Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

”მე მშრალ ხვანჭკარას ვწურავ, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს” - ინტერვიუ შორენა პატარიძესთან

ესაუბრა ელენე ცინცაძე

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რატომ?

2015 წელს გადავწყვიტე, მეწარმოებინა ღვინო. 2008 წელს გავაშენეთ ვენახი ალექსანდროულისგან და მუჯურეთულისგან, რაჭაში. ეს ენდემური ჯიშის ვაზის ჯიშებია, რომლებიც საქართველოში მხოლოდ რაჭაში მოდის და რაჭაშიც მხოლოდ რამდენიმე სოფელში. ყოველთვის მომწონდა მეღვინეობა. ღვინო ჩემგან შორს არასოდეს ყოფილა, ბაბუას ბევრი ვენახი ჰქონდა. დავიწყე ღვინის დაყენება. ზოგადად, ხვანჭკარა ნახევრად ტკბილი ღვინოა, თუმცა მე მშრალს ვწურავ, რაც კიდევ უფრო მაძლევს მოტივაციას გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. 2015 წელს “ღვინის კლუბში” დავიწყე სიარული, იქ გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები. ყოველთვის ვფიქრობდი, ღვინოს მილიონიანი ინვესტიცია მაინც სჭირდებოდა იმისთვის, რომ ისეთი მარანი ამეშენებინა, როგორც უნდა ყოფილიყო.  თუმცა სწორედ “ღვინის კლუბში” გაცნობილი ადამიანები დამეხმარნენ, ჩემი ღვინის მარნის ამუშავება აქტიურად დამეწყო დიდი ინვესტიციის გარეშე. 2015 წელს ჩამოვასხი ღვინო, 70 ლიტრი, თავისთავად გამოვიდა მშრალი წითელი ღვინო. იმავე წელს გავიტანე ფესტივალზე. იქ ძალიან მოეწონათ, ყველა აღფთოვანდა, მშრალი ალექსანდროული და მუჯურეთული ძალიან იშვიათი ყოფილა, თუმცა მისი წარმოება გარკვეულ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული.

მომიყევით, როგორ გაგრძელდა მშრალი მუჯურეთულისა და ალექსანდროულის წარმოება?

მე ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი და ვენახი მაქვს, ვარ ავსტრიისა და შვედეთის პროექტი “გრეტას” გამარჯვებული. ამ პროექტის საშუალებით გავაფართოვე ჩემი ვენახი, მარანში რამე თუ მჭირდებოდა, შევიძინე, დავხვეწე. გაისად ბიო სერტიფიკატიც მექნება. 2013 წლიდან სოფლის განვითარების სამინისტროს აქვს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით პროექტი. შარშან მონაწილეობა მივიღე და  ყურძნის გადამამუშავებელი იდეა შევთავაზე, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გავიმარჯვე, ვფიქრობ, წელს მივიღებთ კიდეც უკვე მოსავალს ამ მარანში. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დამეხმარა იმისთვის, რომ აქტიურად მეწარმოებინა ჩემი ღვინო, თანდათან დაინტერესებაც გაიზარდა.

რომელი პროექტი აღმოჩნდა თქვენთვის გარდამტეხი ღვინის სფეროში?

აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადამიყვანა “ღვინის კლუბმა” და იქაურმა მეღივნეებმა, რომელთაც მომცეს სტიმული ჩემი ღვინო მეწარმოებინა. “ფერმერთა ასოციაციაც” ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. იქ 2019 წელს გავწევრიანდი და სწორედ მათ მიმასწავლეს  ევროკავშირის პროექტთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მე მაშინ ბიზნეს გეგმის წერა არ ვიცოდი და გარდა იმისა, რომ ეს პროექტი გრანტს გვაძლევდა, დაგვიფინანსეს ძალიან კარგი კურსითაც ფინანსთა აკადემიაში ბიზნეს გეგმის წერის შესახებ. მივხვდი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით განვითარება. სწორედ ამ პროექტიდან მივიღე ორი უჟანგავი კასრი, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი მეღვინოებისთვის. შემდეგ ისევ “ფერმერთა ასოციაციამ” დამაკავშირა “გრეტას” ბიოლოგიურ პროექტთან, სადაც ასევე გავიმაჯრვე, გამოფენებმა და ფესტივალებმაც დიდი როლი ითამაშა, გამეტანა ღვინო სხვადასხვა ბაზარზე. ჩემი მიზანი პრემიუმ ღვინის შექმნა იყო, რასაც, გარკვეულწილად, მივაღწიე კიდეც.

რომელ ბაზრებზე გაგაქვთ ღვინო?

შარშანდელ წლამდე 4 ბაზარზე გამქონდა ჩემი ღვინო, წელს უკვე 5 ბაზარზე გამაწვს. ამერიკაში, ისრაელში, საფრანგეთში, იტალიასა და ჩინეთში.

ექსპორტზე თქვენი რამდენი ღვინო გადის?

მთლიანობაში 3000 ბოთლს ვაწარმოებ და ძირითადად ექსპორტზე გამაქვს. ქართულ ბაზარზე გარკვეული პრობლემები შემექნა, გაუგებრობები, აქ წინსვლას ვერ ვხედავდი აქ. სწორედ ამიტომ, ისევ უცხოური ბაზარი ვარჩიე, სადაც ძალიან დააფასეს ჩემი წითელი მშრალი ღვინო. ჩინეთისთვის დავწურე როზეც, რომლის წარმოებასაც, ალბათ, გავაგრძელებ კიდეც.

ექსპორტზე რა სირთულეებს შეხვედრილხართ?

მთავარი ისევ და ისევ ხარისხია, მეტი, ფაქტობრივად, არც არაფერი. თავდაპირველად იტალიამ, მაგალითად, 60 ბოთლი წაიღო. როცა მეორედაც ითხოვენ, ესე იგი, მოეწონათ. ეს ძალიან კარგი, სასიამოვნო განცდაა მეღვინისთვის და დიდი სტიმულიც, როდესაც შრომა უფასდება. ჩემი წითელი მშრალი არაა იმ ტიპის ღვინო, რომელიც იაფად უნდა გაიყიდოს და დიდი რაოდენობით. ძვირფასი ღვინოა და მას შესაბამისი ფასიც აქვს, დასავლეთში მოთხოვნადია სწორედ იმ კატეგორიაში, სადაც მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო. ძალიან აქტუალურია ცნობადობის პრობლემაც. ისიც უნდა ვთქვა, რომ იქაურ ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას დრო სჭირდება. ეს პერიოდი კი განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის დიდი მოთმინებით გადასალახია. 

ყველაზე მეტად სად გადის, რომელ რეგიონში იყიდება თქვენი ღვინო?

ყველაზე მეტი იყიდება ამერიკაში, შემდეგ უკვე თანაბრად დანარჩენ ბაზრებზე.

- რა იყო თქვენთვის დამაბრკოლებელი ფაქტორები ღვინის სფეროში განვითარებისთვის?

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და განათლება. მე რომ შესაბამისი განათლება არ მქონოდა, ვერც დავწერდი ბიზნეს პროექტს. მცირე მარნებს კი ძირითადად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ჯგუფი დაიქირავონ და ცალკე თანხა იმ პროექტის დასაწერად გაიღონ.  ბანკით ვერასდროს, ვერანაირად ვერ განვითარდები. 

კიდევ ერთხელ რომ მითხრათ, რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და რა ღვინოებს აწარმოებთ?

ალექსანდროული და მუჯურეთული, რომლისგანაც ვაწარმოებ წითელ მშრალ ღვინოს. იგივე ჯიშებისგან ვაყენებ ვარდისფერ ღვინოს და წულუკიძის თეთრა მაქვს ახლახანს გაშენებული, რომლისგანაც თეთრ ღვინოს ვაყენებ. შარშან ვცადე პეტ-ნატის დაყენებაც, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა ალექსანდროულისგან და მუჯურეთულისგან, განსაკუთრებით უნიკალური, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. 

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ღვინის კულტურისა და ინდუსტრიის განვითარებისთვის საქართველოში?

მე ვფიქრობ, რომ ღვინის ინდუსტრიის სწორად განსავითარებლად, ჯერ სწორად უნდა მივაწოდოთ ხალხს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია. 

ახლა ახალ მარანს ვაშენებ, სადაც საკონფერენციო დარბაზიც იქნება. იქ მინდა, რომ ლექციები წაიკითხონ ეთნოგრაფებმა და ექსპერტემა, სწორად მიაწოდონ ქართული ღვინის ისტორია ყველას გამორჩეულ ჯიშებზე, კულტურაზე და ა.შ ღვინის სამშობლო საქართველოა ეს მეცნიერული აღმოჩენა,   მსოფლიო ბრენდად უნდა ვაქციოთ. მცირე მარნების დამსახურებაა ის, რომ უცხოეთში იციან საქართველოს, როგორც ღვინის აკვნის შესახებ. ძირითადად ნატურალური და ბიო, ხარისხიანი ღვინო სულ მცირე მარნებიდან მიდის, რასაც იქ ნამდვილად გამორჩეულად აფასებენ. ჩვენი მიზანი ხარისხიანი ღვინის წარმოება უნდა იყოს, სხვა გზა არ არის. თუ ღვინოს, როგორც პრემიუმ ხარისხისას, არ გაყიდი, მაშინ, ფაქტობრივად აზრი არაფერს აქვს. ჩვენი ერთადერთი შანსიც სხვა ბაზრებზე ადგილის დასამკვიდრებლად ხარისხიანი ღვინის წარმოებაა, რადგან რაოდენობით ვერ შევედრებით ვერც ამერიკას, ვერც ჩილეს და ვერც იტალიას. ვფიქრობ, სახელმწიფოც ხელს უნდა უწყობდეს მცირე მარნების წარმოებას, მარკეტინგული თვალსაზრისით, პირველ რიგში. მოთხოვნა და დაინტერესება, თუ ხარისხიან ღვინოს აწარმოებ, აუცილებლად გაიზრდება. შესაბამისად, მარანიც უნდა გაფართოვდეს, მეტი ღვინო შესთავაზოს იმპორტიორს.  ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მცირე მეწარმეს განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, სხვანაირად არაფერი გამოვა.

- თქვენი საყვარელი ღვინო რომელია?

ჩემი წითელი მშრალი. ძალიან მიყვარს ვარდისფერი ღვინოც, რომლის ერთი ჭიქაც დამღლელი დღის შემდეგ ნამდვილად დიდი შვებაა. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.