Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახლად მოგონებული რიგი ვაზის გამრავლებისა

ივანე სერებრიაკოვი [ოქრომჭედლიშვილი]

სტატია გამოქვეყნდა – გუთნის დედა. - თბილისი, - 1863 - N 19 - გვ. 1. განხილულია ეს ინოვაცია მევენახეობაში, რომელიც ეკუთვნის ფრანგ მევენახე იოსებ ჰუდლოს. ავტორს მოყავს მთელი რიგი დადასტურებული ფაქტები, სადაც პროპაგანდას უწევს ამ ახალ მეთოდს და მოუწოდებს ქართველ მევენახეებს, რომ ეს სიახლე აუცილებლად დანერგონ ქართულ მევენახეობაში. „მართლად და დიდი მოგონებაა ჰუდლოს საშვალობა და დიდის სიხარულით უნდა იყოს მიღებული ყველა ვენახის მკეთებლებისაგან“.

სტატია იბეჭდება უცვლელად.

„ფრანციაში მოუგონიათ ახალი რიგი ვაზის გამრავლებისა, რომელიც ერთი ორად აადვილებს ვენახის აშენებას და ასწრაფებს ვაზის სრულ ჰასაკში მოსვლასა. ეს ამბავი ორი თვეა რაც მოგვივიდა ფრანციიდან, მაგრამ აქამდინ ვერ უცხადებდით ჩვენ მკითხველებსა ამიტომ, რომ გვსურდა საფუძვლიანად შეგვეტყო სიმართლე ამ საქმისა სხვა მხრიდამაც და ჰაზრი თვით ფრანციელთ მამულის მკეთებლებისა. შემდგომ მოსულმა ცნობაებმა სრულად დაამტკიცა ეს ამბავი. უკანასკნელ ნომერში ფრანციულის ჟურნალისა (ჟურნალი საპრაკტიკო ხვნა თესვისა, გამოიცემის პარიჟში უ. ბარრალისაგან) ისეთი სახელოვანი და სანდო მამულის პატრონები ლაპარაკობენ ქებით ამ საგანზე, რომ ყოველივე ეჭვი უადგილო იქმნება სარგებლობაზე და სიმარჯვეზედ ახლად მოგონებულის ვაზის მოშენებისა.

ვაზი, ყველამ იცის, გამრავლდება ანუ მოშენდება ორ გვარის საშუალობით: რქის ჩაყრითა ან დედა ვაზის დაწვენითა. ბევრი უხერხობა მოსდევს ერთსაცა და მეორესაც. ჩაყრილი რქა იშვიათად იკეთებს ღონიერ დოყსა და საკმაოდ გაშლილს ძირკვებსა. პირველ წელიწადში ძლივ მკვიდრდება თავის ადგილ და სამი-ოთხი წელიწადი უნდა ალოდინო პირველი ნაყოფის გამოღებამდე. დაწვენა უფრო უტყუარია, რადგანაც დაწვენილი რქა ჰსწოვს სანოვაგს თავის დედა ვაზისაგან, მაგრა იმგვარი გამრავლებაც თუმცა შესაძლებელია სავსე ვენახში, არ არი საკმაო მაშინ, როცა გვწადიან დიდი ვენახის აშენება. ცხადია, რომ პირველი ამ საშუალობითგანი არის ძვირი და ხუთ ექვს წელიწადს ალოდინებს მინამ მისცემს საშუალო მოსავალსა, მეორე ძვირიც არის და ბევრ შემთხვევაში უხერხო. ის რიგი ვაზის გამრავლებისა, რომელიც მოუგონებია ფრანციელს ჰუდლოსა, არის ყველა შემთხვევაში სახერხო, როგორც რქის ჩაყრა და უტყუარი, როგორც დაწვენა. ესე იგი აქვს ყოველივე ღირსება ორისავე საშუალობისა და არა აქვს არც ერთის ნაკლულოვანება.

აი რაში მდგომარეობს ეს საშვალება: შემოდგომას ანუ ზანთრივ უნდა მოიჭრას რქა ანუ გაისხლას ვენახი, საიდამაც სწადიან ნერგის აღება. სადაც კოკორი აქვს რქასა, იქ უნდა გადაიჭრას ორ ადგილას: ნახევარ თითის დადება კვირტის იქით და ნახევარი თითისვე დადება კვირტის აქეთ, ასე რომ ამ რქის გამონაჭერს კვირტი შუაში მოუიდეს, ესეთი რქის ნაჭრები უნდა მომზადდეს იმდენი, რამდენი ძირი ვაზიც უნდა დარგან, ამ ნაჭრებს ჩაჰყრიან კალათში, შაიტანენ სარდაფში და ზედ მიაყრიან შავ სუქან მიწასა. მერე თებერვალში, ადრე თუ გვიან, უნდა კარქათ მოიხნას ის ადგილი, სადაც ჰსურთ ვენახის აშენება და გასწორდეს ფარცხითა; მერე უნდა გაატარონ კვლები ანუ წვრილი არხები, სიღრმით გოჯნახევარი ანუ ორი გოჯი. არხში ის კვირტიანი ნაჭრები ჩაყარონ, როგორც ლობიოს სთესენ, იმ სიშორეთ ერთმანეთისგან, როგორც ვაზი უნდა იდგეს, ზედ მიაყარონ კარგი მიწა და გატკეპნონ. შემდგომ ხშირი მორწყვის მეტი აღარა უნდა რა, თუ მეტადრე წელიწადი გვალვიანია, შუა და შუა ბალახებიც უნდა კარქათ გაიმარგლოს და გაითოხნოს.

სარგებლობა ამ გვარი ვაზის მოშენებისა ცხადია. პირველი, რომ ესე მოშენებულს ვაზს აქვს ღირსება ნამყენობისაც და დათესისაც. ნამყენის ღირსება ის არი, რომ სწორეთ იმ ჯინშის მცენარეს მოიყვანს, რომელისგანაც მოჭრილია; დათესილისა ის, რომ მცენარე გამოდის ღონიერი, რადგანაც ძირკვები და შტოები ერთი ადგილიდგან გამოდიან, ერთად იზრდებიან და ერთგვარი ძალი აქვთ. პირველ მოსავალს აძლევს ორი სამი წლით ადრე. მოხსენებულის წესით ამ წელს დათესილმა ვენახმა ორი წლის შემდეგ გამოიღო ნაყოფი და კარგად ესხა. ასე რომ საშუალო მოსავალი გამოუდიოდა. არამცთუ ერთსა და ორ ძირს სხმია, რომ შემთხვევისათვის მიგვეწერა; არც ერთი ძირი არ მოცდენილა. ყველა ადვილად მიხვდება, რომ დროს შემოკლების გარდა, ხარჯიც ძალიან უნდა დამცირდეს ჰუდლოს მოგონილის საშვალობით აშენებულ ვენახზედ. აქამდინ თუ რამდენიმე ურემი რქის მოტანა ყოფილა საჭირო ვენახის ასავსებათ, ახლა ერთ გოდორში ჩაეტევა იმდენი კოკრიანი ნაჭრები, რომ კარგ ვენახს ეყოს.

ვაცნობებთ ჩვენ მკითხველებს ამ ამბავს იმ ჰაზრით, რომ დიდი სასარგებლოა და ვგონებთ, არავინ მამულის პატრონთაგანი არ დაერიდება რომ გამოსცადოს ჰუდლოს წესი. წელიწადი არ გავა, რომ სოფელში არ დაიწყონ ახალი ვენახის აშენება და მიმატება ძველისა და თუ ისე ძვირი არა ყოფილიყო რქის ჩაყრა და არა სდომებოდა დიდხანს ლოდინი, უფრო ბევრი აშენდებოდა. ჰუდლოს წესი გააქარვებს ყოველსავე დაბრკოლებასა და როგორც იმედეულობდნენ ფრანციის მამულის პატრონები, დიდ ცვლილებას შემოიტანს ვაზის ანუ ხეხილის შემუშავებაში.

