Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დავით მაღრაძე: “ჩვენ ისტორიას ვეხებით!”

ლევან სეფისკვერაძე

ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემათაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ძალიან ცოტანი არიან მეცნიერები, რომლებიც ქართული ვაზის მეცნიერულად შესწავლასა და ლაბორატორიულ კვლევებს აწარმოებენ. დღეს ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერთაგან ბატონი დავით მაღრაძე ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელიც აქტიური მკვლევარია და უკვე ათი წელია, ქართული ვაზის ჯიშებს სწავლობს.

მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინტიტუტის (აგრარული უნივერსიტეტი) ვაზის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების გამგე, აკადემიური დოქტორი, დავით მაღრაძე წარმოშობით იმერელი, ხარაგაულელი კაცია და ვაზი მისთვის უცხო ფენომენი არასოდეს ყოფილა.

იმერეთიდან ლომბარდიაში

დავით მაღრაძე: "დაბადებული ვარ ხარაგაულის რაიონში. სკოლაში ხარაგაულში ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობა სოფელ ლეღვანში გავატარე. ბაბუას და მამას ვენახი ყოველთვის ჰქონდათ. დღესაც, როდესაც აღარც მამაჩემია ცოცხალი და აღარც ბაბუა - მაინც ვცდილობთ, რომ ვენახი შევინარჩუნოთ. ზედმეტად პოეტურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ქართველ კაცში ვაზისა და ღვინის სიყვარული ყოველთვის არსებობდა – ღიად თუ ფარულად. ბავშვობაში ვენახში ხშირად მიმუშავია და ჩემთვის ვაზი უცხო არასოდეს ყოფილა.”

თუმცა, ქართული ვაზითა და ვაზის ჯიშებით პროფესიული დაინტერესება შედარებით გვიან მოვიდა... როდესაც დავით მაღრაძემ აგრონომიული ფაკულტეტი დაამთავრა, განაწილებით მართალია მევენეხეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში მოხვდა, მაგრამ მისი განხრა თავიდან მეხილეობა იყო. დისერტაციაც მეხილეობის განხრით დაიცვა. 2003 წელს, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი საერთაშორისო პროექტში ჩაება და იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად განხორციელდა პროექტი სახელწოდებით: "ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და გამოყენება კავკასიაში და შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონებში.”

ეს პროექტი თავიდანვე გათვლილი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის და მასში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები: საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდნ, აზერბაიჯანიდან და მოლდოვადან. როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკას გარკვეული ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა და ყველას უჭირდა ვაზის კოლექციების დაცვა. გენეტიკური რესურსების ინსტიტუტი ამ ქვეყნებს დაეხმარა კოლექციების შენარჩუნებაში და მოვლაში. იგივე პროექტი ითვალისწინებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეცნიერების დაახლოვებას დასავლეთის ინსტიტუტებთან. პროექტში მონაწილეობდნენ: მილანის უნივერსიტეტი, გერმანიის გეიზენვერჰოფის ვაზის სელექციის ინსტიტუტი, რომის არქეობოტანიკური ცენტრი და ლუქსემბურგის გაბრიელ ლიპმანის სამეცნიერო ცენტრი. პროექტის დამფინანსებელი იყო ლუქსემბურგი. პროექტის დაწყებისთანავე, ცნობილმა მეცნიერმა, მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინების ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა ბატონმა ნოდარ ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოდან აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა დავით მაღრაძეს მიეღო. მანამდე ინსტიტუტში შეიქმნა ვაზისა და ხეხილის გენოფონდის და გენეტიკა-სელექციის განყოფილება, რომლის გამგედ დავით მაღრაძე აირჩიეს. ეს პერიოდი, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა ბატონი დავითის ცხოვრებაში და სწორედ 2003 წელი გახდა წყალგამყოფი მისთვის, როგორც მეცნიერისათვის.

"2003 წლის ივლისში უკვე პირველი კოლექცია გავაშენეთ ვაშლიჯვარში და აგვისტოში ათთვიანი სტაჟირებით გავემგზავრე მილანის უნივერსიტეტში, რომელიც ლომბარდიაში მდებარეობს. ამის შემდეგ უკვე ათი წელი სრულდება, რაც მთელი ჩემი ენერგია მთლიანად ვაზის ჯიშების კვლევას ეთმობა. ყველა საქმე აზარტულია, რომელიც ადამიანს აინტერესებს. ჩვენს საქმეში ალბათ აზარტზე მეტიცაა. თუკი ადამიანს საქმის კეთების დროს აზარტი არ გააჩნია, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. ამას გარდა, არის დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ გვაქვს შეხება იმ მასალასთან, რომელიც წინაპრების მიერ არის შექმნილი. ვაზის ჯიშების კვლევით, ფაქტობრივად ჩვენ საქართველოს ისტორიას ვეხებით!

წინაპრები ხშირად არიან ჩვენთვის სრულიად უცნობი პიროვნებები. ჩვენ არ ვიცით პრაქტიკულად არც ერთი ძველი ქართული ვაზის ჯიშის გამომყვანი ადამიანების ვინაობა. თუმცა, ეს ადამიანები ნამდვილად არსებობდნენ. ისინი საქართველოს ყველა კუთხეში იყვნენ. ჩვენი ბაბუებისნაირი ხალხი – დაკოჟრილი ხელებითა და შრომის დიდი სიყვარულით. ამიტომ, სულ სხვანაირი გრძნობაა, როდესაც წინაპრების ნაშრომი გაქვს დროის გარკვეულ მონაკვეთში ჩაბარებული და იმისათვისაც უნდა იზრუნო, რომ ეს საქმე შემდეგმა თაობებმაც გააგრძელონ. ეს არის ქართული აგრონომიული მემკვიდრეობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ეთნოგრაფიისა და ეკონომიკისათვის.”

ღვინო და ეთნოსი

დავით მაღრაძე მიიჩნევს, რომ ქართული ვაზის უნკალურ ჯიშებს სხვა ყველაფერთან ერთად იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ საქართველოს ეკონომიკაში ფულადი რესურსები მოიზიდოს. ისტორიულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ვაზი და ღვინო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ის იყო როგორც შიდა მოხმარების პროდუქტი, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის საგანი.

2004 წელს საქართველოში ჩატარდა ვენახების სტატისტუკური აღწერა. აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ვენახების 95% უკავია ქართულ ვაზის ჯიშებს. ეს ფაქტები დავით მაღრაძეს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს დღევანდელი მევენახეობა დაფუძნებულია ძირითადად ქართულ ჯიშებზე, რაც მეღვინეობისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი ასევე იშველიებს მსოფლიო პრაქტიკას და ამბობს, რომ მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილი ქვეყნების უმეტესობაში, კონკრეტული რეგიონები ძირითადად მეღვინეობით ცხოვრობენ და მათ შემოსავალს ეს საქმე წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რელიეფი საკმაოდ რთულია და საერთო ტერიტორიის შედარებით მცირე ნაწილი უჭირავს ვენახებს, კარგი იქნება, ქართული მეღვინეობაც მსოფლიოში ცნობილი მეღვინეობის ქვეყნების რეგიონების მსგავსად თუ განვითარდება.

დავით მაღრაძე: „ქართული ღვინო არის ჩვენი ეთნოსის ცხოვრების წესის განმსაზღვრელი. ქართველებმა თუ ღვინის მოხმარება დაივიწყეს, მაშინ სხვანაირი ადამიანები გახდებიან. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ღვინის მომხმარებელი და არამომხმარებელი ერები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩვენი ბუნებისა და ხასიათის განმსაზღვრელი ხშირ შემთხვევაში სწორედ ღვინო იყო. ქართული მეღვინეობის 80 საუკუნოვანი უწყვეტი ისტორია (რომელსაც გვერდს უმაგრებს არქეოლოგიური მასალის უწყვეტობა) საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენს ერს ღვინოსა და სხვა სასმელებს შორის არჩევანი გაგვეკეთებინა.

ცნობილი ამბავია, რომ ბერძნებმა ელინისტურ ხანაში უკრიანაში, კერძოდ ყირიმში შეიტანეს მევენახეობა და მეღვინეობა. მაგრამ, ბერძნული კოლონიების განადგურების შემდეგ, საუკუნეების მანძილზე ასევე გაქრა მეღვინეობაც. საქართველოში საქართველოს მევენახეობამ და მეღვინეობამ მრავალი აღმავლობის თუ დაღმავლობის პერიოდი გიარა თვით ქვეყნის ისტორიის მგავსად, მაგრამ ამან ქართული ვაზის მთლიანობას და მისადმი ქართველი კაცის ერთგულებას ვერაფერი დააკლო.

ვისაც ევროპაში და ამერიკაში უმოგზაურია, ალბათ უნახავთ, რომ იქ სახლების მიმდებარე ეზოებში ძირითადად ყვავილნარი და დეკორატიული მცენარეებია გახარებული. საქართველოში კი, საკმარისია კაცმა თავისუფალი ადგილი ნახოს ეზოში, რომ მაშინვე ხეხილს, ან ვაზს რგავს. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუ კონკრეტულად რატომ ვაკეთებთ ასე, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველისათვის საუკუნეების მანძილზე ვიზუალურ ესთეტიკაზე მეტად, სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როდესაც ვაზზე და ვაზის განსაკუთრებულობაზე ვსაუბრობთ...”

ვაზი და ოჯახი

დავით მაღრაძე ხუთი შვილის მამაა და დიდი იმედი აქვს, რომ მისი შვილებიდან ერთ-ერთი მაინც დაინტერესდება იმ საქმით, რასაც თავად ემსახურება. თუმცა, შვილების პირად გადაწყვეტილებებში ჩარევას არ აპირებს.

„როდესაც 2003 წელს კოლექციას ვაშენებდით, ჩემი მეორე შვილი მაშინ დაიბადა. დამირეკეს – მეორე შვილი გეყოლაო და ვენახიდან სამშობიაროში გავიქეცი. ფაქტობროვად, ჩემი შვილი და ჩვენი კოლექცია ერთი ასაკისანი არიან და ეს ჩემთვის მეტად ნიშანდობლივი ფაქტია. უფროსები გოგონები მყავს, უმცროსი ვაჟები კი სამნახევარი და წლინახევრისანი არიან. ვეცდები შევაყვარო შვილებს ვაზი და ვენახი იმ დონეზე მაინც, რომ მათთვის ვაზი უცხო არ იყოს. ასევე მინდა, რომ ქართული ღვინის დამფასებლები და კარგი და სწორი მომხმარებლები იყვნენ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მათგან რომელიმე დაინტერესდეს ვაზის ჯიშების მეცნიერული შესწავლით. თუმცა, მათთვის ამ საქმის დაძალებას ნამდვილად არ ვაპირებ. ასეთი გადაწყვეტილება ყველა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს”  – გვეუბნება დავით მაღრაძე.  

დღეს ხშირად მოისმენთ პათეტიკურ და მხატვრულ ტირადებს ქართულ ვაზთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ვაზის შემნახავი და გადამრჩენი არის რიგითი გლეხი, რომელიც ხშირად ძალიან შორს არის ყოველგვარი პათეტიკისაგან და ძირითადად მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნასა და საკუთარ შრომას ეყრდნობა. დავით მაღრაძე ამბობს, რომ ვაზთან სწორედ ასეთი, მარტივი და ღირსეული დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი და არა მევენახეობისა და ვაზის მხოლოდ სიტყვიერი გაიდეალება.

ძალიან რთულია ადამიანმა 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიშიდან უპირატესი ჯიშები დაასახელოს, მაგრამ დავით მაღრაძე ამბობს, რომ დომინატური პოზიციები ისტორიულადაც და ახლაც, ქართული ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელსა და საფერავს უჭირავს. ქართული მეღვინეობის ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ლოკომოტივიც სწორედ ეს ჯიშებია. თუმცა, ბატონი დავითისათვის, როგორც იმერელი კაცისათვის, განსაკუთრებულად მშობლიური და საყვარელია ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე, კრახუნა და სხვა იმერული ვაზის ჯიშები. ხარაგაულის რაიონში მაღრაძეებს მამა-პაპისეულ კარმიდამოში ციცქა და ცოლიკოური აქვთ შემორჩენილი, მაგრამ მამა-პაპისეული ვენახი უკვე საკმაოდ ასაკოვანია და განახლებას საჭიროებს.  

"მრავალფეროვნება თვითოეული კუთხიდან და თვითოეული ჯიშიდან მოდის”

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ვენახები დაახლოებით 37 ათას ჰექტარზეა გაშენებული და ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების მანძილზე. დავით მაღრაძის აზრით, ვენახების შემცირება მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით არ ყოფილა განპირობებული და ეს სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. კვლევები უნდა ჩატარდეს რეგიონებისა და ზონების მიხედვით, რათა დადგინდეს, მაგალითად, სამეგრელოს კონკრეტულ ზონებში რატომ ჩაანაცვლა ოჯალეში სიმინდმა, რატომ არჩიეს გურიის კონკრეტულ სოფლებში ჩხავერს ადესა და ა.შ...

დავით მაღრაძე: "ვენახების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გლობალური, ასევე სახელმწიფო და რეგიონალური დონის ფაქტორები. დასავლეთ საქართველოში ერთადერთი იმერეთია, სადაც ვენახების შედარებით დიდი ფართობები შემორჩა. იმერეთი ვენახების რაოდენობით კახეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. მთლიანი საქართველოს ვენახების დაახლოებით ნახევარი კახეთზე მოდის. კახეთისა და იმერეთის შემდეგ კი, ვენახების რაოდენობით  ქართლი მესამე ადგილზეა. შეიძლება ითქვას, რომ ვენახების ფართობების საქართველოს ყველა რეგიონში შემცირდა. საქართველოს მეღვინეობა დამოკიდებული მხოლოდ ერთ კუთხეზე არასოდეს ყოფილა. მრავალფეროვნება თვითოეული კუთხიდან და თვითოეული ჯიშიდან მოდის. რა თქმა უნდა, სრულ გენოფონდს - 525 ქართულ ჯიშს ვერ ავაღორძინებთ, მაგრამ, რაც მეტი ჯიში იქნება სორტიმენტში, ეს უფრო მეტად წაადგება ქართულ მეღვინეობას.”

მევენახეობა და მეღვინეობა გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობის დარგებია, ეს არის ამავე დროს გარკვეული ეთნოსის ცხოვრების შემადგენელი ნაწილიც. ქართველი კაცი ღვინის გარეშე ვერ არსებობს. ჩვენი წინაპრები ღვინოს თანამედროვე ევროპელების მსგავსად აღიქვამდნენ და ამ სასმელს როგორც კალორიულ საკვებს – ისე მოიხმარდნენ. დღეს სამწუხაროდ ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში შედარებით დაკნინებულია და ღვინის ეპიზოდურად დიდი რაოდენობის მომხარება უფრო აქტუალური გახდა. ბატონ დავით მაღრაძეს სჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ღვინოს ჩვენს ქვეყანაში სწორედ ისე დააფასებენ, როგორც ეს ამ სასმელს ეკადრება. საქართველომ ღვინის სამშობლოს წოდება პირველ რიგში ღვინის დაფასებით უნდა დაიმსახუროს!

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული