Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დომენტი მაისურაძე, არბოს მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (56)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი 2015 წელს დავაარსეთ. ოჯახში ღვინოს მცირე რაოდენობით მოვიხმართ, ამიტომ მისი გაყიდვა გვიწევდა ჩამოსასხმელი სახით. თუმცა, ასე „შეფუთულ“ ღვინოს ფასი არ ჰქონდა. 3-4 ლარის ღირებულების ყურძნიდან მიღებულ ღვინოში მაქსიმუმ 2.5 ლარს იხდიდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ სერიოზულად მივდგომოდით ამ საკითხს და ღვინო ბოთლებში ჩამოგვესხა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ვენახი გორის რაიონში გვაქვს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ არბოში.

გაშენებული გვაქვს ჩინური, შავკაპიტო და ძალიან მცირე რაოდენობით პანეში.

გაფართოებაზე ვმუშაობთ, უკვე დავამატეთ შავკაპიტო. გეგმაში გვაქვს თავკვერის და ქართლის რამდენიმე მივიწყებული და უდავოდ პერსპექტიული ჯიშის აღდგენა.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ქვევრის მშრალ ღვინოებს, თეთრი - ჩინური და წითლებიდან შავკაპიტო და პანეში. ვენახს წლებია ორგანული მიმართულებით ვამუშავებთ. ღვინოსაც ველურ საფუარზე ვადუღებთ, რაც, ჩვენი აზრით, გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა ღვინოს ტერუარის (ზღვის დონიდან 920მ.) დამახასიათებელ ნიშანს აძლევს, რაც  მცირე წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

2015 წელს საცდელად ჩამოვასხით 200 ბოთლი ჩინური. ბათუმის ერთ-ერთ ღვინის ბარში გავასინჯეთ და ორი ყუთი დაიტოვეს. ერთ კვირაში შეკვეთა დაამატეს და იმ წლის მოსავალი მარტო მაგ მაღაზიამ გაყიდა. დღეს უკვე ოცზე მეტ მაღაზიასთან გვაქვს ურთიერთობა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ექსპორტის რამდენიმე შეთავაზება გვქონდა, თუმცა ძალიან მცირე ნაშთების გამო უარის თქმა მოგვიხდა. ვფიქრობთ, ახალი ვენახები რომ წამოგვეწევა, უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ მაგ საკითხზე.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მთავარი სირთულე, ალბათ, გაყიდვებია, რომლის გადაჭრის გზას ვენახამდე მივყავართ. კარგ რეალიზაციას კმაყოფილი მომხმარებელი სჭირდება, კმაყოფილ მომხმარებელს - კარგი ღვინო, კარგ ღვინოს - დიდი შრომა და ხარისხიანი ყურძენი, ხარისხიან ყურძენს კი დიდი შრომა ვენახში. მთავარი გამოწვევა ღვინის სფეროში ალბათ მაინც ხარისხი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში წინ წავიწიეთ. რაოდენობით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ვერასოდეს მოვუგებთ, ამიტომ ისევ ხარისხზე და უნიკალურობაზე უნდა გავაკეთოთ აპელირება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ბევრმა საოჯახო ღვინომ უკან მოიტოვა მაგალითად „თაგვის გემონაკრავი“ და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. საშუალო ადგილობრივი მომხმარებელიც მიეჩვევა კარგ ღვინოს და მოთხოვნა მიწოდების ხარისხსაც გაზრდის. სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომლებიც ლამფის შუშებით სვამდნენ ღვინოს, დღეს ბოკალში კონკრეტული ხილის ტონებს ეძებენ და ეს ძალიან კარგია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდით არასოდეს დანებდნენ. ეს სფერო იმდენად ცოცხალია, რომ ყოველდღე შეუძლია როგორც კარგი, ისე ცუდი სიურპრიზი დაგახვედროს, ამიტომ მუდმივი ჩართულობით საჭიროა კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე იზრდებოდე ჯერ ყურძენთან და რთველის მერე ღვინოსთან ერთად. უყურადღებოდ წლობით „ბოცაში“ მიგდებული ღვინის სიკარგე მითია.

მარნის დასახელება: არბოს მარანი

მარნის მისამართი: გორის რაიონი, სოფელი არბო

ტელეფონი: +995 577 33 22 04;  +995 558 78 80 77

ელფოსტა: info@arboscellar.ge

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://ka-ge.facebook.com/shiosmarani

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.