გამოჩენილი ფრანციელი ვენახის მაშენებელი უ. გიო, რომლის სახელი რამთენჯერმე მოგვიხსენებია ჩვენს გაზეთში, აი რას ამბობს ამ საქმეზედ: ჰუდლომ თავის მოგონებულის საშვალობითა ერთბაშათ აგვიხილა თვალი და დაასრულა შრომა, რომელიც წინ ედვათ ვენახის მკეთებლებსა, მინამ შეიტყობდნენ ესე გარკვევით დიდი ხნისგან შეტყობილს, მაგრამ ბუნდათ აქვნდათ აღხსნილს ბუნების რჯულსა. ყოველი დათვალიერებული ცნობა გვიმტკიცებდა, რომ არამც თუ უსარგებლო იყო ღრმად რქის ჩაყრა, არამედ მავნებელიცა, რადგანაც აგვიანებდა ნაყოფის გამოსვლასა იმ ზომით, რა ზომითაც, უფრო ღრმათ იქნებოდა ჩაყრილი. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნახევარ არშინზე ჩაყრილ რქას გამოაქვს ნაყოფი მეორე წელიწადს და თუ ესევე რქა ჩაირგას ერთ არშინზედ, მაშინ სამ ოთხ წელიწადზედაც ძლივ მოისხამს ყურძენსა. კიდევაც შეგვიტყვია თორმეტი წლის გამოცდილებითა, რომ ორი კვირის ზეზე გაშვება (რქის ჩაყრაში) მავნებელია ვაზისათვის და ვისაც უნდა, რომ რქამ იხეიროს ერთი კვირტის მეტი არ უნდა გაუშოს მიწის ზემოთ. ამას გარდა ისიც ვიცით, ამ კვირტს რომ ზემოდამ ჩვილი მიწა მიეკროს უფრო კარგათ იხარებს და ერთი სამად უფრო ღონიერ დოყებს გამოიღებს ვინამ ზეზე გაშვებული კვირტი, რაგანაც იმავე მდგომარეობაში იქნება, როგორც წაფლული თესლი. ჰუდლოს საშვალობით ჩაყრილი კვირტიანი რქა იმიტო კარგათ ხარობს, რომ ორივე წვერითგან სწოვს წყალსა და სანოვარგესა და არა ერთი მხრით როგორც ხაიათ ჩაყრილი რქა. ჰუდლო ურჩევს ვენახის ამშენებლებს, კვირტები რომ დათესოთ ზედ მიწა დაუტკეპნეთო. ეს ჩვენც გამოგვეცადა ადრევე რქაზედ, რომლისთვისაც ურჩევდით მიწის მიგროებასა და დატკეპნასა ფეხით ანუ წყლის მიგდებასა რომ მიწა კარგად დაჯდეს, ამ გვარად მრავალი მხარე ჰუდლოს მოგონილის საშვალობისა იყო ადრევე ჩვენგან შეტყობილი, მაგრამ ჭეშმარიტება კი ნამდვილად არავინ იცოდა და ამ საქმის მოგონება სრულიად ეკუთვნის იოსებ ჰუდლოს, რომელმაც დიდი ღვაწლი მოიპოვა კანონიერის ვენახის შენებაზედ. მართლად და დიდი მოგონებაა ჰუდლოს საშვალობა და დიდის სიხარულით უნდა იყოს მიღებული ყველა ვენახის მკეთებლებისაგან.“

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა



ვაზის გამრავლების ამ მეთოდმა რამდენად ჰპოვა გავრცელება საქართველოში? და რა არის ამ მეთოდის დადებითი ან უარყოფითი მხარეები?


ვაზის გამრავლების ამ მეთოდმა რამდენად ჰპოვა გავრცელება საქართველოში? და რა არის ამ მეთოდის დადებითი ან უარყოფითი მხარეები?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.