ლევან სეფისკვერაძე
წარმოშობით რაჭველი მეღვინე, 51 წლის კახა ბერიშილი მხოლოდ 12 წელია, რაც სერიოზულად დაინტერესდა მეღვინეობით. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მის მიერ კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული საფერავით ღვინის უცხოელი სპეციალისტები უკვე მოიხიბლნენ. კახა ბერიშვილი ნატურალურ მეღვინეობას მისდევს და მისი ვენახიცა და მარანიც მთლიანად ნატურფილოსოფიის შესაბამისია. თუმცა, კახა ბერიშვილი–მევიოლინე, რომელსაც სცენაზე გასვლა არ უყვარდა, ამ საქმეშიც მაქსიმალისტია და ფიქრობს, რომ მეღვინეობაში ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის.
ღვინო, ვიოლინოს ნაცვლად...
კახა ბერიშვილი: “მამაჩემი ყოველთვის აყენებდა ღვინოს. ოღონდ თავისებურსა და უცნაურს. მამა ყურძენს ყიდულობდა და არ აქცევდა ყურადღებას ყურძნის წარმომავლობასა და შაქრიანობას. აყენებდა სუფთა ღვინოს და მისი ღვინო იყო ყოველთვის ზედმეტად მაღალალკოჰოლიანი. წარმოშობით რაჭველი ვარ, მაგრამ თბილისში ვარ დაბადებულ-გაზრდილი. ბავშვობიდან მქონდა ქალაქიდან გაქცევის სურვილი, მაგრამ დედაჩემის ხათრით მუსიკოსობა ავირჩიე სპეციალობად და ამის გამო მიმაჯაჭვეს ქალაქს. დედაჩემი მეუბნებოდა: თავს მოვიკლავ მუსიკალურ სასწავლებელს თუ არ დაამთავრებ, თავს მოვიკლავ კონსერვატორიაში თუ არ ჩააბარებ... და ასე, დედაჩემის ხათრით ვერა და ვერ ვცილდებოდი ამ ქალაქს.
42 წლის ასაკამდე ისე მოვედი, რომ ღვინით დაინტერესებას გასაქანი ვერ მივეცი. ერთხელ, ჩემმა მეზობელმა, გია ლაბარტყავამ მითხრა, რომ კახეთში, ძალიან კარგი ვენახების შეძენა შეიძლებოდა საკმაოდ იაფად. წავედით მე და ჩემი მეგობარი კახეთში ვენახების შესარჩევად და ყველაფრის გასარკვევად. სოფელ ართანაში შევედი თუ არა, იქაურობა ისე მომეწონა, გზაშივე გადავწყვიტე, ამ სოფელში მიწა უნდა ვიყიდო-მეთქი. შევიძინეთ პატარა ვენახი, ვიქირავეთ სახლი და თანდათან დავიწყეთ მარნის მოწყობაც”.
თავიდან, კახა და მისი მეგობრები ნაქირავებ სახლში იშვიათად ჩადიოდნენ და მალევე ბრუნდებოდნენ უკან. ეს საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა. ღვინო თავიდანვე საკმაოდ საინტერესო გამოსვლიათ, მაგრამ მაშინ კასრებში აყენებდნენ და მათ საქმიანობასაც უფრო ჰობის ხასიათი ჰქონდა.
”თავიდან მეღვინეობის თითქმის არაფერი გაგვეგებოდა და ”სიბნელეში დავდიოდით ხელის ცეცებით”. თუმცა, თავიდანვე არჩეული გვქონდა ე.წ. ბიო-მეღვინეობის კურსი და ვცდილობდით, ღვინო ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე მიგვეღო. არ დავასახელებ მის ვიანობას, მაგრამ ერთი კაცი, ვისაც წესით უნდა დავეკვალიანებინეთ და ჩვენთვის ნამდვილი მეღვინეობა ესწავლებინა, სრულიად საპირისპირო რამეს გვეუბნებოდა. ამბობდა, რომ თითქოს ართანაში ”ბიო” ღვინის დაყენება შეუძლებელი იყო და ვენახის სწორად მოვლაც არ გამოვიდოდა.Aამის შემდეგ, გვქონდა ჩავარდნის პერიოდი და 2-3 წელი დავანებეთ თავი ღვინის დიდი რაოდენობით დაყენებას. მხოლოდ ოჯახისათვის ვამზადებით ცოტა ღვინოს. დაახლოებით ხუთი წლის წინ, მაინც მივედით ქვევრების ჩაყრის გადაწყვეტილებამდე.
ართანაში კი მივიტანეთ ქვევრები, მაგრამ ჩაფვლის დროს დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა. არ ვიცოდით, როგორ უნდა ჩაგვეფლა ქვევრები. გლეხებს დავუძახეთ რჩევისათვის. აღმოჩნდა, რომ მათ უკვე დავიწყებული ჰქონდათ ქვევრის შესახებ ყველაფერი და ბავშვები გამოგვიგზავნეს – ქვევრის ჩაყრა არასოდეს უნახავთ, აყურებინეთ, იქნებ აქეთ რამე ისწავლონო. ჩვენ ქვევრები გარშემო ცემენტით შემოვლესეთ, რამაც შემდეგ დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა. ღვინო პირველ და მეორე წელს კარგი გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო გაფუჭება. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ქვევრის გარშემო შემოლესილი ბეტონი იყო, რადგან ბეტონსა და ქვევრს შორის ჩადგა ნესტი და ობი. ქვევრების ცხელი წლით გარეცხვამ კი, ნესტის სიმყრალე ქვევრში შემოიტანა და ვერაფრით მოვაშორეთ საზიზღარი სუნი.
შემდეგ გავიცანი მეღვინეები: გიორგი ბარისაშვილი და სოლიკო ცაიშვილი, რომლებმაც ქვევრთან დაკავშირებული პრობლემები უფრო კარგად განმიმარტეს. ქვევრები მიწიდან ხელახლა ამოვიღე, თავიდან გამოვწვი, დავამუშავე, ბეტონი აღარ გამიკარებია და მის ნაცვლად, ქვიშა გამოვიყენე. ახლა, ღმერთის წყალობით, შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი ქვევრების პატრონი ვარ”, – ამბობს ართანელი მევენახე და მეღვინე.
ართანული საფერავით ევროპელებიც დაინტერესდნენ
ცალკე პრობლემები იყო მარნის მოწყობის დროსაც. ართანაში, სადაც კახა ბერიშვილმა სახლი იქირავა, ე.წ. ყოფილ საქმიან ეზოში, თავის დროზე მეტად აბსურდული რამ ხდებოდა. კერძოდ, რუსეთიდან შემოდიოდა ბავშვების ხის სათამაშოები, რომლებიც აქ იღებებოდა. დღემდე გაურკვეველია, რატომ არ ღებავდნენ სათამაშოებს რუსეთში და ასეთი მარტივი პროცედურის შესასრულებლად, რატომ ეზიდებოდნენ მათ სოფელ ართანაში. მარნის მოწყობაზე კახა ბერიშვილმა და მისმა მეგობრებმა, ადგილობრივების დახმარებით, ძალიან დიდი შრომა გასწიეს. სულ ხელით დაანგრიეს ძველი ცემენტის კონსტრუქციები. ცემენტის საწყობის სარდაფის მარნად გადაკეთების დროს კი, უზარმაზარი ბეტონის ლოდების მსხვრევა მოუწიათ. საბოლოოდ, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიაღწიეს შედეგს.
კახა ბერიშვილს დღეს სოფელ ართანაში აქვს 81 რიგი (ე.წ. პლანი) ვენახი. აქედან, 27 რიგში რქაწითელიის ჯიშის ყურძენია გაშენებული, დანარჩენი კი საფერავია. მეღვინე ორივე ამ ყურძნისგან წარმოებულ ქვევრის კახურ ღვინოს დღეს ბოთლში ასხამს და ბაზარზეც ჩამოსხმული სახით გააქვს. კახა ბერიშვილმა თავისი საფერავის გატანა უკვე უცხოეთშიც შეძლო. მისი ღვინო გერმანიაში და ინგლისში იყიდება. ართანაში სტუმრად ჩასულ ევროპელებს კახა ბერიშვილის ღვინო ძალიან მოსწონებიათ და ამის შემდეგ გადაწყვიტეს ევროპაში ართანული ღვინის გატანა. ბერიშვილი უახლოეს მომავალში ვენახების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, თუმცა გარკვეული შიშიც აქვს, რომ დიდი რაოდენობით ვენახის კარგად და ხარისხიანად მიხედვა გაუჭირდება.
კახა ბერიშვილი: ”თუ გაქვს 10 რიგი ვენახი, ოთხ დღეში ერთხელ მაინც უნდა შეხვიდე იქ და დაათვალიერო, რამე პრობლემა ხომ არაა და რა მდგომარეობაშია ვაზი. როდესაც ორი ჰექტარი გაქვს, დღეში ნახევარ ჰექტარ ვენახზე მეტს, ფიზიკურად ვერ შეამოწმებ. ამ დროს კი, შეიძლება ვენახის დანარჩენ ნაწილში იყოს პრობლემები და გამოგეპაროს. ძალიან დიდი ყურადღება და დაკვირვება უნდა ამ საქმეს. მით უმეტეს რომ ჩვენ, ვინც ნატურალური მეღვინეობის ფილოსოფიას ვიზიარებთ, თავიდანვე გამოვრიცხავთ ე.წ. სისტემური პრეპარატებით ვენახების შეწამვლის შესაძლებლობას, რადგან ასე შეწამლული ვენახიდან კარგ ღვინოს ვერ მიიღებ. სამაგიეროდ, ვინც ასეთი წამლით წამლავს, იმას ყოველთვის ნაკლები პრობლემები აქვს ვენახის მოვლის დროს. შეასხამენ სისტემურ წამალს ვენახს, წავლენ სადაც უნდათ და თუნდაც ნახევარი თვე რომ არ შევიდნენ ვენახში, იციან, რომ წამალი ფოთოლშიც შევა, მტევანშიც და ”თავის საქმეს” გააკეთებს. მცირე რაოდენობით ნესტმაც კი შეიძლება მთელი ვენახი გაანადგუროს. თუკი ვაზს რომელიმე დაავადება (ჭრაქი, ნაცარი და სხვა...) შეეყარა, საშველი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ საწყის პერიოდში მიასწარი და დროულად შეწამლე. დაავადებული წერტილები ფოთოლს მოსძვრება და ვაზი გადარჩება. მაგრამ, თუ დაგიგვიანდა, წასული იქნება შენი საქმე”.
“გინდა მწვადი? სხვაგან წადი!”
კახა ბერიშვილს მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ვენახებისა და ღვინის მარნის ხელმძღვანელობა-გამგებლომა მთლიანად კახას აკისრია, ამბობს, რომ ოჯახის წევრების თანადგომამ დიდი როლი შეასრულა მის მეღვინედ ჩამოყალიბებაში. კახა ბერიშვილს ვაჟიშვილი, ანუ მისი საქმის პოტენციური გამგრძელებელი არ ჰყავს, თუმცა მუსიკოსი-მეღვინე ფიქრობს, რომ როდესაც მევენახეობა-მეღვინეობა კარგად და გამართულად არის აწყობილი, მისი მართვა ორივე სქესის ადამიანებს თანაბრად შეუძლიათ.
”მეღვინეობას, არავითარი განსაკუთრებული საიდუმლოება არ გააჩნია. და თუ გააჩნია, მაშინ ყველა მეღვინეს ერთადერთი საიდუმლო აქვს - ამბობს კახა ბერიშვილი - ღვინო რა თქმა უნდა იწყება ვენახიდან, საჭიროა ვენახების არასისტემური პრეპარატებით შეწამვლა. ასევე საჭიროა ღვინის ყოველგვარი დანამატების გარეშე დაყენება და რომც არ გინდოდეს, ღვინო მაინც შენ – მის ავტორს დაგემსგავსება! ღვინო არის ენერგიების უნივერსალური მიმღები. ადრე ასეთ რამეებზე მეცინებოდა, მაგრამ რომ ვაკვირდები, ეს სასმელი მართლაც სწორედ ისეთი ხასიათისა და ბუნების გამოდის, როგორიც მეღვინეა. ამ ბოლო დროს მიხდება უამრავი ღვინის გასინჯვა და აქედან მივხვდი, რომ ღვინო მართლაც თავის ავტორს ჰგავს. მეღვინეობა ჩემი აზრით ხელობაა და არა ხელოვნება, მაგრამ ეს არის ხელობა, სადაც არანაირი წესები არ მოქმედებს. მეღვინეობასთან მიმართებაში დაწერილი ყოველგვარი წესები და კანონები აბსურდია, რადგან ისევე, როგორც ყველა ადამიანი, ყველა მეღვინის მიერ დაყენებული ღვინოც, ერთმანეთისგან აუცილებლად განსხვავებული იქნება. თუმცა ღვინო, ისევე როგორც ვთქვათ ვიოლინოზე შესრულებული პარტია, მხოლოდ მის შემსრულებელს არ ეკუთვნის. საბოლოო სიტყვა მომხმარებელმა, ანუ მსმენელმა უნდა თქვას!”.
”გინდა მწვადი? სხვაგან წადი!” - ეს ერთი შეხედვით უცნაური სიტყვები კახა ბერიშვილის მარნის ეზოს შესასვლელთან გამოკრულ დაფაზე დღემდე დიდი ასოებით აწერია. ამ ხუმრობანარევი ბწკარედის ავტორი, კახას მეგობარი, ვახო უშვერიძეა, რომელმაც ვეგეტარიანელი მეგობრის სურვილი ნათლად ასახა. კახა ბერიშვილი ერთ-ერთი იშვიათი ქართველი მეღვინეა, რომელიც ხორცეულს საერთოდ არ გეახლებათ და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სულიერი არსების მოკვლა ბუნებაში უხეში და არასამართლიანი ჩარევაა.
“ადამიანს, იხვს, ძროხასა და ირემს, თანაბრად ეკუთვნის ეს დედამიწა და არც ერთი არსება არაა მეორეზე აღმატებული. ამიტომ, მე ვერ ვხედავ გამართლებას იმაში, რომ ადამიანმა ხორცის მოსაპოვებლად ინადირო, როდესაც ისედაც უამრავი გემრიელი საკვები არსებობს. მით უმეტეს, მკვდარი სხეული საშინელი სანახავია“, – ამბობს კახა ბერიშვილი და დასძენს, რომ იყო დრო, როდესაც მის მარანში თბილისიდან ჩასულ მეგობრებს, მისი პროტესტის მიუხედავად, ხშირად ჩაჰქონდათ სამწვადე ხორცი და მწვადებს აშიშხინებდნენ. ართანელი მეღვინე ძალიან ცუდად იხსენებს იმ დროს, როდესაც ამ ვეგეტარიანელ კაცს, მეგობრების ქეიფის შემდეგ, დილით ხორცის ცხიმით გაქონილი თეფშების რეცხვა უწევდა. ახლა კი, ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა. მისი მარნის კარი მეგობრებისათვის ახლაც ღიაა, თუმცა თუ მწვადი გინდა, უმჯობესია მართლა სხვაგან წახვიდე!
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი