კომპანია გახსნა. ამგვარად, ლინმა საყვარელი საქმე ერთგვარ კომერციულ პროექტად აქცია, რომელსაც საკმაოდ დიდი მოგება მოაქვს კომპანიის მფლობელებისთვის.
სანამ ლინი ხატავს, მისი მეუღლე ზრუნავს ადმინისტრაციულ, მარკეტინგულ, ფინანსურ მხარეზე. ლეინის კომპანია ერთადერთია, რომელსაც აქვს უფლება მისი ნახატების რეპროდუქციული ვარიანტების ბეჭდვა-გამოცემის. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი ლეინის ნახატების გაყიდვების წარმოებაა. სწორედ მისი დამსახურებით არის, რომ ლინის ნამუშევრები ასეთი პოპულარობით სარგებლობს და იყიდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, შტატებში, ავსტრალიაში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში...
როგორც თავად ლეინი ამბობს, ხატვა მისთვის ცეკვასთან ასოცირდება. როგორც ცეკვის დროს სხეულის მოქმედებას განაპირობებს მელოდია, ისე ხატვის დროს მის თვალებზე ფერები მოქმედებენ. ფერადოვნება მისი შემოქმედების მართლაც ყველაზე შესამჩნევი და დამახასიათებელი ნიშანია. ღვინის გარდა ხატავს ყვავილებს, პეიზაჟებს... თავს არ იზღუდავს, თუმცა ღვინოს თავისი ნახატების რამდენიმე სერია მიუძღვნა: ვინოგამია, ქალები და ღვინო, ასევე ღვინო და საკვები, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია. მუქი წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერები, რომანტიკული ხასიათის ექსპრესიონიზმი და ჭიქაში ღვინის დასხმის პროცესის პერმანენტული აღწერა მიგახვედრებთ, რომ თქვენს წინაშე ლინ ლეინის ნახატია. აქ იდეების ნაკლებობა და მარტივი სილუეტები თვალშისაცემია, ნახატების ურიცხვი რაოდენობა კი მეტყველებს იმაზე, რომ კომერციულობას მხატვრისთვის ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ხელოვნებას. თუმცა, თუ ისევ გაყიდვებით ვიმსჯელებთ, ეს ფაქტი ლინის შემოქმედების თაყვანისმცემლებს უფრო ახარებს, ვიდრე აფრთხობს.
ტეილორ მაკფართლენდი
ტეილორ მაკფართლენდი კალიფორნიაში, სიერა ნევადას მთებში გაიზარდა. ხატვის ნიჭი ბავშვობიდანვე ჰქონდა, ამ სფეროში უამრავი ჯილდო აქვს მინიჭებული, მათ შორის პირველი – შვიდი წლის ასაკში.
მოგეხსენებათ, კალიფორნიაში მევენახეობა-მეღვინეობა სოფლის მეურნეობის საკმაოდ გავრცელებული და წარმატებული დარგია. ტეილორიც ამ ატმოსფეროში იზრდებოდა, თუმცა მას ამ გარემოების გამო ღვინის ბოთლების ხატვა არ დაუწყია. მაკფართლენდს უფრო საინტერესო და ნოვატორული იდეა მოუვიდა თავში - ღვინით ხატვა. მან მხატვრობის დარგში პროფესიონალური განათლება მიიღო და სწავლის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ღვინო თავისი კონსისტენციით აკვარელის საღებავის იდენტურია.
საღებავად, რა თქმა უნდა, წითელ ღვინოს იყენებს. თეთრ ქაღალდზე ის ღია მოწითალო – ყავისფერ კვალს ტოვებს, თუმცა ჩემთვის უცნობი ტექნიკის წყალობით, ტეილორის ზოგიერთი ნახატი, მაგალითად ბორდოს ვენახები და ქარის წისქვილი მონაცრისფრო - შავ ტონალობაშია შესრულებული. ნამუშევრების მთავარი ღირსება, გარდა ხატვის ორიგინალური მეთოდისა, რბილი ხაზებია. ტეილორთან ერთად, აუცილებლად გააკეთებთ კიდევ ერთ აღმოჩენას - ღვინით ქაღალდზე არაჩვეულებრივი ჩრდილი ჯდება.
ასე რომ, მთავარია არა თემა, არამედ შთაგონების წყარო. ის კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანისთვის ერთია.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი