Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საცივი მარანი” ატენში

ლევან ფრუიძე
 
ძეგლის მეგობარი - 1976, N42
 
ატენის ხეობა უხსოვარი დროიდან ცნობილია, საუკეთესო, როგორც ვახუშტი უწოდებს, “წარჩინებული ატენური ღვინით”. სულხან-საბა ორბელიანი იტალიაში ატენის მთის სანახებში მოგზაურობისას გადმოგვცემს: "კლდე იყო შეკაფულივით, დიაღ, დიდსა და გრძლად მიგრეხილ-მოგრეხილი... ასეთი ღვინო იყო ატენურის მსგავსი, სხვაგან არ გვენახა. იმ ადგილებში სულ კაი ღვინო იყო”. ატენის "შეკაფულივით”, "გრძლად მიგრეხილ-მოგრეხილი” კლდეები, ალბათ თვალწინ დაუდგა ქართველი ხალხის თავდადებულ მოჭირნახულეს, როცა იტალიაში მსგავსი ადგილები იხილა, ხოლო იქაურ ღვინოს განსაკუთრებული პატივი მიანიჭა და ატენურს შეადარა.
აბა, ვის ახსოვს დავით გურამიშვილის იუმორით გაჟღენთილი, დოვლათიანი სტრიქონები:
 
"ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,
მეორემ - თევზით გავძღები ზურგიელ გელაქნურითა,
მესამემ - მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა.
მეოთხემ - კიდეც დაგვთოკენ საბლითა მაზმანურითა!”
 
მაშ, ატენური ღვინო - ეს ნუგბარი სასმელი ლიტერატურაშიც დამკვიდრდა და დამსახურებული შარავანდედით ძველთაგანვე შეიმოსა. დიახ, ატენში XI საუკუნიდანაა ცნობილი სამეფო ზვარი და მეფეთა საკადრისი ნექტარის დამზადებაც იცოდნენ. დღეს თითქმის დაკარგულია ღვინის დაყენების მამაპაპური ტრადიცია...
1975 წლის ოქტომბერში მოვინახულეთ განთქმული "საცივის მარანი”, თვით ძველთაძველი და თვალშეუდგამი ატენის დედაციხის ორიენტირად რომ აქვს დასახელებული ქართველ მემატიანეს: "ხოლო შაჰ-თამაზ მოვიდა გორს და აღიღო ციხე წედისისა, ციხე ძალათ აიღეს და ვერის ციხე ნებით მისცა ფარსადან და უვნებლად ციხოვანნი მორჩნენ იქიდამ, და მიადგა ციხესა ატენისასა, რომელ არს თავს საცივისასა. რამეთუ მას შინა იყუნეს დედა და დაი ლუარსაბისა და სხვანი მრავალნი თავადნი”.
ახლა ამ ისტორიულ ადგილას უპატრონობა და სიბინძურე სუფევს. გლეხებს თავიანთი ქვევრები სახლებში გადაუტანიათ, მიდამო გაპარტახებულა, მაღაზიას ნავთის რეზერვუარი შუა მარანში ჩაუდგამს და იქაურობა იწამლება. მარნის გავერანების გამო მოსახლეობა დიდ გულისტკივილს გამოთქვამს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად რჩება.
"საცივი მარანი” მდებარეობს დღევანდელ "დიდ ატენში”, რომელსაც ვახუშტი მცირე ქალაქს უწოდებს, სადაც "არს ციხე მაღალი კლდესა ზედა, ნაშენი დიდი და ციხის გორის სამხრეთ არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული”. ჩვენი საუკუნის 30-იანი წლებამდე "საცივ მარანს” თავისი ისტორიული სახე ჰქონდა შენარჩუნებული და პრაქტიკულადაც მასიურად გამოიყენებოდა. მკითხველს აქვე უნდა განვუმარტოთ, რომ "საცივი მარანი” ნაგებობა არ არის, არამედ ციხის ძირას მდებარე მცირე ტერიტორიას მოიცავს, სადაც კლდოვანი, ნაშალი ნიადაგიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში ცივი ჰაერი გამოდის. მაშინ, როდესაც ირგვლივ მზე ყველაფერს წვავს, გავარვარებულ ქვებს შორის სასწაულებრივად მაცოცხლებელი სიგრილე, რომელიც სიღრმეში ისე ძლიერია, რომ წყალს ყინავს. უხსოვარი დროიდან ატენელებს ეს ადგილი მარნად გამოუყენებიათ. ყველა გვარს (ვანიშვილები, ჭიღლაძეები, ხუციშვილები და სხვ.) ღია ცის ქვეშ შთამომავლობით თავიანთ კუთვნილ მონაკვეთზე ქვევრები ჩაუფლავთ და თავისებური ტექნოლოგიით აყენებდნენ ჩინებულ ატენურ ღვინოს, რომლის ბადალი არა თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. ეს ღვინო ადგილობრივი ჩინური ვაზის ყურძნისაგან იწურებოდა.
ხალხური ეტიმოლოგიით ჩინური საჩინოს, უბადლოს, შეუდარებელს, გამორჩეულს, გამოჩინებულს ნიშნავს. ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ "ქართლში” ატნის მიდამოებში, გავრცელებული მომწვანო-მოქარვისფრო მარცვლიანი, ჩინური-ს სახელწოდებით ცნობილი ყურძნის ჯიში, რა თქმა უნდა, სადაურობის აღმნიშვნელი არ უნდა იყოს და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნითგან, ჩინეთითგან, არ იქნება მოტანილი. მისი სახელი ყურძნის ამ ჯიშის მარცვლების ფერის მაუწყებელი უნდა იყოს. ჩინი ძველ ქართულში საბას განმარტებით, "ზეთისხილის ფოთლის ფერი”-ს აღმნიშვნელია... ჩინური ამ – ყურძნის ჯიშის მარცვლის ფერის გამომხატველი უნდა იყოს.”
ეს აბორიგენული ვაზის ჯიში ამაყად დგას ქართული ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში. სპეციალისტ-ამპელოგრაფთა აღიარებით ჩინურს ახასიათებს მთელი რიგი დადებითი თვისებები: ძლიერი ზრდა, უხვი მოსავალი, ლამაზი პროპორციული აღნაგობის მტევანი და მარცვალი. ყურძნის შენახვის კარგი უნარი და ტრანსპორტაბელურობა, სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერის მიმართ საკმაო გამძლეობა. მართალია ეს ვაზის ჯიში მთელს შიდა ქართლშია გავრცელებული, მაგრამ მაღალხარისხოვან ღვინოს აყენებს მხოლოდ ჩვეულ, განსაკუთრებულ ადგილებში. სახელდობრ, მდინარეთა ხეობების სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ფერდობებზე, რომელთა ქვედა ჰორიზონტში კალციუმის კარბონატები და წვრილი ქვები (ღორღი) საკმაო რაოდენობითაა. სწორედ ასეთია ტანას ხეობა – უბერებელი დედამშობელი ჩინური ვაზისა, მაგრამ ალღოიან, დაკვირვებულ მევენახეებს ტანაში ჩამდინარე აბანოსა და დეგეულას მცირე ხევები მიაჩნიათ ჩინურის საუკეთესო სააკვნედ. იქ ხელოვნურ ტერასებზე ანუ ადგილობრივი გამოთქმით "ტახტებზე” მოსული ყურძენი და ღვინო უპირველეს შორის უპირველესია. ძველად სამეფო მარნებისათვის იქ არჩევდნენ თურმე მოსავალს. გვიანდელ პერიოდშიც აბანოხევისა და დეგეულას ღვინო ორმაგ ფასში იყიდებოდა. ამჟამად ეს ადგილები დაახლოებით 25 ჰექტრამდე იქნება და ატენური ღვინის მაღალხარისხოვანი ნედლეულის უმთავრეს, ისტორიულ ბაზად უნდა ჩაითვალოს.
რთველს ღვინობისთვის დამდეგს იწყებდნენ. ყურძენს დაკრეფისთანავე ვენახებში (ვენახები სოფელზე 3-4 კილომეტრით ან მეტი მანძილით იყო დაშორებული) გამართულ ქვითკირის საწნახელში წურავდნენ, ტკბილს თაღარში ერთ-ორ საათს "სულს მოათმევინებდნენ”, დაწმენდას აცლიდნენ, მერე მოუკუპრავ რუმბებში ჩაასხამდნენ და ურმებით "საცივის მარანში” წაიღებდნენ. იქ ქვევრში კოკაზე თითო მუჭ ჭაჭას მისცემდნენ. ქვის სარქველ დახურულ, თიხით დაგოზილ და თავზე კლდის ნაშალი ქვიშით დაფარულ ქვევრში ტკბილი წყნარად დუღდა. მაგრამ ზამთრის დადგომისთანავე მიწის სიღრმიდან მომდინარე ბუნებრივი სიცივე სითბოთი იცვლებოდა, თუ ქვევრს ზაფხულის სიცხე ჭირხლი და ყინული ედებოდა, ახლა პირიქით ღვინო თბებოდა, "იძაბებოდა”, დუღილს უმატებდა, თუ დროიანად ხელს არ მიაშველებდი გასქელდებოდა, წბოლს მოიდებდა, მოლორწოვდებოდა, ჭიქაში ძაფივით ჩაჰყვებოდა, რაღაცნაირი გადამეტებულ სიტკბოს და ლუყურტს დაიჩემებდა”. და ეს ყველაფერი რომ არ დამართნოდა ღვინოს, ატენელ მეურნეს უხსოვარი დროიდან ემპირიულად მიუგნია ორიგინალური ხერხისათვის: ტანადან გიდლებით ეზიდებოდნენ სუფთა ყინულს, ქვევრს დაანაკლულებდნენ და ყინულით შეავსებდნენ, ყინული ღვინოს არა მარტო აგრილებდა, არამედ "დააკასკასებდა”, "დაწკვნეტავდა”, "გამჭრიახს და გამჭვირვალეს” გახდიდა. "ბროლივით იყო, ჩახედავდი და ქვევრის ფსკერს დაინახავდი”. ღვინო საოცრად წმინდა, "კამკამა”, ჰაეროვანი, "ენასმჭიდარი” – შუშხუნა დგებოდა. "უმჯობესი გემოს და სასიამუნო სასმელი შეუძლებელია ქვეყანაზე ყოფილიყო”.
ყინული არა ამრტო ინახავდა ღვინოს, არამედ "გარდამეტ სიტკბოს, ლუყურტს და სისქეს ართმევდა”, ხვეწდა, აუმჯობესებდა. "ღვინის მოყინულება” ზამთარში ორჯერ-სამჯერ მაინც უნდა მომხდარიყო, ოღონდ ყინულის მიცემის ზომა მეღვინეს უნდა განესაზღვრა ღვინის სისქისა და სიტკბოს მიხედვით, რასაც გულმოდგინე დაკვირვება და ცოდნა-გამოცდილება სჭირდებოდა. თუ უყინულოდ ღვინო "გადაიწვებოდა” და სასმელად უვარგისი გახდებოდა - "ზეთივით” სითხედ გადაიქცეოდა, ზედმეტმა ყინულმა ღვინის გაწყალება და "დადამბლავება” იცოდა.
გარდა ამისა, მთელი ზამთრის განმავლობაში "საცივის მარანს” რთვილი არ უნდა მოჰკლებოდა. ვინაიდან მიწის სიღრმიდან მომდინარე სითბო ნალექს მალე ალღობდა, ატენელი მეურნე იძულებული იყო თოვლი და ყინული ზურგით ან სახედრით მოეტანა და ქვევრთა თავები იმით დაეფარა. როგორც კი "გაზაფხულის სუნი დატრიალდებოდა”, მიწის წიაღიდან დაძრული სიცივე ქვევრებს საიმედოდ გააგრილებდა.
ღვინის გადაღება მარიამობის თვის დამდეგს უწევდა – თხლეს გამოაცლიდნენ, გადააწმინდავებდნენ. "საცივ მარანში” ღვინის შენახვა-დაძველება წლობით შეიძლებოდა, მაგრამ ხუთიოდე წლის შემდეგ სასმელი უკვე ნაკლებ სასიამოვნო და თითქმის "ჯანგამოცლილი, დაბერებული იყო, ენას ძველებურად ვეღარ ეთამაშებოდა”.
სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ ღვინის დაყენების იშივათ ხალხურ წესთან გვაქვს საქმე. ჩინური ვაზის ყურძენი დღესაც საუკეთესო საშამპანურე ნედლეულია, მის შემოქმედ ქართველ სახალხო სელექციონერთა ამ მიღწევას დაემატა ბუნებრივი "საცივი”, სადაც ატენელებმა, ვინ იცის რა ხნიდან, მარანი გამართეს და დასაბამი მისცეს ადგილობრივი, სრულიად თავისებური ღვინის წარმოებას, რომლის შესახებ ვახუშტი დაბეჯითებით აღნიშნავს: "ღვინო აქაური (ლაპარაკია საციციანოზე, ლ.ფ.) უმჯობესი ყოვლისა ქართლისა და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა”.
მეღვინეობაში ბუნებრივი მონაცემების ასეთი ორიგინალური და ამომწურავი შერწყმა იშვიათია და მას ტოკაის (უნგრეთი) მკვიდრთა გამოცდილება თუ შეედრება.
"საცივი მარნების” ნაშთები ცნობილია გარეკახეთში, სახელდობრ მანავსა და ხაშმში. ვინაიდან იქ მიწიდან მომდინარე, ბუნებრივი სიცივე არ მოიპოვება ქვევრების გასაგრილებლად წყაროს წყალს იყენებდნენ, რომელიც მარანში მილებით იყო შემოყვანილი და ჭურებს ირგვლივ მუდმივად გარს ევლებოდა. მანავში სამეფო ზვარი XVIII საუკუნეშიც იყო და იქ ადგილობრივი, უნიკალური ჯიშის მანავის მწვანის ბაზაზე აყენებდნენ საუკეთესო, "სამეფო ღვინოს”, რომლის ტექნოლოგია, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით ატენურის მსგავსი უნდა ყოფილიყო. შემდგომი კვლევა-ძიება უეჭველია ყოველივე ამას ნათელს მოჰფენს, ხოლო ამჯერად წინასწარი დასკვნის სახით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში ე.წ. შამპანურის ტიპის შუშხუნა ღვინოების დაყენების ტრადიცია ძველთაძველია და იგი უმართებულოდ გვაქვს დავიწყებული.
რაც შეეხება მარანთა ნაშთებს მეტი ყურადღება და მოვლა სჭირდება. ატენში "საცივი მარნის” გვერდით მდებარეობს ორბელიანთა ნაქონი ე.წ. "ყეენის მარანი”, რომლის ნახევრად მიწაში ჩაფლული თაღოვანი ქვითკირის შენობა დღესაც დაცულია და სამწუხაროდ საბძლად არის გამოყენებული. გადმოცემით ამ მარნიდან ატენელი ფეოდალები სპარსეთის შაჰს უგზავნიდნენ თურმე ღვინოს და "ყეენის მარანი” ამიტომ დაერქვაო. აღნიშნულ მარანში უზარმაზარი ქვევრებია. ადგილობრივი ღვინის ქარხნის მესვეურებს მათი მოთხრა და ქარხანაში გადატანა უცდიათ, მაგრამ ამაოდ გარჯილან, დაკირულ-ჩადუღაბებულ ჭურებს ძვრა ვერ უყვეს. თვით ეს ფაქტი ნათელყოფს, რომ უდიერად ვექცევით ძველქართული მეღვინეობის რელიქვიებს. მაშინ როდესაც მიწის ზედაპირზე ჯერ კიდევ შემორჩენილი და არქეოლოგთაგან აღმოჩენილი და გაწმენდილი ძველი მარნები, ისე უნდა დავიცვათ, როგორც ისტორიული ძეგლები. სამარნე ნაგებობათა თავისებურება და კოლორიტი, ღვინის მაშინდელი ტექნოლოგიის გათვალისწინებით ქვევრთა განლაგება, ქართული მეღვინეობის დახვეწილობასა და მაღალ დონეზე მეტყველებს. ყოველივე ამას, შემეცნებითთან ერთად, დიდი ესთეტიკური და სანახაობითი მხარე აქვს. კარგად მოვლილი და საჩვენებლად მოწყობილი ძველი მარნები მჭერმეტყველურად დაადასტურებენ, რომ საქართველო უხსოვარი დროიდან მახლობელი აღმოსავლეთის ვეებერთელა მარანი იყო.
 
ფოტოებზე: სოფ. ატენი, საცივი მარანი, ყეენის მარანი.
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში


მადლობთ, ძალიან საინტერესო სტატიაა, მითუმეტეს რომ ატენური მისი თანამედროვე სახითაც კი ჩემი უსაყვარლესი ღვინოა მაგრამ რომ წარმომდგენია მაგ მარანში დაყენებული რა იქნებოდა და რომ ეს ტექნოლოგია დაკარგულია გუნებას მიფუჭებს ნეტავ რა მდგომარეობაშია ეს მარანი დღეს? და ვინმეს თუ უფიქრია მისი აღდგენა? პს. საინტერესოა აგრეთვე ღვინის თვისებების აღწერის ძველი ქართული ტერმინოლოგიაც, რაც მაგალთად ფრანგებში ძალი, ან მდიდრად არის შენარჩუნებული და ჩვენთანაც მოსაპოვებელი და აღსადგენია


საცივი მარანში შარშან გაზაფხულზე ვიყავი, ეს ფოტოებიც მაშინ გადავიღეთ. საშინელ მდგომარეობაშია. ღვინის კლუბს გვინდა იქაურობის გასუფთავება, ნიშის გაკეთება... აღწერის ტერმინოლოგიაზეც ვმუშაობთ, მალე დაიდება შედეგები :)


ateni chemi sopelia da sacivshic bevrjer shegvinaxavs gvino tu wyali rata zapxulshi kargia civi sasmlit gulis gagrileba.


ატენის ღვონოვ ნაქებოო უთქვამს წინაპარას და სიმღერად უქცევია (ხალხურ სიმღერას 'ატენის ღვინო'-ს ვგულისხმობ. ვისაც არ მოგისმენიათ გირჩევთ ყველას!)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული